«ბრძოლა ნოხისქვეშ» რუსეთში
       

        ახლოვდება 2012 წელი, როდესაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. პოლიტიკოსი, რომელიც კრემლს დაეუფლება, ხელისუფლებას მინიმუმ 6 წლით მოიპოვებს. ესე იგი, 2018 წლამდე, როდესაც ფიფას სამარცხვინო გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ქვეყანაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება. ბუნებრივია, ეს მოვლენა შესანიშნავი «პი-არ» საშუალება გახდება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, რათა ძალაუფლება კიდევ 6 წლით, ანუ 2024 წლამდე გაიხანგრძლივოს.
        რაკი პრეზიდენტობის კანდიდატი სინამდვილეში მხოლოდ ორია (ბორის ნემცოვი და გარი კასპაროვი სათვალავში ჩასაგდებნი ნამდვილად არ არიან), მედვედევსა და პუტინს შორის ფარული დაპირისპირება სულ უფრო მძაფრდება. რუსი ექსპერტები ამას «ნოხისქვეშ ბრძოლას» უწოდებენ, რაკი არც ერთ მხარეს არ აწყობს კონფლიქტის გამომზეურება.
        თუმცა, ზოგჯერ ქარაგმა (რუსულად «ნამიოკი») მეტისმეტად თვალშისაცემი ხდება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, კრემლში გამართულ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე დიმიტრ მედვედევმა მოულოდნელად შეცვალა დღის წესრიგი და იქ შეკრებილ ჩინოსნებს უბრძანა, არა გამრავლების პრობლემებზე, არამედ მოსკოვში ნაციონალისტურ გამოსვლებზე ემსჯელათ. თანაც, გამჭვირვალედ «ჩაუნამიოკა» პუტინს, რომელმაც ყვავილები მიიტანა კავკასიელების მიერ ვითომდაც «უდანაშაულოდ» მოკლული ნაცისტი სვირიდოვის საფლავზე: «კონფლიქტში ერთ-ერთი მონაწილის მხარდაჭერა რუსეთს დაანგრევსო» - ამ სიტყვებზე, გვერდით მჯდომი პუტინი უხერხულად შეიშმუშნა, რაკი ქარაგმა აშკარად მას ეხებოდა და ამას ყველა მიხვდა.
        კაცმა რომ თქვას, დიმიტრი მედვედევი ისეთივე იმპერიალისტია, როგორც პუტინი. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პუტინს იმპერიის აღდგენა რუსული ნაციზმის გამოღვიძებით სურს, ხოლო მედვედევი დასავლეთში საკუთარ იმიჯს უფრთხილდება, როგორც შედარებით «ლიბერალის» და «დემოკრატისა». არ არის გამორიცხული, 2012 წლის არჩევნებზე ორივემ წამოაყენოს კანდიდატურა. მანამდე კი ერთმანეთის პოზიციათა დასუსტებას ცდილობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა რუსულ არმიაში სერიოზული საკადრო წმენდა განახორციელა. პირველ რიგში ეს ცვლილებები ჩრდლოკავკასიურ სამხედრო ოლქს შეეხო, სადაც პუტინს ჯერ კიდევ 2000 წლიდან (ესე იგი ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებიდან) სანდო კადრები ჰყავდა დანიშნული.
        არ არის გამორიცხული, 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დრის, ჩრდილოეთ კავკასია კვლავ იქცეს ბრძოლის ასპარეზად, ისევე როგორც პუტინის პირველ გამოჩენისას. ამიტომ, მედვედევი საკუთარ კადრებს აძლიერებს. საკადრო ცვლილებები შეეხო აგრეთვე მოსკოვის სამხედრო ოლქის მმართველ რგოლს (ეს უკვე აშკარა მინიშნებაა იმაზე, რამდენად არ ენდობიან ერთმანეთს და რამდენად ეშინიათ მოწინააღმდეგის ძალის, რომელიც წაგების შემთხვევაში, ყველაფერზეა წამსვლელი) და ლენინგრადის სამხედრო დაჯგუფებას. ცნობილია, რომ მედვედევიც და პუტინიც ლენინგრადელები არიან.
        კიდევ უფრო საინტერესოა მედვედევის ბრძოლა პუტინის ფავორიტის – საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის წინააღმდეგ. ეს უკვე საგარეო პოლიტიკას ეხება: დიპლომატიური უწყების «სფოუკსმენი», ანტიქართული ისტერიკებით ცნობილი ანდრეი ნესტერენკო თანამდებობიდან მას შემდეგ გათავისუფლდა (დიპლომატიურ «ციმბირში», ესე იგი ჩერნოგორიაში ელჩად უშვებენ), რაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მოულოდნელად განაცხადა: გაეროს სანქციები რუსეთს ხელს არ შეუშლის, რათა ირანს დაპირებული რაკეტები მიაწოდოსო. არადა, ირანისთვის რაკეტების მიყიდვაზე უარის თქმა მედვედევ – ობამას შეთანხმების მთავარი პირობა იყო. იგულისხმებოდა, რომ რუსეთი აღარ მიაწვდიდა ირანს «ს-300» ტიპის რაკეტებს, სამაგიეროდ ამერიკა დაეხმარება რუსეთს «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» შესვლისას. მათ შორის, საქართველოსთან «მოლაპარაკების» პროცესში.
        მაგრამ ირანის განაწყენება ძალიან არ ეპიტანვება რუსულ გეენრალიტეტს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და რუსულ დიპლომატიურ წრეებს. მათ კარგად ესმით, რომ უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის გაწყვეტა არა მხოლოდ ირანის მიერ გადასახდელ 500 მილიონ დოლარს დააკარგვინებთ, არამედ სერიოზულად შეარყევს რუსეთის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის იარაღის ბაზარზე.
        ამიტომ, ლავროვის ბრძანებით, ნესტერენკომ სენსაციური განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტმა დაიბარა, ლაზათიანად გამოთათხა და «სპოუქსპერსონის» გაშვება მოსთხოვა.
        თვით საქართველოს «დაუძინებელ მეგობარ» სერგეი ლავროვს ასე იოლად ვერ «გაუშვებენ» – ეს რუსულ დიპლომატიას, ზოგადად, მეტისმეტად სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მისი ბედი ალბათ 2012 წელს გადაწყდება – «ნოხისქვეშა ბრძოლის» შედეგთა შესაბამისად.

მთელ გვერდზე