ბიძინა, ქართული ბანკები და გერმანელი დიასახლისი

        15 დეკემბრიდან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ იწყებს იმ მოვალეთა სესხების გამოსყიდვას, რომელთა ვალდებულება 2 000 ლარიანი კრედიტით დაიწყო. თუმცა საურავებითა და პროცენტებით „ძირ თანხას“ დიდად გადააჭარბა.
        თავისთავად უნიკალური მოვლენაა, ალბათ, მსოფლიო საბანკო ისტორიაში, ისევე როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაშიც: მეცენატების მეტი რა იყო და რა არის ევრო-ამერიკაში, მაგრამ ასეთი რამ - საბანკო დავალიანების გამოსყიდვა......საქართველო და მისი „ყველაზე წარმატებული მოქალაქე“ ამ მხრივაც უნიკალური აღმოჩნდა.
        ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ბანკების და, განსაკუთრებით, ე.წ. „მიკროსაფინანსო“ ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამ ინიციატივას „კბილების ღრჭენით“ შეხვდა. ერთ-ერთმა „ამგვარმა“ ღიადაც განაცხადა უარი. მიზეზი იოლად მისახვედრია: ასეთ „ფინანსურ ორგანიზაციათა“ შემოსავლის დიდი წილი არა უშუალოდ ძირი თანხის „გაპროცენტებაზე“, არამედ სწორედ ჯარიმებზე, საურავებზე, არგადამხდელთა სახლში ე.წ. „კოლექტორების“ მიგზავნაზე, სახლიდან ნებისმიერი ლიკვიდური ნივთის წაგლეჯა-გააუქციონებაზე მოდის. ესეც იმ შემთხვევაში, რასაკვირველია, თუ თვით უძრავი ქონება არ ჩადო საბრალომ 2 000 ლარიანი სესხის უზრუნველყოფაში. რომ ჩაედო, გარწმუნებთ, იმ 2 000 ლარის გამო ბინასაც გაუყიდიდენ.
        „სინდისი დაუშლიდათ“ თუ არა, უადგილო კითხვაა. რაც მთავარია, კანონი არ დაუშლიდათ! კანონი, როგორიც არ მოქმედებს არც ერთ ნორმალურ, ევროპულ, მაშასადამე ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამოქმედდა საქართველოში!
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        თუმცა, ჯერ პოლიტიკურ შემადგენელზე უნდა ითქვას. ზოგს ჰგონია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ამით ულტიმატუმი წაუყენა ამომრჩეველს: „ან აირჩიეთ სალომე, ან.....თუ არ აირჩევთ, არაფერსაც არ გამოვისყიდი და არაფერსაც არ დაგიფარავთო“.
        ეს შეხედულება ფორმალურად (ოღონდ მხოლოდ ფორმალურად) არასწორია: რომც ვერ გაიმარჯვოს სალომემ, ივანიშვილი მაინც იძულებული იქნება დანაპირები შეასრულოს, რადგან „არშესრულება“ ისეთი გამანადგურებელი დარტყმა გახდება „ქართული ოცნებისთვის“, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დალოდებასაც კი აზრი ეკარგება: მაშინ სჯობს ახლავე დაიხუროს ქუდი და წავიდეს. ანუ, ხელისუფლება, ამ შემთხვევაში უბრალოდ „ჩამოიშლება“.
        ეს 2013 წელს შეეძლო ბიძინა ივანიშვილს ეთქვა: „თუ გიორგი მარგველაშვილი 60%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, „ქუდს დავიხურავო“. მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა მტკვარში, ბევრი „სიუჟეტი“ მომზადდა, საზოგადოებრივი ატმოსფეროც შეიცვალა.....ანუ, როგორც ჩანს, მილიარდერი ივანიშვილი ნამდვილად აპირებს გაიღოს ეს მილიარდნახევარი ლარი (დაახლოებით 560 მილიონი დოლარი) არჩევნების მეორე ტურზე იმ ამომრჩევლის მოსაყვანად, რომელმაც პირველ ტურში არ მიიღო მონაწილეობა და საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მაინც ექნება იმის შიში, „ვაითუ ბიძინამ დანაპირები არ შეასრულოს თუკი სალომე წააგებსო“.
        ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად გაჭირვებული და ხელმოკლეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარზე მომდგარ და მობრახუნე-მაგინებელ კოლექტორებს თავს (და ოჯახს) არ ალანძღვინებდა.
        მაშასადამე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2 000 წლიდან - დღემდე მართლა დახარჯა დაახლოებით 1-1,5 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე, ახლა უშუალოდ პოლიტიკაში ფულის ინვესტირებას აპირებს. ასე „ძვირი“ საარჩევნო ხმა ალბათ არსად არასდროს ღირდა.
        თან მხოლოდ იმ მიზნით, რათა „მიშას დაბრუნების“ შემთხვევაში არ დაკარგოს ის, რაც რეალურად აქვს საქართველოში დასაკარგი. დასაკარგი კი (უკვე) ძალიან ბევრი აქვს. პირველ რიგში უძრავი ქონება. „ნაციონალური რევანში“ აქ ყველაფერს დააკარგვინებს და.....ზოგჯერ კი ფიქრობს ალბათ: „ამ 560 მილიონის ახლა ხარჯვას არ სჯობდა 2013 წელს (სანამ ჯერ დაბნეულები იყვნენ) 100-150 მილიონი იმ ძმები ყარამანიშვილებისთვის მიმეშავებინა მათი ტელევიზიის გამოსასყიდადო“, თუმცა....უკვე ძალიან გვიან არის: დღეს რომც გამოისყიდოს, ახალი მენეჯმენტი ოპოზიციურ ტელევიზიაში ფიზიკურად ვერ შევა - უბრალოდ არ შეუშვებენ, „თითის დაკარება“ კი დასავლეთის უმწვავეს რეაქციას გამოიწვევს.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ამ ისტორიაში ბევრად უფრო საინტერესო ისა, როგორ და რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ისეთ ვითარებაში, როცა ე.წ. „უიმედო ვალების“ გამოსყიდვით, ან ბანკების ლანძღვა-გინებით ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას (დაბრუნებას), ხელისუფლება კი თავის შენარჩუნებას ცდილობს?
        ამგვარი რამ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან ბანკები და სხვა ფინანსური ორგანიზაციები ევროპაში მუშაობენ მკაცრად რეგლამენტირებული წესების შესაბამისად. უბრალოდ, იმ ქვეყნებმა და საზოგადოებებმა დიდი ხნის წინ გააცნობიერეს, რომ „ველური“, ლიბერტარიანული, შეუზღუდავი კაპიტალიზმი ეკონომიკის სწრაფ ზრდას კი განაპირობებს, თუმცა მხოლოდ უმძიმესი სოციალური ტრავმების ფასად, რაც ქვეყანას, საბოლოოდ, კიდევ უფრო ძვირი უჯდება.
        საქართველოში კი, „რატომღაც“ არავინ სვამს კითხვას: ამ ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში, სადაც წარმოება საერთოდ გაჩერებულია, სადაც იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს, ბანკებსა და სხვა საკრედიტო-ფინანსურ დაჯგუფებებს „საიდან“ აქვთ ამდენი საკრედიტო რესურსი? შეხედეთ მათ „პორტფელებს“: ქვეყნის ბიუჯეტთან კი არა, ლამის მთლიან შიდა პროდუქტთანაც კი შესადარია.
        საიდან?
        საიდან, ბატონებო და......იმ ევრო-ამერიკული ბანკებიდან თუ საინვესტიციო ფონდებიდან, რომლებსაც ძალიან „უყვართ“ საქართველო, რაკი ისეთი საშუალება, რასაც ამ ქვეყნის „ლიბერტარიანული“ კანონმდებლობა აძლევთ, სხვაგან არც ერთ ქვეყანაში არა აქვთ:
        მართლაც, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ექნებოდათ შანსი, 2 000 ლარიანი „ძირი თანხა“, საურავებისა და ჯარიმების მეშვეობით 10 000 ლარამდე გაეზარდათ, გაეცათ სამომხმარებლო სესხი ერთი „დაკლიკვით“ - შემოსავლების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში „კოლექტორებით“ დაეტერორებინათ ვალაუვალი ადამიანები; არ მოეკითხათ არანაირი საბუთი, არანაირი ცნობა, 10 000 ლარიანი სესხის ამოსაღებად 40 000 დოლარიანი ბინა გაეყიდათ, ადამიანები ბინიდან გამოეყარათ ხშრად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე - ჩვეულებრივი აღმასრულებლისა და რიგითი პოლიციელის გადაწყვეტილებით..........ნურას უკაცრავად, ამგვარი მხეცობა-ველურობის კანონიერი საშუალება მათ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არა აქვთ: ყველგან მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა, ზუსტი რეგულაციები, რომელიც გამორიცხავს მეტისმეტად დიდი სოციალური „ფასის“ გადახდას - თუნდაც ყბადაღებული „ეკონომიკის დაკრედიტების“ მაღალი მაჩვენებლისა და|ანუ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
        აი, ზუსტად ამიტომ „უყვართ“ საქართველო დასავლურ ბანკებსა და ფინანსურ ინვესტორებს, ვინც ფულს არა ეკონომიკის რეალურ მწარმოებელ სექტორში, არამედ საბანკო „საპნის ბუშტში“ დებენ: ჩვენ კი გულუბრყვილოდ გვიხაროდა, როცა გვეუბნებოდნენ: „მშობლიური ბანკების“ აქციათა ღირებულება ლონდონის ბირჟაზე სულ უფრო და უფრო მაღლა მიდისო. მერედა რატომ „მიდიოდა მაღლა“? რის ხარჯზე? ვიმეორებ კითხვას: როგორ შეიძლება ღატაკ, მშიერ, „გაჩერებულ“ არაფრისმწარმოებელ ქვეყანაში საფინანსო სექტორი იყოს ერთადერთი წარმატებული და მშპ-ს შესადარი „საკრედიტო პორტფელის მფლობელი?
        პასუხი: იმის ხარჯზე, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის მომხიბვლელია ქვეყანა, სადაც ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საერთოდ გაუქმდა ყოველგვარი რეგულაცია საბანკო-საფინანსო სფეროში! აი სწორედ ამიტომაა ასეთი „პოპულარული“ საქართველოს საბანკო-საფინანსო სფერო უცხოურ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებში.
        ისინი ევროპელი ბიურგერების პატიოსან დანაზოგს აბანდებენ საქართველოში, რაკი ასეთ პირობებზე, ასეთი საშუალებითა და შანსით სხვაგან ვერსად დააბანდებენ: საბრალო ქართველი „ვალაუვალი“ კი, იმ თავხედი, „მოძველბიჭო“ კოლექტორების მიღმა, სახლის კარს რომ უმტვრევენ, ჯერ კიდევ ვერ ხედავს სათნო გერმანელ დიასახლისს, რომლის ცხოვრებისეული კრედოა Kinder, Kuche, Kirche (ბავშვი-სამზარეულო-ეკლესია) და ვისაც სულ არ აინტერესებს, „დოიჩე ბანკი“ ან „სოსიეტე-ჟენერალი“ რომელ „გადაკარგულში“აბანდებს მის დანაზოგ 100 000 ევროს, არნახული 6-7%-იანი სარგებლით, რათა შემდეგ, რეგულაცია-კანონმდებლობის არარსებობით ისარგებლოს, იმ უბედური ქვეყნის უბედური მოქალაქე 10 000 ლარიანი სესხის ამოსაღებად 40 000 დოლარიანი ბინიდან გამოაგდოს და დიდი მოგებაც ნახოს.
        „ევროპა“ თუ გვინდა, ევროპა პირველ რიგში სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა და არა ველური ჯუნგლი, სადაც ძლიერი ჭამს სუსტს და სადაც ადამიანს არა აქვს შეცდომის უფლება!

        მთელ გვერდზე