გიგა ოთხოზორიას მკვლელს შინაპატიმრობა მიესაჯა!

    აფხაზეთის დე–ფაქტო სასამართლომ, აფხაზური პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გიგა ოთხოზორიას მკვლელს, რაშიდ ყანჯი ოღლის, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ შინაპატიმრობა: მკვლელი, რომლის ბრალეულობაში ეჭვი აფხაზურ მხარესაც არ ეპარება, ციხეში არ ჩაუსვამთ - სახლში ცხოვრობს და, უბრალოდ, «გაუსვლელობის ხელწერილი» აქვს დაწერილი, ხოლო აფხაზი მილიციონერები მის სახლს ფორმალურად, გარედან აკვირდებიან.
    სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქართული მხარის ოფიციალური რეაქცია ცნობილი გახდა პრაღაში მორიგი შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინს შორის.
    შეხვედრის შემდეგ, რუსეთის დიპლომატიური უწყება ძირითადად სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას თუმცა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, მკვლელის დაპატიმრება ან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადმოცემა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო იმის მიუხედავად, რომ წინასწარი შეთანხმებით, – რასაც თბილისმა და მოსკოვმა ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს მიაღწიეს, – პრაღის შეხვედრებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული თემები არ განიხილება: ამ საკითხებზე მხოლოდ ჟენევაში უნდა ემსჯელათ აფხაზებისა და ოსების მონაწილეობით.
    «ჟენევის ფორმატი სწორედ ამიტომ შეიქმნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე გვემსჯელა, ხოლო პრაღაში ვსაუბრობდით ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ თემებზე» – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ, მაგრამ უმალვე ხაზი გაუსვა: «თუმცა როდესაც ასეთი მკვლელობა ხდება, მას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით».
    აბაშიძის თქმით «შინაპატიმრობა ნამდვილად არ არის ადეკვატური ზომა». ქართველი დიპლომატის მტკიცებით, მისი რუსი კოლეგა, საუბრისას, ცდილობდა მთელი პასუხისმგებლობა აფხაზეთის ხელისუფლებისთვის გადაეკისრებინა.
    ზურაბ აბაშიძემ გაიმეორა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამონათქვამი, რომ თუ ყანჯი ოღლის დაუყოვნებლივ არ დააპატიმრებენ, «ის შეიძლება მოკლან და შემდეგ ყგველაფერი ქართულ მხარეს დააბრალონ». «რაკი რუსეთის ხელისუფლებას ამ რეგიონში სულ სხვა პასუხისმგებლობა აქვს, ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსი კოლეგების მცდელობას, ეს პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს გადააკისროს» – თვლის პრემიერის სპეცწარმომადეგნელი.
    PTN ინფორმაციით, ამჟამად რაშიდ ყანჯი ოღლი ტყვარჩელში, საკუთარ სახლში ცხოვრობს, რომელიც ადრე ქართველ ლტოლვილს ეკუთვნოდა, თუმცა მამამისმა დაისაკუთრა მას შემდეგ, რაც თურქეთიდან აფხაზეთში ჩამოვიდა, მონაწილეობა მიიღო 1992-1993 შეიარაღებულ კონფლიქტსა და ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდაში.
    თბილისში თვლიან, რომ შინაპატიმრობაც კი, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების «იძულებითი ნაბიჯია», რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო, გაერო და ევროკავშირი, - რომლებიც მონაწილეობენ ჟენევის დისკუსიებში, - აქტიურად მოითხოვდნენ აფხაზური მხარისაგან «მოეხდინათ რეაგირება» 29 მაისს, ხურჩაში ჩადენილ მკვლელობაზე.
    «სწორედ ამიტომ გახდა იძულებული აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებაა თუნდაც ეს ნაბიჯი გადაედგა, ანუ მკვლელისთის შინაპატიმრობა გადაეწყვიტა, რადგან რაღაც ხომ მაინც უნდა გაეკეთებინათ?!» – განუცხადა PTN აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი გვაზავამ. მისივე თქმით «მკვლელს, ალბათ, გაიყვანენ სასამართლოზე და 2–3 წელს მიუსჯიან, ესეც ფორმალურად – ის სულ მალე გამოვა გარეთ და, ფაქტიურად, არ დაისჯება. ქართული მხარისათვის დამნაშავის გადმოცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია».

            მთელ გვერდზე