ბრიჯით ბარდო და საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის პრობლემა

          ხა,ხა,ხა - ანეგდოტია? აბა რა სისულელეა? სად ბრიჯიტ ბარდო და სად . . . არა, ერეკლესა და თეკლეს შესახებ ხალხური ანეგდოტის ერთ («კახურ») მოდიფიკაციაში კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჟღერს . . . მაგრამ მეტისმეტად ნუ აჩქარდებით.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        ნებისმიერ ევროპელს, მას შემდეგ, რაც გაგიშიანურდებათ და ჩვენი ეროვნული ნევროზების პირველ შთაბეჭდილებას დაძლევს (ანუ გულწრფელობის დასაშვებობას იგრძნობს), თუ ჰკითხავთ: «გულწრფელად მითხარი, თბილისში პირველად თვალში რა გეცემაო (დადებითი ან უარყოფითი)», უეჭველად, დაუფიქრებლად, მყისიერად მოგიგებთ: მაწანწალა ძაღლები!
          «უცხოელის» მაგალითიც მხოლოდ და მხოლოდ სემანტიკაში გამოვლენილი ამ ჩვენი ეროვნული კომპლექსის გამო მოვიტანე (რაკი «საუცხოო» ნებისმიერი სუბსტანციის ლეგიტიმაციისათვის საკმარისი პირობაა), თორემ თუ თბილისელ «მმაჩოებს» გულზე ხელს დაადებინებთ და სწორედაც გულწრფელად ათქმევინებთ, დარწმუნდებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს პრობლემა უკვე საშინელ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის.
          ეგ არის, რომ ჯერ ერთი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტის შესაბამისად «სულელურ წვრილმანად» ითვლება და, მეორეს მხრივ, იმავე «მმაჩოს» ძალიან უჭირს საქვეყნოდ აღიაროს, რომ მაწანწალა ძაღლების ეშინია. კაცმა რომ თქვას, სწორადაც ეშინია ვინაიდან, ხუმრობა მართლა იქით იყოს და, «ადამიანის ოთხფეხა მეგობარი» ხომ საზარელი, უკურნებელი ინფექციის – ცოფის მთავარი გადამტანია.
          მაგრამ ბოლო დროს ეს პრობლემა იმ ზღვარს მიუახლოვდა და ქალაქის ბევრ ელიტარულ რაიონშიც კი იმდენად აშკარად მარაზმატული სახე შეიძინა, რომ ბოლოს და ბოლოს ამით ტელეჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. ერთი მათგანი ამასწინათ გულწრფელად იჩეჩდა მხრებს ჩემთან საუბრისას: «ვერ გამიგია, ხელისუფლებამ, რომელმაც ჯოხთაბერიძისა და ჩხაიძის დაპატიმრება შეძლო, აჭარა დაიბრუნა და ასლანი გააძევა - ეს პრობლემა რით ვეღარ მოაგვარაო».
          დააკვირდით: საკითხი უკვე ხელისუფლების ქმედუნარიანობის კონტექსტშიც კი განიხილება. თანაც, არა მხოლოდ თბილისის მერიის ჩინოსანთა სამსახურეობრივი შესაბამისობის, არამედ ზოგადად ხელისუფლების უნარიანობისა! ხელისუფლების უნარიანობა კი უშუალოდ კორრელირებს სახელმწიფოებრივი მდგრადობის საკითხთან. ამდენად, ეს უკვე შეუძლებელია «წვრილმანი» იყოს. აკი სულ უფრო ხშირად მოჰკრავთ ყურს სამზარეულოებში (ჯერ მხოლოდ სამზარეულოებში, მაგრამ დარაბებს მიღმა ხომ 1975 წელი არ არის?) საუბრებისას პირწავარდნილ დემაგოგიას: «ხელისუფლება, რომელმაც თბილისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა ვერ გადაწყვიტა – აფხაზეთის პრობლემას გადაწყვეტს?»
          არა, «შევარდნაძის დროს» თბილისში მაწანწალა ძაღლები ნაკლები როდი იყო, როგორ გეკადრებათ, მაგრამ მაშინ ეს არაბუნებრივად არავის ეჩვენებოდა – ხელისუფლების საერთო დედალმაშობის (ანუ, იმავე «კორუმპირებულობის») ფონზე. ახლა კი . . . ახლა განსაკუთრებული კონტრასტია და სწორედ ამიტომ იპყრობს ყურადღებას.
          მაგრამ დავუბრუნდეთ ჟურნალისტს. იმავე შეფიქრიანებული ტონით მეუბნებოდა: «იცი, აქ რაღაც უცნაურობაა. მრცხვენია თქმა, მაგრამ მეჩვენება, რაღაც საიდუმლოც კი იფარება, თითქოს რაღაცას გვიმალავენ, ბოლომდე არ გვეუბნებიან. ვისაც მივმართე, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. ჯარის მომარაგების საკითხებზე მიმუშავია, მაგრამ იქაც კი, ასეთი გაურკვევლობა არ შემხვედრია. ვერაფრით გავიგე, მაინც რა უშლის ხელს ამ პრობლემის გადაწყვეტას – მსოფლიო მოვიარე და ამ მარაზმის მსგავსი არსად არაფერი მინახავს. რატომ არ გვეუბნება ხელისუფლება, რაშია პრობლემის არსი?!»
          ანუ, «რაშია საქმე»? საქმე კი, ბატონებო, ბევრად უფრო «სერიოზულშია», ვიდრე ერთი შეხედვით გვეჩვენება ამ და ზოგიერთ სხვა საკითხთან მიმართებაში.
         

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -

        დაახლოებით 30 წლის წინ, 60-იანი წლების «სექსუალური რევოლუციის» ერთ- ერთმა სიმბოლომ, მრავალი ჩვენგანისათვის ყმაწვილობიდან ნაცნობმა ბრიჯით ბარდომ, მას შემდეგ რაც ფანტაზია მთლიანად ამოწურა, ზოოფლიით შეიძინა «ახალი სუნთქვა» და ბოლოს, «ცხოველთა დაცვის საერთაშორისო(!) ფონდი» დააფუძნა, რომელიც საბრალო ოთხფეხეთა ველური და სასტიკი, «მხეცი» მამაკაცებისაგან დაცვას ისახავდა მიზნად.
          ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მაშტაბურია დღეს ამ ინსტიტუტის (და მსგავსი ინსტიტუტების) მოქმედება მთელს მსოფლიოში. იმდენად, რომ ქალბატონი ბარდოს დაურწყულებადი ვნებაც კი ვერ გასწვდებოდა რომ არა . . . მაგრამ ამაზე ქვემოთ.
          მერიის ერთმა თანამშრომელმა, მრავალი თხოვნის, ხანგრძლივი უარის და ბოლოს, «გაუცემლობის მტკიცე ფიცის» შემდეგ გამანდო: «წარმოუდგენელი, დაუჯერებელი რამ ხდება. თუ ვიტყვით, არც არავინ დაგვიჯერებს და ვერც ვამბობთ, ვინაიდან გვაფრთხილებენ ეს არსად წამოგვცდეს (!-ნ.ი): მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის ადგილებში, ლამის 24 საათის განმავლობაში, ძვირფასი ჯიპებით მორიგეობენ ვიღაც «ტიპები». თანაც «სოფლელები» კი არა, ნამდვილი თბილისელი «კაი ტიპები». როგორც კი ჩვენს ძაღლსაჭერ მანქანას დაინახავენ, მაშინვე გადმოდიან და იწყებენ «საქმის გარჩევას». თუ მაინც წავიყვანთ ძაღლს და მოვკლავთ, ატყდება რეკვა «ზემოდან» – საელჩოებმა შეგვჭამეს: «რას შვრებით, რას აკეთებთ, ამ საკითხს მხოლოდ და მხოლოდ «ევროპულად» უნდა მოუაროთ, თქვენ ხომ ცივილიზებული ქვეყანა ხართო». მგონი მთავრობამდე და პრეზიდენტამდეც კი მიდიან. ამაზე მეტი იდიოტიზმი ვერც კი წარმომედგინა, - მხოლოდ და მხოლოდ მაწანწალა ძაღლებზეა საუბარი – მეტზე ხომ არაფერზე. რა მოხდება, რომ წავიყვანოთ და დავხოცოთ?».
          დახოცოოო? – ნურას უკაცრავად! თუმცა ჯერ ის გავარკვიოთ, რას ნიშნავს საკითხისადმი «ევროპული» მიდგომა და როგორ წყვეტენ ამ პრობლემას იმავე ევროპაში: აუცილებლად უმტკივნეულოდ აყვანილი (დასაძინებელი საკვების გამოყენებით), ტკბილად მძინარე ძაღლი ჯერ სპეციალურ, საგანგებოდ დათბილულ ვოლიერში მიჰყავთ, ანალიზებს უტარებენ, მკურნალობენ, შემდგომ ახდენენ მის უმტკივნეულო(!!!) სტერილიზებას და მთელი ცხოვრება სათუთად უვლიან – საჭმელად ძვლიან ხორცს არ აკლებენ.

            ახლა კი ვიკითხოთ: რა დაჯდება საკითხის «ევროპული» გადაწყვეტა საქართველოში? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თბილისის ბიუჯეტის ათი პროცენტი მაინც! პარიზისა - 0,5, მაგრამ თბილისისა – ათი!!!
          ჰოდა, ძალიან ძნელია ხელისუფლებას უსაყვედურო, თუკი არ სურს ამოდენა თანხის დახარჯვა «ძაღლებისათვის», როდესაც შეუძლია ეს თანხა ადამიანისთვის მნიშვნელოვან მიზნებზე დახარჯოს. დაწყებული უფასო სასადილოებით - დამთავრებული ნორმალური ადამიანის გულის და თვალის გასახარი შადრევნებით.
          აქვე იმ მომენტსაც დავაკვირდეთ, რომ «შადრევნებს» ამჩნევენ, ხოლო მაწანწალა ძაღლების «გაქრობას» ვერავინ «შეამჩნევს და დაინახავს», - იმდენად ბუნებრივად და ჩვეულებრივად მოეჩვენებათ ამ (სინამდვილეში) ურთულესი პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლების მიერ. საკრებულოში კი ე.წ «ლეიბორისტებიც» არიან ჩასაფრებულნი, რომლებიც ამხელა თანხის «ძაღლებზე» დახარჯვას უეჭველად გააპროტესტებენ და შესაბამისადაც «გააპიარებენ».
          მაშასადამე, ხელისუფლებას სინამდვილეში აქვს ერთადერთი ალტერნატივა: ან უბრალოდ წაიყვანოს და მარტივად დახოცოს მაწანწალა ძაღლები (როგორც ხდებოდა საბჭოთა პერიოდში და როგორც ხდება დღესაც მოსკოვსა თუ ტაშკენტში) ან დატოვოს ისინი ხელუხლებლად ქუჩაში.
          «დახოცვა» გამორიცხულია. საქმე ის გახლავთ, რომ იმ დასავლელ დიპლომატებს, რომლებიც უცხოურ გრანტებზე «მძლავრად მსხდომ» შესაბამის ქართულ «ენ-ჯი-ო»-ებს აქტიურად მხარს უჭერენ, რეალურად ძაღლების კი არა, ადამიანების ბედი არ აღელვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მოთხოვნისას მართლა ძაღლებივით არ მოექცეოდნენ. მაგრამ ეს საკითხი მათთვის ქვეყნის «პროევროპელობის», ევროპულ ყაიდაზე მოწყობილობისა და შესაბამის ღირებულებათა (ანუ გამომდინარე «ქცევა-წესების») გაზიარება-აღიარების ერთ-ერთი სიმპტომია.
          ქალბატონი ბარდოს, ისევე როგორც ზოოფილიით დაავადებული ასეულობით ათასი სხვა ევროპელი ქალბატონის ძალისხმევა და ფული ამას მართლაც ვერ გასწვდებოდა, მაგრამ დასავლეთში მთავრობების მიერ(!!!) ეს ინსტიტუტი განიხილება, როგორც დანარჩენი მსოფლიოს ისეთივე «ცივილიზატორი» როგორიცაა, მაგალითად, «საერთაშორისო სავალუტო ფონდი». ხოლო ამ სფეროში განვითარებადი ქვეყნების მთავრობების პოზიცია კი, როგორც ისეთივე სიმპტომი ქვეყნის «პროევროპელობისა,» როგორიცაა, ვთქვათ, პენიტენციალურ საკნებში ადგილების ოდენობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობა ან ეკონომიკაში ფულის ბრუნვის სიჩქარის კოეფიციენტი m-1.
          მათი არგუმენტი ასეთია: თუ ევროპისკენ ისწრაფვით, კეთილი ინებეთ და თქვენს საკნებში ადამიანებს რიგ-რიგობით ნუ სძინავთ, მუნიციპალური ხელისუფლება არჩევითი იყოს, ინფლაცია 10 პროცენტს ნუ აჭარბებს, ხოლო უპატრონო ძაღლებს ნუ ხოცავთ!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

            რაოდენ დაუჯერებელი და მიუღებელიც არ უნდა იყოს, რაკი დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრივი მომავალი მართლაც არა აქვს, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, მხოლოდ და მხოლოდ, «ძაღლებზე» თბილისის ბიუჯეტის ათი პროცენტის დახარჯვაა. სხვა «ევროპული» გამოსავალი არ არსებობს!
          ამასთან კი, იმის გაცნობიერებაც, რომ «ევროპელობა» განცხრომა და მშვენიერი პარიზივით «მარადიული ზეიმი» არ არის. «ევროპელობა» ღირებულებებსა და ინტერესებს შორის სხვაობის აღმოჩენა და რთული, «მძიმედ ასაწევი» პასუხისმგებლობაა. ანუ «ევროპელობა» ძნელია, ძალიან ძნელი!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
          «ხა, ხა, ხა, რა სისულელეა!»
          კი ბატონო, ასე იყოს – არცოდნა ხომ ბედნიერებაა!

        p.s შარშან, ქალბატონმა ბრიჯით ბარდომ საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს ოფიციალური წერილით მიმართა და საფრანგეთის კონსტიტუციაში «ძაღლების უფლებათა დეკლარაციის» ჩამატება მოსთხოვა. შესანიშნავი არგუმენტიც მოიტანა: იმ ქვეყანას, სადაც 1789 წლის დიადი ჰუმანისტური რევოლუცია მოხდა, ასეთი დეკლარაცია აქამდეც უნდა მიეღოო. . .
          იმ რევოლუციის «ჰუმანისტურობისა» რა მოგახსენოთ, მაგრამ . . . ამასწინათ ჩვენშიც იყო საუბარი «ევროპული კონსტიტუციის» მიღებაზე . . .

GHN

ნიკა ვაშაკიძე

მთელ გვერდზე