Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)

სეპარატისტული აფხაზეთი-ევროკავშირის წინააღმდეგ

    უკვე რამდენიმე წელია, გალის ტერიტორიაზე ტარდება შეხვედრები, რომელთაც რთული სახელწოდება აქვთ: „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირები მექანიზმი“. ეს მექანიზმი ჯერ კიდევ 2009 წელს შეიქმნა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებული სნაიპერები რეგულარულად კლავდნენ ქართველ პოლიციელებს. ქართული მხარე ამას ჟენევის მოლაპარაკებებზე აპროტესტებდა, თუმცა უშედეგოდ. ევროკავშირის დამკვირვებლებმაც ამოიღეს რამდენჯერმე ხმა, მაგრამ მოსკოვიდან ასეთი ცინიკური პასუხი მიიღეს: „თანახმად სარკოზი-მედვედევის შეთანხმებისა, თქვენ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებით მხოლოდ იმ მიზნით, რათა არ დაუშვათ საქართველოს აგრესიული ქმედებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. იქედან ქართველი პოლიციელების ხოცვაზე რეაგირება კი თქვენს მანდატს სცილდებაო“.
    თუმცა, რაკი ეს თემა აქტიურად ჟღერდა, რუსებმა მორიგი სატყუარა შემოაგდეს: შევქმნათ ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, რომელშიც ყველა მხარე მიიღებსო მონაწილეობას. რასაკვირველია, ეს შეხვედრები მათ სინამდვილეში იმისთვის კი არ სჭირდებათ, რათა მართლა აღარ მოხდეს მკვლელობები კონფლიქტის ზონაში, არამედ სულ სხვა მიზნით: ამით ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი ჯარების ყოფნის ლეგალიზებას, რაკი რეგულარულ შეხვედრებში საოკუპაციო დანაყოფთა მეთაურებიც მონაწილეობენ.
    იქნებ გახსოვთ, შევარდნაძის დროს ჭუბურხინჯში რომ იმართებოდა ასეთი რეგულარული კონსულტაციები ტექნიკურ საკითხებზე - არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა სეპარატისტული ხელისუფლების ლეგიტიმაციას კი უწყობდა ხელს. დღეს რუსეთისთვის ეს უკვე „ჩავლილი ეტაპია“, ამიტომ თვით ჯარების ირიბ დაკანონებას ცდილობენ. რამდენად გამოუვათ - სხვა საქმეა, რადგან მოლაპარაკებებში მონაწილეობა პირდაპირი აღიარება მაინც არ არის.
    სეპარატისტებისთვის კი გალის შეხვედრები (ისევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებები) არის საშუალება საკუთარი პოზიციის „მისატანად“ დასავლეთამდე. სწორედ ამიტომ, ცოტა არ იყოს უცნაურად გამოიყურება ის, რაც „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა“ გააკეთა გასულ კვირას. ფაქტობრივად, სეპარატისტულმა ტერიტორიამ, რომელიც თვით დამპყრობლისა და რამდენიმე ჯუჯა-სახელმწიფოს გარდა არავის უცვნია, დიპლომატიური ომი გამოუცხადა ევროპის კავშირს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ყველაფერი კი ასე დაიწყო: „პრევენციის მექანიზმის“ ფარგლებში ბოლო შეხვედრაზე, როდესაც სეპარატისტებმა მორიგი დემაგოგია წამოიწყეს გალის რაიონში ქართველი დივარსანტების ვითომდაც აქტიურობის გამო და თბილისში, ლეიბორისტული პარტიის შტაბ-ბინასთან აფეთქების ორგანიზატორი მერაბ ყოლბაია (ვინც გალიდან მოიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა) „სინდისის ტუსაღად“ გამოაცხადეს, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, პოლონელმა გენერალმა ანდჟეი კიშკევიჩმა პირდაპირ მიახალა: „ევროკავშირი მხოლოდ მაშინ მოახდენს რეაგირებას გალში მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალებას მოგვცემთო“.
    როგორც სეპარატისტებისთვის, ასევე მათი ნამდვილი პატრონებისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ანუ, ერთის მხრივ ძალიან უნდათ, ევროკავშირი როგორმე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ ესეც კი არ უღირთ იმდენად, რომ „საკუთარ“ ტერიტორიაზე საერთაშორისო თვალი და ყური დაუშვან. აფხაზეთში გრანდიოზული სამხედრო მშენებლობა მიმდინარეობს: რუსები სამხედრო ბაზებს ამაგრებენ, რაკეტები შემოაქვთ, ყოველგვარ საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევენ ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და კონტროლის თაობაზე. ჰოდა უნდათ ასეთ სიტიუაციაში ევროპელი მეთვალყურეები? რასაკვირველია არა.
    ტიშკევიჩის განცხადება იმდენად მკვახე იყო, რომ სეპარატისტთა მხარემ მორიგ შეხვედრაზე იმავე გალის რაიონში უკვე უარი განაცხადა. შეხვედრა ჩაიშალა. მომდევნო დღეს კი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პოლონელი გენერალი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რაც იმას ნინავს, რომ ტიშკევიჩი ვეღარ შევა აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორღა ჩატარდება შეხვედრები „მექანიზმის“ ფარგლებში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის გარეშე? თვით ამ მექანიზმის მოშლა რუსებსა და აფხაზებს ნამდვილად არ აწყობთ. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი (ისევე როგორც ქართული მხარე) „გადაყლაპავენ“ და მისიის ხელმძღვანელის ნაცვლად მისი მოადგილე ან სხვა რომელიმე ოფიცერი გაემგზავრება ხოლმე გალში.
    ანუ, ბევრი რამ ევროკავშირის პრინციპულობაზე იქნება დამოკიდებული. ჯერ-ჯერობით რეაქცია ნამდვილად ადეკვატურია: თავდაპირველად, საგარეო საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა (არაფორმალურად მას „ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრსაც“ უწოდებენ) ქეთრინ ეშტონმა საკუთარ პრეს-მდივანს დაავალა წუხილის გამოთქმა მორიგი შეხვედრის ჩაშლის გამო. შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ფილიპ ლეფორი ესაუბრა ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს. ამ უკანასკნელმა ჩვეული დემაგოგიით უპასუხა: „ჩვენ რა შუაში ვართ - ეს აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკა აქვს, რაკი პოლონელი გენერალი უკანონობას მოითხოვდაო“.
    ესე იგი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ევრომისიის შეშვება თურმე უკანონობაა, ხოლო იქ რუსული ჯარების ყოფნა - კანონიერი. ისე, აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზებმაც ოსტატურად ითამაშეს რუსების ტრადიციულ სიძულვილზე პოლონელების მიმართ. ევრომისიის ხელმძღვანელი რომ პოლონელი გენერალი არ ყოფილიყო, მოსკოვში შეიძლება კიდევ დაფიქრებულიყვნენ, მაგრამ „პოლონეთი“ მათზე დღემდე წითელი ალამივით მოქმედებს.
    უშედეგო მოლაპარაკებებს მოსკოვში ლეფორსა და კარასინს შორის მოჰყვა იმავე ქეტრინ ეშტონის სერიოზული დიპლომატიური დემარში: ქალბატონმა ეშტონმა უკვე პირადად განაცხადა, რომ სრულ ნდობას უცხადებს მისიის ხელმძღვანელს. მოსკოვი ჯერ-ჯერობით დუმს, რაკი არ იცის, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ბრიუსელი ამ კონფქლიტში. რაც შეეხება სეპარატისტულ რეჟიმს, მათ საკუთარი მიზნები აქვთ: სოხუმი აქტიურად ცდილობს (თუნდაც ასეთი უხეში მეთოდებით) ევროკავშირს თავი დამოუკიდებელ მხარედ მოაჩვენოს. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ამას წინათ განაცხადა: „ევროპა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენც ევროპელები ვართო“. ბუნებრივია, რუსებს ეს განცხადება დიდად არ ეპიტნავათ, მაგრამ მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთირთობები ისედაც სულ უფრო ცივდება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სეპარატისტები რუსული ბაზების დაკანონებას კი დათანხმდნენ, მაგრამ არ თანხმდებიან რუსებისათვის აფხაზეთში ქონების (ბინების) დაბრუნებას, არც რუსულ კაპიტალს რთავენ ნებას, საუკეთესო მიწები შეიძინოს. რამდენიმე დღის წინ კი აფხაზეთში სრულიად გაუგონარი რამ მოხდა: ფაქტობრივად ერთადერთი რუსი ინვესტორი, იგორ ვაროვი, აფხაზებმა საკუთარ კაბინეტში სცემეს.
    ვაროვი გაგრაში დიდ სავაჭრო ცენტრ „კონტინენტს“ ფლობს. გავლენიანი აფხაზი კრიმინალები, ძმები ჩამბები მასთან კაბინეტში მივიდნენ და წილი მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მხეცურად სცემეს. ვაროვს ოთახში ფარული კამერა ჰქონია დამონტაჟებული და ეს კადრები ინტერნეტში ასეულობით ათასმა ადამიანმა იხილა. მოსკოვში ამან სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. აფხეზეთის ელჩი შესაბამის კაბინეტებში დაიბარეს და ლამის ტყავი გააძრეს - საზღვრის ჩაკეტვითაც დაემუქრენ. აფხაზები რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, ამ სკანდალის რაღაცით გადაფარვა უნდოდათ და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ვიდრე ევროკავშირისათვის ულტიმატუმის წაყენებაა. სწორედ ევროკავშირი მიაჩნიათ „დაბალ ღობედ“, რომელიც ყველაფერს მოითმენს. მეორეს მხრივ, რუსი დიპლომატებისათვის წარმატება ისაა, როდესაც საკუთარი გავლენის მორიგ დემონსტრირებას ახდენენ და აიძულებენ ევროპას, მუდამ რაღაც ეხვეწოს, თავად კი მდუმარე მედიდურობის პოზიციაში იდგეს.
    როგორ უნდა მოიქეს ამ აბურდულ სიტუაციაში ქართული მხარე? მთავარი ძაფი, რომელიც ხელიდან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაგვისხლტეს, ევროკავშირთან ინტერესების თანხვედრაა. „მექანიზმის“ ფარგლებში შეხვედრების ბოიკოტირება მხოლოდ მაშინ იქნება მიზანშეწონილი, თუ ამაზე თვით ევროკავშირი წავა. სულ ერთია, ამგვარი დემარშების არსენალი სეპარატისტებს მალე ამოეწურებათ, მოსკოვთან მზარდი უთანხმოების გადაფარვას ისინი ვეღარაფრით შეძლებენ და ეს წინააღმდეგობები სააშკარაოზე გამოვა.
    თუ კიდევ რაიმე აკავებს მოსკოვს, მხოლოდ მომავალი ოლიმპიადის წინ სიტუაციის აშკარად აფეთქების შიშია. თუმცა, დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში, აფხაზმა სეპარატისტებმა შეიძლება თვითონვე სცადონ ევროკავშირთან სიტუაციის გარკვევა - ტიშკევიჩის „არშემოშვებ“ა მხოლოდ ყურადღების მიპყრობის მცდელობაა და სხვა არაფერი.
    „ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება პასპორტების საკითხი: მოსკოვი სულ უფრო ამკაცრებს თავისი პასპორტების გაცემას აფხაზეთში. ამიტომ საქართველოსა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ნეიტრალური დოკუმენტები მალე ისევ აქტუალური თემა გახდება. მთავარია მოთმინება, დაკვირვება და დინჯი მოლოდინი იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები მორიგ სერიოზულ შეცდომებს დაუშვებენ. არადა, ნამდვილად დაუშვებენ შეცდომებს. ეს ნათლად ჩანს თუნდაც გენერალ ტიშკევიჩთან დაკავშირებულ ინციდენტში.

მთელ გვერდზე