რატომ არის შეუძლებელი ახალი რევოლუცია.



            «საქართველოში რევოლუციის სიო უბერავსო». მეტი სიზუსტისთვის, ყოველთვის დაამატებენ «ახალი რევოლუციისო», რაკი წინა რევოლუციიდან ორიოდე წელია გასული.
            მაგრამ მართლა უბერავს კი? არა, ზოგიერთთა გონება კიდეც შეიძლება «იქით ქროდეს», მაგრამ ბულგაკოვისეული პროფესორის პერიფრაზით «ქაოსი ქვეყანაში კი არა, ტვინებშია!».
        როგორც უკვე ითქვა (იხ. «ანტინომენკლატურული რევოლუციები» – პოსტსაბჭოურ ელიტათა ლეგიტიმურობის კრიზისი». «24 საათი», 2005 წლის 27-28 მაისი), «მშვიდობიანი რევოლუციის» ბრენდი რამდენიმე ყოვლად აუცილებელ კომპონენტს მოიცავს, რომელთა არარსებობა «ბუკეტის» დარღვევას იწვევს და «მშვიდობიანი» რევოლუციის ნაცვლად მისი ავტორები, მათდაუნებურად, მხოლოდ 1991-1992 წლების სოდომ-გომორას («დეკემბერ-იანვრის») მსგავს სისხლიან მარაზმს მიაღწევენ.
            ეს აუცილებელი კომპონენტებია:
        1)ხანგრძლივი და უაზრო მმართველობა, - საერთონაციონალური პროექტის არარსებობა ან თავდაპირველად დეკლარირებულის განხორციელების უკვე აშკარად გამოხატული უუნარობა;
        2) «ლბილი ავტორიტარიზმი», - «ბალანსირების პოლიტიკა», ძალაუფლების განხორციელება არა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ აპარატულ ინტრიგებზე და სხვადასხვა ელიტარულ ჯგუფებზე დაყრდნობით;
        3) სიტყვის თავისუფლება – მნიშვნელოვანი და გავლენიანი «ყვითელი» შემადგენლით, რისი მეშვეობითაც ხდება ისედაც დასუსტებული ხელისუფლების საბოლოო «დაჩმორება», მისი დელეგიტიმაცია.
        აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტოლოგიაში ტერმინი «ლეგიტიმური» არ გამოიყენება მხოლოდ «კანონიერის» შესატყვისად. ამ კონტექსტში «ლეგიტიმური» იგივეა რაც «არსებითი», «ძლიერი», «ქმედითი», «სერიოზული» «დასაბუთებული» «მისაღები», «რეალური».
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - -
        ჭეშმარიტად საბრალონი არიან, ვისაც ჰგონია, თითქოს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან «გაუვათ» ის, რაც შევარდნაძის საწყალობელ ხელისუფლებასთან «გადიოდა».
        საქმე აქ მხოლოდ ის როდია, რომ «კობას», «შალიკოს» ან «ჯონდოს» ქარიზმა ვერ შეედრება «მიშას» ქარიზმას. მთავარი სხვაა – «მიშას» ჰქონდა მკაფიო საერთონაციონალური პროექტი, რომელიც მან ქვეყანას შესთავაზა შევარდნაძის დევალვირებული, გაკოტრებული, გასაწყლებული მმართველობის ალტერნატივად.
        დღევანდელი «მრავალფეროვანი» ოპოზიცია კი რას სთავაზობს ქვეყანას? ან რა პროექტი გააჩნია ალტერნატივად?
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        აქვე უნდა აღინიშნოს ერთი არსებითი მომენტიც: საერთონაციონალური პროექტის ლეგიტიმურობისათვის (მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში ეს იყო ქვეყნის ყოველმხრივი მოდერნიზაცია) სულაც არ არის აუცილებელი მას მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებდეს. უმრავლესობას შეიძლება იგი სულაც არ ეპიტნავებოდეს, თავის შეწუხება არ უნდოდეს, მრავალგვარი მსხვერპლის გაღების ეშინოდეს, დახავსებული და დრომოჭმული ღირებულებები «ეძვირფასებოდეს», ბრძოლა და შრომა ეზარებოდეს, გაჭირვების ატანა არ სურდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხს «უმრავლესობა – უმცირესობა» კი არ წყვეტს, არამედ პროექტის არსი, მისი ლეგიტიმურობა, მის წინააღმდეგ აშკარად გალაშქრების «უხერხულობა» (აბა ვინ ამოიღებს ხმას ქვეყნის მოდერნიზაციის, დამოუკიდებლობისა და მთლიანობის  საწინააღმდეგოდ?!) და არსებული, «ძველი» პროექტის დევალვირებულობის დონე. სწორედ ამიტომ და ამის ხარჯზე ახერხებს პასსიონარული უმცირესობა ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლას «ხავერდოვანი» რევოლუციის» დროს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        «იმავე მდინარეში» მეორედ შესვლის მოსურნეთ კი არაფრით არ სურთ გაიგონ, რომ სოციალურო მოტივაციების, მიზეზ-შედეგობრიობის და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფაქტორების ის უნიკალური კონფიგურაცია, რომელიც საქართველოში არსებობდა 2003 წლის ნოემბრისათვის, - დღეს არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს! მაშინ სისხლი არ დაიღვარა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ და შეუქცევადად დელეგიმიტიზებული იყო. ლეგიტიმური (თუნდაც დიდწილად უკვე არაპოპულარული – ამ ორ ცნებას ერთმანეთში ნუ ავურევთ) ხელისუფლების შეცვლის მცდელობა კი უეჭველად, (უეჭველად!!!) გამოიწვევს საზარელ სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომს.
        რაც შეეხება «პოპულარობას» - აქ უკვე კონკრეტულ სოციალურ მოტივაციათა სფეროში გადავდივართ, მაგრამ ეს მოტივაციები სულაც არ არის ისეთ პირდაპირ და განუყრელ კავშირში «ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან», როგორც ზოგიერთებს ეჩვენებათ. ხელისუფლება შეიძლება იყოს ძალზე არაპოპულარული, რადგან ატარებდეს არაპოპულარულ, მტკივნეულ რეფორმებს, შეიძლება ამ რეფორმებით გატანჯული მოსახლეობა ტკივილით კვნესოდეს, ტიროდეს, მოთქვამდეს, ხელისუფლებას წყევლა-კრულვას უგზავნიდეს, მაგრამ ხელისუფლება მაინც ლეგიტიმურად რჩებოდეს მანამ, სანამ გააჩნია ლეგიტიმური საერთონაციონალური პროექტი.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, სასურველია(!) საერთონაციონალურ პროექტს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებდეს, მაგრამ აუცილებელი(!) ეს სულაც არ არის - არსებითია, მის სერიოზულობას (სწორედ ამ აზრით ლეგიტიმურობას) ელიტა, ისტებლიშმენტი აღიარებდეს. თანაც, «აღიარებდეს» არ არის იგივე, რაც «იზიარებდეს».
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        სოციალური მოტივაციის თვალსაზრისით: 2003 წლის 22 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ასი ათასიანი მიტინგის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ სწორედ ის «წვრილი მოვაჭრეები», რომელთაც შევარდნაძე არ უშლიდა კონტრაბანდით ვაჭრობას და (ანუ) ქვეყნის ეკონომიკის ნგრევას. ამის მიუხედავად, იგი მაინც სძულდათ და ეზიზღებოდათ.
        რასაკვირველია, მათთვის რომ მაშინ ვინმეს ეთქვა, ახალი ხელისუფლება ქვეყანაში საბიუჯეტო-ფინანსური ვითარების გასაუმჯობესებლად და კონტრაბანდის აღსაკვეთად (რაც ეკონომიკის განვითარების ყოვლად აუცილებელი პირობაა) «სალარო აპარატების გამოყენებას» მოგთხოვთო – ისინი იმ მიტინგებში მონაწილეობას ნამდვილად აღარ მიიღებდნენ. მაგრამ საბედნიეროდ, მაშინ ვერ მიხვდნენ, რომ რევოლუცია არა მხოლოდ საძულველი, ყოველმხრივ მოყირჭებული შევარდნაძის მოშორებას ნიშნავდა, არამედ ქვეყანაში ელემენტარული წესრიგის დამყარებასაც გულისხმობდა.
        იმავე მიტინგის მნიშვნელოვან სეგმენტს შეადგენდნენ სახელმწიფო დაწესებულებათა თანამშრომლები, «ძველი ისტებლიშმენტის» ნამუსრევნი, რომლებიც 40 ლარიან ხელფასზე სამსახურში ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებდნენ და შევარდნაძე თავდავიწყებით სძულდათ. საბედნიეროდ, ისინი მაშინ ვერ მიხვდნენ, რომ რევოლუცია «კადრების ოპტიმიზაციას» და სახელმწიფო დაწესებულებებიდან უსაქმური უმრავლესობის გაპანღურებასაც ნიშნავდა.
        «კოლეჯის სტუდენტებისთვის» მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, საერთონაციონალური გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ და «მამიკოების ჩაწყობით ვეღარ მოეწყობითო», - არა მგონია ენთუზიაზმი შეენარჩუნებინათ;
        ისევე, როგორც ელექტროენერგიის არგადამხდელ მომხმარებლებს. ამ უკანასკნელთ შევარდნაძე იმიტომ სძულდათ «ათწლეულების განმავლობაში შუქი არა გვაქვსო». არადა «შუქი» სწორედ იმიტომ არ ჰქონდათ, რომ არ იხდიდნენ – შევარდნაძე კი ვერ ახდეინებდა. დღეს ფასი გაუორმაგეს, ახდევინებენ და აქვთ. უწყვეტად – 24 საათის განმავლობაში. იცოცხლეთ, ამჟამადაც არ უნდოდათ გადახდა, ნაცად ხერხსაც მიმართეს (გზების გადაკეტვა და სხვა), მაგრამ ძლიერმა ხელისუფლებამ არეულობის ორგანიზატორები დააპატიმრა, დანარჩენებმა კი სულ «ცუნცულით» გადაიხადეს. პრობლემაც გადაწყდა. აი, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რით სჯობია სააკაშვილის ხელისუფლება – შევარდნაძის ხელისუფლებას. სჯობია იმით, რომ პროგრესულ გადაწყვეტილებათა მიღებისა და განხორციელების უნარი, შნო და ძალა აქვს.
        მათ შორის, აგრეთვე, ერგნეთის ბაზრობაზე თუ სხვა «ბაზრობებზე» მოქმედი ათეულობით ათასი (!) «მიკრობიზნესმენი», ან სიმშვიდისა და ოჯახური მყუდროების მოყვარე პაციფისტები, რომლებიც, საბედნიეროდ, მაშინ ვერ მიხვდნენ, რომ საძულველი, ზიზღამდე მოყირჭებული შევარდნაძის «წასვლა» უეჭველად გულისხმობდა აგრეთვე ბრძოლას (აუცილებელ და გარდაუვალ სისხლისღვრასაც!) ქვეყნის გაერთიანებისა თუ სხვა ინტერესებისთვის, - მაშასადამე, «საძულველი შევარდნაძის» მმართველობისას ჩამოყალიბებული, მაგრამ «ტკბილად საყვარელი» სიმშვიდის დარღვევას.
        ეჰ, მათ რომ ეს მაშინ სცოდნოდათ . . . სიმშვიდესა და მყუდროებას ნამდვილად არ გაცვლიდნენ ქვეყნის ინტერესებისათვის ბრძოლის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა მიხვდნენ, უკვე ძალიან გვიან იყო გულისწუხილი და მწარედ «კბილთა ღრჭენანი» . . . . . . . ყველას გვახსოვს და მოგვწონს «რევოლუციის ჰიმნად» ქმნილი მუსიკალური კლიპი «ახალი დღე» - ქართველი მომღერლების შესრულებით. იმის თქმა როდი მინდა, თითქოს ამ კლიპის ერთ-ერთი მონაწილე მაშინ აცნობიერებდა, რომ რევოლუციის სახით, «წყნეთის ფეოდალად» წოდებული მოხუცი მამის გარდაუვალ(!) დაპატიმრებას უმღეროდა. . . . . და მაინც, ყოველთვის გული მიჩუყდება, როდესაც იმ ულამაზეს კლიპში მის შთაგონებულ (ა ლა სტიუანდერ) სახეს ვუმზერ. . . . . . . . . . .    შევარდნაძის „დაჩმორებასა“ და დამხობაში დიდი როლი შეასრულა „დარდუბალამ“. თანაც ეს არ იო უბრალოდ მულტსერიალი – ეს იყო „სტილი–დარდუბალა“, რომლის მთავარი მატარებელი და გამომხატველი გახდა ტელეკომპანია „რუსთავი–ორი“.  ეეჰ . . . ამ სტილის შემოქმედს  მაშინ რომ სცოდნოდა . . . . ორიოდე წლის შემდეგ, ციხის  ცივ საკანში გამომწყვდეულს, პოლიფონიური ხვრინვის გამო უძინარს,  მას ალბათ ხშირად ახსენდებოდა  ის გასაცოდავებული, გასაწყლებული მოხუცი, რომელსაც უმოწყალოდ დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, აფურთხებდა, თავსლაფს ასხამდა, „ადარდუბალებდა“, – მისი ერთადერთი საპასუხო რეაქცია კი უმწეო, უილაჯო, „ყველაფერზე ხელჩაქნეული“ ღიმილი იყო. . . . . .

    ბევრი წუწუნებდა: რევოლუციურმა ხელისუფლებამ ჩვენი «საკუთრების უფლება» ხელყოო – აქაოდა წაართვეს შევარდნაძის დროს დასაკუთრებული მიწის ნაკვეთები, აქციები, ბინები, დაუნგრიეს სახლები, სავაჭრო ობიექტები და ასე შემდეგ.
    ეს კატეგორია, როგორც მინიმუმ, აბსოლუტურად გულგრილი იყო რევოლუციის დროს. ბევრ შემთხვევაში კი აქტიურადაც მონაწილეობდა. არადა მათ უნდა სცოდნოდათ (კიდევ კარგი ამას მაშინ ვერ მიხვდნენ), რომ ნებისმიერი რევოლუცია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე კაცობრიობის ისტორიაში, უეჭველად, აუცილებლად გულისხმობს წარსული (დამხობილი) რეჟიმის დროს დამკვიდრებული და არსებული მიმართებების, მათ შორის საკუთრებითი ვალდებულებების დელეგიტიმაცია-უარყოფას.
    რევოლუციის შემდეგ იქმნება ახალი მიმართებები, ახალი ვალდებულებები (ხშირად ძველის პირდაპირ უარმყოფელიც) და მხოლოდ ახალი რეჟიმის, ახალი „სუვერენის“ კეთილ ნებაზე ხდება დამოკიდებული, რას ცნობს და რას არა ლეგიტიმურად - ძველი მიმართებებიდან, მათ შორის ძველი საკუთრებითი ვალდებულებებიდან. ანუ, რევოლუციის შედეგად იქმნება არა უბრალოდ ახალი ხელისუფლება (როგორც ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის, ან, დემოკრატიულ სისტემაში, არჩევნების შედეგად), არამედ იქმნება ახალი სუვერენი, ქვეყანაში ფუძნდება ახალი სახელმწიფო, რომელიც თავისუფალია ძველი მიმართებებისა და  რევოლუციის მიერ დელეგიტიმიზებული ვალდებულებებისაგან.
    ასე იყო ყველა რევოლუციის შემდეგ და, ბუნებრივია, არც «ვარდების რევოლუცია» იქნებოდა გამონაკლისი.
როდესაც, 1806 წელს, ნაპოლეონმა ტრიუმფალური თაღის აგება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოთა ხელისშემშლელი ათეულობით სახლი თუ მაღაზია დაანგრია, მესკუთრე წვრილი ბურჟუების წუწუნზე (ეს საკუთრება მამა-პაპათაგან გვერგო, თანაც ჩვენ ხომ აქტიურად ვმონაწილეობდითო მეფის დამხობაში) სწორედ ასე უპასუხა: ეს საკუთრება მეფის საფრანგეთმა  დაგიმტკიცათ და ახალი საფრანგეთი მის  ვალდებულებებზე პასუხს არ აგებსო.

     ამიტომ, ზემოთხსენებულ „მესაკუთრეებს“ შეუძლიათ შევარდნაძისდროინდელი „მერიის“ თუ სხვა უწყებების გაცემული ნებართვები და ლიცენზიები თუ ყიდვა–გაყიდვა–პრივატიზების ხელშეკრულებები მიიწებონ . . . სასთუმალთან და დატკბნენ ხოლმე მათი უჭკნობი მშვენიერებით.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  –
       

    ამგვარ სეგმენტთა თუ პერსონაჟთა ჩამოთვლა კიდევ დიდხანს შეიძლება. დღეს ისინი უაღრესად უკმაყოფილონი არიან «შედეგით» და (ვიმეორებ) შეიძლება მწარედ ნანობდნენ კიდეც, მაგრამ ამით უკვე აღარაფერი შეიცვლება – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმურ (ძლიერ) ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებენ, არამედ ისინი (მასაში, - როგორც ვხედავთ) საერთოდ არ გამოდიან მიტინგებზე - მათ მიერ მხარდაჭერილი რევოლუციიდან ორიოდე წლის შემდეგ. მთავარი მიზეზი გასაგებია: ძალიან ძნელია (საქვეყნოდ) აღიარონ ის, რაშიც საკუთარ თავს უკვე უტყდებიან.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        რაც შეეხება «გახმაურებულ მკვლელობებს» - იყო ღონღაძის მკვლელობა უკრაინაში, კუჩმას უკვე დელეგიტიმიზებული ხელისუფლების დროს; სანაიას მკვლელობა საქართველოში – შევარდნაძის ასევე უკვე «დაჩმორებული» მმართველობის პერიოდში.
        ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში კი, ამგვარი არგუმენტებით, «რევოლუციური ტალღის» აგორება ვერ მოხერხდება და ვერც ხერხდება, - როგორც ვხედავთ.
        რასაკვირველია, ამგვარი «ორმაგი სტანდარტი» ბევრს აღიზიანებს, მაგრამ არანაკლებ ღიზიანდებოდა ალბათ საბრალო «ხარი», როდესაც იუპიტერისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჩნევდა.
        აქვე: დღეს ისიც დადასტურდა, რამდენად ბრიყვული იყო წარმოდგენა, თითქოს «ტელევიზიას შეუძლია რევოლუციის მოწყობა». სინამდვილეში, ტელევიზიას რევოლუციის მოწყობა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უკვე დიდწილად დელეგიტიმიზებული და გაკოტრებულია. ლეგიტიმურ ხელისუფლებას კი, ნურას უკაცრავად, - ტელევიზია ასე იოლად და უცბად ვერაფერს დააკლებს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ლეგიტიმურ ხელისუფლებაში ინსტიტუციური «ნგრევის» პროცესებიც არ მიმდინარეობს. მაგრამ არა იმიტომ, თითქოს ბიუროკრატიის არსი შეიცვალა. ბიუროკრატია ყველა დროში თითქმის ერთნაირია. შევარდნაძის ბიუროკრატიამ დროულად «იყნოსა» საფრთხე და «ალტერნატიულ ნავში» გადახტა. დღეს არ ხტება. ოღონდ არ იმიტომ, რომ არ ეშინია – უბრალოდ, სხვა ნავი (ალტერნატივა, ალტერნატიული პროექტი) ჯერ არ არსებობს, ხოლო საფრთხე იმოდენა არ არის, პირდაპირ წყალში ისკუპოს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ზემოთთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ამჟამინდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა მარადიული და შეუცვლელი მოცემულობაა. ბუნებრივია, ბევრი მოლოდინი არ გამართლდა, არის იმედგაცრუებაც, ამდენად იწყება «საერთონაციონალური პროექტის» თანდათანობითი ცვეთის ძალზე საშიში პროცესიც. მაგრამ იმ სტადიაზე მისვლას, რომელზეც მისი მისვლა შევარდნაძემ დაუშვა, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
        ვიმედოვნოთ, დღევანდელ, ქმედით და ლეგიტიმურ ხელისუფლებას ეყოფა არა იმდენად და არა მხოლოდ ინტელექტი, რამდენადაც პოლიტიკური ნება და პასუხისმგებლობა, ჩამოაყალიბოს ხელისუფლებათა ცვალებადობის მუდმივმოქმედი მექანიზმი, რათა ქვეყანა გამოვიდეს «რევოლუციიდან – რევოლუციამდე» ცხოვრების მანკიერი ციკლური პერიოდიდან.
        ამისთვის კი, ყოვლად აუცილებელი იქნება იმგვარი სისტემის შექმნა, როდესაც არჩევნებში მხოლოდ ერთი «ზეღირებულებების» მატარებელი (თუმცა, პოლიტიკური პროგრამებით განსხვავებული) პოლიტიკური ძალები მიიღებენ მონაწილეობას და შეუძლებელი გახდება არჩევნებით სახელმწიფო-სტრატეგიული კურსის შეცვლა, როგორც ეს აბსოლუტურად შეუძლებელია დასავლეთის «კონსოლიდირებულ დემოკრატიებში».
        არ ვიცი, რამდენად დაუშვებს ამას, მთლიანობაში, თანამედროვე ქართული «პოლიტოკრატია», მაგრამ ჩემი აზრით, რამდენიმე წლის შემდეგ, სავსებით მიზანშეწონილი იქნებოდა, ორპარტიულობის დაკანონების კონსტიტუციური მექანიზმების შემუშავება (დიდი პირობითობით «მიშას პარტია» და «ნინოს პარტია»), საარჩევნო ციკლების 4-5 წლიდან - 3-4 წლამდე შემცირება და 2014-2015 წლისათვის საპარლამენტო (ალბათ უფრო ისრაელის) მოდელზე გადასვლისათვის პირობათა შემზადება.

მთელ გვერდზე

      

  «24 საათი» 2006