ბუნტი ბრიტანეთში
       

       

        »ოდეს ყოფილა» ბრიტანეთის პარლამენტი და მისი უდიდებულესობის მთავრობა აგვისტოს ხვატში შეკრებილიყო? კონდიციონერები კი აქვთ, როგორ არა, მაგრამ ესეც ბრიტანული ტრადიციაა: იკრიბებოდნენ და იკრიბებიან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს.
        ან კიდევ: როდის შეიკრიბა ბოლოს სპეციალური კომიტეტი «კობრა» (იქაური «ეროვნული უშიშროების საბჭო») საგანგებო ვითარების განსახილველად? Bბოლოს ასეთი სხდომა 2006 წელს შედგა, როდესაც პუტინმა ლონდონის მთავარ ქუჩაზე (პიკადილიზე) თავისი ყოფილი «გბ» - შნიკი კოლეგა ლიტვინენკო მოაკვლევინა რადიოაქტიული «პოლონიუმით» და ამ ბინძური ბომბის კვალი «ჩელსის» სტადიონ «სტენფორდ ბრიჯზეც» კი აღმოაჩინეს.
        ახლა კი, პარლამენტიცა და «კობრაც» იმის გამო შეიკრიბა, რომ ახალგაზრდა ჰულიგანთა აღვირახსნილობაზე ემსჯელათ. რამდენიმე დღის წინ, ლონდონის პოლიციამ ვინმე კრიმინალი მარკ დაგენი მოკლა. ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გაუხსნეს, რაც თავითონ ამოიღო იარაღი და რამდენჯერმე გაისროლა.
        «ქუჩაში ჩაცხრილული უდანაშაულო ბიჭის» გამო ჯერ მისი საძმო აღდგა, შემდეგ მთელი ლონდონური «ანდერგრაუნდი» ანუ შავი სამყარო. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
        არბევდნენ, ანგრევდნენ, წვავდნენ, წინააღმდეგობის გამწევი კი არავინ იყო: პოლიცია საერთოდ არსად ჩანდა ან მშვიდად და უმოქმედოდ აკვირდებოდა ბანდიტების თავხედობას. თანაც ყველაფერი ოქსფორდის რაიონში ხდებოდა. ეს რაიონი დედაქალაქის ცენტრი არ არის, მაგრამ არც მთლად გარეუბანია. თბილისური ორიენტაციით თუ ვიტყვით, «ვაკე» არ არის, მაგრამ არც თემქაა. უფრო საბურთალო.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიცია ამ დროს იმ რაიონებში იყო გამაგრებული, სადაც ცენტრალური ლონდონი იწყება ანუ სამეფო სასახლით დაგვირგვინებული პარკები. მრბეველებს იქამდე რომ მიეღწიათ, ბრიტანეთის სირცხვილი და თავსლაფდასხმა აბსოლუტური იქნებოდა. არა, დედოფლის გასაჟიმად ალბათ მაინც არ შეუშვებდნენ ბუკინგემის სასახლეში, - მაშინ კი მიიღებდნენ საჭირო ზომებს, მაგრამ აქამდე რომ საქმე მივა, უკვე დიდი სირცხვილია ოდესღაც ყოფილი «ზესახელმწიფოსთვის».
        სულ მალე პროტესტმა, რომელიც მანქანების დაწვითა და რბევით დაიწყო, სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლა და ძარცვა-გლეჯის სახე მიიღო. ანუ, კი წვავდნენ, ანგრევდნენ, არბევდნენ, შლიდნენ, მაგრამ ჯერ ძარცვავდნენ: 10-12-14 წლის ბიჭ-ბუჭებს მიჰქონდათ აპარატურა, ბეწვეული, ტანსაცმელი და საერთოდ ყველაფერი, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ დარბეულ მაღაზიებში.
        აქვე ჩნდება კითხვა: ოდესმე თუ გაგიგიათ ამგვარი მარაზმი ამერიკაში? არასოდეს!!! რატომ? იმიტომ, რომ იმ მაღაზიის თუ კაფე-ბარის მეპატრონე გადმოიღებს «ვინჩესტერს» ან «კოლტს» და იქვე დაადუღებს, ვინც მის ქონებას შეეხება. მერე უყარონ კაკალი «ჩვენი უდანაშაულოდ ჩახოცილი ბიჭების» მომხრეებმა – კანონი მოქალაქის მხარეზეა.
        მისი უდიდებულესობის სამეფოში კი იარაღის ტარების უფლება ხეირიანად პოლიციასაც არა აქვს. გამოყენებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არადა, ამგვარმა დამოკიდებულებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლოს ის შედეგი გამოიღო, რომ პრემიერ-მინისტრი კემერონი უკვე არმიის გამოყენებაზე ლაპარაკობს. ესე იგი, პოლიციისთვის იარაღის მიცემაც არ უნდოდათ, ახლა კი, როცა გათავხედებული ჰულიგნები ქვეყანას მთელი მსოფლიოს თვალწინ აფურთხებენ, «ქუჩებში ტანკებს გამოვიყვანთო» - იმქურებიან.
        ვინ წარმოიდგენდა, რომ სიტყვის თავისუფლების სამშობლოში, - ინგლისში – პრემიერ მინისტრი ოდესმე ამ თავისუფლების შეზღუდვაზე დაძრავდა კრინტს? არადა, დევიდ კემერონის მეორე წინადადება «ფეისბუკისა და «ტვიტერის» ნაწილობრივ შეზღუდვაა. კი მაგრამ ამ საიტებმა რა დააშავეს თუკი თქვენ ხართ მთხლეები და ლონდონურ პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ დაურიგეთ რეზინის ტყვიები, მხოლოდ მაშინ მიეცით წყლის ჭავლის გამოყენების უფლება, რაც ნაძირალებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს და რამდენიმე საბრალო «ობივატელიც» მოკლეს?
        დღეს მუამარ კადაფი, რომელმაც საკუთარი ხალხი ავიაციით დაბომბა, დევიდ კემერონს ღია წერილით მიმართავს და გადადგომისკენ მოუწოდებს -»მას შემდეგ რაც მოხდა, ხელისუფლებაში დარჩენის არანაირი უფლება არა გაქვს და ლეგიტიმურობა დაკარგეო». ანუ, «მეც ხომ მეტი არაფერი გამიკეთებიაო».
        ნამდვილად ახია კემერონზე! ბრიტანულმა სახელმწიფომ კი უბრალო, უდანაშაულო ადამიანებს, ვინც ქონება დაკარგა «დაუსჯელობის სინდრომის» გამო, ბოდიში იმით გადაუხადა, რომ ქონების საფასურს უნაზღაურებს – მიუხედავად იმისა, დაზღვეული ჰქონდათ თუ არა.
        აბა თუ სახელმწიფო თავის მთავარ დანიშნულებას ვერ ასრულებს და მოქალაქეს ბანდიტებისგან ვერ იცავს, - ფული მაინც ხომ უნდა გადაუხადოს? ამის მიუხედავად, ბრიტანეთსა და მის დედაქალაქს ძალიან ცუდი საქმე დაემართათ: კი ჩაწყნარდა თითქოს, მაგრამ 2012 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება: შეძლებს კი ასეთი უნიათო და დედალმაშო რეჟიმი უსაფრთხოების უზრუნველყოფას?

მთელ გვერდზე