მთავარი ქართული განძი

        საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩარ მოთაქიმ აჭარა მოინახულა, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულო გახსნა და განაცხადა, რომ «ბათუმი იბრუნებს ძველ ფუნქციას, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში ჰქონდა».
        არც ერთ რუს და თურქ (მით უმეტეს ქართველ) პოლიტიკოსს არასდროს არაფერი მსგავსი არ უთქვამს, თუმცა ნამდვილად კი ფიქრობდნენ იგივეს, რადგან მოთაქის სიტყვები სრული სიმართლეა: ბათუმი მართლაც უნიკალური მოვლენა იყო საერთაშორისო პოლიტიკაში მე - 19 საუკუნის ბოლოდან, როდესაც იგი დიდ სახელმწიფოთა «ბალანსს» უზრუნველყოფდა.
        1547 წელს ეს ქართული სამოსახლო პირველად დაიკავეს ოსმალებმა. გურიელმა მთავრებმა იგი მალევე დაიბრუნეს, მაგრამ ხელიდან-ხელში ბევრჯერ გადავიდა, სანამ მე-17 საუკუნის დასაწყისიდან დიდი ხნით არ იქცა თურქულ ქალაქად და ოსმანთა იმპერიის ანუ «ბრწყინვალე პორტას» ერთ-ერთ მარგალიტად. 1878 წლის ბერლინის ტრაქტატით, ბათუმი რუსეთის იმპერიას გადაეცა, თუმცა ეს ორი იმპერია (რუსული და თურქული) კიდევ დიდხანს ედავებოდა ერთმანეთს ბათუმსა და აჭარას.
        საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ე.წ. «ყარსის» ხელშეკრულებით, ბათუმი მოსკოვს დაუმკვიდრდა, მან იგი ადმინისტრაციულად «საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას» დაუქვემდებარა, თუმცა ქართული მიწების გაერთიანების ბედი კი არ აღელვებდა, არამედ თავისი პოზიციების განმტკიცება შავიზღვისპირეთში.
        თურქეთმა იმ ხელშეკრულებით ბათუმი საბჭოთა კავშირს «დაუთმო» (სწორედ ეს ტერმინია გამოყენებული დოკუმენტში) ოღონდ აჭარის ავტონომიის პირობით. მაგრამ თურქეთი ყოველთვის ინარჩუნებდა რეგიონში თავის საკონსულოს და მას ისეთ დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ როდესაც 70-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ამ საკონსულოს გაუქმების საკითხი დასვა, ანკარა დაემუქრა, რომ სტამბულში სსრკ საკონსულოს გააუქმებდა პასუხად.
        მე - 19 საუკუნეშიც კი, ბათუმი «პორტო ფრანკოდ» ანუ ერთგვარ «თავისუფალ ეკონომიკურ ზონად» გამოცხადდა.
        იქ უამრავი სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი და მრავალი იმპერიის ინტერესები ირეოდა. ბუნებრივია, ამის მთავარი მიზეზი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა იყო: რუსეთისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე პორტი, რომელიც არასდრის იყინება (ბევრი სხვა შავიზღვისპირა პორტისაგან განსხვავებით), სარკინიგზო კავშირი კავკასიის ცენტრებთან: თბილისთან და ბაქოსთან, პირდაპირი გასასვლელი კასპიის ნავთობზე და ა.შ.
        ყველა ეს ფაქტორი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა, რასაც აქტიურად იყენებდა ასლან აბაშიძის სეპარატისტული კლანი და არათუ ბათუმის, არამედ მთელი აჭარის საქართველოს სახელმწიფოსგან გამიჯვნას, - რეალურად რაღაც კონფედერაციის მაგვარის შექმნას ცდილობდა, როდესაც «ავტონომიას» საკუთარი ჯარი, საზღვრები და დამოუკიდებელი საფინანსო-საბიუჯეტო სისტემა ექნებოდა.
        ბუნებრივია, ამაში დიდად ეხმარებოდნენ ის გარეშე ძალები (არა მხოლოდ რუსეთი), რომლებიც, ისტორიული ტრადიციით, ბათუმს სწორედ «არავის მიწად» აღიქვამდნენ. ყოველ შემთხვევაში ერჩივნათ, არავისი ყოფილიყო, თუ მაინცდამაინც მათი არ იქნებოდა.
        ეს მრავალსაუკუნოვანი თამაში, რომელიც 1547 წელს დაიწყო, დამთავრდა (იმედი ვიქონიოთ სამუდამოდ) 2004 წლის 6 მაისს – უახლეს ისტორიაში საქართველოს მთავარი, ნამდვილად ბრწყინვალე გამარჯვების დღეს, როდესაც აბაშიძის სეპარატისტული ბანდა ბათუმიდან გაიქცა და აჭარაში, მათ შორის ბათუმში საქართველოს იურისდიქცია დამკვიდრდა.
        ამის შემდეგ ბათუმს არც მნიშვნელობა დაუკარგავს და მისდამი ინეტრესიც არ შენელებულა, მაგრამ ყველა «მოთამაშე» იმიერიდან ვალდებული და იძულებულია, ერთმანეთს კი არ «ევაჭროს», არამედ საქართველოს ინტერესები გაითვალისწინოს და საქმე საქართველოსთან იქონიოს.
        ხოლო თუკი ზოგიერთი მათგანი ბალანსს არღვევს, ბათუმის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მაშინვე იფეთქებს. მაგალითად, როცა რუსული არმია, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში შემოიჭრა, თურქეთის პრემიერი ერდოგანი მოსკოვში გადაფრინდა და მედევდევ-პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსული ჯარი ჩოლოქს გადაკვეთდა, თურქეთის არმია და ფლოტი ბრძოლებში აუცილებლად ჩაერთვებოდა.
        დღესაც, საქართველო წარმატებით «აბალანსებს» სხვადასხვა ინტერესს ბათუმში. სწორედ ამის ნიშანია თურქეთის ისტორიული მეტოქის-ირანის საკონსულოს გახსნა. იმავდროულად, აქტიურად შემოდის სომხური ბიზნესი, ხოლო აჭარა სომხებისათვის იოლად და უსაფრთხოდ ხელმისაწვდომი ერთადერთი საზღვაო კურორტია.
        შედეგად, როდესაც ამას წინათ ქართულმა კონსტრადზვერვამ ბათუმის პორტში მომუშავე და რუსული პასპორტის მქონე ორი სომეხი ჯაშუში დააკავა, მოსკოვი ბევრს ეცადა ერევანი ანტიქართულ კამპანიაში ჩაეთრია, მაგრამ ამაოდ. რუსულმა დიპლომატიამაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო: «რუსეთის მოქალაქედ მხოლოდ ეთნიკურ რუს სკრილნიკოვს ვცნობთ და მხოლოდ მის ინტერესებს დავიცავთო».
        არანაკლებ დიდია ბათუმისადმი ევროპულ სახელმწიფოთა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, რაც ისევ და ისევ უამრავ კოზირს მატებს საქართველოს. ესე იგი, ბათუმი, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის, თბილისზე არანაკლებ მნიშვნელოვანია – ეს ქალაქი და მის მიერ შეკრული პოლიტიკური ბალანსი საქართველოს მთავარი რესურსია, ხოლო 2004 წლის შემდეგ ამ რესურსს და სიმდიდრეს არა სხვები, არამედ ჩვენ თვითონ ვიყენებთ. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, ჯერ-ჯერობით ვიყენებთ საკმაოდ ჭკვიანურად და ეფექტურად.

მთელ გვერდზე