ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან.
    ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!
    ესაია 2(12)

   

   
   
   

ერი და ინტელიგენცია

    ჩვენში ფართოდ დამკვიდრებულია აზრი, რომ ერი არის ინტელიგენცია. შესაძლოა, ეს საკამათო დებულება იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უდავოა ინტელიგენციის როლი ისტებლიშმენტში და მისი განსაკუთრებული ფუნქცია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბებისას.
    ამ კონცეფციას სწორედ ერის ინტელექტუალური ელიტა აყალიბებს. მაგრამ ელიტა არა მხოლოდ ფასეულობებსა და ღირებულებებს ქმნის, არამედ მტკიცედ მართავს ცნობიერ და (ისტებლიშმენტის მეშვეობით) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში. ოღონდ აქ, რასაკვირველია, სტრატეგიული პროცესები იგულისხმება. ტაქტიკური მნიშვნელობის პროცესებში ელიტა შეიძლება არც ერეოდეს.
    საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიმუშავა 60-იანელთა თაობამ ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით და მოვიდა დრო ითქვას, რომ ეს კონცეფცია (თუმცა იმ პერიოდისათვის ერთადერთი შესაძლო), თავის თავში იმთავითვე უეჭველად შეიცავდა მრავალშრიანი კონფლიქტის შესაძლებლობას, ვინაიდან ცდილობდა განეხორციელებინა პროცესი, რომელიც ვერ განხორციელდა ისტორიული ევოლუციის შედეგად.
    სხვაგვარი კონცეფცია მაშინ ვერც შემუშავდებოდა, ანუ ის, რაც ილია ჭავჭავაძემ შემოგვთავაზა, იყო ერთადერთი შესაძლო (თავისი ეპოქისათვის უაღრესად პროგრესული) ეროვნული კონცეფცია შესაბამისი (გარდაუვალი და იმთავითვე ნაგულისხმევი) შინაგანი წინააღმდეგობებითა და კონფლიქტებით.
    უბედურება კი ის გამოდგა, რომ XX საუკუნის 80-იანი წლებისათვის ქართულმა ელიტამ ვერ მოახერხა ქვეყნისათვის შეეთავაზებინა ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომელიც უფრო მეტად შეესატყვისებოდა გრანდიოზულ ცვლილებებს, რაც მსოფლიოში მოხდა დიდი ილია ჭავჭავაძისა და «60-იანელთა» თაობის შემდეგ.

    უკვე ბევრმა შენიშნა, რომ ქართველი ერის უბედურების სათავე მისი ეთნიკური «არაშეკრებილობაა». დიდწილად სწორედ ეს თვისება იწვევს მრავალ ცნობიერ თუ არაცნობიერ ეთნოფსიქოლოგიურ პროცესს, რაც ესოდენ ძალუმად გამოვლინდა 1988-1993 წლების მოვლენებში.
    იმისათვის, რათა არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში ერის «არაშეკრებილობა» დაეძლია, ქართული ინტელექტუალური ელიტა (ინტელიგენცია) იძულებული გახდა ჩამოეყალიბებინა და გაეძლიერებინა იმგვარი ცნობიერი სტერეოტიპები, რომლებიც საკაცობრიო იდეალთა ევოლუციას არ შეესაბამებოდნენ.
    სანამ მათ შესახებ მსჯელობას შევუდგებოდით, კიდევ ერთი რამ სრული დარწმუნებით უნდა ითქვას: კომუნისტური ეპოქის ქართულმა ინტელიგენციამ პირნათლად განაგრძო ილია ჭავჭავაძის საქმე და კიდევ უფრო გააძლიერა XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის პროპაგანდა.
    ეს გრძელდებოდა მაშინაც კი, როცა, ახალ ეპოქაში, ახალი მოთხოვნებისა და გლობალური რეალიების შესაბამისად, ეროვნული კონცეფციის განახლება-განვითარება იყო აუცილებელი. მაგრამ ამაზე ლაპარაკსაც კი ვერავინ გაბედავდა მთელი გასული საუკუნის განმავლობაში - მათ შორის მის მეორე ნახევარში.
    ნუ მოგვატყუებს ის ფაქტი, რომ კომუნისტურ ეპოქაში ქართველი მწერლები ხოტბას ასხამდნენ ე.წ. «კომუნისტურ იდეოლოგიას», კომუნისტურ რეჟიმს და ა.შ. ეს სრულიადაც არ უშლიდა ხელს ეროვნული იდეის პროპაგანდას. მით უმეტეს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მართლაც გულმხურვალე პატრიოტი და «ქართველი ნაციონალისტი» იყო.
    შოთა რუსთაველის გრანდიოზული იუბილე სწორედ კომუნისტურ ეპოქაში ჩატარდა. გადავშალოთ იმავე ეპოქაში გამომავალი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები და ყურადღებით წავიკითხოთ. ყველა მათგანი იწყება პარტიის, ლენინისა და ბრეჟნევის ხოტბა-დიდებით. მაგრამ ამ საფარველქვეშ ინტელიგენცია განაგრძობდა «ქართული იდეის» პროპაგანდასა და ხსენებული კონცეფციის მეშვეობით ერის «შეკრებას» ცდილობდა.
    ელემენტერული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის გაძლიერებას, ნებსით თუ უნებლიედ, თვით კომუნისტურმა რეჟიმმაც შეუწყო ხელი - «ერთა გამსხვილების» (Укрупнение народов) პროცესში ქართველური ეთნიკური ჯგუფების (ქართები, მეგრელები, სვანები, აჭარლები, - რომელთა განცალკევებას «მოსკოვური სახელმწიფოს» წინა, «ცარისტული» რედაქცია ცდილობდა), საბოლოო კონსოლიდაცია ძალზე სწრაფად წარიმართა.
    მაგრამ იმთავითვე შესამჩნევი იყო, რომ ერის «შეკრებილობის» შესანარჩუნებლად ინტელიგენცია იძულებული ხდებოდა ჩამოეყალიბებინა ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც იმ დროს დამკვიდრების პროცესში მყოფ საკაცობრიო იდეალებთან და დემოკრატიულ პოსტულატებთან თუ ღირებულებებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.
    მაგალითად, რას ნიშნავს «ქართველი»? ეს ტერმინი უეჭველად გულისხმობს არა საქართველოს მაცხოვრებელს, არამედ ეთნიკურად ქართველს.
    რასაკვირველია, ისტორიულად «ქართველია» ქართიც, ეგრიც და სვანიც, მაგრამ «ქართველი» არ არის საქართველოში მცხოვრები სომეხი, აზერბაიჯანელი, ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი.
    ვიმეორებ: იმისათვის, რათა არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში ერის კონსოლიდირიებისათვის («შეკრებისათვის») მიეღწია, ინტელიგენცია იძულებული გახდა, სწორედ ეთნიკური ნიშნით მკვეთრად გაემიჯნა ქართველები (ეთნიკური ქართველები) და მის მიერვე ეგრეთ წოდებული «არაქართველები». ანუ (ამით) უარი ეთქვა ე.წ. «მრავალეროვანი ხალხის» (ნაციის - ევროპული გაგებით) ჩამოყალიბების პერსპექტივაზე. ეს კი, თავის მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საკაცობრიო პროცესებს.
    შეგახსენებთ, რა გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა შესაბამნისი ტერმინოლოგია: «საქართველოს ხალხი» (Народ Грузии); ჟურნალის დასახელება «საქართველოს ქალი» (და არა «ქართველი ქალი»);  და ასე შემდეგ.
    ამ დროს კი, თუნდაც იმავე რუსეთში, უკვე ყალიბდებოდა სულ სხვა კონცეფციის შემცველი ტერმინი: «РОССИЯНЕ-РОССИЯНИН».
    დავაკვირდეთ: ეს ტერმინი არ გულისხმობს ეთნიკურ კუთვნილებას. Россиянин შეიძლება იყოს ეთნიკური რუსიც, ყალმუხიც, თათარიც და ნებისმიერი სხვა ეთნოსის წარმომადგენელი, ვინც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა.
    ტერმინი «აზერბაიჯანელი» რა თქმა უნდა, კონკრეტული ეთნიკური ერთობის აღმნიშვნელი იყო, მაგრამ პოტენციურად მასშიც დევს აზერბაიჯანის ხალხის (და არა ეთნიკური აზერბაიჯანელების) შეკრების - ნაციად ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ვინაიდან იგი ტერიტორიულ კუთვნილებას აღნიშნავს და არა ეთნიკურს.
    აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: ქართული მენტალიტეტისათვის (რომელიც «ელიტამ» სწორედ ასე აღზარდა) ყოველთვის გაუგებარი იყო, რატომ ამაყობენ მაგალითად თანამედროვე იტალიელები ძველი რომითა და მისი გრანდიოზული კულტურით: «რა შუაშია დღევანდელი იტალიელები-ისინი ხომ ეთნიკური გოთების ანუ გერმანელების შთამომავლები არიან, ხოლო რომის კულტურა ლათინმა ერმა შექმნა, რომელიც დღეს აღარ არსებობს».
    ამ სტერეოტიპის მატარებელთ ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ «ნაციის» («ერი-ქვეყნის») კონცეფცია უეჭველად გულისხმობს ეთნიკური ფენომენისაგან აბსტრაგირებას. თანამედროვე იტალიელს ამ კონცეფციით აქვს სრული უფლება და საფუძველი, იამაყოს რომის კულტურით იმიტომ, რომ ეს ქვეყნის (იტალიის) კულტურაა და არა რომელიმე ეთნოსისა. ასევე, თანამედროვე ეგვიპტელი (ეთნიკური არაბი) სამართლიანად ამაყობს პირამიდებითა და სფინქსით (რომლებიც ძველმა ეგვიპტელებმა შექმნეს), როგორც მისი უძველესი ქვეყნის (ეგვიპტის) კულტურული მონაპოვარით.
    ჩვენში კი ამ თვალსაზრისით საქმე ანეგდოტებამდე მიდის. სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, საკმარისია მხოლოდ ერთი: დმანისში აღმოჩენილი «პირველი ევრაზიელით» ნებისმიერი ნაცია იამაყებდა, - მას ქვეყნის უძველესი ფენომენის აღმნიშვნელად და სიმბოლოდ აქცევდა. ჩვენში კი ამას განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია: ის ხომ მილიონ რვაასი წლის წინ მოვიდა და ქართველი (იგულისხმება ეთნიკური ქართველი) «რანაირად იქნებოდაო?».
    არადა, თანამედროვე ფრანგი სამართლიანად ამაყობს მადლენის (ქვის ხანის) პერიოდის ნახატებით (ნადირობის სცენით) გამოქვაბულში, რაც ხელოვნების პირველ ნიმუშად ითვლება, ვინაიდან ის გამოქვაბული, სადაც უძველესმა ადამიანმა პირველად აიღო ხელში «ფუნჯი» (მაშინ უბრალო ქვა) სილამაზის აღსაბეჭდად, - თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრანგეთის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
    სწორედ ეს განასხვავებს «ქართულ» ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონცეფციას თანამედროვე ევროპულისაგან, რომელიც (ამ თვალსაზრისით) უნივერსალური გახდა «სოციალისტურ» და «კაპიტალისტურ» ბანაკთა დაპირისპირების ეპოქაშიც კი.
    საყურადღებოა, რომ აფსუათა ელიტას აღმოაჩნდა ინტელექტუალური შესაძლებლობა, რათა ეს მომენტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში შეენიშნა. სწორედ მაშინ იწყებენ აფსუა მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები ტერმინ «Абхазец»-ის დამკვიდრებას (ნაცვლად «Абхаз»-ისა).
    ეს ტერმინიც იმ დროს თითქოს მხოლოდ ეთნოსის აღმნიშვნელი იყო, მაგრამ ისიც შეიცავდა იმის პოტენციურ შესაძლებლობას, რომ აფხაზეთში მცხოვრების (და არა მხოლოდ ეთნიკური აფსუას) დეფინიციად ქცეულიყო.
    ხსენებული ტერმინები ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ «ც» ნაწილაკი აქ ეთნიკური კუთვნილების შინაარსს აცლის დეფინიციას. ყოველ შემთხვევაში ამის შესაძლებლობას შეიცავს.

 

შეიძინეთ წიგნი «ჟამი ჭეშმარიტი»

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა