გამოვდივარ “სი-ვი-ეს”-იდან. ეს დაახლოებით იმ მასშტაბის მაღაზიაა (მაღაზიათა ქსელია), რასაც ჩვენში “სუპერმარკეტს” უწოდებენ. ჯერ კიდევ ილფი და პეტროვი წერდნენ თავიანთ დაუვიწყარ “ერთსართულიან ამერიკაში” (სხვათა შორის, იმ დროისათვის საოცრად პატიოსანი და მართალი წიგნია) - ვერაფრით გავიგეთ ამ მაღაზიებს “აფთიაქი” რატომ ეწოდებაო.
             მართლაცდა, რატომ? – ალბათ უკვე იმ სიღრმის ტრადიციაა, რომლის ფესვებს ძნელად თუ მიაგნებს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, სავსებით შეიძლება შეგხვდეთ “აფთიაქი”, სადაც ყველაფერი იყიდება, - წამლის გარდა. ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს რაიმე მენტალური ცდომილების გამოვლინება. ისევე, როგორც “ამერიკული ფეხბურთი”, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება სახელწოდებას.....
               ჩემს წინ, გასასვლელისაკენ საქმიანად მიაბიჯებს “უასაკო ქალი” – ეს განსაკუთრებული ფიზიოლოგიური ტიპია, რომელიც დასავლეთში საეჭვოდ ხშირად შეგხვდებათ.
               კარებში გავიდა, ხოლო მე, “ჯეთ-ლეკით” დაბნეულმა, აუცილებელი სისწრაფით ვერ მოვისაზრე, რას აკეთებდა. თურმე კარები დაიჭირა და ჩემს გამოსვლას მკაცრი, საყვედურითა და რაღაცნაირი აგრესიით სავსე გამომეტყველებით ელოდება, რათა კარები ჩემს ცხვირწინ არ დაიხუროს. ეს ხომ თითქოს ზრდილობისა და კეთილგანწყობის ჟესტია, მაგრამ ამ შემთხვევაში უხერხულ და დამამცირებელ მდგომარეობაში უფრო გაყენებს. იძულებული ვარ ნაბიჯს ავუჩქარო, კარის სახელურს ორიოდე წამის დაგვიანებით მივწვდე, დამნაშავის გამომეტყველება მივიღო და პირმოთნე სახით მადლობა გადავუხადო. მას კი არც უთქვამს “იუ ა უელქამ” – ისე გატრიალდა პირკუშტად და გამარჯვებულის მიხვრა-მოხვრით წავიდა.
               თავაზიანი გამომეტყველების მიუხედავად ბოღმა გახრჩობს – კი, მაგრამ, რა გინდა შე მართლა “დედაარღნიანო”, მე ხომ შენთვის არ მითხოვია კარი დამიჭირე მეთქი, რას მემართლები და რა ვალს მადებ?
               - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
               საერთოდ, ამერიკული იდიოტიზმები ზოგჯერ მართლაც გამაოგნებელია. მაგალითად, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ნიუ-იორის ერთ-ერთ ყველაზე (რბილად ვთქვათ) უსუფთაო, პენ-სტეიშენის “ფაბლიკ რესთრუმში” (ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, რკინიგზის სადგურის საჯარო საპირფარეშოში) დილიდან საღამომდე ჟღერს შოპენის ნოქტიურნი. ყოველ შემთხვევაში დილითაც ჟღერდა და საღამოსაც. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ მაინცდამაინც ქართველების საპატივცემულოდ არ დაუკრავდნენ, შეიძლება მაღალი ალბათობით დავასკვნათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჟღერს. როგორც ჩანს, ნიშნად ყოვლისმომცველი ამერიკული პოლიტკორექტულობისა – ეს სადგური მანჰეტენის “ზედა” ნაწილში მდებარეობს, სადაც განსაკუთრებით მრავლად არიან ე.წ. “აფროამერიკელები”.
             ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა სულიერად ამაღლებული ატმოსფერო იქნება შოპენის მელოდიის ფონზე? ალბათ სხვაგან ზოგიერთ საკონცერტო დარბაზშიც რომ არ არის – ისეთი.
               - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
       ამერიკული მეგაპოლისის ქუჩა. ტროტუარი სამშენებლო ხარაჩოებით სანახევროდ გადატიხრულია. ტრანსპორტის სავალ ნაწილზე კი ავტომანქანების ნიაღვარი მიედინება. პიკის საათია და ამ ორომტრიალში, სრულიად მოულოდნელად, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი, ოფლში გახვითქული, 35-40 წლის დაკუნთული ჯეელი დარბის. ვარჯიშობს. ამერიკელები ამას “ჯოგგინგს” უწოდებენ, მაგრამ ამ გარემოსა და ვითარებაში ეს ძალზე არაბუნებრივად მოჩანს. გამწარებით ცდილობს ერთდროულად გვერდი ფეხით მოსიარულეთაც აუაროს (თუმცა ამ უკანასკნელთ, ალბათ ჩემს გარდა, ეს არანორმალური ვითარება სრულებითაც არ აკვირვებთ) და ავტომანქანებსაც ააცილოს გვერდი.
           ყველაზე მეტად ნიშანდობლივი კი მისი სახის გამომეტყველებაა: რაღაცნაირი, შემაძრწუნებელი სასოწარკვეთილება!
               თითქოს კი არ ვარჯიშობს, არამედ მძიმე, აუცილებელ შრომას ეწევა, მტანჯველ სამუშაოს ასრულებს, რაც არანაირ სიამოვნებას და კმაყოფილებას არ ანიჭებს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს.
               კი, როგორ არა, ჩვენშიც ვარჯიშობენ - კუს ტბაზე. “სვეტები”. ეს ყველაზე ჯანსაღი მოდაა. “ვარჯიში” არც ეთქმის. უფრო “მარიაჟია” - ერთმანეთის სანახავად, “რიბოკ-ნაიკ-ადიდასის” გამოსაქვეყნებლად და იმის საჩვენებლად, თუ ვარჯიშისა და ლიტრობით ცივი ლუდის “დაყოლების” შემდეგ ვინ რომელ (“როგორ”) ჯიპში ჩადებს ადგილს.
               ჩვენი ამერიკელი კი სულ სხვა მიზნით დარბის და იტანჯება იმ ორომტრიალში – ვარჯიშობს, რათა სასიცოცხლო რესურსები დააგროვოს, რათა ძლიერი და გამძლე იყოს, არ აჯობონ, უწყვეტ, უმოწყალო კონკურენტულ ბრძოლაში არ დაამარცხონ, არ გასრისონ, საზოგადოების ფსკერზე ვერ მოისროლონ; რათა დღე-ღამეში 16 საათის ჯოჯოხეთური შრომის უნარი და ძალა ჰქონდეს, - სხვა გზა არა აქვს. მან ხომ არც თუ ისე პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა - დრო, ნიჭი და უნარი არ ეყო(!), თორემ ჰარვარდის, მასაჩუსეთსის, ტაფტის ან სტენფორდისთვის საჭირო კრედიტს ყოველთვის იშოვიდა, ხოლო შრომისმოყვარეობა სხვაზე მეტი ჰქონდა.
               საშუალო დონის მოსამსახურეა დიდ კომპანიაში. “ბლუმინგდეილში” ჩაცმის საშუალება არა აქვს (ო, ჩვეულებრივი ქართველი ვერაფრით გაიგებს, რას ნიშნავს ჩაცმა ამერიკაში სწორედ სოციალური იდენტობის თვალსაზრისით), სხვადასხვა სოციალურ კიბეთა შორის ბალანსირებს, მისი ფენა კი არც ისე შორსაა ფსკერიდან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
               ამიტომ, ერთი წუთითაც ვერ მოდუნდება, ვერ “მოისუსტებს”, ვერ ამოიკვნესებს, ვერავისგან მიიღებს თანალმობასა და სიბრალულს, არც ელის რაიმეს ამგვარს ვინმესგან, რაკი თავად არ გააჩნია თანალმობის უნარი.
               ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. თუ ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდა, დაზღვევის პოლისი მხოლოდ სანახევროდ თუ დაფარავს მისი და ოჯახის შესაძლო პრობლემებს (კბილის ამოღება ამერიკაში დაახლოებით 800 დოლარი ღირს); თითქმის ყველაფერი, რაც გააჩნია – განვადებით აქვს შეძენილი, ამდენად, სამუშაოს დაკარგვა მისთვის კატასტროფა და ცხოვრების დასასრული იქნება.
               ამიტომ ვარჯიშობს, რათა იყოს ძლიერი, ვერ დაჩაგრონ, ვერ მოერიონ. პირიქით-თავად დაჩაგროს და გაანადგუროს სხვა, თავად “ჩაძიროს”, თავად იყოს მგელი-მგლების ხროვაში, “თვითონ შეჭამოს მოყვასი, თორემ მოყვასი შეჭამს მას”.
               რატომ ქუჩაში? პარკშიც ივარჯიშებდა, მაგრამ მისი სახლიდან უახლოეს პარკამდე ფეხით 23 წუთის სავალია. ამდენი დრო არა აქვს. “ფიტნეს-კლუბი” კი მისთვის მეტისმეტად ძვირი ფუფუნებაა. ამიტომ ვარჯიშობს ქუჩაში და სანამ “საჭირო ხალხი” ვერ ხედავს, სახეზეც, ნაცვლად ყოველდღიური, ღიმილიანი, ხელოვნურად ოპტიმისტური, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის გამომეტყველებისა, სწორედ ის გულწრფელი, შემაძრწუნებელი სასოწარკვეთა გამოხატვია – საოცარი კონტრასტია მთელს მის სპორტულ, დაკუნთულ, ანგლოსაქსურად ვაჟკაცურ იერთან.
               თუ შესაძლებელია ადამიანის გამომეტყველება უსულო მოვლენის ხატობრივად ანალოგი იყოს, რაღაც უცნაური ანალოგიით, ეს სასოწარკვეთილების ხატი “ჩრდილოეთ ტაუერის” დანგრევის მომენტში აღქმულ შთაბეჭდილებას მაგონებს – ასეთივე სასოწარკვეთას გამოხატავდა ერთ-ერთი წერტილიდან გადაღებული უსულო ბუმბერაზის ნგრევა.
               რასაკვირველია, არც თუ სასიამოვნოდ აღსაქმელი ხატია, მაგრამ მოგვწონს თუ არა, ეს ჩვენი (ისევე, როგორც მთელი კაცობრიობის) მომავალია. სხვა ყველაფერი, რაც კაცობრიობამ სცადა, დიდი უინსტონ ჩერჩილის პერიფრაზით, “ამ უარესზე ბევრად უარესი აღმოჩნდა”. ამიტომ სხვა გზა არც ჩვენ არა გვაქვს: უნდა ვივარჯიშოთ, უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, დილის 6 საათზე ავდგეთ, ცივი შხაპი მივიღოთ, ღამის 1 საათზე დავიძინოთ, უნდა გავმაგრდეთ და გავძლიერდეთ. რათა ვიარსებოთ.
              თუ, რასაკვირველია, გვინდა ვიარსებოთ და საერთოდ ღირს არსებობა ამ სასტიკ და უმოწყალო მსოფლიოში, რომელსაც “სხვა გზა”, როგორც ჩანს, მართლა არა აქვს.
          

                            თბილისი – ჩიკაგო – ვაშინგტონი - ნიუ-იორკი - თბილისი

                              მთელ გვერდზე