ამერიკული ჩანაწერები

            ამერიკული აეროპორტი. გრანდიოზული, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში. გრანდიოზულობა  წესრიგის მიუხედავად და მოულოდნელი წესრიგი - მასშტაბის მიუხედავად.
  ამერიკის საბაჟოს თანამშრომელი. საშუალო ასაკის ქალი - მკაცრი სახითა და საკუთარი ძალმოსილების ურყევი რწმენით. სხვათა შორის, ეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი, აშკარად თვალშისაცემი თავისებურებაა – ნებისმიერი, ვისაც ამერიკაში სახელმწიფო უხდის ხელფასს და მის მიერ ადამიანის კონტროლის(!) უფლებამოსილებითაა აღჭურვილი, დაწყებული მეტროში ბილეთების გამყიდველით, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლით (პოლიციელებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობთ), სწორედ ასეთი, - მკაცრი და თავდაჯერებული მანერით გამოირჩევა.
            თავდაჯერებულობა კი იმ რწმენიდან (და გამოცდილებიდან) მომდინარეობს, რომ მისი სიტყვა (ან თუნდაც ჟესტი) უეჭველად და მომენტალურად შესასრულებელი მითითებაა. არავითარი “მაგრამ”, არავითარი “თუკი”.
            ნეტავ განახათ, როგორი ბეღურებივით მობუზულნი, ხმააკანკალებულნი და ხაზგასმულად, ფრთხილად ზრდილნი არიან ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ამერიკელები მათთან ურთიერთობის აუცილებლობისას. ყოველთვის იგრძნობა . . . არა, შიში ალბათ არ ეთქმის, შიში თითქოს არაა. ეს რაღაც სხვა ფენომენია, რასაც ქართულმა სემანტიკამ მაინც მოუძებნა შესატყვისი – რიდი.
            დიახ, ვთქვათ ასე, რაკი ჩვენი მენტალიტეტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფენომენის ადეკვატურ აღქმას და ინსტიქტურად “წყვეტს კავშირს” დემოკრატიასა და სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ “შიშს” შორის.
            ამერიკის შეერთებული შტატები ხომ დემოკრატიული ქვეყანაა? არადა, სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მილიციელისადმი ასეთი დამოკიდებულება (ვგულისხმობ ბიჰევიეირისტულ მომენტს და არა შინაგან განწყობას, თუმცა ამერიკაში ეს შეიძლება იდენტურიც იყოს), საქართველოში არათუ დღეს, არამედ ანდროპოვის დროსაც კი არ ყოფილა! უცნაურია არა? ხომ თითქოს დიქტატურა იყო? მერედა, როგორი დიქტატურა?!
            9\11-ის შემდეგ, ჯორჯ ბუშმა, რომლის ბრიყვული გამონათქვამები (ე.წ “ბუშიზმები”) კარგა ხანია საერთაშორისო ანეგდოტად იქცა და ცალკე წიგნადაც კი გამოიცა, საოცრად ჭკვიანურ და ზუსტ ფრაზას მიაგნო: “ტერორისტებს ხელეწიფებათ დაანგრიონ ჩვენი ყველაზე მაღალი შენობები, მაგრამ მათ არ ძალუძთ დაანგრიონ ჩვენი დემოკრატიისა და ცხოვრების წესის საფუძვლები”.
            მართლაც, ცათამბჯენების განადგურება ამ ქვეყანას ვერ დაანგრევს. ამერიკა მაშინ დაინგრევა, როდესაც მეტროში, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ კაბინაში მჯდომ ჟეტონების გამყიდველს საკუთარ ძლევამოსილებაში ეჭვის შეტანის გარემო და პირობა(!) შეექმნება.
            აი, დაახლოებით ისე, როგორც ეს ნიუ-ორლეანში მოხდა, როდესაც საზარელმა კრიმინალურმა ქაოსმა დაისადგურა და ბევრისთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ სტაბილურობის საფუძველი თვით ღირებულებები კი არ არის, არამედ ამ ღირებულებების საფუძველზე შექმნილი კანონისადმი “რიდია”.

        თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ მებაჟე ქალბატონს. მოულოდნელად, მტაცებლურად მომნუსხავი მზერა მოაშორა მონიტორს და მომიხმო მრისხანე ჟესტით – გახსენი ჩანთა!
            - რა თქმა უნდა მემ!
            - ო, სოსიჯის?!!!

            არა, რასაკვირველია, სოსისი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამისთვის ქვეყანაში შეიძლება (თუ მებაჟე ძალიან ცუდ ხასიათზეა) საერთოდ აღარ შეგიშვან – დეკლარაციის გაყალბებისთვის უფრო, ანუ ამერიკის სახელმწიფოს მოტყუების მცდელობისთვის, ვიდრე საკუთრივ აკრძალული პროდუქტის შეტანისთვის.
            მე, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვეუბნები, რომ ჩურჩხელაა და 5 წლის უნახავი ძმისთვის მიმაქვს, ვინაიდან, ჩემი წარმოდგენით, მან არ შეიძლება იცოდეს, რა არის ჩურჩხელა. თუმცა, ხსნის ფოლგას და მოულოდნელად, მეხის დაცემასავით მესმის: “ო, ეს თურქული რამეა, ვიცი, მისი შემოტანა აკრძალული არ არის. თურქებს ხშირად მოაქვთ ხოლმე, ვინაიდან მათი ეროვნული დელიკატესია. . . . თქვენ თურქი ხართ არა?”.
            მე კი უკვე მომზადებული მქონდა ფრაზა, მისი ქვის გულის მოსალბობად, “საგანგებო ეროვნული ნუგბარის შესახებ, რომელსაც მხოლოდ საქართველოში ამზადებენ ყურძნის წვენისაგან”, რომ “საქართველო უძველესი ყურძნის ქვეყანა, ღვინის სამშობლოა და ასე შემდეგ”.
            თუმცა, როდესაც ჩემი “არც თუ ისე” სრულყოფილი ინგლისურით ამ ფრაზის კონსტრუირებას ვცდილობდი, კვლავ გამკრა თავში “აბეზარმა აზრმა” - თუკი საქართველო ღვინის სამშობლოა, გამოდის, ძველი აღთქმის პირველივე, კანონიკურ წიგნებში ნახსენები ყურძნის კულტურა, ქართველებისგან “ნასესხებია”, რომ არა ვთქვათ ოქროს საწმისივით მოტაცებული რომელიღაც წარმტაცი ქართველი მანდილოსნის მეშვეობით და სწორედ ამ გზით თუ მოხვდებოდა ჯერ შუამდინარეთში, შემდეგ აბრაამის ახალ სამშობლოში. მაშასადამე, ქართული ღვინო 7-8 ათასი წლის მაინც იქნება, ხოლო ლათინური “ვინო” ქართული “ღვინის” ერთ-ერთი დამახინჯებაა.
            ამაზე არასასიამოვნო ფიქრის დრო სად არის – არანაკლებ დამანგრეველი ყოფილა იმის წარმოდგენა, რომ ჩურჩხელა, ჩვენი ტკბილი ჩურჩხელა, თურმე . . . . . ბებია რომ ამზადებდა ყოველ შემოდგომაზე. . . არადა, როგორ ვიწონებდით თავს რუსების წინაშე, როგორ ვამტვრევინებდით ენას და გვახარებდა მათი აქცენტი.
            ამერიკა მხოლოდ ამ ერთ იმედგაცრუებას როდი აკმარებს ტრადიციულ ქართველს.
            - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
            ჯერ “უპირატესობათა მეორე მხარეზე” ანუ მათ გაგრძელებაზე: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ კოლოსალურ ქალაქში მთელი დღე იაროთ და უშედეგოდ ეძებოთ მანქანის დასაყენებელი ადგილი, რათა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად სადმე კაფეში განმარტოვდეთ?
            თავისუფალი ადგილები არ არის? თითქოს როგორ არ არის, - აი, მაგალითად აქ, მაგრამ აქ ქუჩის კუთხეა და მანქანის დაყენება არ შეიძლება. იქ – სახანძრო ტუმბო დგას და “ვაი მას”, ვინც მანქანას დააყენებს; იქით კიდევ, - საფოსტო ყუთი …. . . . შენობის ეზოდან გამოსასვლელია, სამსახურეობრივი ავტოსადგომია და ასე შემდეგ. სხვაგან ყველგან დაკავებულია - “ყველას მანქანა ჰყავს”. ბოლოს შეიძლება რის ვაი-ვაგლახით დააყენოთ მანქანა, იმის გათვალისწინებით, რომ ოცი წუთი 25 ცენტი დაგიჯდებათ. “სად- როგორ” და რამდენი.
            ამერიკაში რწმუნდები,- ქალაქის ცივილიზებულობა და განვითარების დონე პირველ რიგში ქუჩის ინფრასტრუქტურით განისაზღვარება. იმით, როგორ არის ქუჩა დახაზული, განათებული, მოკირწყლული, თუ გნებავთ “ინსტიტუირებული” ათასგვარი ინფრასტრუქტურული ნაკეთობით, დაწყებული საავტომობილო თუ ფეხით მოსიარულეთა შუქნიშნებით, დამთავრებული ლოკალური და საერთო-სახელმწიფოებრივი საგზაო მაჩვენებლებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
            ჯერ-ჯერობით თბილისში (საქართველოს სხვა ქალაქებზე საუბარი არც ღირს) ვერ იპოვით თუნდაც 10 კვადრატულ მეტრს, რომლის ინფრასტრუქტურული მოწყობა ამ დონეს უახლოვდებოდეს.
            - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
            ნიუ-იორკი, ისევე, როგორც ამერიკის ნებისმიერი სხვა ქალაქი, სავსეა მაწანწალებით, რომელთაც საბჭოთა პერიოდში “ბომჟებს” ვუწოდებდით.
            ბევრი მათგანი სულით ავადმყოფია და, 19-საუკუნის ევროპული ლიტერატურული შტამპის საწინააღმდეგოდ, ცხოვრობს არა “ხიდქვეშ”, არამედ პირდაპირ ქუჩაში – მეტროს გვირაბიდან ამომავალი ორთქლის სარქველზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, ყოველთვის თბილა.
            ეს იმდენად ბუნებრივი პეიზაჟია, რომ უმალ ეჩვევი და ყურადღებას არ აქცევ. მით უმეტეს, რომ ჩვენთვის აქ ახალი თითქოს არაფერია. მაგრამ ამ ნაცნობ პეიზაჟს რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი აკლია. როგორც მოგახსენეთ, უამრავი მაწანწალაა ნიუ-იორკში, მაგრამ არ ჩანან უპატრონო ძაღლები. ანუ, იშვიათად კი არ ნახავთ, - საერთოდ არ არიან!
            საოცარი კონტრასტია არა? ერთი შეხედვით, თითქოს, რაკი მაწანწალებით სავსეა ქალაქი – უპატრონო ძაღლები მით უმეტეს უნდა იყონ. მაგრამ არ არიან. როგორც კი გამოჩნდებიან, უმალვე წაავლებენ ხელს და ვოლიერში მიაბრძანებენ.
            არა, იქ ცუდს კი არაფერს უზამენ, - შეიძლება ნემსი გაუკეთონ და ძვლიან ხორცს არ მოაკლებენ.
            კიდევ უფრო უცნაურია! ამერიკის სახელმწიფო (ამ შემთხვევაში ნიუ-იორკის მერია) უპატრონო ძაღლების ვოლიერებში მოთავსებასა და შემდგომ მათ კვებაზე იმდენ ფულს ხარჯავს, - ყველა მაწანწალას თავშესაფარში მოსათავსებლად და მათ გამოსაკვებად იქნებოდა საკმარისი. მხოლოდ ერთი შენობის – “ემპაიარ სტეიტ ბილდინგიდან” ყოველწლიურად მიღებული შემოსავალიც იკმარებდა საამისოდ.
            მაგრამ ნიუ-იორკი სავსეა მაწანწალებით, უპატრონო ძაღლები კი არ არიან. რატომ? იმიტომ, რომ უპატრონო ძაღლის თავშესაფარში გასამწესებლად ძაღლის თანხმობა საჭირო არ არის – წაავლებენ მეთქი ხელს ქეჩოში და მის წკავწკავს ყურადღებას არ მიაქცევენ. მაწანწალა კი ადამიანია და აქვს ადამიანის უფლებები! – ამიტომ, თუ სხვას ხელს არ უშლის და არაფერს აშავებს, მისი თანხმობის გარეშე, ნურას უკაცრავად, ვერავინ ვერსად “მიაბრძანებს”.
            ანუ მას, საცოდავ მაწანწალას, მის უფლებას, იცხოვროს თავისუფლად თავისუფალ ქვეყანაში – თუნდაც ქუჩაში, თუნდაც საორთქლე მილზე, თუკი ასე სურს – ამერიკის კონსტიტუცია და ამერიკის სახელმწიფო იცავს მთელი მათი მრისხანე ძლევამოსილებით.
            ამიტომ, როგორც არ უნდა იბზუებდნენ ცხვირს მეხუთე ავენიუს პენტჰაუზთა მაცხოვრებლები ნაგვის ურნაში მქექავი მაწანწალას დანახვაზე – უბატონოდ თითსაც ვერ დააკარებენ და ხმასაც ვერ გასცემენ. ის ადამიანია და ძაღლისაგან განსხვავებით, აქვს ადამიანის უფლებები!
            - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
            ჩვენში ბოლო დროს გაცხარებული დისკუსია მიმდინარეობს “ესთეტიკურ თემაზე” და, რაც ძალზე ნიშანდობლივია, ამ თემატიკაზე დისკუსია საქართველოში, როგორც ყოველთვის და ყველაფერზე, პოლიტიკურ ელფერს იძენს. უფრო მეტიც – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე პოლიტიკური დისკურსის კონტექსტშიც განიხილება, რაც საერთოდ აბსურდია.
            მაგალითად, - ძეგლების თაობაზე. თანამედროვე “ესთეტები” თავდაჯერებით აცხადებენ მონუმენტალისტიკის ამა თუ იმ ნიმუშს “საბჭოური ესთეტიკის” გამოვლინებად.
            ნეტავ ამ ხალხს ვაშინგტონის ან ლონდონის ქუჩა-პარკები მოატარა. მრავლად იხილავენ “საბჭოთა მონუმენტალიზმის” სტილში შესრულებულ ძეგლებს. მაგრამ რაღაც არა მგონია, მაგალითად, პილსუდსკის ძეგლი, თეთრი სახლის მახლობლად, “კომინტერნის” შეკვეთით იყოს შესრულებული – არადა, მათი ტიპოლოგიით, “საბჭოთა მონუმენტალიზმის” ნიმუშია.
            რა თქმა უნდა, ასეთი ძეგლები სტილისტურ-ესთეტიკურად მოძველდა და 21-ე საუკუნის დამდგს, ან თუნდაც მე-20 საუკუნის მიწურულს აღარ უნდა დაედგათ (იდგმებოდეს). აღარც დგამენ არსად – საქართველოსა და ჩრდილო კორეის გარდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ “საბჭოთაა”. არ არის “საბჭოთა”!
            ჩვენში ესთეტიკასა და იდეოლოგიას ტრადიცულად ერთმანეთში ურევეენ. ეს კი “სისხლთა აღრევაზე” უარესია.

მთელ გვერდზე
           

 გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა