საზოგადოებრივ – ფსიქოლოგიური დომინანტი
     

      ზემოთთქმულიდან ბუნებრივად გამომდინარეობს კითხვა: მაშ როგორღა მოახერხეს იმ ადამიანებმა, ვინც სათავეში ჩაუდგნენ «ეროვნულ მოძრაობას», წარმატებისათვის მიეღწიათ და არაფრიდან მთელი პროცესი შეექმნათ, - უდიდესი შედეგებითა და კატაკლიზმებით? ეს მართლაც ძალზე საინტერესო საკითხია, რომლის თაობაზეც უფრო დაწვრილებით შეიძლება ვიმსჯელოთ.

    1989 წლის აპრილის აქციიდან ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება: ირაკლი წერეთელი მოშიმშილე სტუდენტების საქციელმა განარისხა - როგორ თუ სიგარეტს ეწევიანო. მეგაფონით ხელში დაადგა თავზე და დაუწყო ყვირილი: არ გაბედოთ თვითნებური ქცევა, თორემ დაუყოვნებლივ გაგაძევებთ აქედან!!!
      მოშიმშილეები, 18-19 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ყვირილსა და შეურაცხყოფას არავის შეარჩენდნენ, ამჯერად მობუზულნი ისხდნენ კიბეებზე, ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ და კრინტის დაძვრას ვერ ბედავდნენ. თითქოსდა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, უბრალოდ ამდგარიყვნენ და აქცია მიეტოვებინათ, მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა აკავებდათ.
      1989 წლის «სახალხო დეპუტატთა» ყრილობის არჩევისას აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა დაიჟინა - აუცილებლად მეცნიერებათა აკადემიიდან უნდა ვიყარო კენჭიო. აკადემიკოსები იძულებულნი გახდნენ მისთვის მიეცათ ხმა, თუმცა ასეთი ახირება ნამდვილად გამაღიზიანებელი იყო - თავის დროზე ხომ ანდრეი სახაროვი აკადემიიდან გარიცხეს.
      მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს: ვინ აძალებდა მოხუც აკადემიკოსს, ხმა მიეცა მაინცდამაინც სახაროვისათვის, რომელსაც, ყოველგვარი კომუნისტური პროპაგანდის გარეშე, სავსებით გუწრფელად ვერ იტანდა? ან რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ორ ეპიზოდს შორის: სად ანდრეი სახაროვი და სად ირაკლი წერეთელი?
      სინამდვილეში, ორივე განსხვავებულ ეპიზოდში საქმე გვაქვს ერთსა და იმავე ფენომენთან, რომელსაც პირობითად შეიძლება «ფსიქოლოგიური დომინანტი» ვუწოდოთ. ეს ფენომენი აიძულებს პიროვნებას, სძლიოს განწყობას და (ნუ გაიკვირვებთ) საკუთარ თავს მოახვიოს მისთვის შინაგანად უცხო სტერეოტიპი, ვინაიდან იგი საზოგადოებაში აბსოლუტურ, ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული.
      მაგალითად: 1988-1989 წლებში, ასიდან – ოთხმოცდაათ (ანუ ათიდან-ცხრა) ქართველს არ მოსწონდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (ე.წ. «შინდისფერი») დროშა, რომელიც «მოძრაობის» ლიდერებს გამოჰქონდათ მიტინგებზე.
      ესთეტიური თვალსაზრისით ეს დროშა მართლაც ძნელად აღსაქმელია (აქვე ვიტყვი, რომ ამ დროშით საქართველოს გამარჯვება არ უწერია არც ბრძოლის ველზე და არც სპორტულ ასპარეზზე), მაგრამ მის არსებობას არათუ ურიგდებოდნენ, არამედ აიძულებდნენ საკუთარ თავს, - დროშისადმი დადებითად ყოფილიყვნენ განწყობილნი. იგივე ითქმის ჩვენს «ჰიმნზეც». ისევე, როგორც ღერბზე, ან, თუნდაც თვით ლიდერებზე. არავითარ ბუნებრივ სიმპათიას მათი ქცევა და იმიჯი არ ბადებდა. მაგრამ საზოგადოებრივ - ფსიქოლოგიური დომინანტი მაინც თავისას ჩადიოდა.
      ეს ურთულესი ფსიქოლოგიური და, ამავე დროს სოციალური ფენომენია, რომელმაც (გადაუჭარბებლად), უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ან პიროვნებამ შეძლო ამგვარი დომინანტის შექმნა და მასთან გაიგივება, შემდეგ ეს ფსიქოლოგიური ფენომენი თავად აიძულებს საზოგადოებასაც და ინდივიდსაც, იმოქმედოს საკუთარი სურვილისა და შეგრძნების საწინააღმდეგოდ.
      სწორედ ასე მივიღეთ საოცარი ფენომენი: პიროვნულად არავითარ სიმპათიას ზემოთხსენებული «ლიდერები» არ იწვევდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს ფსიქოლოგიური დომინანტის შექმნა, დამოუკიდებლობის იდეის მონოპოლიზება, ამიტომ წინააღმდეგ კრინტის დაძვრა თვით «ზეიდეის» წინააღმდეგ წასვლა გამოდიოდა, რაც სულიერ დისკომფორტს უქმნიდა პიროვნებას.
      ადამიანი მორალური არსებაა - საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან პირნათელობის გარეშე მას არსებობა არ ძალუძს. ფსიქოლოგიური დომინანტი აიძულებს მას ხმა მისცეს ზვიად გამსახურდიას იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაგანად მისი ქცევის სტილისადმი ანტიპათიას გრძნობს. იგი აიძულებს არათუ შეურიგდეს რეალობას, არამედ დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მოსწონს «ეროვნული დროშა», ვინაიდან არ შეიძლება იგი არ მოსწონდეს - ეს ხომ ეროვნული დროშაა!!! არ შეიძლება არ მოსწონდეს ლიდერები - ისინი ხომ ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას განასახიერებენ!!!
      სხვაგვარად თუ ვიტყვით, დაახლოებით ისეთივე ვითარებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ძმებმა გრიმებმა აღწერეს ზღაპარში შიშველი მეფის შესახებ. გახსოვთ ალბათ, ხალხი ვერ ბედავს თქვას, - გამოხატოს ის, რასაც თვალნათლივ ხედავს და გრძნობს, - რომ მეფე შიშველია. ადამიანები არათუ ხმამაღლა გაიძახიან «რა შესანიშნავი სამოსი აცვია მეფეს», არამედ (რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია) საკუთარ თავსაც კი არ უმხელენ («თავსაც კი არ უტყდებიან») იმას, რასაც ხედავენ. ცდილობენ საკუთარი თავიც დაარწმუნონ, რომ მეფის სიშიშვლე მხოლოდ «ეჩვენებათ» (! – siq), სინამდვილეში მეფე ბრწყინვალედ არის შემოსილი.
      ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პატარა ბავშვი (ანუ არსება, რომელზეც «ფსიქოლოგიური დომინანტი» ვერ იმოქმედებს მისი ასოციალურობისა და ამორალობის გამო) გაკვირვებით არ შესძახებს (იტყვის იმას, რასაც ხედავს): «კი, მაგრამ, მეფე ხომ შიშველია!»
      რუსი აკადემიკოსი, რომელიც გაღიზიანებული იყო წლების განმავლობაში მისი «შემაწუხებელი» (მაშინ, როდესაც მას მეცნიერების გარდა არაფერი აინტერესებდა და პოლიტიკაში ჩარევა არ სურდა) ანდრე სახაროვის მოთხოვნით, მაინცდამაინც აკადემიიდან ეყარა კენჭი, - აიძულებდა საკუთარ თავს, დაეძლია ეს გაღიზიანება და საარჩევნო ყუთთან მარტო დარჩენილი, მიუხედავად გაღიზიანებისა, მაინც სახაროვს აძლევდა ხმას, - რათა საკუთარ სინდისთან მართალი ყოფილიყო: სახაროვი ხომ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა, ანუ სამართლიანი «ზეიდეის» განსახიერება იყო!
      ასევე, მოშიმშილე სტუდენტი, ვაჟკაცი თბილისელი ბიჭი, რომელიც «სიტყვაში ერთ ასოს» არავის შეარჩენდა, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ირაკლი წერეთელს ჰქონდა უფლება, «ლიდერი» ყოფილიყო და მისთვის უხეშად მიემართა, ვინაიდან წერეთელიც «ზეიდეას» განასახიერებდა.
      ზვიად გამსახურდიას მომხრე, რომელმაც უდიდეს უსამართლობად მიიჩნია დეკემბერ - იანვრის გადატრიალება, მაგრამ შინაგანად გაღიზიანებული იყო ყოფილი პრეზიდენტის ცინიკური მოწოდებით (გროზნოდან): «შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი ვითარება მიტინგების გამართვისათვის ხუნტის წინააღმდეგ, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანთა დახვრეტის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამიერიდან სწორედ შევარდნაძეს დაეკისრებაო» - მაინც აიძულებდა თავს, საკუთარ თავს არწმუნებდა, ჰქონოდა სიმპათია «პირველი პრეზიდენტის» მიმართ, ვინაიდან ეს რწმენა მისი ფსიქოლოგიური დომინანტი იყო.
      ამ ფენომენიდან წარმოიშობა ბრმა, ფანატიკური ერთგულება და სიყვარული, რასაც ასე უხვად ვხვდებოდით 1991-1992 წლებში. ისევე, როგორც არანაკლე ბრმა, ფანატიკური სიძულვილი - ესეც ფსიქოლოგიური დომინანტია, ოღონდ საპირისპირო ნიშნით.
      აქ უნდა ვეძებოთ სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიური წინაპირობებიც: საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წარმოშობს კონფლიქტს როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობს ძალადობასა და იძულებას (თუნდაც თვითიძულებას - ამით არაფერი იცვლება არსობრივად).

    კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, რათა მკითხველისათვის საბოლოოდ ნათელი გახდეს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. ალბათ ყველას გახსოვთ პრინცესა დიანას დაღუპვასთან დაკავშირებული ამბები. «ლედი დი»-ს გარდაცვალებისთანავე, ლონდონში და მთელს ბრიტანეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბრიტანეთის სამეფო კარის დუმილმა: «სად არის დედოფალი, სად არის მისი დროშა?» - ასეთი სათაურებით გამოდიოდა გაზეთები ალბიონზე. მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორე კი დუმდა.
      მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისტერიამ განსაკუთრებით დიდი მასშტაბები მიიღო, გამოვიდა ტელევიზიით და ყოფილი რძლის შესახებ თითქოსდა უდიდესი სითბოთი ისაუბრა. არადა, დიანა, რასაკვირველია, ჭირის დღესავით სძულდა. დარწმუნებული ვარ, ქმრის მოღალატე პრინცესასადმი უარყოფითად იყო განწყობილი ბუნებით კონსერვატორ ინგლისელთა აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ დიანამ სიცოცხლეშივე ძალიან ეშმაკურად შეძლო «ფსიქოლოგიური დომინანტის» შექმნა: იგი ეხმარებოდა შიდსის ვირუსით ავადმყოფებს, კიბოთი დაავადებულ ბავშვებს (კანის ფერის განურჩევლად), ამჟღავნებდა ტოლერანტობას რასობრივი და სოციალური თვალსაზრისით ანუ განასახიერებდა თავისთავად კეთილშობილ «ზეიდეას», რომლის წინააღმდეგ წასვლა შეუძლებელი იყო. ამიტომ დიანას მომხრე უმცირესობა აქტიურობდა, ისტერიკებს ტეხდა «სამეფო კარის უსულგულობის გამო», დიანას მოწინააღმდეგე უმრავლესობა კი დუმდა, კრინტის დაძვრას ვერ ბედავდა.
      დედოფალმა შესანიშნავად უწყოდა: უმრავლესობა მის მხარეს იყო, ამიტომ თავადაც დუმდა, მაგრამ შემდეგ მოხდა «ფსიქოლოგიური დომინანტისათვის» დამახასიათებელი საოცრება: უმცირესობამ აიძულა უმრავლესობა, უმაღლესი პატივი მიეგო დიანასათვის. პრინცესა პომპეზურად დაასაფლავეს და ლამის ეროვნულ გმირად შერაცხეს.
      ანუ, ხსენებული ფენომენის ერთ-ერთი საოცარი თვისება ის გახლავთ, რომ მისი მატარებელი და გამომხატველი ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უმცირესობაა და არა უმრავლესობა.
      1994-1996 წლებში, რუსეთის ტელეკომპანია НТВ ღამით, ერთსა და იმავე დროს უჩვენებდა ე.წ. «საშინელებათა ფილმებს». პარალელურად, ტელეკომპანიაში არ წყდებოდა აღშფოთებულ მაყურებელთა ზარები: ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ «ამ საზიზღრობის» ეთერში გაშვების გამო, მოითხოვდნენ ასეთი ფილმების ტელევიზიით ჩვენების აკრძალვას და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამ ისტერიისა, ტელეკომპანიის მესვეურები ფილმების დემონსტრირების შეწყვეტას არ ჩქარობდნენ.
      საქმე ის გახლდათ, რომ НТВ-ს მენეჯერებმა დანამდვილებით იცოდნენ: გარდა ტელემაყურებელთა იმ ნაწილისა, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა საშინელებათა ფილმების ჩვენების გამო და პროკურატურაშიც წერდა წერილებს (თანაც მასზე არ ჭრიდა გულუბრყვილო არგუმენტი: «თქვენც გადართეთ სხვა არხზე და ნუ უყრებთო»), იყო მეორე ნაწილი, ვინც სიამოვნებით უყურებდა ამ ფილმებს (ანუ მათთან ერთად ძვირადღირებულ რეკლამასაც), მაგრამ პირველისაგან განსხვავებით, ამის აღიარებას და თავისი პოზიციის ხმამაღლა დაცვას ვერ ბედავდა.
      საბოლოოდ, «მასათა მძვინვარებამ» თავისი გაიტანა და სარეკლამო შემოსავლების დაკარგვის მიუხედავად, ტელეკომპანია იძულებული გახდა «სამაუწყებლო ბადე» შეეცვალა.
      ყველა აღწერილ შემთხვევაში, ისევ და ისევ მასობრივი ფსიქოლოგიის იდენტურ ფენომენთან გვაქვს საქმე. ფსიქოლოგიური დომინანტის დაშლა (თუ იგი ჩამოყალიბდა) - ძალიან ძნელია. თითქმის შეუძლებელიც. ყოველ შემთხვევაში, სერიოზული კონფლიქტის გარეშე.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა