ქართული მითოპოეტიკა


                ქართული ეროვნული მოძრაობის თაობაზე მსჯელობისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია, რომელმაც აგრეთვე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია საქართველოში ეთნოფსიქოლოგიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე.
        ერთი შეხედვით, თითქოს სად 9 მარტი, სად სტალინის ფენომენი და სად - ეროვნული მოძრაობა? «მოძრაობის» ლიდერთათვის ეს ფენომენი საერთოდ არ წარმოადგენდა რაიმე «ეროვნულ» ფასეულობას. პირიქით - სტალინიზმი და სტალინისადმი თაყვანისცემა ეროვნულობის საწინააღმდეგოდ მიაჩნდათ. არადა, სინამდვილეში, ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და ეროვნული შეგნებისათვის ამ ფენომენს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
        წინა თავში ვისაუბრეთ ინტელიგენციის მცდელობაზე, როგორმე «შეეკრიბა» ეთნიკურად არაკონსოლიდირებული და დანაწევრებული ერი. სწორედ ამ თვალსაზრისით, სტალინის ქართველობა დიდწილად განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.
        ერის ეთნიკური კონსოლიდაციის მისაღწევად ქართული ინტელიგენცია ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან ეძებდა «ქართული ფენომენის» განსაკუთრებულობისა და აღმატებულობის დამადასტურებელ ფაქტებს, მოვლენებს, პიროვნებებს. . . .
        განა რა შეიძლება ყოფილიყო ამ თვალსაზრისით სტალინზე მეტყველი? - «ქართველი კაცი», რომელიც მსოფლიოს ერთ მეოთხედს მართავდა, დედამიწას აზანზარებდა, უძლიერეს ერებსა და სახელმწიფოებს შიშის ზარს სცემდა, მსოფლიოს ისტორიაში უდიდეს, მძლეთა-მძლე იმპერიას ედგა სათავეში.
        სხვათა შორის, თავდაპირველად ქართული ინტელიგენცია სტალინს ასე არ აღიქვავდა. მიხეილ ჯავახიშვილი ოს ჯაყოში უეჭველად სწორედ მას გულისხმობდა, მაგრამ მერე და მერე, იოსებ ჯუღაშვილის ფენომენმა ქართველი ერის «შემკრების» ფუნქცია შეიძინა.
        განა რა რჯიდა «სამშვიდობოს მყოფ» გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც 1945 წელს იოსებ სტალინს «კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს ტიტანს, გენიოსთა შორის გენიოსს» უწოდებდა? მას ხომ საბჭოთა დიქტატორისადმი მლიქვნელობა არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ რობაქიძე ქართველი ნაციონალისტი იყო და სტალინის «ქართველობა» მის ეროვნულ თვითშეგნებასაც ტკბილად ელამუნებოდა.
        ამჟამინდელი თაობა (ჩვენი თაობა), რომელიც სტალინს ვერ მოესწრო, ამ გარემოებას ვერ აცნობიერებს. «ეროვნული მოძრაობის» ლიდერთათვის ეს რომ გეთქვა, - საციდ აგიგდებდნენ. არადა, საქართველოში ანტირუსული განწყობისა და ერთგვარი რუსოფობიის ერთ-ერთი მიზეზი უეჭველად 1956 წლის 9 მარტის მოვლენები გახდა.
        (ამასთანავე, ანტირუსული განწყობილებების სიღრმისეულ მიზეზთაგან შეიძლება დავასახელოთ, ერთმორწმუნეობის მიუხედავად, ეთნოსაზოგადოებრივი ფასეულობების სისტემისა და მენტალიტეტის კარდინალური სხვაობა, აგრეთვე ის გარემოება, რომ აფსუა და ოსი სეპარატისტები, მთელი XX საუკუნის განმავლობაში, სწორედ რუსულ ენას, რუსულ ფენომენს იყენებდნენ ინსტრუმენტად ქართული ფენომენისაგან გასამიჯნავად.)
        არ დაიჯეროთ, თითქოს იმ ხალხს, ვინც 1956 წელს თბილისის ქუჩებში გამოვიდა, საბჭოთა ხელისუფლების ერთგულება ამოძრავებდა - აქაოდა, სტალინი სომეხი ან ყალმუხი რომ ყოფილიყო, ქართველები მისი გულისათვის მაინც შეაკლავდნენო თავს «რუსის ჯარს». აშკარა ტყუილია! სტალინის დამხობა (რაკი იგი ქართული ეროვნულობის «შემკრებ» ფაქტორად აქცია ინტელიგენციამ), ერმა აღიქვა, როგორც ეროვნული შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ დაღვარა სისხლი. «რუსი» ხრუშჩოვისადმი სიძულვილიც სწორედ ამ მომენტითაა განპირობებული.
        გარდა ამისა, 1956 წლის 9 მარტს (ისევე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს) «რუსების მიერ» ქართველების ხოცვა და შეურაცხყოფა დარჩა პასუხგაუცემელ, დაუკმაყოფილებელ, გულში ჩაკლულ ბოღმად. იმ დღის შემდეგ, რომელმაც შეძრა ერის სულიერი სამყარო, - 9 აპრილამდე 33 წელი გავიდა. გაიზარდა ახალი თაობა, რომლისთვისაც სტალინი თითქოს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ სინამდვილეში, ანტირუსული განწყობა (მისდა გაუცნობიერებლად) იმ ატმოსფეროში ჩამოუყალიბდა, რომელიც მთი მშობლების საზოგადოებაში გამეფდა სწორედ 9 მარტის შედეგად.

        აქვე სრული დარწმუნებით შეიძლება ისიც ითქვას, რომ მრავალი იმ ფსიქოლოგიურ თვისებათაგან, რაც ახასიათებდა 1988-1993 წლების ეროვნულ მოძრაობას, ქართულმა ინტელიგენციამ აღზარდა და გააძლიერა ერში ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართული პროპაგანდით.
        «ქსენოფობიაზე» ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ახლა სხვაც გავიხსენოთ. ე.წ. «ზვიადიზმის» წინააღმდეგ ბრძოლის ეპოქაში ხშირად გაიგონებდით «ცნობილ» მოღვაწეთა ჭმუნვით წარმოთქმულ კითხვას: ნეტავ საიდან გაჩნდა ერში ასეთი ფანატიკური ანტირუსული განწყობა, რუსეთისადმი ზიზღი, რადიკალიზმი, რეალობის სრული იგნორირება, შეურიგებლობა და ა. შ.
        დალოცვილნო, ეს ყოველივე თქვენ არ აღზარდეთ ერში?
        რა თქმა უნდა, მხოლოდ სიკეთე გინდოდათ, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ამას რა მნიშვნელობა აქვს?
        განა თქვენ არ ჩაუნერგეთ (მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში) ერს რწმენა, რომ რუსეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება «გოგისა და მაგუგის ბნელი საუფლო?»
        «ქსენოფობია და რადიკალიზმიო» - დალოცვილებო, წაიკითხეთ საკუთარი წიგნები, რომანები, მოთხრობები, ლექსები; ნახეთ საკუთარი ფილმები, სპექტაკლები. . . .
        მხოლოდ ერთი მაგალითი (ათასიდან): შეგახსენებთ ეპიზოდს ოთარ იოსელიანის შესანიშნავი ფილმიდან «იყო შაშვი მგალობელი», როდესაც მთავარ გმირს სტუმრები (ცოლ-ქმარი) ეწვევიან რუსეთიდან. დააკვირდით, რაოდენი ზიზღი და სიძულვილია ამ ეპიზოდში არა იმპერიის, არა ტოტალიტარული რეჟიმის, არამედ სწორედ რუსების, რუსული ფენომენის მიმართ. ესეც ზვიად გამსახურდიაა? ესეც ირაკლი წერეთელია?
        აკი მოგახსენეთ: ამ თვალსაზრისით, «მოძრაობა» ინტელიგენციის მებრძოლი კოჰორტა იყო და მის მიერვე შექმნილ სოციფსიქოლოგიურ თუ ეთნოფსიქოლოგიურ მოტივაციებს ახორციელებდა.
        «ანტიოსური განწყობა» საიდან გაჩნდაო - თემურ ჩხეიძის «ჯაყოს ხიზნების» ნახვის შემდეგ, მე რომ ოსი ვყოფილიყავი, ალბათ მეც შევიძულებდი ყოველივე ქართულს.
        ისევე, როგორც ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო, ვის გულისხმობდა ჭაბუა ამირეჯიბი «ხლისტებში».

        ეს ქედმაღლობა «ელიტარულ ფორუმებზეც» მჟღავნდებოდა. 1982 წლის შემოდგომით, ფილარმონიის დარბაზში გალაკტიონ ტაბიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი «საზეიმო სხდომა» გაიმართა. მას უამრავი სტუმარი ესწრებოდა მეზობელი (მათ შორის ჩრდილო კავკასიის) რესპუბლიკებიდან და რასაკვირველია, მთელი «ქართული ელიტარული ინტელიგენცია» ლამის სრული შემადგენლობით.
        «გენერალური სიტყვა» საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ს რომელიღაც მდივანმა წარმოთქვა იმის თაობაზე, თუ «როგორ გადავიდა გალაქტიონ ტაბიძე ინდივიდუალიზმიდან - სოციალიზმის რელსებზე».
        მუხრან მაჭავარიანმა კი, გენიალური პოეტი-ემოციონალისტის მართლაც გალაკტიკასავით უსაზღვრო შემოქმედებიდან მაინც და მაინც ის სტრიქონი ამოარჩია, სადაც (ციტატა გამოსვლიდან) «გალაკტიონი, ქართულ ენასთან, როგორც ჩანს მწყრალად მყოფ ქალბატონს ეუბნება: ილაპარაკეთ ქალბატონო ილაპარაკეთ, მხოლოდ ქართულად ილაპარაკეთ!» (მქუხარე ტაში ფილარმონიის დარბაზში).
        შესაბამისი რანგირებით (რუსი, უკრაინელი, სომეხი და ა.შ მწერლების შემდეგ), სხდომაზე ყაბარდოელი პოეტიც გამოვიდა და გულწრფელი სიყვარულის ნიშნად გალაკტიონის «მე და ღამე» ყაბარდოულ  ენაზე წაიკითხა.
        დარბაზში მცირე ხნით სიჩუმე ჩამოწვა, მერე  ზიზღნარევმა ხითხითმა გადაუარა, შემდეგ ეს მედიდური ხითხითი ხარხარში გადაიზარდა - ისევ და ისევ ზიზღის ნიშნად: ეს რა ენააო. არადა, რა ექნა კაცს – დედაენაზე კითხულობდა დიდი გალაკტიონის შედევრს. რუსს ან ფრანგს ხომ ქართულიც არც თუ ტკბილხმოვნად ეჩვენება?
        როდესაც ხორხოცმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, ყაბარდოელი შეჩერდა, დარბაზს გადახედა და გულამოსკვნით, თუმცა მტკიცედ შესძახა: «Я читал стихи Галактиона на моём родном, великом, прекрасном, бессмертном языке!!!». მაშინ კი დაუკრეს ტაში, მაგრამ უკვე გვიან იყო.
        საერთოდ, «ენის საკითხთან» დაკავშირებით მრავალი თემა დღემდე ტაბუირებულია. ქართული ინტელიგენცია სწორედ ამ საკითხში საოცარ პროვინციალიზმს ამჟღავნებდა. ენა არ შეიძლება იყოს «დიდი და პატარა». წყნარ ოკეანეში ჩაკარგულ რომელიღაც კუნძულზე მცხოვრები საბრალო აბორიგენების დედა-ენაშიც კი შეიძლება ისეთი უნიკალური, ურთულესი ენობრივი მიმართებები, ისეთი გენიალური სემანტიკური მიგნებები, იმდენად მვენიერი მეტაფორები აღმოაჩინოთ, ინგლისურსა და ფრანგულშიც რომ ვერ მოუძებნით ანალოგს. ლიტერატურისა და დამწერლობის ქონა-არქონა აქ არაფერს ცვლის – ენა ამდიდრებს ლიტერატურას, ენა სძენს მას ღირსებას და არა პირიქით.
        ძალიან ბევრ ენათმეცნიერს მტკნარ სისულელედ მიაჩნია დარვინისტურ-კომუნისტური თეორია «ენების წარმოშობა-განვითარების» შესახებ და თვლის, რომ ენის ფენომენი სწორედაც ღმერთის არსებობის ყველაზე ნათელი დადასტურებაა, ვინაიდან სხვა ვერაფერი ამ ფენომენის წარმოშობას ვერ ხსნის.
        ჩვენმა ელიტამ კი ეს საოცარი ფენომენი პრიმიტიული ეთნონაციონალიზმისა და ქსენოფობიის ინსტრუმენტად აქცია.
        მაგალითად, ბავშვობიდან ჩაგვიჭედეს თავში, რომ რაკი აფსუა «რუსულენოვანია» - ის «გარუსებულია» და ეთნიკური იდენტობა უკვე ამიტომ დაკარგული აქვს. ასევე, «რუსულენოვანი» ყაზახი ნაკლები ყაზახია, ვიდრე ნებისმიერი ქართველი და ასე შემდეგ.
        ამგვარმა ვულგარიზებულმა დამოკიდებულებამ ენის ურთულესი ფენომენისადმი უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ყველა ჩვენმა მტერმა და ავისმოსურნემ ბრწყინვალედ ისარგებლა ამ «ენობრივი ფობიით».
        სინამდვილეში, აფსუები, მაგალითად, «რუსულენოვნების» მიუხედავად, სულაც არ იყვნენ ნაკლები «აფხაზეცები», ვიდრე ჩვენ - ქართველები. რუსული ენა კი მათ შესანიშნავად გამოიყენეს ეროვნული მიზნების განსახორციელებლად.
        ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს ენა (რუსული) «გამარჯვებული მენტალიტეტის» მატარებელი იყო (რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია). სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით (ისტორიულად) ქართულზე. თუმცა, ამ თემის შემდგომი გაშლა ძალიან შორს წაგვიყვენს.
        კვლავ და კვლავ ვიმეორებ: ყოფილი საბჭოთა კავშირის ეროვნულმა  ელიტებმა ბრწყინველედ გამოიყენეს რუსული ენა (მსოფლიო ტენდენციათა შესაბამისად), როგორც მაკონსოლიდირებელი ფაქტორი - «სამოალა ნაციის» ფორმირების შესამზადებლად, რამაც საშუალება მისცათ ძალიან ბევრი პრობლემა თავიდან აეცილებინათ იმპერიის დაშლის შემდეგ.
        მაგალითად, «რუსულენოვანი ყაზახეთი», რომელშიც საკუთრივ ყაზახები სულ რაღაც 30 პროცენტს შეადგენდნენ, დღეს მძლავრი, სტაბილური, რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზეც არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფება (ამერიკელ ჯარისკაცებს არ ჩავთვლით რასაკვირველია). ვითომ «რუსულენოვანი» ყაზახი ამით ქართველზე «ნაკლებ ამაყია?» და ნაკლები ყაზახია, ვიდრე ნებისმიერი ქართველი - ქართველი?
        ანუ ყაზახეთის ეროვნული ელიტა (ისევე, როგორც თითქმის ყველა ეროვნული ელიტა საბჭოთა კავშირში) უაღრესად ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებდა რუსული ენის მიმართ, რაკი შესანიშნავად ესმოდა, რომ თავისთავად ენას არაფერი მოაქვს სიმდიდრისა და ძლიერების გარდა (გააჩნია, რამდენად მოახერხებ იგი ეროვნულ ინტერესთა სამსახურში ჩააყენო) - მაშინ, როდესაც ქართული ელიტა ამ საკითხში გამაოგნებელ პროვინციალიზმსა და პრიმიტიულ ქსენოფობიას ამჟღავნებდა.
        მოვიდა დრო, სწორედ ამ კონტექსტში განვიხილოთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, რომლებიც ე.წ. «მოძრაობის» პირველ აქციად არის მიჩნეული და ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება დღემდე.
        ჩვენ კი საპირისპიროს დავამტკიცებთ: იმ აქციამ უარყოფითი განუზომლად მეტი მოიტანა, ვიდრე დადებითი.
        თუმცა, თავდაპირველად «ისტორიულ სტერეოტიპებზე».
        14 აპრილთან დაკავშირებით, ისინი დაახლოებით ასე ფორმულირდება: «მოსკოვს უნდოდა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო პუნქტი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ და მის ნაცვლად სახელმწიფო ენად საქართველოში რუსული გამოეცხადებინა, მაგრამ ქართულმა ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ ამ მზაკვრულ მცდელობას წინააღმდეგობა გაუწიეს და აიძულეს კრემლი უკან დაეხია, - ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო სტატუსი საქართველოში».

 

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა