ედუარდ შევარდნაძის «კონტრმოტივაციათა ტექნოლოგია».

    მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ზვიად გამსახურდიაც და (განსაკუთრებით) ედუარდ შევარდნაძეც კონკრეტულად 1988 – 1989 წლების მოვლენათა და მთლიანად, «მოძრაობის» პროცესთა მთავარი შემოქმედნი არ ყოფილან, მათი ზეგავლენა თვით ამ პროცესთა შემდგომ განვითარებაზე და საქართველოს ისტორიაზე, რა თქმა უნდა, განუზომლად დიდია.
    უპირველეს ყოვლისა ეს ითქმის ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული, წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე.
    ამ მასშტაბის მოღვაწეთა შეფასებისას (მით უმეტეს, თვით მოვლენათა მასშტაბისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით), გარკვეული სუბიექტურობა ალბათ გარდაუვალია. იგი მით უფრო გარდაუვალი იყო მათი მოღვაწეობის პერიოდში. ორგზის უმეტეს - ქართული საზოგადო და ეთნო-ფსიქოლოგიის გათვალისწინებით. ერთმა ქართველმა ფილოსოფოსმა კარგა ხნის წინ შენიშნა, რომ «ჩვენ ვართ პათოლოგიური საზოგადოება».
    რამდენად სუბიექტურია თვით ავტორი, მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ორივე პიროვნების შეფასებისას საზოგადო სუბიექტურობისა და ტენდენციურობის დონე, როგორც რუსები იტყვიან, «წარმოსახვის ყოველგვარ ზღვარს სცილდება».
    «ზვიადისტების» ჩლუნგ ფანატიზმზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, არც მეორე («ანტიზვიადისტური») მხარე გამოირჩეოდა ნალკები პათოლოგიურობით, ფანატიზმითა და გონებრივი სიჩლუნგით.
    მახსოვს, 1991 წლის ოქტომბერში, ერთი «ანტიზვიადისტი» ქალბატონი მეორეს უყვებოდა: «ყაზბეგში ვისვენებდი, იქ ზვიადი იყო ჩამოსული თავისი ცოლ-შვილით. ერთხელ აივნიდან ვუყურე, ზვიადის შვილებმა მტრედი (?!-ავტ) დაიჭირეს და აწამეს - ფრთებზე ბუმბული დააწიწკნეს, შემდეგ აიძულეს აფრენილიყო. ის უბედურიც ფართხალებდა, ცოტას აფრინდა და სისხლი ფრთებიდან მიწას ეპკურებოდა. ზვიად გამსახურდია კი აივნიდან უყურებდა და წვრილი ხმით ხითხითებდა».
    ჭეშმარიტად ბოსხისეული ველზევულის სურათია დანტეს შემაძრწუნებელი «ჯოჯოხეთის წრიდან».
    სხვა უამრავი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ გამსახურდიასადმი დამოკიდებულება აშკარად პათოლოგიური იყო. არა აქვს მნიშვნელობა დადებითი თუ უარყოფითი ნიშნით.
    მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პათოლოგიური იყო (აგრეთვე ორივე ნიშნით) დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის მიმართ, ანუ საქართველოს პოლიტიკური (იგივე სახელმწიფოებრივი) კულტურის დეფიციტი იმაშიც გამჟღავნდა, რომ საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა პოლიტიკოსის ნორმალური, ჯანსაღი აღქმისათვის. ამგვარი აღქმა კი გამორიცხავს ნებიმიერ ემოციას - მით უმეტეს პათოლოგიზირებულსა და მითოლოგიზირებულს.
    ნუ ვიტყვით, თითქოს ეს «იმპერიულ-ტოტალიტარულ-კომუნისტური» მემკვიდრეობაა მხოლოდ: ტოტალიტარული სისტემის დაცემის შემდეგ, საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ ერთა უმეტესობას უდავოდ აღმოაჩნდა პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიმართ ჯანსაღად ცინიკური დამოკიდებულების კულტურა.

    საერთოდ, ჩვენი საზოგადოება ამ საკითხში იმთავითვე გამაოგნებელ პროვინციალიზმს ამჟღავნებდა: «ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებას ეჭიდებოდა და სახელისუფლებო ხიბლისთვის იბრძოდაო». არადა, ჯერ კიდევ მოხუცი ბრძენი მაკიაველი მიანიშნებდა, რომ ხელმწიფე, რომელიც თვით ხელმწიფობის ხიბლს ვერ აღიქვავს და მზად არის ხელისუფლება ადვილად, პირველი გართულებისთანავე დათმოს, გაცილებით საშიშია ქვეყნისათვის, ვიდრე თუნდაც ტირანი.
    რუმინელებმა გერმანელი პრინცი ჩამოიყვანეს და ზღაპრული სასახლე აუგეს (ვისაც უნახავს, დამეთანხმება) რაც ძალიან ძვირი დაუჯდათ, სამაგიეროდ მოიპოვეს ყველაზე ფასეული რამ - სტაბილური და ძლიერი (ანუ ქმედითი) ხელისუფლება, რომელსაც თავისთავადი (სუბსტანციური, აბსტრაგირებული) ღირებულება აქვს.
    აი, კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლებისადმი უკულტურო დამოკიდებულების და გამაოგნებელი პროვინციალიზმისა (იმავე შევარდნაძესთან მიმართებაში): «ეშმაკობს, ცბიერობს და სახელისუფლებო ტექნოლოგიებს იყენებსო».
    თქვე დალოცვილებო, აბა პოლიტიკოსმა თუ არ იეშმაკა, ინტრიგები თუ არ ხლართა, ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებისთვის არ იბრძოლა, ერთი არ იფიქრა, მეორე არ თქვა და მესამე არ გააკეთა - ის რა პოლიტიკოსია?
    ეშმაკობა და სახელისუფლებო ტექნოლოგიები პოლიტიკოსისათვის ისეთივე ბუნებრივი და თვისებრივია, როგორც ქალისთვის კეკლუცობა. ანუ, ისევე, როგორც ქალი არ არის, ვინც «ცოტას მაინც» არ კეკლუცობს, - ასევე წარმოუდგენელია ჭეშმარიტი პოლიტიკოსი პოლიტტექნოლოგიების, ეშმაკობისა და სახელისუფლებო ინტრიგების გარეშე.
    ამიტომაც, არანაირი სურვილი არა აქვს, შევარდნაძის კარიერა «მორალური კატეგორიების» დისკურსში განვიხილო. პოლიტიკასთან ამგვარი დისკურსი საერთოდ შეუთავსებელია. მაგრამ თუ მაინც და მაინც, - ედუარდ შევარდნაძემ თავის ოდინდელ «სულიერ ოპოზიციაზე» ამ თვალსაზრისითაც მოიპოვა ზნეობრივი გამარჯვება მმართველობის მეორე პერიოდში, რაკი სწორედ ის ხალხი, ვინც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში უკიჟინებდა «რუსის მსახური ხარო», როცა საქმე საქმეზე მიდგა (უკვე დამოუკიდებლობის პირობებში), თავად დარბოდა რუსის გენერლებთან (არა მხოლოდ ლებედთან) საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, - მათი ხელიდან იღებდა წყალობას, დეპუტატობასა და ფულს.

    როდესაც ედუარდ შევარდნაძე, 1992 წლის 7 მარტს, საქართველოში დაბრუნდა, მას დახვდა გარკვეული რეალობა, განსაზღვრული სივრცე, ხოლო პოლიტიკოსი ყოველთვის მოქმედებს არსებული სივრცის თვისებრიობის გათვალისწინებით - ქარის წისქვილებთან ბრძოლა უდავოდ გულისამაჩუყებლად რაინდული საქმეა, ოღონდ პოლიტიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს. გახსოვთ ალბათ «რომანტიკოს პოლიტიკოსთა» ისტორიული ევოლუცია ბაირონიდან - შიზოიდ ჰიტლერამდე, რომელმაც თავისი დიდი ერი სირცხვილისა და დამარცხებისათვის გასწირა.
    და რომ არ ყოფილიყვნენ «ოქროსა და ძალაუფლების მოყვარე» ცინიკოსები (ადენაუერი, ერჰარდი და სხვანი) უდიდესი კულტურისა და ისტორიის შემოქმედი ერი ისევ იმ მდგომარეობაში იქნებოდა (მათ შორის სულიერადაც!), რომელშიც 1945 წლის მაისისათვის აღმოჩნდა.
    როგორც კი შევარდნაძემ, 1992 წელს, ქართულ მიწაზე ფეხი დადგა, მას უკვე მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის დაჯგუფებათა განადგურების აუცილებელი პირობით. მაგრამ ამას სჭირდებოდა მოთმინება, შესაბამისი ტექნოლოგია, მათი სოციალური არეალის თანდათანობითი შევიწროვება, «რბილ თათმანში რკინის ხელით მოქმედება».
    მხოლოდ შემდეგ, როდესაც ხანგრძლივმა, მიზანმიმართულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, გაამხილა დიდი ხნის გულისნადები: «მე კი ვამბობდი, ჯაბა ჩემი მეგობარია მეთქი, მაგრამ არ მითქვავს, მე მისი მეგობარი ვარო».
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ, ედუარდ შევარდნაძის გარდა, 1992-1995 წლის მარაზმში «ბეწვის ხიდზე გავლას» ვერ შეძლებდა, ვერ მოახერხებდა დასხლტომოდა აუარებელ საფრთხეს, - საქართველო ხომ მაშინ დანაღმული ველივით სუნთქავდა სიკვდილით.
    შევარდნაძემ კი არა მხოლოდ თავად მოახერხა ამ საფრთხეებს დასხლტომოდა, არამედ სისხლიანი ნგრევისა და ბობოქარი ანარქიის ქაოსიდან სახელისუფლებო (იგივე სახელმწიფოებრივი) სისტემის ნარჩენებიც გამოათრია. თუმცა, ჩვენებურ «პროვინციელ დემოკრატებს» ხომ ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ, რომ ხელისუფლება (როგორც ასეთი) და სახელმწიფოებრიობა ერთი და იგივეა.
    არადა, ამ საზოგადოებას ელემენტარული სინდისი თუ შერჩა, მან ედუარდ შევარდნაძეს, სწორედ ამისათვის, დავით აღმაშენებელზე დიდი ძეგლი უნდა დაუდგას.
    პოლიტიკა თუ «შესაძლებლის ხელოვნებაა», კონკრეტულ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა, არსებულ რეალობაში, უნდა მოახერხოს თეორიულად შესაძლებლის განხორციელება და არა «ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება», რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში იმთავითვე (თეორიულადაც) უკვე შეუძლებელი იყო.
    თუმცა, აქვე შევნიშნავ: გააჩნია ქვეყანას და საზოგადოებას - სხვა ქვეყანაში ანალოგიურ ამოცანათა გადაწყვეტისათვის პოლიტიკოსი შეიძლება ძეგლს არც დაიმსახურებდა, ვინაიდან იქ ეს ამოცანები აქტუალური ან ძნელად გადასაწყვეტი არ იქნებოდა.
    ხოლო თუ საერთოდ, ნგრევა-განადგურების დონეზე (ანუ «მოძრაობის» შედეგზეა) საუბარი - ეს «მოძრაობა» შევარდნაძეს არ დაუწყია და მისი ჩლუნგი რადიკალიზმის შედეგებზეც ისტორიულად არავითარ პასუხს არ აგებს.

    ამ თვალსაზრისით ზვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძის ანტიპოდი იყო: კაცს საქართველოს (მით უმეტეს საქართველოს!) პრეზიდენტობა უნდოდა და არაფერი ეხერხებოდა ჟურნალისტებთან საუბრიდან - სტუმრების მიღებამდე.
    ხელისუფალის (იგივე პოლიტიკოსის) უნიჭობა უეჭველად მისი გარემოცვის იდიოტიზმსა და სიჩლუნგეში მჟღავნდება. შედეგიც თვალნათელია: არც ერთ მოსისხლე მტერს არ მიუყენებია ზვიად გამსახურდიასათვის იმდენი ზიანი, რამდენიც მისმა ზოგიერთმა (სავსებით გულწფელმა და «ბავშივით პატიოსანმა») რეგვენმა მომხრემ.
    ეს უნიათობა ხშირად წვრილმანებშიც გამოიხატება (უნიათო ხელმწიფეს ასეთივე ამალა ჰყავს):
    მახსოვს, 1998 წელს ვლადიკავკაზში ერთ ღირსეულ, ხანშიშესულ ოს «ახსაკალს» შევხვდი - ჩრდილო ოსეთში ცნობილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს. მან ასეთი რამ მიამბო: «ჩემს წარმოდგენაში ქართველები ყოველთვის ვაჟკაცობის, მეომრული რაინდობისა და ღირსების განსახიერებას წარმოადგენდნენ. უამრავი მეგობარი მყავდა საქართველოში, ამიტომ ჩემთვის საშინლად მტკივნეული იყო სამხრეთ ოსეთში დაწყებული სასაკლაო. გადავწყვიტე, ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწეები (მწერლები, პოეტები, მსახიობები) შემეკრიბა და თბილისში ჩამოვსულიყავით ძველ მეგობრებთან შესახვედრად, აგრეთვე ხელისუფლებასთან კონსულტაციისათვის.
    1990 წლის დეკემბერი იდგა. თბილისში ჩამოვედით, მაგრამ მეგობრები და კოლეგები ჩვენთან შეხვედრას თავს არიდებდნენ. ბოლოს ზვიად გამსახურდიასთან აუდიენციის ორგანიზება მოხერხდა.
    ასეთი დამცირება არასდროს განმიცდია. სასაუბრო ოთახში შესვლამდე ორჯერ ხელების ფათურით გაგვჩხრიკეს, შემდეგ კი, როცა გამსახურდია შემოვიდა, პირდაპირ დაჯდა (ხელი არც ჩამოურთმევია) და მდუმარედ, მედიდური ზიზღით შემოგვცქეროდა. ხოლო მისი დაცვის წევრი ზურგიდან თავს დაადგა და აგრესიული ტონით გვიბრძანა: «ხელები მაგიდაზე გეწყოთ მთელი საუბრის განმავლობაშიო».

    კვლავ ვიმეორებ: უნიჭო ხელისუფალს ყოველთვის რეგვენი გარემოცვა ჰყავს. ხოლო მისი პიროვნული თვისებები (ღირსებანი თუ ნაკლოვანებები) ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენენ.
    ზვიად გამსახურდიას პიროვნება ამ თვალსაზრისითაც შესასწავლია. მით უმეტეს, სახელისუფლებო ფენომენის საზოგადოებრივი აღქმის გათვალისწინებით.

 

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა