აფხაზური გზა

    „სუვერენული აფხაზეთის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც ხუთჯერ გადაურჩა ტერაქტს, სოხუმში გამართულ უკანასკნელ პრეს-კონფერენციაზე მორიგი სენსაცია „ააფეთქა“: ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს როდის დაიწყებოდა აფხაზეთ-ჩერქეზეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ქართველებისგან გაწმენდილ კოდორის ხეობაში, მან უპასუხა, რომ თურმე ამ გზის აშენებას აფხაზეთი საერთოდ აღარ აპირებს, ხოლო ჩერქეზეთში (მაშასადამე ჩრდილოეთ კავკასიაში) ამაზე რას ფიქრობენ ან რას იფიქრებენ - სულ არ ანაღვლებს.
    ეს განცხადება ბევრად უფრო საგულისხმოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ისტორიული მნიშვნელობისაა: სოხუმი-ჩერქეზსკის გზის მშენებლობა ყველა აფხაზი პოლიტიკოსისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური ან სატრანსპორტო, არამედ სულიერ-ზნეობრივი თემა იყო. აფხაზური ნაციონალიზმი ხომ თავს „ჩერქეზული სამყაროს“ ნაწილად განიხილავდა?! ამიტომ ჩერქეზეთთან დაკავშირება და ადიღური მოდგმის ხალხებზე პირდაპირი გასასვლელი საერთო ადიღური საქმის (აფხაზები ხომ ამ ოჯახის წევრები არიან) აუცილებელ პირობად განიხილებოდა.
    1993 წელს, როდესაც ქართულმა არმიამ სოხუმი დატოვა და კოდორის გავლით დასავლეთ საქართველოს მოაშურა (რაკი კოდორის შესართავს აფხაზები აკონტროლებდნენ, სხვა გზა არც იყო), სეპარატისტებმა დალი სვანეთისაკენ შეტევა აღარ გააგრძელეს და ე.წ. „გვირაბებთან“ შეჩერდნენ. ამის მიზეზი უდავოდ ის გახდა, რომ მოსკოვმა, რომელმაც აფხაზეთის და ჩერქეზეთის პირდაპირ დაკავშირება საშიშად მიიჩნია, იმდროინდელ პრეზიდენტ არძინბას უბრძანა, ჯარი შეეჩერებინა და კოდორის ხეობისთვის ხელი არ ეხლო.
    14 წლის განმავლობაში იქაურ მოსახლეობას კბილებით ეჭირა ეს სიტუაცია, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც მოსკოვის დაინეტრესება იყო, თორემ აფხაზებს უკვე მაშინ შეეძლოთ ხეობის გაწმენდა. მრავალ სამხედრო სპეციალისტ უთქვამს, რომ რაკი აფხაზები ხეობის მაღლობებს აკონტროლებდნენ, სულ იოლად დასვამდნენ ამ მაღლობებზე ე.წ. „რადისტებს“ (საარტილერიო ცეცხლის კორექტირების სპეციალისტებს) რის შედეგადაც კოდორის ხეობის დაცვა შეუძლებელი გახდებოდა. ზუსტად ასე მოხდა 2008 წლის აგვისტოში და მაშინ აფხაზეთში, ისევე, როგორც ჩერქეზეთში ბევრი ფიქრობდა, რომ „აღსრულდა ოცნება“, ანუ აფხაზეთი, პირველად 200 წლის განმავლობაში, პირდაპირი გზით დაუკავშირდება ჩერქეზეტს და არა რუსებით დასახლებული სოჭისა და კრასნოდარის გავლით.
    ბუნებრივია, ამ გზას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა სწორედ ადიღური სამყაროს კონსოლიდაციის თვალსაზრისით, მაგრამ ეს შესანშნავად იცოდნენ აგრეთვე მოსკოვშიც! ამიტომ თავიდანვე აგრესიულად წინააღმდეგნი იყვნენ. ხოლო როდესაც წინარე პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა სიჯიუტე გამოიჩინა და „ძმებთან დამაკავშირებელი სასიცოცხლო გზის“ შესახებ ლაპარაკი განაგრძო, რუსები მას დაეხმარენ „ამრას“ (აფხაზურად „მზის“ ანუ სიკვდილის სიმბოლოს) მონახულებაში. ისრაელში უნდოდა ოპერაციის გაკეთება აფხაზეთის ავადმყოფ პრზიდენტს, მაგრამ მისი ავადმყოფობით „გულდათუთქულმა“ პუტინმა დაიჟინა: „გინდა თუ არა მოსკოვში უნდა გაიკეთოო“, - კრემლის კლინიკაში, სადაც, იოსებ სტალინიდან მოყოლებული, ტრადიციულად, ამ „საქმეში“ გამოცდილი ექიმები ჰყავთ.
    რაც შეეხება ანქვაბს, ისიც ბევრჯერ გააფრთხილეს ტერაქტებით და ბოლოს მიხვდა, რა უნდოდათ მისგან: კოდორის ხეობაზე გზის გაყვანა რუსეთისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ არაფრის წინაშე უკან აღარ დაიხევდნენ და ანქვაბმაც კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც აღშფოთებისა და წყენის ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია ჩრდილო კავკასიაში: ჩვენ დავეხმარეთ, ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს წინააღმდეგ ომში და ახლა მთლიანად რუსებს მიეყიდნენო.
    ანქვაბის განცხადებით საბოლოოდ დასრულდა და აორთქლდა ილუზიაც კი აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობისა“. ანქვაბი უკვე მოსკოვის ყმადნაფიცი კი არა, ჩვეულებრივი, ყურმოჭრილი მონაა, რომელიც ნებართვის გარეშე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ გაბედავს. რუსეთი აფხაზეთს რასაც უნდა იმას უშვრება და ატყუებს, ატყუებს, ატყუებს მოურიდებლად! მხოლოდ ერთი მაგალითი: რკინიგზის რეაბილიტაციისთის რუსეთის მთავრობამ აფხაზეთს 2 მილიარდი რუბლის სესხი გამოუყო. ოღონდ ხელშეკრულების პირობების თანახმად, ეს ფული რუსეთისავე სარკინიზგიო უწყების ანგარიშზე ჩაირიცხა! მან კი სარემონტო სამუშაოები ფაქტიურად არ აწარმოა. „სოხუმი-ადლერის“ სარკინიზგო შემადგენლობა როგორც მიბობღავდა საათში 30 კილომეტრის სისწრაფით, ასევე მიბობღავს, აფხაზეთის მთავრობას კი, როგორც აღმოჩნდა, არანაირი ბერკეტი არ ჰქონია სამუშაოთა გასაკონტროლებლად - ასეა ხელშეკრულებაში.
    სამაგიეროდ, 2 მილიარდის ვალი (პატარა აფხაზეთისთვის კოლოსალური თანხაა) კისერზე ლოდივით ჰკიდიათ და ეს ლოდი ადრე თუ გვიან საბოლოოდ ჩაითრევთ მორევში.
    თუმცა ეს მათი არჩევანი იყო!

მთელ გვერდზე