ამერიკა ომისთვის ემზადება?
     

       
       

        რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც «ჯორჯ ბუშის მილიტარისტული პოლიტიკის» კრიტიკით მოვიდა თეთრ სახლში, უკვე თავად დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ახალი ომის მანიშნებელია.
        რას იზამ, «რიალ-პოლიტიკა» თავისას მოითხოვს. ამერიკული სისტემის გენიალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ პოპულისტი პოლიტიკოსი მხოლოდ საარჩევნო პერიოდშია პოპულისტი. მაგრამ როგორც კი ხელისუფელბაში მოვა, თვით სისტემა აიძულებს პოპულიზმი, ესე იგი დემაგოგია დაივიწყოს და ქვეყნის რეალური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
        იმის შესახებ, რომ პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ობამა ამერიკას რაღაც ძალიან სერიოზულისთვის ამზადებს, ერთი შეხედვით უწყინარი (თუმცა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი) გადაწყვეტილებიდან ჩანს: რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას შეერთებული შტატების ატლანტიკურ სანაპიროზე (მექსიკის ყურეში) და ალიასკაზე ნავთობის მოპოვების შესახებ. იგულისხმება საოკეანო შელფი. ბუნებრივია, მხოლოდ ის წყაროები, რომლებიც სანაპიროდან მინიმუმ 50 კილომეტრშია განლაგებული და, მაგალითად, ფლორიდის საკურორტო ზონას ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნიან
        მეცნიერთა გათვლით, ეს საბადოები დაახლოებით 100 მილიარდ ბარელ ნავთობს მოიცავს. მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიოდან შეერთებულ შტატებს მხოლოდ 2 მილიარდი ბარელი შემოაქვს ყოველწლიურად. ნავთობწარმოების ტიტანები – »შელი», «ექსონი» და «შევრონი» უკვე მრავალი ათეული წელია ამერიკის ადმინისტრაციას ეხვეწებიან, დაიწყოს ნავთობის მოპოვება იმ ზონებში, სადაც ეს საქმიანობა ეკოლოგიური მოსაზრებებითაა აკრძალული.
        მაგრამ ამერიკაში, ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნებში, «მწვანეებს» დიდი გავლენა აქვთ. ისინი ყოველთვის იმუქრებიან ეკოლოგიური კატასტროფით და ყოველნაირად ხელს უშლიან ნავთობის მოპოვებას იმ პირობებშიც კი, როცა ეკონომიკა კრიზისშია და ამერიკა სხვა ქვეყნებზე ხდება დამოკიდებული. არადა, ობამას პროექტის განხორცეილება მილიონობით სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა, გაუადვილებს ვაშინგტონს ძლიერი პოლიტიკის გატარებას პლანეტის ყველაზე პრობლემურ რეგიონებში.
        პრეზიდენტის ინიციატივას უკვე დაუპირისპირდნენ «რესპუბლიკელები» და იგივე «მწვანეები». «თხარე, ბარაკ, თხარე!» - დაცინვით აცხადებენ მათი წარმომადგენლები. მაგრამ თეთრი სახლის ადმინისტრაცია აღფრთოვანებულია ამასწინანდელი წარმატებით: ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამერიკის კონგრესი, თითქმის 20 წლიანი(!!!) დებატების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს დაამტკიცებდა კანონს ჯანდაცვის რეფორმის შესახებ, რომელიც ყოველი სამუშაოს მქონე ამერიკელის იძულებით დაზღვევას ითვალისწინებს. ამ კანონს ობამას სახელი კი ქვია, მაგრამ იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტმა კლინტონმა შეიტანა 90-იანი წლების დასაწყისში.

ობამას სამიზნე

        მიმომხილველები დარწმუნებულნი არიან, რომ ობამას წინადადებას ორი სამიზნე ჰყავს: ირანი და რუსეთი. არ არის შემთხვევითი, თუ პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე გააჟღერა: ამით უნდოდა ეთქვა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. ამერიკელებს სულ უფრო მეტად აღელვებთ მოსკოვისა და თეირანის აგრესიული მცდელობა, დაუქვემდებარონ ზესახელმწიფოს პოლიტიკა თავის ინტერესებს სანავთობო ბერკეტის გამოყენებით.
        აიათოლების ირანი სულ უფრო სწრაფად და აქტიურად უახლოვდება ატომური იარაღის შექმნას, რაშიც ძალიან ეხმარება რუსეთი. მოსკოვი ირანულ პროვინცია ბუშერში აშენებს ატომურ ელექტროსადგურს და ვითომდაც ამ მიზნით აწვდის ირანს ბომბის წარმოებისათვის აუცილებელ ნივთიერებას – ურანს. არადა, რაში სჭირდება ირანს, რომელსაც გაზისა და ნავთობის ულევი მარაგი აქვს, ატომური ელექტროსადგური? რასაკვირველია სჭირდება იმისთვის, რომ ურანი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები სინამდვილეში ატომური ბომბის შესაქმნელად გამოიყენოს და შემდეგ ამ ბომბით ისრაელს დაემუქროს.
        ისრაელი არაფრის დიდებით არ დაუშვებს აიათოლების ხელში ატომური იარაღის მოხვედრას, ამიტომ ირანის ბირთვულ ობიექტებს აუცილებლად დაბომბავს ადრე თუ გვიან ისევე, როგორც 90-იან წლებში ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბირთვული ლაბორატორიები გაანადგურა მასირებული საჰაერო დარტყმებით.
        ოღონდ ირანი ერაყზე ბევრად დიდი და ძლიერია. ირანზე დარტყმას მძვინვარე ომი მოჰყვება, რომელშიც იძულებით ჩაერთვება დასავლეთი. ბუნებრივია, პირველ რიგში ნავთობის ფასები «ავარდება» მთელ მსოფლიოში, რაკი ეს ქვეყანა ნავთობწარმოებით მესამეა რუსეთისა და საუდის არაბეთის შემდეგ.
        ამით ძალიან იხეირებს რუსეთი - მისი ბიუჯეტი ახლაც კი გაიბერა, როცა ბარელი ნავთობი სულ რაღაც 80-85 დოლარი ღირს. არადა, ირანთან ომის შემთხვევაში ფასი 200-250 დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს. რუსეთის გაქნილი დიპლომატია, გაიძვერა სერგეი ლავროვის მეთაურობით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ერთის მხრივ ირანის მეგობრად დარჩეს, ხოლო მეორეს მხრივ, ამერიკას მასთან ომისკენ უბიძგოს.
        ისლამისტური სახელმწიფოს მეთაურთა ხელში ატომური იარაღის აღმოჩენა დასავლეთისთვის და მისი მთავარი მოკავშირე ისრაელისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება, ამდენად, ამერიკა იძულებულია თამაშის ასეთი წესი მიიღოს. მაგრამ მომავალი ომის განმავლობაში ეკონომიკა რომ არ დაექცეს, ვაშინგტონი ნავთობის ფასთა შეკავებაზე ზრუნავს. სწორედ ამას ემსახურება პირველ რიგში ობამას წინადადება.

პირველი გასროლა

        მეორე მხრივ, მხოლოდ ირანშიც არ არის საქმე: ამერიკელები უკვე ხედავენ, რომ ნავთობზე მაღალი ფასები და ევროპელების მზარდი დამოკიდებულება რუსულ ენერგომატარებლებზე შლის ევროატლანტიკურ სოლიდარობს: ევროპის წამყვან სახელმწიფოთა ლიდერები «კუდს უქიცინებენ» პუტინს, რათა რუსული გაზი და ნავთობი მიიღონ. აღარავინ მალავს, რომ «ახალ» და «ძველ» ევროპას შორის სერიოზული წინააღმდეგობაა, რაც ნატოს ერთიანობასაც კი ემუქრება.
        პუტინის ერთადერთი კოზირი კი, რომელსაც იგი ამ მიზნით წარმატებით იყენებს, არა ახალი ტექნოლოგიები, არა რუსული ეკონომიკის განვითარება, მანქანათწარმოება და ინოვაციები, არამედ პრიმიტიული ნავთობსადენი და მრგვალი ონკანია, რომელსაც უნდა გახსნის, უნდა – ჩაკეტავს.
        ამის მოთმენა ამერიკას აღარ შუუძლია. თუ ბარაკ ობამას უნდა ისტორიაში ჭეშმარიტად დიდ პრეზიდენტად შევიდეს (არადა ყევლაფრით ჩანს, ეს ძალიან უნდა!) მან არა მხოლოდ ატომური მუხტების შემცირებაზე უნდა მოაწეროს ხელი მოსკოვთან, არამედ მთავარი იარაღი - ენერგეტიკული ბერკეტი გამოგლიჯოს ხელიდან მასაც და მის მოკავშირე ოდიოზურ ისლამურ რეჟიმებსაც.
        ანუ, ამერიკის კოლოსალური ნავთობმარაგების «გახსნა» რუსეთში პუტინისა და ირანში აიათოლების ოდიოზურ რეჟიმთა განადგურების მიმართულებით პირველი ნაბიჯი, ესე იგი მომავალ ცივ თუ ცხელ ომში პირველი გასროლაა.
        ბარაკ ობამას თუ არა, მის მრჩევლებს მაინც კარგად ეხსომებათ, რომ დიდმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი სწორედ ნავთობის ფასებით დაანგრია, როდესაც 1983 წელს საუდის არაბეთს მოელაპარაკა, ნავთობწარმოება გაზარდა და მსოფლიო ფასებიც ბარელზე 10 დოლარამდე დავარდა.
        ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში განხორციელებული ოპერაცია საამისოდ საკმარისი არ ამოჩნდა: მართალია ერაყს აგრეთვე დიდი მარაგები აქვს, მაგრამ მუდმივი არასტაბილურობა ხელს უშლის ამ ქვეყანას, სანავთობო ბაზარზე სერიოზულ მოთამაშედ იქცეს.
        ამ ფონზე განსაკუთრებით კომიკურად ის ხალხი გამოიყურება, ამას წინათ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე წინა პრეზიდენტის პორტრეტს რომ საღებავები ასხა: აქაოდა, მილიტარისტი პრეზიდენტის ქუჩა საქართველოში რატომ უნდა იყოსო: ამერიკის ყველა პრეზიდენტი, როცა საქმე ზესახელმწიფოს ინეტრესებს ეხება, მაშინვე «მილიტარისტი» ხდება, ხოლო საქართველოს შანსი იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიულად ძალიან ახლოს ვართ როგორც ირანთან, ასევე რუსეთთან.

მთელ გვერდზე