ნოემბრის ტკბილი სულისკვეთება

    1988 წლის 25 ნოემბერია. «მთავრობის სახლის» წინ მესამე დღეა მიმდინარეობს უპრეცედენტო საპროტესტო აქცია. ასეულობით ადამიანი შიმშილობს. დამსწრენი გაკვირვებითა და სიხარულით შესცქერიან არნახულ მოვლენას: ანტირუსული და ანტისაბჭოთა ლოზუნგები, ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, რუსეთისა და კრემლის ლანძღვა - გინება.
    ჰაერში «აკრძალული ხილისა» და თავისუფლების ტკბილი სურნელი ტრიალებს. ამ სურნელით არის გაჟღენთილი ირგვლივ ყველა და ყველაფერი. მომიტინგეები სიხარულითა და მოულოდნელობით მთვრალნი არიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კომუნისტური რეჟიმისადმი ზიზღმა, პიროვნული თავისუფლებისადმი სწრაფვამ მიიყვანა აქციაზე, მაგრამ (მიაქციეთ ყურადღება) ანტიკომუნისტური ლოზუნგები თითქმის არ ჩანს. ძირითად ლოზუნგებს ანტირუსული და ანტიიმპერიული მიმართულება აქვს.
    მერაბ კოკოჩაშვილი გია ჭანტურიას ინტერვიუს ართმევს მომავალი დოკუმენტური ფილმისათვის.
    გია ჭანტურია: «გარდაქმნის დაწყება განაპირობა არა გორბაჩოვის კეთილმა ნებამ, არამედ პრეზიდენტის ინიციატივამ კოსმოსური თავდაცვითი სისტემის შექმნის შესახებ».
    «პრეზიდენტში», რასაკვირველია რონალდ რეიგანი იგულისხმება.
    ალბათ ბევრს ახსოვს ის ტკბილი, დამათრობელი ატმოსფერო. შეიძლება ითქვას, ნოემბრის აქციამ ადამიანებს თავისუფლების ღირსება შესძინა. ამ ტკბილი შეგრძნებით მთვრალნი, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ თვით მიტინგის მიმართულებას, მის ასე ვთქვათ «იდეოლოგიას». მაგალითად, ორგანიზატორი პარტიის მიერ დღეს მორცხვად მიჩქმალულ საუბრებს ე.წ. «თეოდემოკრატიაზე».
    ნოემბრის აქცია მართლაც პირველი და აკრძალული ხილი იყო. მიტინგებს ათეულობით ათასი ადამიანი ესწრებოდა. . . . «საქართველოს დამოუკიდებლობა. . . . მოდერნიზებული რუსეთის იმპერია. . . საბჭოთა რუსეთის აგრესია. . . რუსო ოკუპანტებო გაეთრიეთ საქართველოდან! . . . ოკუპაცია. . . ანექსია. . . დეოკუპაცია. . . . დეკოლონიზაცია. . . . ეროვნული დამოუკიდებლობა. . . .»
    ახლა კი წარმოვიდგინოთ (წარმოსახვა ხომ გვაძლევს ამის უფლებასა და საშუალებას), რომ იმ მიტინგის რომელიმე რიგითი მონაწილე (არა აქციის ორგანიზატორი, არა მოშიმშილე, არამედ სწორედ რიგითი მონაწილე, თვითმხილველი, ვისაც სიხარულით უძგერდა გული «აკრძალულით ტკბობისას»)  დროის მანქანის მეშვეობით გადმოვიყვანეთ მყოფადში სულ 5 წლით.
    1993 წლის 25 ნოემბრამდე, რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეთა და თვითმხილველთა უმრავლესობამ იცოცხლა. მაგრამ მათ ამ ისტორიული პერიოდის ყველა პერიპეტია თანდათანობით გაიარეს და ამდენად, მათთვის 1993 წლის 25 ნოემბერს შექმნილი ვითარება მოულოდნელი ან განსაცვიფრებელი არ იქნებოდა.
    ანუ, საინტერესო სწორედ ის არის (ჰიპოთეტური წარმოსახვისას), თუ რას იგრძნობდა 1993 წლის 25 ნოემბერს ადამიანი, რომელსაც ხსენებული «ევოლუცია» არ გაუვლია და 1988 წლის საქართველოდან პირდაპირ 1993 წლის საქართველოში აღმოჩნდა.
    რაკი პირველი 25 ნოემბერი აღვწერეთ, ისიც გავიხსენოთ, რა ხდებოდა 1993 წლის 25 ნოემბერს: აფხაზეთი და «სამაჩაბლო» დაკარგულია; ენგურზე ახლახანს აფხაზური ტანკი «ცეკვავდა»; სეპარატისტები ზეიმობენ საქართველოს ისტორიულ დამარცხებას; სამეგრელოში სამოქალაქო ომი გიზგიზებს; დასავლეთ საქართველოს სოფლები არტილერიითა და ავიაციით იბომბება; თბილისის ცენტრი დამწვარი და დანგრეულია; ქვეყანაში რუსის ჯარი შემოდის «რათა სამოქალაქო ომი შეაჩეროს»; პურზე უკიდეგანო რიგები დგას; თბილისი და მთელი საქართველო ჩაბნელებული და გათოშილია; ფაქტობრივად შიმშილი მძვინვარებს; შეიარაღებული ბანდები მოსახლეობას მოურიდებლად და უმოწყალოდ ძარცვავენ; ქვეყნის ბედს «კანონიერი ქურდები» წყვეტენ და ასე შემდეგ.
    როგორ გგონიათ, ის ადამიანი, ვინც 1988 წლის 25 ნოემბერს «აკრძალული ხილის» ტკბილი, დამათრობელი სურნელით იყო გაბრუებული და სიხარულს ვერ მალავდა, - რა ხასიათზე დადგებოდა, რას მოიმოქმედებდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო სულ რაღაც ხუთიოდე წლით გადმოგვეყვანა დროში და ისევ უკან დაგვებრუნებინა?
    რა თქმა უნდა, მიტინგზე არ გამოვიდოდა და «ლიდერების» ლანძღვას არ დაიწყებდა (ვერ გაბედავდა), მაგრამ «მოძრაობისადმი» ყოველგვარ სიმპათიას დაკარგავდა და იქაურობას მხრებაწურული გაეცლებოდა.
    ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსათვის საკმაოდ ხშირ პათოლოგიურ მოვლენასთან არ გვექნებოდა საქმე და ნორმალური, არაპარანოიდული ინდივიდი შეგვხვდებოდა საექსპერიმენტოდ.
    ისიც საგულისხმოა, რომ თვით «ლიდერთა» დამოკიდებულება, განწყობა, ტაქტიკა და სტრატეგია ამით მაინც არ შეიცვლებოდა, ვინაიდან (ვიმეორებ) მათ «უღირდათ» ამ ფასად.

    1988 წელს საქართველოში «პოლიტიკის კანონთა გათვალისწინების აუცილებლობაზე» საუბარი გაღიზიანებას ან სრულ გაუგებრობას აწყდებოდა. არადა, ელემენტარული რაციონალური განსჯით სავსებით შესაძლებელი და სულ იოლი იყო მაშინვე გაგვეთვალა, რას - რა მოჰყვებოდა, რომელ ბერკეტებსა და «კოზირებს» გამოიყენებდა კრემლი საქართველოში «მოძრაობის» საწინააღმდეგოდ, რომელ «შეყოვნებული მოქმედების ნაღმებს» აგვიფეთქებდა.
    იმ დროს კრემლი სხვადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვა ხარისხისა და სიმძლავრის ბერკეტებს ფლობდა ვითარებაზე ზემოქმედების მოსახდენად. მაგალითად, ლიტვაში მისი პოზიციები ყველაზე სუსტი იყო და ამ რესპუბლიკამ სწორედ ამიტომ გამოაცხადა პირველმა დამოუკიდებლობა.
    «კრემლის ბერკეტებში», რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებს არ ვგულისხმობ (ამის ნაკლებობა არც ლიტვაში იგრძნობოდა). საბჭოთა არმია, რასაკვირველია, ყველგან იდგა, მაგრამ იმ ვითარებაში მისი გამოყენება არაეფექტური იქნებოდა - რაც დადასტურდა კიდეც 1991 წლის იანვრის მოვლენათა შედეგად.
    ამჯერად «ზემოქმედების ბერკეტებში» ვგულისხმობ ისეთ ფაქტორებს, რომელთა მეშვეობით იმპერიას შეეძლო შეფარული, შენიღბული, არაპირდაპირი ზეწოლა და აგრესია განეხორციელებინა ამა თუ იმ რესპუბლიკის წინააღმდეგ.
    ამ მხრივ ლიტვას შესანიშნავი საწყისი პოზიციები ჰქონდა: რესპუბლიკა რუსეთძირიად ტერიტორიას უშუალოდ არ ესაზღვრებოდა (სტრატეგიულად ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ); მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (ლატვიისა და ესტონეთისაგან განსხვავებით) ლიტველები წარმოადგენდნენ; დასავლეთს საბჭოთა კავშირში ლიტვის ინკორპორაცია იურიდიულად არასდროს უცვნია; ამერიკასა და ევროპაში ლიტველებს მძლავრი, მრავალრიცხოვანი და უაღრესად გავლენიანი დიასპორა ჰყავდათ; ლიტვურ-პოლონურ წინააღმდეგობებზე თამაშიც შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან პოლონეთისა და ლიტვის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ამდენად, «ვილნოს ოლქის» კუთვნილების საკითხი არც ერთ მხარეს არ გაუმწვავებია და ლიტვაში მცხოვრებმა პოლონურმა უმცირესობამაც ლოიალობა შეინარჩუნა.
    ამრიგად, ლიტველთა დასამარცხებლად კრემლს არც ისე ბევრი კოზირი გააჩნდა. «ძალისმიერი ბერკეტი» კი, ვიმეორებ, არაეფექტური გამოდგა.
    ახლა კი ვნახოთ, 1988 წლისათვის რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით საქართველოში. ანუ, რამდენი ისეთი (სტრატეგიული) პრობლემა არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უეჭველად იქცეოდა ზემოქმედების მძლავრ და ეფექტურ იარაღად იმავე კრემლის ხელში:
    ჯავახეთი - სომხური უმრავლესობით კომპაქტურად დასახლებული მხარე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სომხეთს. მოსახლეობას თითქმის არაფერი აკავშირებს საქართველოსთან სოციალ-ეკონომიკური და ცნობიერი თვალსაზრისით. იგი თავს თვლის «სომხეთის მთიანეთის» ანუ სომხეთის მაცხოვრებლად და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებულია სომხეთზე, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა კავკასიაში.
    ქვემო ქართლი - მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ აზერბაიჯანელები. რეგიონი უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანს. ცნობიერი და სხვა თვალსაზრისით აგრეთვე აბსოლუტურად არაფერი (არავითარი აუცილებლობა) არ აკავშირებს საქართველოსთან. მოსახლეობა თავს მიიჩნევს «დიდი თურქული ერთობის» განუყოფელ ნაწილად.
    «თურქი მესხების» პრობლემა - 1944 წელს, სტალინისა და ბერიას ბრძანებით მესხეთიდან აყარეს და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ამ მიწის ძირძველი მკვიდრნი, - გათურქებული მესხები (ქართველები), რომელთაც საერთოქართული ცნობიერება თითქმის მთლიანად დაკარგული ჰქონდათ.
    «პერესტროიკის» დაწყებისთანავე, არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული და მსოფლიო საზოგადოება უდიდეს უსამართლობად თვლიდა იმ ფაქტს, რომ გამომდინარე საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, საქართველოს არ სურდა დაებრუნებინა «თურქი-მესხები» მესხეთში, - მათ ისტორიულ სამშობლოში, ვინაიდან ამით უეჭველად წარმოიშობოდა კიდევ ერთი კერა ანტიქართული მოძრაობისათვის. მაგრამ ევროპულ საზოგადოებას ეს არ აინტერესებდა და არ აინტერესებს: «სტალინმა დაარღვია მთელი ხალხის უფლება, სამართლიანობა უნდა აღდგეს და «თურქი-მესხები» სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ ისევე, როგორც დაბრუნდნენ 1944 წელს გასახლებული ვაინახები, ბალყარელები და ვოლგის თათრები, ხოლო 1986 წლიდან - ყირიმელი თათრები».
    ანუ, ეს სტრატეგიული პრობლემაც, კრემლს შეეძლო აქტიურად გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ.
    «სამხრეთ ოსეთი» - ოსური უმრავლესობით კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია, ავტონომიური სტატუსით, რომელიც ესაზღვრება «ჩრდილოეთ ოსეთს». თვით ავტონომიის სახელწოდებაც კი იმთავითვე ქმნის ანტიქართული მოძრაობის შესაძლებლობასა და საფუძველს. ესეც ძალიან მძლავრი კოზირია კრემლის ხელში.
    აფხაზეთი - აფსუანური უმცირესობით დასახლებული რეგიონი ავტონომიის მაღალი სტატუსით - არათუ «ნაღმი», არამედ «ატომური ბომბი», რითაც მოსკოვს სულ ადვილად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეეძლო საქართველოს აფეთქება.
    დავუმატოთ ამ პრობლემებს ქართველი ერის ეთნიკური არაკონსოლიდირებულობა (საერთოეროვნული ცნობიერი მატრიცის სისუსტე), ანუ, დათო ბერძენიშვილის ტერმინოლოგიით, «არაშეკრებილობა», რაც ესოდენ ძალუმად გამოვლინდა 1992 წლის შემდეგ; ამასთანავე, პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონე; სოციალური დისჰარმონია, ანუ საზოდადოების შინაგანი სტრუქტურის სიმყიფე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ამ ზერელე ჩამონათვალითაც თვალნათელია (დღესაც და მაშინაც მზესავით ნათელი უნდა ყოფილიყო), თუ რა ბერკეტები გააჩნდა კრემლს საქართველოს დასასჯელად.

მთელ ეკრანზე

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა