რა მოხდა ცხინვალში?

    ცხინვალის რუსულ სამხედრო შტაბთან მომხდარ აფეთქებას, ოსი სეპარატისტებიც და რუსული საოკუპაციო კონტინგენტის მეთაურებიც ქართული სპეცსამსახურების პროფესიონალიზმს უკავშირებენ.
    მათი ვერსიით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ოსური ბანდფორმირება, რომელმაც მრავალგზის გაძარცვა, ააოხრა და გადაბუგა გორსა და ცხინვალს შორის მდებარე ქართული სოფლები, კვლავ ეწვია ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის შედეგად დაცარიელებულ სოფელ დიცს, რომელიც ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
    ერთ-ერთ სახლთან მძარცველებმა «ჟიგული-09» მარკის ავტომობილი შენიშნეს. ისინი თავადაც ამ მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ. გახარებულებმა იფიქრეს, რომ სახლის საბრალო პატრონმა, ოჯახთან ერთად გორისკენ გაქცევისას, მანქანის წაყვანა უბრალოდ ვერ მოასწრო, «09» დაქოქეს და ცხინვალისკენ გაეშურნენ.
    ქალაქში შესასვლელთან ისინი რუსულმა პატრულმა შეაჩერა. ამ დროს (ვიმეორებთ) ოსები ორი მანქანით მოძრაობდნენ: ერთი, რომლითაც დიცში თავდაპირველად შევიდნენ, რუსულნომრიანი იყო, ხოლო მოპარულ-გატაცებული, რა თქმა უნდა, ქართული ნომრებით.
    რუსმა ოკუპანტებმა ოსებს ქართული მანქანის საბუთები მოსთხოვეს. არა იმიტომ, რასაკვირველია, რომ მანქანა ქართველი პატრონისთვის დაებრუნებინათ – უბრალოდ, საეჭვოდ მოეჩვენათ შეიარაღებული პირების მიახლოება ცხინვალთან ქართულნომრიანი მანქანით, ხოლო გამტაცებელთა რწმუნება «ჩვენ ხომ ოსები ვართ – რუსეთის მოქალაქეები და არა ქართველებიო» – ყურად არ იღეს.
    ოსები დაუყოვნებლივ განაიარაღეს, წაართვეს ავტომატები, ნაღმსატყორცნები, ხელყუმბარები და ორივე მანქანასთან ერთად ცხინვალის ერთ-ერთ რაიონში მდებარე «ვოენნი გოროდოკ»-ში მიიყვანეს, სადაც რუსული «სამშვიდობო ჯარების» შტაბია განლაგებული.
    გატაცებულ ქართულ მანქანაში მყოფი ოსი მოროდიორები ამ დროს რასაკვირველია სრულიად მშვიდად იყვნენ, ხითხითებდნენ და ხელებსაც «იფშვნეტდნენ», რაკი დარწმუნებულნი ბრძანდებოდნენ, რომ რუსულ შტაბში უმალ მივიდოდა «სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი» მიხეილ მინძაევი, დაადასტურებდა მათ კუთვნილებას «ოსური მილიციის» ან «ოსური თავდაცვის სამინისტროსადმი», განაცხადებდა, რომ «ჩვენი მებრძოლები დაგეგმილ პატრულირებას ახორციელებდნენ ბუფერულ ზონაში» და უმალვე გაათავისუფლებდნენ მოპარულ მანქანასთან ერთად, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი დაისაკუთრებდა ან რუსული ნომრებით ვლადიკავკაზში გაყიდიდნენ და ფულს გაიყოფდნენ.
    მაგრამ ზუსტად იმ დროს, როდესაც მანქანა შტაბთან გაჩერდა, «ჟიგული», რომელშიც ოთხი მოროდიორი იჯდა, საშინელი ძალით აფეთქდა. შემდგომ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მანქანაში 20 კილოგრამი ტროტილის სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული.
    თვით ოსი «ბოევიკებისგან» ნასახიც აღარ დარჩა; მინისტრმა მინძაევმა განაცხადა კიდეც, - «მათი ვინაობა ვერ დავადგინეთო» – ან კი როგორ დაადგენდნენ ჰაერისა და კვამლის ვინაობას?; თანაც იქვე მყოფი შვიდი რუსი სამხედრო მოსამსახურეც გაესტუმრა საიქიოს; ერთ-ერთი ნამსხვრევი შტაბის იმ კაბინეტში შევარდა, სადაც იმ მომენტში რუსი «მშვიდობისმყოფელების» მეთაური, გენერალი კულახმეტოვი არ იმყოფებოდა, მაგრამ იმყოფებოდა შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი პეტრიკი, რომელიც ადგილზევე აღესრულა.
    რუსები და ოსები ამჟამად ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს «ჟიგულიში» «ჯოჯოხეთის მანქანა» ქართველმა სპეც-სამსახურებმა დაამონტაჟეს იმ გათვლით, რომ ოსი მორიოდიორები მას აუცილებლად ჩაიყვანდნენ ცხინვალში.
    თუმცა, რომც დავიჯეროთ ეს «სენსაციური» ვერსია, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს, ქართულ სპეცსამსახურთა მებრძოლები ვერც კი იოცნებებდნენ და ნამდვილად ვერ გათვლიდნენ იმას, რომ რუსული სამხედრო პატრული მანქანას გააჩერებდა და გამტაცებელ ოსებთან ერთად მაინცდამაინც პირდაპირ გენერალ კულახმეტოვის რეზიდენციასთან მიიყვანდა.
    სწორედ ამ «უხერხულობით» აიხსნება, რომ თავდაპირველად, «საინფორმაციო ომის» რუს დიდოსტატებსაც კი უჭირდათ აეხსნათ, როგორ და რატომ აღმოჩნდა მანქანა სამშვიდობოთა შტაბში.
    იმაზე, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ქართველებმა დაამონტაჟეს - ყველა თანხმდებოდა, მაგრამ ამავდროულად არ უნდოდათ აღიარება: მანქანა ოსებმა გაიტაცეს ანუ მათი მოკავშირეები უმწეო ქართულ სოფლებში მოროდიორებენ.
    ამიტომ ჯერ აცხადებდნენ, რომ მანქანაში ქართველი ტერორისტები ისხდნენ, შემდეგ რომ «ჟიგული» კი არა «უაზი» იყო, რომ ეს მანქანა ქართველ ტერორისტებს წაართვეს (კონფისკაცია მოაცდინეს), მერე რომ თურმე «იყიდეს» და შტაბთან შესამოწმებლად მიიყვანეს და ასე შემდეგ.
    ნებისმიერ შემთხვევაში ცხადი და უდავოა, რომ ცხინვალში მანქანა ქართევლებს არ ჩაუყვანიათ და იქ ვერც აღმოჩნდებოდა, ოსებს უმწეო ქართულ სოფლებში რომ არ «ემამაძაღლათ».
    არც თუ ნათელია აგრეთვე, რამ აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა: საათის მექანიზმმა თუ დისტანციურმა პულტმა. თუ მეორე ვესრსიას ვირწმუნებთ, მაშინ გამოდის, ცხინვალში კვლავ იმყოფებიან ქართველი «სპეცდანელები», რომლებიც მტერს დივერსიას უწყობენ. პირველი ვერსიის შესაბამისად კი, საათის მექანიზმი ადრე თუ გვიან უეჭველად მოვიდოდა მოქმედებაში უკვე მას შემდეგ, რაც მანქანა «სამხრეთ ოსეთის» ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, სადაც ქართველები საერთოდ აღარ არიან ან თუ არიან, საკონცენტრაციო ბანაკებში აწამებენ.
    ქართველი ექსპერტები ამ ვერსიებს არ იზიარებენ: თორნიკე შარარშენიძემ «ჯი-ეიჩ-ენ»-ს განუცხადა, რომ «ცხინვალში ამჟამად ისეთი არასტაბილური ვითარებაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს; ზღაპარია, თითქოს ასაფეთქებელი ნივთიერება იდო იმ მანქანაში, რომელიც ახალგორის რაიონში ქართველებს წაართვეს და ასე შემდეგ.
    «სამხრეთ ოსეთის» დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა კი სააგენტოს კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ «ვის და როგორ კლავენ დღეს ცხინვალში – ეს რუსებს უნდა ჰკითხოთ. ისინი აკონტროლებენ იქ ყველაფერს და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ».
    შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა კი ჩვენთან საუბრისას ყურადღება მიაქცია საეჭვო დამთხვევას: «შეგახსენებთ, რომ ე.წ. «ბუფერულ ზონებში» სნაიპერებმა ბოლო დროს სამი ქართველი პოლიციელი მოკლეს; ეს ყოველივე (აფეთქების ჩათვლით) იმ მიზნით კეთდება, რომ ბუფერული ზონებიდან ჯარები არ გაიყვანონ ვადაში, ანუ 10 ოქტომბრამდე, როგორც ეს სარკოზი - მედვედევის შეთანხმებითაა განსაზღვრული».
    ძნელი სათქმელია, გამოიყენებს თუ არა კრემლი დივერსიას იმისათვის, რათა ჯარები არ გაიყვანოს. ცხინვალის ინციდენტს საეჭვოდ დაემთხვა უცნაური მოვლენები ზუგდიდში, სადაც გენერალი ჩაბანი შეიჭრა ასი შეიარაღებული მეომრით (როგორც ჩანს გენერალ კულახმეტოვისადმი სოლიდარობის ნიშნად) და «საზღვართან ქართული ჯარების კონცენტრაციის» თაობაზე ისტერიკა მოაწყო.
    მართალია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად ქართულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცხინვალის დივერსია «შესანიშნავად ორგანიზებული ტერაქტი იყო», მაგრამ ლავროვის უწყებას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება სარკოზი-მედვედევის შეთანხმებათა დენონსირების თაობაზე.
    დღევანდელ ვითარებაში მოსკოვისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა ტერაქტი იმდენად არაერთგვაროვან ვითარებაში მოხდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება «ქართულ კვალში» ძნელი იქნება.
    თუმცა ამ მიმართულებით ბრძოლა მაინც აუცილებელი გახდება იმის გათვალისწინებითაც, რომ ზოგიერთი სხვა ქართული უწყება სწორედაც ვერ ამჟღავნებს შორსმჭვრეტელობასა და პროფესიონალიზმს;
    ამის მაგალითია ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ «ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთში კასეტური ბომბები გამოიყენა, რაც არაჰუმანური იარაღია»« და არაფერია ნათქვამი რუსების მიერ გორის ასეთივე ჭურვებით დაბომბვის შესახებ.
    სტრასბურგში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა დეპუტატმა გაგვანდო, რომ როდესაც მან ევროპელ მომხსენებელს ჰკითხა, რატომ არ ჩაიწერა მოხსენებაში, რომ კასეტურ ბომბებს რუსული არმიაც იყენებდა, თანაც არა სამხედრო კოლონების, არამედ ქალაქის წინააღმდეგ, მან «მხრები აიჩეჩა»: იმიტომ, რომ ეს ფაქტი ქართულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რუსული მხარე კი უარყოფს. ვარაუდებსა და ჯერ გამოუძიებელ საკამათო ფაქტებს კი მოხსენებაში ვერ ჩავწერდითო!
    ამაში ვერც შეედავები.

GHN

ნიკა ვაშაკიძე

4 ოქტომბერი 2008 წელი

მთელ გვერდზე