9 თებერვლის ტერაქტი რუსებისა და ჩეჩნების ნახელავია

9 თებერვლის ტერაქტი რუსებისა და ჩეჩნების ნახელავია

  

    1998 წლის 9 თებერვალი ტერორიზმისა და დივერსიული საქმის ისტორიაში შევიდა, როგორც დღე უპრეცედენტო თავდასხმისა, რომლის მსგავსს, შესაძლოა მსოფლიო სინამდვილეც არ იცნობდეს.
    «სამთავრობო ტრასაზე», რასაც ყოველდღე გადის საქართველოს პრეზიდენტი, ათეულობით «ბოევიკი» ჩასაფრდა საღამოს 7 საათიდან და მსხვერპლს 8 საათამდე ელოდა.
    საბედნიეროდ, თავდასხმამ ფუჭად ჩაიარა. არც ერთი ჭურვი ედუარდ შევარდნაძის «მერსედესს» არ მოხვდა ისეით ტრაექტორიით და იმ ნაწილში, სადაც იგი მანქანის სალონში შეღწევას შეძლებდა.
    ეს რომ მომხდარიყო, პრეზიდენტი უეჭველად დაიღუპებოდა, ვინაიდან ზღაპარია, თითქოს «ნაღმმტყორცნებმა «მერსედესი» ვერ გახვრიტეს» - «რპგ-7» და «რპგ-9», რომლებსაც ტერორისტები იყენებდნენ, არათუ «მერსედესის» თხელ ტყვიაგაუმტარ საფარს, არამედ ტანკების 30 სანტიმეტრიან ჯავშანსაც კი ხვრეტს.
    ამრიგად, ედუარდ შევარდნაძე ბეწვზე გადარჩა. მისი პირადი დაცვის წევრებმა ყველაფერი იღონეს, რაც შეეძლოთ, - მათ საკუთარ თავზე მიიღეს ცეცხლი და ტერორისტების «ყურადღება» პრეზიდენტს მოაცილეს.
    ორი მათგანი (ერთი - პირადი დაცვიდან ანუ ე.წ. «ლიჩნიკი», მეორე - სპეცდანიშნულების რაზმიდან) ბრძოლისას სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა, შეიძლება ითქვას, დაცვამ ძალიან დიდი როლი შეასრულა შევარდნაძის გადარჩენაში, მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტის უშიშროების სისტემამ «ვერ იმუშავა», ვინაიდან, ამ სისტემის არსი თავდასხმის მოგერიებაში კი არ მდგომარეობს, არამედ თავიდან აცილებაში.
    რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კულიკოვმა ბაქოში ქარაგმულად უთხრა ქართველ კოლეგას, რომ შევარდნაძეზე თავდასხმა მზადდებოდა, - არა მხოლოდ დაცვა უნდა გაძლიერებულიყო (ეს გაკეთდა), არამედ უნდა «გადაფარულიყო» ყველა წერტილი, საიდანაც შეიძლებოდა იგი განხორციელებულიყო (ყოველ შემთხვევაში, რეგულარული მოძრაობის მარშრუტებზე მაინც).
    მაგალითად, დღეს იმავე წერტილიდან ტერორისტები თავდასხმას ვეღარ შეძლებდნენ იმ უბრალო მიზეზით, რომ, როგორც კი პრეზიდენტი რეზიდენციიდან - კრწანისისაკენ მოძრაობას დააპირებს, ის ადგილი საგანგებოდ მოწმდება.
    საკმარისი იყო 9 თებერვალს ეს გაეკეთებინათ და თავდასხმა ვეღარ განხორციელდებოდა, - კორტეჟი არ დაიძვრებოდა, ვინაიდან შესაბამის შეტყობინებას ვერ მიიღებდა ამ წერტილიდან.
    არადა, მონაკვეთი 300 არაგველის ძეგლიდან «კრწანისის» ასახვევამდე ყველაზე «მოხერხებულია» თავდასხმისათვის. ნებისმიერი სპეცსამსახური ამ შემთხვევაში იმსჯელებდა «პროვოკაციული დაშვებით». «მე რომ თავდასხმას ვაპირებდე, რომელ ადგილს შევარჩევდი?» ვიმეორებ: სპეცსამსახურის უმთავრესი დანიშნულება პროფილაქტიკაა და არა უკვე განხორციელებული თავდასხმის მოგერიება, - ახალგაზრდა მებრძოლთა სიცოცხლის ფასად.
    ყოველივე ეს, ალბათ, მაინც ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოუცდელობის შედეგია. საქართველო მხოლოდ ახლა იწყებს სახელმწიფოს შენებას. ზოგი სწრაფად ახერხებს ამას, ზოგი - გვიან. თუმცა, ისრაელი 1948 წელს დაარსდა, მაგრამ 1949 წელს ამ ქვეყნის სპეცსამსახურები ასეთი ფორმის ტერაქტს არაფრის დიდებით არ დაუშვებდნენ. 1995 წელს იცხაკ რაბინი სხვა ფორმით მოკლეს: დემოკრატიულ ქვეყანაში ძნელია თავიდან აიცილო სიტუაცია, როცა ტერორისტი შეიძლება ზურგიდან მიეპაროს ხალხის მასაში მდგარ ლიდერს და ზურგში ესროლოს. 1998 წლის ტერაქტი საქართველოსათვის ნამდვილად სამარცხვინო იყო.
    არა პირადი დაცვისათვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რომელმაც ასეთი თავხედური დივერსიის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
    დივერსია კი ნამდვილად «თავხედურად» განხორციელდა. მასში მონაწილეობდა 5 ჩეჩენი და 12 თუ 13 ქართველი. ძირითადად, ქობალია-ელიავას ყოფილი დაჯგუფებათა მებრძოლები. რამდენიმე თვის შემდეგ კაკო ელიავას ბუნტიც ამ მომენტთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. დივერსანტები მზადებას გადიოდნენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე. მათ ამზადებდა ინსტრუქტორთა «ინტერნაციონალი», რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან.
    შეიძლება პირდაპირ ითქვას: ტერორისტული აქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1998 წლის 9 თებერვალს რუსეთისა და იჩქერიის სპეცსამსახურთა ერთობლივი ოპერაცია იყო. «ზვიადისტები» ჩლუნგ იარაღად გამოიყენეს, ოღონდ ბოლომდე არ ენდნენ და საკუთარი მებრძოლები გამოაყოლეს.
    რუსეთის მოტივაცია ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს - კრემლს ყოველთვის სურდა და სურს საქართველოში სიტუაციის არევა, ქაოსისა და არეულობის პროვოცირება.
    მაგრამ ჩეჩნეთს რაღა უნდოდა, მას თითქოს რატომ უნდა აძლევდეს ხელს საქართველოში დესტაბილიზაცია? ნუ ავჩქარდებით! რაკი ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს გროზნო-თბილისის საავტომობილო ტრასის გახსნას, იჩქერიის ლიდერებს «ერთობლივი ტერაქტით» სურდათ მოსკოვისათვის დაემტკიცებინათ, რომ თუ რუსეთი ცნობს იჩქერიის სუვერენიტეტს, ჩეჩნეთი მიუხედავად 400-წლიანი ომისა, მზად არის იქცეს რუსეთის «სტრატეგიულ მოკავშირედ კავკასიაში» - ამერიკას და დასავლეთის ინტერესთა საწინააღმდეგოდ.
    ეს ფორმულა ჩემი მოგონილი როდია, - იგი ღიად ჩამოაყალიბა ასლან მასხადოვმა ერთ-ერთ გამოსვლაში. არავითარი «კავკასიელობა» ეს არ არის. აქედან ჩანს, რომ «კავკასიური ერთობაც» ილუზია ყოფილა და სხვა არაფერი, ეს ილუზია გულუბრყვილო ქართველების გასაცურებლად მოიგონეს, რათა მახეში შევეტყუებინეთ.
    9 თებერვლის ტერაქტის მთავარი «აღმასრულებელი» (არა ორგანიზატორი, არამედ «აღმასრულებელი» ორგანიზატორები გროზნოსა და მოსკოვში არიან) გოჩა ესებუა, რომელიც გაეროს წინააღმდეგ ჯიხაშკარის პროვოკაციის დროს ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა «მოსკოველ ზვიადისტებთან» - ქართულმა უშიშროებამ მოკლა; თუმცა, რასაკვირველია, სჯობდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ აქ არაპროფესიონალიზმი გამომჟღავნდა.
    მთავარი ახლა ის არის, «ზვიადისტების» სასამართლოზე მაინც ითქვას სიმართლე და ქართული საზოგადოება თვალნათლივ დარწმუნდება მოსკოვი-გროზნოს თითქოსდა დაუჯერებელი ალიანსის არსებობაში საქართველოს წინააღმდეგ.
    თუმცა, დაპატიმრებულები ბევრს ვერაფერს იტყვიან, ვინაიდან «ბევრი» ნამდვილად არ ეცოდინებოდათ, - ისინი ხომ უბრალო ტიკინები იყვნენ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მომართეს საქართველოს მტრებმა.

მერიდიანი, 10 თებერვალი, 1999 წელი