საით უბერავს ატლანტიკური ქარი?

ევროპასა და ამერიკაში დიდი გაერთიანებისა და პარტიული განახლებისთვის ემზადებიან

დონალდ–ბულდოზერი

    ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე დიონალდ ტრამპის გამოჩენა უკვე იქცა ისტორიულ მოვლენად და მომავალი, გარდაუვალი განახლების სიმბოლოდ. როგორც არ უნდა დამთავრეს 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომც წააგოს დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონთან (თუმცა უკვე უსწრებს კიდეც გამოკითხვებში), მოუსვენარმა ამერიკელმა მილიარდერმა უკვე ძალიან დიდი საქმე გააკეთა: არა მხოლოდ ამერიკული დემოკრატია განაახლა, არამედ ამერიკის პარტიული სისტემაც.
    თან საკუთარი პარტია კი არ შექმნა, არამედ «რესპუბლიკური პარტიის» ჩახავსებული ხელმძღვანელობა აიძულა, მიეღო ახალი თამაშის წესები, მოეძებნა ახალი ფორმები და შერიგებოდა ახალ სტილს. ძალიან არ უნდოდათ ბებერ «სპილოებს» (სპილო – ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ემბლემაა), მაგრამ ტრამპმა აიძულათ.
    შედეგად, ამერიკის «რესპუბლიკური პარტია» უფრო მემარჯვენე გახდა, ვიდრე იყო ჯორჯ ბუშის დროს. და უფრო კონსერვატიულიც. ტრამპმა ბოლო მოუღო ადრინდელ ნეოკონთა (ნეოკონსერვატორთა) სურვილს, მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყნის თუ რეგიონის საქმეებში ჩარეულიყვნენ და მოუწოდა ამერიკელებს: «მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას».
    ამ ლოზუნგს რესპუბლიკური ამომრჩევლის მხურვალე მხარდაჭერა მოჰყვა: «კისერი უტეხია ყველას, ამერიკის გარდა!» – ასე გაიგეს და პარტიაც უფრო ნაციონალისტური გახდა. ოღონდ იმ აზრით, რომ ნაციონალიზმი ამერიკაში ეთნიკურობას არ გულისხმობს. მთავარია იყო ამერიკელი და არა მექსიკიდან შემოპარული ემიგრანტი ან ისლამისტი.
    მეორეს მხრივ, «დემოკრატთა» («სახედართა») კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ამ პარტიის კიდევ უფრო «გამემარცხენეების» სიმბოლო ხდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქალია და პირველი ქალი იქნება, თუ არჩევნებში გაიმარჯვა. გარდა ამისა, ბევრად მეტ აქცენტს აკეთებს ეროვნულ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი სერიოზული კანდიდატი დემოკრატებიდან, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
    ოღონდ ესეც შესამჩნევია: ჰილარი უმცირესობებზე კი აკეთებს აქცენტს, თუმცა მთავარ პარტიულ კონკურენტ ბერნი სანდერსისგან განსხვავებით, სოციალისტური იდეები არა აქვს, ანუ არ ილაშქრებს ბანკების წინააღმდეგ, არ მოითხოვს ოლიგარქების მოწველას, გადასახადების გაზრდას და ა.შ.
    თუ ჰილარი პრეზიდენტი გახდა, მისი ქმარი, ბილ კლინტონი, თეთრ სახლში დაბრუნდება! ამჯერად ქმრის სტატუსით. ამერიკისთვის ეს უცნაური და მიუღებელი არაა: პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი – პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ნათესავი იყო, ჯორჯ ბუშ უფროსი მთლად მამა გახლდათ ჯორჯ ბუშ–ჟუნიორისა, ახლა ჰილარი და ბილი . . . ამაში რომ რაღაც კომიკური ნამდვილად არის, ყველანი ვგრძნობთ; ამერიკელებიც გრძნობენ ალბათ და ტრამპი ამას ოსტატურად იყენებს – ჰილარის დასცინის: «საკუთარმა ქმარმაც კი, მასთან სექსს - მონიკა ლევინსკისთან სექსი არჩია და ამერიკამ ეს დედაკაცი მე როგორ უნდა მამჯობინოსო».
    იგულისხმება გრანდიოზული სკანდალი, რომელიც ამერიკაში ატყდა 1998–199 წელს, როდესაც პრეზიდენტი კლინტონი კინაღამ იმპიჩმენტით გადააყენეს და ციხეში ჩასვეს ჯერ მონიკა ლევინსკისთან ორალური სექსის, შემდეგ ამ თემაზე საჯარო ტყუილის გამო და (სხვათა შორის) ამერიკაში არავის აზრადაც არ მოსვლია ეთქვა: «პოლიტიკოსიც ხომ ადამიანია, მასაც აქვს პირადი ცხოვრება და ვისი რა საქმეაო».
    თუმცა ეს ისე, სხვათა შორის.
    ანუ, ამერიკაში პარტიული განახლება ჯანსაღად მიმდინარეობს: ტრადიციული პარტიები რჩებიან, ოღონდ უფრო რადიკალურნი ხდებიან საკუთარი «ფილოსოფიის» ფარგლებში: «რესპუბლიკელები» უფრო კონსერვატიულნი და ნაციონალისტურნი; დემოკარტები – კიდევ უფრო ლიბერალურნი ამ ტერმინის დასავლური გაგებით.
    ეს არ არის პარტიული რევოლუცია, მაგრამ ნამდვილად უნდა ჩაითვალოს განახლებად. თუმცა ამერიკაში სხვა პარტიებიც არსებობენ. იქ მარტო ორი პარტია კი არ ებრძვის ერთმანთეს არჩევნებზე: სინამდვილეში ათეულობთ კანდიდატია. უბრალოდ, ამ ორი პარტიის გარდა, ამერიკელი ამომრჩეველი სხვას არ ამჩნევს წლიდან – წლამდე, არჩევნებიდან – არჩევნებამდე; ამიტომ ისინი 0,000001% იღებენ ხოლმე არჩევნებზე.
    თუ ტრამპის მაგვარი მეამბოხეები არ გამოჩნდებოდნენ, ადრე თუ გვიან ამერიკელები დაიღლებოდნენ ამ ორი პარტიით და მესამეს ძიებას დაიწყებდნენ. ამიტომაც მოხდა, რომ რესპუბლიკური პარტიის ბოსებმა, რომლებსაც დონალდ ტრამპი თავიდან თვალში არ მოსდიოდათ, ბოლოს მაინც მას დაუჭირეს მხარი რადგან მიხვდნენ, რომ ტრამპი, ერთის მხრივ, მხოლოდ აძლიერებს პარტიას, მის განახლებას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი განსაკთრებით საშიშიც არაა, ვინაიდან ამერიკაში, რეალურად, კონგრესი წყვეტს ყველაფერს: პრეზიდენტი, კონგრესის გარეშე, ნაბიჯს ვერ გადადგამს, ამიტომ ტრამპი სულ გიჟიც რომ იყოს, გიჟურ გადაწყვეტილებებს არ მიაღებინებენ არც საგარეო, არც საშინაო პოლიტიკაში.

კეთილი გერმანელი ბებია ანგელა

    დაახლოებით ასეთივე პროცესი, ოღონდ ოდნავ სხვა შინაარსისა, მიმდინარეობს ევროპაშიც: პირველ რიგში, რასაკვირველია გერმანიაა საინტერესო, რადგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მით უმეტეს გაერთიანების შემდეგ, ევროპის ლოკომოტივად იქცა. მარტო იმიტომ კი არა, რომ გერმანელები ახლა 80 მილიონი არიან, ანუ ყველა სხვა ევროპელზე მრავალრივხოვანი ერია, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას ხარისხით: გერმანული შრომისმოყვარეობა, ნიჭი და შემოქმედება მაინც სხვაა.
    გერმანიაში არა ორი, მაგრამ მაინც სულ ცალ ხელზე ჩამოსათვლელი სერიოზული პარტია ებრძვის ერთმანეთს პოლიტიკურად. მათგან ყველაზე ძლიერია ორი: «ქრისტიან–დემოკრატიული კავშირისა» და «ქრისტიანულ–სოციალური კავშირის ალიანსი» და გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია (Sozialdemokratische Partei Deutschlands, SPD).
    ეს უკანასკნელი გერმანიისა და ევროპის ერთ–ერთი უძველესი პარტიაა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ იმ შორეული ეპოქიდან იღებს, როცა გერმანიაში მიმდინარეობდა ბრძოლა კომუნისტებს, ნაცისტებსა და სოციალ–დემოკრატებს შორის; სტალინი «სოცდეკებს» მოღალატეებს უწოდებდა და ა.შ.
    დღევანდელ «სოციალ–დემოკრატებს» მაშინდელ სოციალ–დემოკრატიასთან მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ ზომიერად მემარცხენეები არიან – იმდენად, რამდენადაც დღევანდელი კომპიუტერი განსხვავდება პირველი ტელევიზორებისგან, რომლებიც 1930–იან წლებში გაჩნდა.
    მათი მიმართულებაა სოციალური უფლებები, პროფკავშირების მხარდაჭერა, გადასახადების ზრდა, სახელმწიფოს როლის გაძლიერება და ასე შემდეგ. საგარეო პოლიტიკაში – მოსკოვთან ფრთხილი დამოკიდებულება, მთლიანობაში ძალიან შიშნარევი «აღმოსავლური პოლიტიკა» და ევროპული ინტეგრაცია.
    გერმანული სოციალ–დემოკრატია იმდენად ძლიერი ფილოსოფიის მატარებელია, რომ გერმანელ მემარჯვენეთა მრწამსზეც მოახდინა უდიდესი გავლენა. იმ აზრით, რომ გერმანელი მემარჯვენები, ესე იგი ზემოთხსენებული ქდკ–ქსკ ალიანსი (Christlich-Demokratische Union, CDU – Christlich-Soziale Union, CSU), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, ბევრად მემარცხენეა, ვიდრე ამერიკელი «რესპუბლიკელები» ან ინგლისელი «კონსერვატორები».
    სამაგიეროდ, გერმანელმა ქრისტიან–დემოკარტებმა მოახერხეს (და ამაში ნამდვილად გერმანელი ერის ნიჭი, აგრეთვე ფანატიკური შრომისმოყვარეობა დაეხმარათ) ისეთი ქვეყანა აეშენებინათ, რომელიც ლამის «სოციალისტურია» თავისი შრომის კანონმდებლობით, განათლებით, ჯანდაცვით, თუმცა მაინც სწრაფად და წარმატებით ვითარდება.
    ნამდვილი «ოცნებაა» ყველა ქვეყნისთვის: ერთის მხრივ უფასო (ფაქტიურად უფასო – ისეთი დაზღვევა მოქმედებს) ჯანდაცვა და უფასო განათლება, მათ შორის უმაღლესი განათლება და, მეორეს მხრივ, ტექნოლოგიური პროგრესი, მიზერული უმუშევრობა, მთლიანი შიდა პროდუქტის უწყვეტი ზრდა, საერთაშორისი გავლენა, ერთიანი ევროპის ლოკომოტივობა. . . . ამიტომაც, «ქდკ–ქსკ» დიდი ხანია ფლობს კანცლერის პოსტს და ამაში ვერც «სდპ» ეცილება, ვერც სხვა პარტიები.
    ისევ და ისევ, ამერიკისგან განსხვავებით, გერმანიაში კიდევ რამდენიმე სერიოზული პარტიაა. მათ შორის, რასაკვირველია, პირველ რიგში «მწვანეები», რომლებმაც, გასული საუკუნის 1980იანი წლებიდან დაწყებული, მეარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის მუდმივი დაპირისპირების გარდა, მესამე თემა შემოიტანეს: ბუნების დაცვა, რაშიც ხშირად არც მემარჯვენეები ეთანხმებიან («ხელს უშლის წარმოების განვითარებას») და არც მემარცხენები («ამცირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას»), ანუ ძნელი სათქმელია, «მწვანეები» მემარჯვენეები არიან თუ მემარცხენეები იმაში, რაც შეეხება ეკონომიკას. თუმცა, სოციალური თვალსაზრისით კლასიკურ ლიბერალებს უახლოვდებიან ისევ და ისევ ამ ტერმინის არა საბჭოთა ან ქართული, არამედ ევროპულ–დასავლური გაგებით, სადაც, უხეშად თუ ვიტყვით, «ლიბერალს» იმას კი არ უწოდებენ, ვინც თავისუფალი ბაზრის მომხრეა, არამედ იმას, ვინც გეი–პარადებისა და ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ემხრობა.
    თუმცა, ანგელა მერკელმა და მისმა მემარჯვენე «ქრისტიან–დემოკრატებმა» ამ სფეროშიც შეძლეს სიახლეების მიგნება: მერკელის მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი გეია, რასაც ღიად აცხადებს.
    ამ სამი პარტიის გარდა, გერმანიის პოლიტიკურ ველზე, ქვეყნის საარჩევნო სისტემის წყალობით (აი სწორედ იმ «გერმანული მოდელისა», ახლა რომ ბევრი საუბარია ჩვენში) კიდევ რამდენიმე პარტია კრთის ხოლმე. განსაკუთრებთ რეგიონებში.
    შედარებით სერიოზულია «თავისუფალი დემოკარატები», თუმცა არიან სკანდალური და ეგზოტიკური პარტიებიც: საოჯახო პარტია (საქართველოში რომ იყო «ქართველ დედმამიშვილთა კავშირი»), «განრისხებულ ამომრჩველთა პარტია» და ა.შ.

    გერმანია ევროოპტიმისტთა ქევყანაა: არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სერიოზულ პარტიებს შორის არ არსებობს ასეთი თანხმობა ევროპულ მომავალზე და ევროკავშირის გაძლიერების აუცილებლობაზე. თუმცა, ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ გერმანია ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოზე ძლიერია; ამიტომ ერთიან ევროპაში გერმანელთა როლიც წამყვანი იქნება. ამას ღიად არც ერთი გერმანელი პოლიტიკოსი არ გეტყვით, რაკი შეეშინდება, «ვაითუ ფაშისტობა დამწამონო».
    ზედაპირულად თუ შევხედავთ, კაცმა რომ თქვას, ჰიტლერსაც ხომ ეს უნდოდა: «ერთიანი ევროპა – გერმანიით სათავეში!»
    ესე იგი, გერმანიის პარტიული თავისებურება ისაა, რომ გერმანელი ერის გენიალობის წყალობით, ყველა პარტია მეტ–ნაკლებად მემარცხენეა, მაგრამ გერმანია მაინც ყვავის და რაც უფრო ყვავის, მით უფრო მემარცხენები ხდებიან ისე, რომ მათ ქვეყანას არაფერი აკლდება.
    ამიტომაც მოხდა, რომ «ქრისტიან–დემოკრატები», მოკავშირე «თავისუფალ დემოკრატებთან» და «ქრისტიან–სოციალისტებთან» ერთად, უკვე მრავალი წელია მართავენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და უფრო ხშირადაც იყვნენ ქვეყნის სათავეში, ვიდრე «სოციალ–დემოკრატები».

ზღვის მოქცევა ლა მანშის ნაპირებზე

    საფრანგეთი ასეულობით წელი (ნაპოლეონის ეპოქიდან) სულ გერმანიას ეომებოდა, თუმცა დღეს ბევრი მიმართულებით გერმანიის ძლევამოსილების ჩრდილშია. პარტიული სისტემის მხრივაც ძალიან ჰგავს, ოღონდ გერმანიას მაინც ჩამოუვარდება პოლიტიკური სტაბილურობით.
    სამაგიეროდ, მემარცხენეები საფრანგეთშიც უყვართ: ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი «სოციალისტური პარტიის» წარმომადგენელია. ძალიან ცდილობს მიბაძოს ანგელა მერკელს და ერთის მხრივ ეკონომიკა განავითაროს, მეორეს მხრივ სოციალისტური ქვეყანა ააშენოს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან . . . . ფრანგები არ არიან გერმანელები!
    ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან ან უკეთესნი – უბრალოდ განსხვავებულნი არიან. ამიტომ, ოლანდი იძულებული ხდება მემარჯვენე გადაწყვეტილებები მიიღოს – დამსაქმებლებს დასაქმებულთა სამსახურიდან გაშვება გაუადვილოს, რასაც კინაღამ პარიზის გადაწვა მოჰყვა ამ დღეებში.
    ანუ, საფრანგეთის მმართველი «სოციალისტური პარტია» იძულებული გახდა «მარჯვნივ» გადახრილიყო, როდესაც ეკონომიკის შენელებამ საშიშ ზღვარს მიაღწია.
    საფრანგეთში ორმოცამდე აქტიური პარტიაა. მათ შორის მმართველი «სოციალისტური პარტია». ამ ქვეყნის ერთ–ერთი თავისებურება ისაა, რომ შედარებით ძლიერი «კომუნისტური პარტია» ჰყავდა ყოველთვის.
    რაც შეეხება მემარჯვენეებს, ამ ფლანგზე ლიდერობენ ე.წ. «გოლისტები», ანუ «გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად», რომელიც საფრანგეთის დიდი პრეზიდენტის, გენერალ შარლ დე გოლის სახელს უკავშირდება. უფრო მარჯვნივ– რესპუბლიკური პარტია და კიდევ უფრო მარჯვნივ – ლე პენის «ნაციონალური ფრონტი».
    ფრანგული პარტიები იხლიჩებიან სოციალ–ეკონომიკურ პრობლემებსა და ეროვნულ ამბიციებს შორის: უნდათ იცხოვრონ როგორც გერმანელებმა, მაგრამ ევროპაში «მეორეადგილოსნობა» არ მოსწონთ და ყველა მნიშვნელოვან საკითხში ცდილობენ განსაკუთრებული პოზიცია შეინარჩუნონ. თანაც გერმანელებისგან და ინგლისელებისგან განსხვავებული.
    ფრანგულ პარტიებს ანათესავებთ იგივე, რაც გერმანულთ: ევროპული ინტეგრაციისადმი დამოკიდებულება. ოღონდ საპირისპირო ნიშნით: თუ გერმანული პარტიები უფრო «ევროოპტიმისტები» არიან, ფრანგულნი – პირიქით, მეტად «ევროსკეპტიკოსები». ისიც გავითვალსიწინოთ, რომ საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა რადიკალურად განსხავვებულია გერმანულისგან: საფრანგეთი საპრეზიდენტო–საპარლამენტო რესპუბლიკაა, გერმანია კი წმინდად საპარლამენტო.
    სულ მალე ფრანგული პარტიები ახალი ფილოსოფიის ძიებას დაიწყებენ, რადგან ახლოვდება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა: ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების განხილვა და ხელმოწერა ევრო–ამერიკული «ერთიანი ბაზრის» შექმნის შესახებ. ფრანგები ტრადიციულად წინააღმდეგნი არიან, როგორც დე–გოლი იყო ნატო–ს წინააღმდეგი თავის დროზე. ისინი გრძნობენ, რომ იმ ახალ «საერთო ბაზარში» მაინც მეორეხარისხოვანნი იქნებიან გერმანელებთან, ამერიკელებთან და ინგლისელებთან შედარებით.
    ამიტომაც, ფრანგ «სოციალისტებსა» და «გოლისტებს» საერთო ღირებულება წარმოეშობათ. «ტრანსატლანტიკური სავაჭრო ზონა» ისეთივე საფრთხობელად იქცევა, როგორც გლობალიზაცია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ძირითად მოწინააღმდეგეებად დარჩებიან და მარი ლე პენის ნაცისტებს სერიოზულ მოთამაშედ ქცევის საშუალებას არ მისცემენ.
    ლა მანშის სრუტეს გაღმა, დიდ ბრიტანეთში, ასევე ემზადებიან ისტორიული მოვლენისთვის: რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარდება ე.წ. Brexit ("British exit") რეფერენდუმი. ბრიტანელი «კონსერვატორები» «გაერთიანებული სამეფოს» ევროკავშირიდან გასვლას ემხრობოდნენ და რეფერენდუმიც დანიშნეს. თუმცა, ამ მუქარით პრემიერ–მინისტრმა დევიდ კემერონმა ბევრი დათმობა წაგლიჯა ბრიუსელს: ბრიტანეთმა ისედაც არ აღიარა ერთიანი ვალუტა – ევრო, «შენგენის» სავიზო ზონასაც არ შეუერთდა, ახლა დამატებითი პრივილეგიები მიიღო.
    შემდეგ ინგლისელმა ეკონომისტებმა დათვალეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა ჩამოიშლება, თუ ევროკავშირის ბაზარს დაკარგავს. ანგელა მერკელი კი, სინამდვილეში, არ არის ჰიტლერი, ამიტომ, ძალიანაც გაუხარდება, თუ ევროკავშირის ბაზარზე გერმანულ კომპანიებს ინგლისური კონკურენტები აღარ ეყოლება. სამაგიეროდ, კონსერვატორთა ისტორიული მოწინააღმდეგეები, – ლეიბორისტები – ევროკავშირიდან გასვლას არ ემხრობიან. ბრიტანელები კი არიან, მაგრამ მშრომელებისთვის სამუშაო ადგილების დაკარგვა აშინებთ.
    «კონსერვატიული» და «ლეიბორისტული» (მშრომელთა) პარტიები დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ისეთივე პერიოდულობით ცვლიან ერთმანეთს, როგორც მემარცხენეები და მემარჯვენეები გერმანიასა და საფრანგეთში. მაგრამ ბრიტანელები ბევრად მეტად იყურებიან ოკეანის გაღმა – ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თითი დაუქნიათ: «თუ ევროკავშირიდან გახვალთ, ტრანსატლანტიკური შეთანხმების მონაწილეობაც არ გეღირსებათო», «კონსერვატორები», «ლეიბორისტებთან» ერთად, ევროოპტიმისტებად იქცნენ: «მართლა ხომ არ გეგონათო» – ეუბნება პრემიერი კემერონი ბრიტანელებს მის მიერვე დანიშნულ რეფერენდუმზე.
    ეს ძალიან ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, თუ საით მიჰყავთ, მთლიანობაში, დასავლურ პარტიებს ევროატლანტიკური სივრცე: ყველა უთანხმოების მიუხედავად, მიჰყავთ ერთიანობისა და ატლანტიკური კავშირის განმტკიცებისკენ, რადგან ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და რუსეთის მზარდი სამხედრო–პოლიტიკური აგრესიის პირობებში, დემოკრატიულ ცივილიზაციას სხვა გზა აღარც აქვს.

მთელ გვერდზე