ასლან აბაშიძის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადაურიცხავი თანხების წყალობით, აჭარაში არც ერთი თეთრი საპენსიო და სახელფასო დავალიანება არ არსებულა. რეგიონის მოსახლეობა, მთლიანობაში, მატერიალური თვალსაზრისით, ბევრად უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე თბილისში, კახეთში ან გურიაში. ვიმეორებ კითხვას: მერედა, რა ამით? «უშველა» ამან «მცირე ბაბუს» რათა ბათუმიდან ვერ გაეპანღურებინათ? იმაშიც სერიოზულად ეჭვი მეპარება, რომ თბილისის «ვარდების რევოლუცია» უპენსიო-უხელფასობამ განაპირობა. თუ გახსოვთ, 1994-1996 წლებში ათეულობით ათასმა ადამიანმა კერძო ბანკებსა და თაღლითურ ჰოლდინგებში («ქოლორი», «ოქროს თევზი» და სხვა მსგავსი) შეტანილი დიდძალი თანხები დაკარგა. მიუხედავად ამისა, ეს გამწარებული ხალხის უზარმაზარი მასა იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა და რაიმე სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისათვის არ შეუქმნია.
           «სამოქალაქო საზოგადოება» საქართველოში ერთობ განვითარებული იყო. ბევრად ნაკლებ გავლენიანი იყო იგი უკრაინაში, მით უმეტეს ყირგიზეთში, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა, ხოლო საქართველოდან მივლინებული «დემოკრატიული დესანტი» ამ მხრივ, დიდი და გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ამინდს ვერ შექმნიდა.
           «უკრაინასა და საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ჰყავდათ ქარიზმატული ლიდერები». მაგრამ ყირგიზეთში ხომ, ამ თვალსაზრისით «ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა» (ვერც ახლა სცნობს), – ისევ და ისევ: მერედა, რა ამით?
           «ახალმა ელიტამ ჩაანაცვლა ძველი ელიტა და ეს ურყევი კანონზომიერებაა»- კი მაგრამ, რომელი «ახალი ელიტაა» როზა უტუმბაევა? ან ის ნახევრადშეშლილი ნარკოლოგი ექიმი, თავად რომ არის პირველ რიგში სამკურნალო? თუ ანატოლი კინახია «ახალი ელიტა» და ის პარტნომენკლატურულ-კომკავშირული კამარილია, რომელიც იუშენკოს და, განსაკუთრებით ტიმოშენკოს არტყია გარს? არა მგონია აკაევის – ბაკიევით შეცვლა რაიმე სერიოზულ სოციალურ ძვრას ნიშნავდეს. ამ «კანონზომიერებამ» დასრულებულად ტრაგიკომიკური სახე მაშინ შეიძინა, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ სცნო აკაევის პარლამენტის უფლებამოსილება ანუ იმ პარლამენტისა, რომლის «არჩევის გაყალბებამაც» განაპირობა ვითომდაც ყირგიზული რევოლუცია. რაც მთავარია (ნიშანდობლივია), უცნაურად და ალოგიკურად ყირგიზეთში ეს არავის მოჩვენებია. სინამდვილეში ამგვარი რევოლუციისას ახალი ელიტის არსებობა-არასებობა და გავლენიანობა კი არ არის განმსაზღვრელი, არამედ ძველი ელიტის უუნარობა.
           «შევარდნაძის ყურება აღარ შეიძლებოდაო» - კი ბატონო, მაგრამ უკრაინელებს არავინ აძალებდა კიდევ თუნდაც წელიწადნახევარი «ეცქირათ» კუჩმასათვის. შევარდნაძისაგან განსხვავებით (რომელიც, ზოგიერთი ნიშნით, არც 2005 წელს აპირებდა სადმე წასვლას) მიდიოდა ის კაცი (კუჩმა) ყველა შემთხვევაში, უკვე არჩევნების შემდეგ, დაჯდებოდა თავისთვის «ხატაში» და დაისხავდა «გარილკას». არც სალას დაამადლიდნენ თითქოს, მაგრამ მაინც «მიაყოლეს წიხლი!»
           «შევარდნაძეს გადაადგილება ძლივს შეეძლო და ბებრულ მარაზმში იმყოფებოდაო» - მაგრამ ლეონიდ კუჩმას, მით უმეტეს ასკარ აკაევს ამ მხრივ სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ. ეს უკანასკნელი, როგორც ამბობენ, კუნ-ფუ-ში «სპარინგობდა» ყოველდღიურად და ქამარიც ჰქონდა.
           გეოპოლიტიკურ ინტრიგებს (როგორც ვითომდაც რევოლუციათა მთავარ «აღმძრავ მექანიზმებს») და «გეოპოლიტიკურ შეთქმულებებს» რაც შეეხება, ამ სქემაში, ისევ და ისევ, ყირგიზეთი ეჩხირება ცოტა არ იყოს უხიაგად: უტუმბაევაც, კულოვიც, ბაკიევიცა და ნაზარალიევიც ერთხმად აცხადებენ, რომ ფაქტობრივად აპირებენ განაგრძონ პრეზიდენტ აკაევის ბრძნული საგარეო პოლიტიკური კურსი - რუსეთთან და დასავლეთთან კომპლემენტარული ურთიერთობისა.
           - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
           ზემოთქმულის მიუხედავად, არსებობს ერთი ნიშანი, ერთი საერთო მნიშვნელი, რომელიც, ამ სხვაობათა მიუხედავად, ურყევად და განუყოფლად აკავშირებს ერთმანეთთან ყველა პოსტსაბჭოურ რევოლუციას – განურჩევლად იმისა, წარმატებულს (უკრაინა, საქართველო, ყირგიზეთი) თუ წარუმატებელს (აზერბაიჯანი): ყველა ეს რევოლუცია უპირველესად სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების სფეროში მწიფდებოდა. მარქსისტულ-ლენინური დოგმების მიუხედავად, რევოლუცია – უმთავრესად საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ატმოსფეროს პროდუქტია.
           გავიხსენოთ, ამ თვალსაზრისით რა საკვანძო სლოგანები ჟღერდა საქართველოში შევარდნაძის საწინააღმდეგო რევოლუციის მომწიფებისას: «მოყირჭება», «ყავლის გასვლა», «დაჭაობება», «უძრაობა», «დროის მოჭმა», «უიმედობა» და «კმარა» - როგორც მათი აზრობრივი და არსობრივი კვინტესენცია.
           დაახლოებით ასეთივე ატმოსფერო სუფევდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რევოლუცია განხორციელდა. მივაქციოთ ყურადღება: არ შეიძლება შემთხვევითი იყოს ესოდენ მნიშვნელოვანი მსგავსება, რომ საქართველოშიც, ყირგიზეთშიც, უკრაინაშიც, უსისხლოდ ძალადობრივი სახალხო, დემოკრატიული რევოლუციები განხორციელდა ისე, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ხელისუფლებამ არათუ ვერ გაბედა (ესეც იყო) არამედ ვერ შეძლო(!) წინააღმდეგობის გაწევა.
           სამივე ქვეყანას კიდევ ის «ანათესავებს», რომ მათი ხელისუფალნი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს. ასკარ აკაევი 1990 წლიდან, ედუარდ შევარდნაძე 1992 წლიდან (თუ, რასაკვირველია, კომუნისტურ პერიოდს არ ჩავთვლით, არადა, ესეც სათვალავში ჩასაგდებია), ხოლო ლეონიდ კუჩმა – 1994 წლიდან.
           მაგრამ საპპარმურად ნიაზოვი და ისლამ კარიმოვი ხომ კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში მართავენ თურქმენეთსა და უზბეკეთს? აქ მჟღავნდება კიდევ ერთი კანონზომიერება: სამივე «ლიდერმა» რომელმაც ესოდენ სამარცხვინოდ დაასრულა თავისი მოღვაწეობა, სცადა ჩამოეყალიბებინა «ლაითავტორიტარული სისტემა», «ლბილი ავტორიტარიზმი», - «ვირტუალური ხელისუფლება», რომელიც ეყრდნობოდა არა რეალურად მძლავრ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ (მოძველებად) სახელისუფლებო ტექნოლოგიებსა და აპარატულ ინტრიგებს.
           სამარცხვინო ფინალმა დაადასტურა, რომ სინამდვილეში, «ლბილი ავტორიტარიზმი» არაქმედუნარიანი სისტემაა, ხოლო სანახევრო-ნაწილობრივი დიქტატურა ისევე შეუძლებელია, როგორც სანახევროდ ორსულობა.
           ბუნებრივია, უზბეკეთსა და თურქმენეთში «ხავერდოვან რევოლუციებზე» არავინ საუბრობს, ვინაიდან რეალურ დიქტატურაში ამგვარი რევოლუცია შეუძლებელია – თეორიულად შესაძლებელია მხოლოდ რუმინული ვარიანტი და საზარელი სისხლისღვრა.
           მკითხველს შესაძლოა გაუკვირდეს, მაგრამ კიდევ ერთი საოცარი «დამთხვევაა» (ვითომ მართლაც დამთხვევაა?), რომ ასკარ აკაევის ქალიშვილი და ლეონიდ კუჩმას მეუღლე თავიანთ ქვეყნებში უდიდეს ფიჭურ სატელეფონო ოპერატორებს ფლობდნენ და, «მაგთიკომის» მსგავსად, რეგულარულად აქვეყნებდნენ ცნობებს საგადასახადო შენატანის შესახებ – იმის ნიშნად, თუ რამდენად «გამჭვირვალეა» მათი ბიზნესი. არადა, საქმე ბიზნესის «გამჭვირვალობაში» კი არ არის, არამედ იმაში, თუ საერთოდ რამდენად დასაშვებია ხელისუფლების გამოყენება თუნდაც ყველაზე «გამჭვირვალე» ბიზნესის ასაწყობად.
           

მთელ გვერდზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა