ამერიკამ საქართველოში დიპლომატიური „მგელი“ გამოაგზავნა

    საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ჩამოვიდა. თავისთავად ნიშნადობლივია, რომ „თეთრმა სახლმა“ სწორედ ეს მომენტი შეარჩია, თუმცა ნორლანდი ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა: სენატმა იგი 29 მარტს დაამტკიცა დიპლომატიური წრამომადგენლობის ხელმძღვანელად ჩვენს ქვეყანაში. ამით ვაშინგტონი ადასტურებს, რომ 1 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უფრო მეტიც: მიიჩნევს ტესტად, თუ რამდენად მწიფე და ძლიერია ქართული დემოკრატია, შესწევს თუ არა მას უნარი, უზრუნველყოს ისეთი დემოკრატიული პროცედურის ნორმალურად აღსრულება, როგორიც კენჭისყრაა. აქ მხოლოდ ყბადაღებული „გაყალბების“ დაუშვებლობაზე კი არ არის საუბარი, არამედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის (მაშასადამე, მთლიანობაში ქვეყნის პოლიტიკურ კლასის) უნარზე, უზრუნველყონ არჩევნების ნორმალურად ჩატარება.
    რიჩარდ ნორლანდი ზუსტად შეესაბამება ამ მისიას, რადგან არა უბრალოდ ელჩია, არამედ ყველაზე რთულ დიპლომატიურ მისიებში გამორძმედილი დიპლომატიც.
    იგი დიპლომატის ოჯახში დაიბადა 1955 წელს, როდესაც მამამისი მაროკოში მსახურობდა. ანუ აფრიკაში გაჩნდა და შემდეგ ევროპაში გაიზარდა. მისი დიპლომატიური კარიერაც ძალიან საინტერესო და მრავლისმთქმელია: დაამთავრა ჯორჯთაუნის (ვაშინგტონი) უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა ფაკულტეტი 1977 წელს; აქვს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ხარისხი; ისევე, როგორც „ომის ეროვნული კოლეჯისა“, რომელიც ამერიკაში სამხედრო აკადემიის ფუნქციას ასრულებს. ფლობს რუსულ, ფრანგულ და ნორვეგიულ ენებს. თუ ამერიკელ დიპლომატთა ტრადიციას გავითვალისწინებთ, ქართულსაც უეჭველად ისწავლის. მისი მეუღლე მარი ჰარტნეტია. ჰყავთ ორი შვილი.
    რიჩარდ ნორლანდი საერთაშორისო ურთიერთობების შესანიშნავ სპეციალისტად ითვლება. თანაც, მისი ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ თეორიული ხასიათისაა: სრულიად განსხვავებულ ეპოქებში მას ძალიან რთული მისიების შესრულება უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალთად, ავღანეთში ამერიკის საელჩოში მეორე პირი იყო ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს, როცა არა მხოლოდ დიპლომატიურ კონტაქტებს, არამედ სამხედრო კონტინგენტის საერთაშორისო-დიპლომატიურ უზრუნველყოფასაც კურირებდა. ეს კი ძალიან ფაქიზი და რთული დიპლომატიური სპეციალობაა, რომელსაც მხოლოდ ძალზე გამოცდილ დიპლომატებს აკისრებენ.
    საინტერესოა, რომ ამგვარი მისიის შესრულება მას საქართველოშიც დაეკისრა 1993 წელს, როდესაც ნორლანდი „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის მუდმივმოქმედმა თათბირმა“ (მაშინ „თათბირი„ ერქვა და არა „ორგანიზაცია“) ჩვენს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის კურირება დაავალა. იმ დროს დასავლეთს საქართველოსთვის ნამდვილად არ ეცალა ბალკანეთში მძვინვარე ომის გამო, მაგრამ თვით ნორლანდი ძალიან კარგად იცნობს იმ პრობლემატიკას, რამაც საბოლოოდ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი გამოიწვია.
    ისიც გავითვალისწინოთ, რომ ნორლანდი ევროპულ მიმართულებას კურირებდა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოში ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას. ანუ როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების ადმინისტრაციებში. ესეც ამერიკული ტრადიციაა: საგარეო პოლიტიკის „არაპარტიულობის“ (ან შეიძლება ასეც ითქვას - „ორპარტიულობის“) სადემონსტრაციოდ. რაც იმას ნინავს, რომ საქართველოს მიმართ ვაშინგტონის სტრატეგიული პოლიტიკა უცვლელია, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში.
    ამას დავამატოთ ნორლანდის გამოცდილება კონფლიქტების მონიტორინგში: იგი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესს კურირებდა 1998 წელს. ანუ სწორედ მაშინ, როდესაც „დიადი პარასკევის შეთანხმება“ გაფორმდა. რაც შეეხება რუსეთთთან ურთიეროქმედებას, ელჩი ნორლანდი 1988-1990 წელს მოსკოვში ამერიკის საელჩის პოლიტიკური ოფიცერი იყო. მოგვიანებით რიგაშიც ასრულებდა ძალიან რაფინირებულ და „სლიპ“ დიპლომატიურ მისიას, როდესაც ბალტიის ქვეყნების სტრატეგიული უსაფრთხოების და მათ სამხრეთელ მეზობელთან ურთიერთმოქმედების სისტემა ყალიბდებოდა.
    საქართველოში ელჩად ესოდენ გამოცდილი და მრავლისმნახველი დიპლომატის დანიშვნა, უდავოდ, ჩვენი ქვეყნისადმი შეუნელებელი ინტერესის გამოვლინებაა. ელჩების „ბეკგრაუნდით“ ვაშინგტონის პრიორიტეტთა დადგენაც შეიძლება, რადგან ელჩი, ამ აზრით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ლაკმუსია. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ მოქმედ პირს, რიჩარდ მაილსს, მაგალითად, მშვიდობიანი რევოლუციების გამოცდილება ჰქონდა და მის დანიშვნაში თავიდანვე იკითხებოდა თეთრი სახლის მისწრაფება; რიჩარდ ნორლანდი კი სხვა მიმართულებისა და ფუნქციის მატარებელი ჩანს. იგი ამერიკის მეშვიდე ელჩია საქართველოში. დღემდე თბილისში მსახურობდნენ: კენტ ბრაუნი, უილლიამ კორტნი, კენეტ იალოვიცი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი, ჯონ ბასი. მათ შორის იყვნენ საკმაოდ უღიმღამო ფიგურები. იყო უილლიამ კორტნი, რომელმაც შევარდნაძე აიძულა, დიპლომატიის ისტორიაში თითქმის უპრეცედენტო ნაბიჯი გადაედგა და ავტოავარიის გამო დიპლომატ გიგა მახარაძისთვის დიპლომატიური იმუნიტეტი მოეხსნა. თუმცა იყო ჯონ ტეფტიც. როგორც „უიკილიქსის“ მასალებიდან ირკვევა, მან ზუსტი ინფორმაცია გააგზავნა ვაშინგტონში რუსეთს აგრესიის დროს, რამაც დიდი როლი შეასრულა რუსული არმადის შეჩერებაში.
    რა ფუქნციას შეასრულებს ამ მხრივ რიჩარდ ნორლანდი - უფრო მეტად ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ამერიკაზე. ბევრ კითხვას პასუხი სწორედ 1 ოქტომბერს გაეცემა.

მთელ გვერდზე