ღია წერილი ასლან აბაშიძეს
    ბატონო ასლან.
    არ ვიცი, მოაღწევს თუ არა თქვენამდე ეს "ღია წერილი", მაგრამ მაინც საჭიროდ ვთვლი მოგახსენოთ შემდეგი:
1996 წელს, მხოლოდ ჩემი ინიციატივით, ერთ–ერთ გაზეთში გამოვაქვეყნე წერილი სახელწოდებით "მიწისფერი გველი", რომელიც თბილისისა და ბათუმის იმდროინდელ ურთიერთობებს ეხებოდა.
    წერილი ინსპირირებული იყო ერთი რუსი ჟურნალისტის შსხამიანი ოპუსით, რომელიც მიზნად ისახავდა აჭარლებსა და სხვა ქართველებს შორის შუღლის გაღვივებას. ამდენად, ჩემი წერილი მეტისმეტად, ალბათ ზომაზე მეტად ემოციური იყო და რაც მთავარია, ბოლო პასაჟი, მიუხედავად იმისა, რომ კრებით ფენომენს ვგულისხმობდი, იმდენად უნიჭოდ გამომივიდა, რომ ნამდვილად შეიცავდა თქვენი პიროვნული შეურაცხყოფის შინაარსს.
აქვე, დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ ზურაბმა (თქვენ იცით ვისაც ვგულისხმობ) ამ სტატიის შესახებ არაფერი იცოდა – მე მას ბოლომდე ვეუბნებოდი, რომ იგი ჩემს მიერ არ იყო დაწერილი.
    არ ვიცი აქვს თუ არა (ან ჰქონდა თუ არა) თქვენთვის ამას რაიმე მნიშვნელობა, მაგრამ დღეს მინდა საჯაროდ (ფეისბუკზე "საჯარო" რა უნდა იყოს) და, რაც მთავარია, აბსოლუტურად გულწრფელად მოგიხადოთ ბოდიში!
    მწარედ ვნანობ და ცხოვრების ბოლომდე არ ვაპატიებ ჩემს თავს. მით უმეტეს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. ალბათ თქვენი წვლილიცაა იმაში, რომ 2003 და 2004 წლებში, თბილისა და ბათუმში სისხლი არ დაიღვარა. ამიტომაც გიხდით ბოდიშს.
იმაში, რაც მოხდა, ჩემს გარდა აბსოლუტურად არავინ არ არის დამნაშავე.
    ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად
 

დათო გამცემლიძე