ბილარი

        ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აგრძელებს ვოიაჟს პოსტსაბჭოურ სივრცეზე. როგორც ჩანს, ესეც «გადატვირთვის» პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსებმა მხოლოდ თავის სასარგებლოდ გაიგეს.
        არადა, «გადატვირთვაში » ამერიკელები იმასაც გულისხმობდნენ, რომ თუ რაიმე დააკლეს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ან რუსეთს მეტისმეტი დაუთმეს ამ სივრცეზე, ეს შეცდომაც გამოასწორონ. Eესე იგი «გადატვირთვა» (მისი ავტორების აზრით) მოსკოვსაც ეხება და ვაშინგტონსაც. გავიხსენოთ სცენა ვაშინგტონში, კლინტონისა და ლავროვის პირველი შეხვედრისას: წითელი ღილაკი წარწერით «პერეზაგრუზკა» ჰილარის ეკავა ხელში და ლავროვს დააჭერინა თითი.
        ამიტომ იმეორებს დღენიადაგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: «გადატვირთვა ამერიკელების ინიციატივა იყო და მხოლოდ მათი პოლიტიკის შეცვლას გულისხმობს, თორემ ჩვენ არაფერი ჩვენს პოლიტიკაში არ შეგვიცვლია და არც ვაპირებთ შევცვალოთო».
        ჰილარი კლინტონის ტურნე ყველაზე მნიშვნელოვანია 1992 წლის შემდეგ, როდესაც პოსტსაბჭოური ქვეყანები ანუ ახლადდაბადებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა მოიარა.
        როგორც ჩანს, ჰილარი კლინტონის ტურნემ უკრაინასა და კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა უნდა დააფიქსიროს და ახლებური პრიორიტეტებიც განსაზღვროს. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტს დაემთხვა მისი მეუღლის, ამერიკის ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონის სტუმრობა მოსკოვში. ეს რუსების ინიციატივა იყო. მათ კარგად ახსოვთ, რომ 1992-1999 წლებში ბილ კლინტონის დემოკრატიული ადმინისტრაცია რუსეთს პოსტსაბჭოურ სივრცეზე ყველაფრის უფლებას აძლევდა. სამაგიეროდ, ათწლეულის ბოლოს კლინტონმა იუგოსლავიის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ამას პუტინი კიდევ აპატიებს «ბილს», რომელსაც შენობით მიმართა, თუმცა იმედი აქვს, რომ ის ზეგავლენას მოახდენს მეუღლეზე და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ მაინც თავისი «რბილი» პოლიტიკის აღდგენას შეუწყობს ხელს.
        ესე იგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც თვითონ ატარებდა პრეზიდენტობისას. მაშინ საქართველოც და უკრაინაც რუსეთის უპირობო გავლენის სფეროდ ითვლებოდნენ. სწორედ ამ მიზნით მიიწვიეს კლინტონი რაღაც უცნაური პროგრამით მოსკოვში.

წკიპურტი ცხვირში

        თუმცა, პუტინის გათვლებს ორი გარემოება «რევს». Pპირველ რიგში, ობამას ასევე დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ სწორედ ამ დროს უთავაზა რუსეთს გვარიანი წკიპურტი ცხვირში (მომაკვდინებელი არაა, მაგრამ მწარეა და უსიამოვნო) - ათეულობით მზვერავის დაპატიმრებით.
        გარდა ამისა, თვით ქალბატონი ჰილარი არ განეკუთვნება იმ მანდილოსანთა რიცხვს, ყოველთვის ქმრის ჭკუაზე რომ დადიან. მით უმეტეს, თანამდებობაზე ყოფნისას. ჯერ კიდევ მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული გრანდიოზული სკანდალის აფეთქებისას, ამერიკაში ბევრს წერდნენ გავლენაზე, რომელიც ჰილარის ბილზე ჰქონდა. ასეთი სახელიც კი მოუგონეს პრეზიდენტს: «ბილარი».
        ეს შეფასება მთლიანად დადასტურდა ხსენებული სკანდალი დროს, როცა ჰილარიმ ქმარს ამ სამარცხვინო ისტორიის გამო ოჯახური სცენები საჯაროდ კი არ მოუწყო, პირიქით, დაიცვა იგი (ფაქტობრივად იმპიჩმენტს გადაარჩინა სენატში თავისი გავლენით) და ამით დაადასტურა, რომ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქალური ამბიცია.
        მეორეს მხრივ, რუსული პრესა იმ წლებში ბევრს წერდა, რომ რაკი თეთრი სახლის სტაჟიორმა, მონიკა ლევინსკიმ, ოვალურ კაბინეტში (ხუმრობით «ორალურ კაბინეტს» რომ ეძახდნენ ამის შემდეგ) პრეზიდენთან ურთიერთობის დამამტკიცებელი საბუთი შეინახა (საკუთარი დალაქავებული კაბა) – კლინტონს არ უნდოდა ჰილარის მეხსიერებაში შარვალჩახდილად დარჩენილიყო და იუგოსლავიის წინააღმდეგ ომიც ამიტომ დაიწყოო.
        ასეა თუ ისე, სავსებით ნათელია, რომ ყოველ შემთხვევაში რუსეთის მიმართ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის არქიტექტორი არა მხოლოდ ობამა და ჰილარია, არამედ ბილიც.
        ესე იგი, მოსკოვს (კიევს, თბილისს) საქმე სწორედ «ბილარისთან» ექნება. არც ის დაგვავიწყდეს, რომ პირველი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი შეხვდა 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჯერ კდიევ არჩევნებამდე (დავოსში სტუმრობისას), სწორედ ბილ კლინტონი იყო. საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს მეგობრულად მხრებზე ხელიც მოუტყაპუნა.
        Bბილ კლინტონი 2008 წლის აგვისტოში ამერიკის ტელევიზიით გამოვიდა და რუსეთი გააკრიტიკა საქართველოში შემოჭრის გამო. «ვინც ამერიკას ებრძვის, ფულს აუცილებლად დაკარგავსო» - ასეთი იყო მისი მრავალმნიშვნელოვანი კომენტარი. Dდა მისი პროგნოზი დაუყოვნებლივ დადასტურდა, რაკი რუსეთიდან მილიარდობით დოლარი გაიქცა.
        ყოველიევ ამის მიუხედავად, პუტინი იმედს არ კარგავს. Mმისი ეშმაკური გათვლა ისაა, რომ ბილსაც და ჰილარისაც არ შეიძლება არ ჰქონდეთ ნოსტალგია 90-იანი წლების მიმართ, როდესაც იმავე თეთრ სახლში სხვა სტატუსით ცხოვრობდნენ, ხოლო ამერიკას რუსეთთან არავითარი პრობლემა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, 1999 წლამდე, ესე იგი იმავე ბალკანურ ომამდე.
        ეს გათვლა მაინც მცდარია, რადგან ამერიკის ადმინისტრაცია ნოსტალგიით და ცრემლნარევი მოგონებებით ნამდვილად ვერ იხელმძღვანელებს რეალური პოლიტიკის აგებისას. ამიტომ, «ბილარი» დღეს ახალი პრიორიტეტებით და რეალობებით იმოქმედებს.

მთავარი მესიჯი: სტაბილურობა და რეფორმები

        ჰილარი თავის ქმარს მოხარშულს იცნობს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა არკანზასელი ახალგაზრდა (მისივე აღიარებით) პლანს ეწეოდა, ჰილარი კი ამას დიდ ცოდვად არ მიიჩნევდა. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება პირველი სკანდალები, რომლებმაც ჰილარის რეპუტაციას დიდი ზიანი ევრ მაიყენა, რადგან კაცს ამერიკაშიც ბევრი რამ ეპატიება. ჰილარი კი თვითონ არასდროს ყოფილა რაიმე ისეთ სკანდალში გახვეული, ქალს ამერიკაშიც რომ არ მიეტევება.
        რაც შეეხება უკრაინასა და კავკასიაში მის მთავარ მესიჯებს, უმთავრესი ალბათ მოსკოვის რეინტეგრაციული ამბიციების ჩაშლაა. Aამერიკა არ დაუშვებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმით ახალი სახელმწიფოებრივი მონსტრის აღორძინებას. კი ბატონო, შეიძლება რუსული ფლოტი დაკანონდეს ყირიმში, შეიძლება საქართველოს სტრატეგიული გაზსადენიც გადავიდეს «გაზპრომის» მფლობელობაში, მაგრამ ეს არ არის «წითელი ხაზი», რომლის დარღვევას ამერიკა რუსეთს არ აპატიებს.
        «წითელი ხაზი» იქნება კიევში, თბილისში და ბაქოში იმგვარი ხელისუფლებების დასმა მორიგი არეულობით, «ყირგიზული» ან «უკრაინული» სცენარებით, რომლებიც «რუსეთ-ყაზახეთის საბაჟო კავშირში» ბელორუსს შეასწრებენ.
        ამ მიზნით ბილარი პირველ რიგში სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იმუშავებს უკრაინაშიც და კავკასიაშიც. თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებების ფასად. ოღონდ ეკონომიკური მხარდაჭერის ზრდის პარალელურად.
        როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს ამერიკაში, ეს გრანდიოზული ქვეყანა ყოველთვის გამონახავს რესურსებს, რათა დასავლური ორიენტაცია რეგიონის ქვეყნებისათვის კვლავინდებურად მიმზიდველი იყოს. სწორედ ესაა ბილარის პოსტსაბჭოური ტურნეს საერთო მნიშვნელი მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას, სომეხთ-აზერაბიჯანს და საქართველოს განსხვავებული პრობლემატიკა აქვს.
        კიევში ამერიკის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი «წყვილი» რეფორმებზე ილაპარაკებს, ბაქოსა და ერევანში - ყარაბაღის პრობლემაზე, საქართველოში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, თუმცა მთლიანობაში მისი მოწოდება-გზავნილი იქნება: შეინარჩუნეთ სტაბილურობა, რადგან სტაბილურობა დასავლეთთან სტაბილურ დაახლოებასაც ნიშნავს.
        «დასავლურ სივრცეში კი თქვენი პრობლემები დროთა განმავლობაში მშვიდობიანად გადაწყდება».
       
       

მთელ გვერდზე