9 აპრილიდან 9 წლის შემდეგ

9 აპრილიდან 9 წლის შემდეგ

    1998 წლის 9 აპრილს საქართველო განსხვავებულ საზოგადოებრივ ატმოსფეროში ხვდება. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ეს დღე მთელი ქართველი ხალხის, ყველა პოლიტიკური ძალის ტკივილია
    1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მომხრენი როდი იდგნენ _ იქ ბევრი იყო მისი მომავალი თუ უკვე იმჟამინდელი მოწინააღმდეგე. მიუხედავად ამისა, რატომღაც 9 აპრილს პარლამენტის შენობასთან მისვლა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მიმდევართა პრეროგატივად იქცა. ამ თვალსაზრისით წელსაც დიდი მზადებაა და არ არის გამორიცხული, კვლავ იგივე განმეორდეს. ოღონდ ნურავის დაავიწყდება, რომ 1998 წლის 9 აპრილს წინ უძღოდა 9 და 19 თებერვალი, აგრეთვე ქონდრისკაცა «ლიდერების» ჩამოსვლა მოსკოვიდან შევარდნაძესთან მოლაპარაკების გასამართად და ჯიხაშკარ-მოსკოვის პერმანენტული დიალოგი. სწორედ ზემოხსენებულმა ქონდრისკაცებმა და ქონდრისქალებმა შერყვნეს ზვიად გამსახურდიას ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი იდეა: რუსეთის იმპერიასთან დაპირისპირება და რუსეთისაგან გამიჯვნა. საინტერესოა, ექსპრეზიდენტის მეუღლე, მოსკოვში რომ ცხოვრობს, რა პირით უნდა გამოვიდეს 9 აპრილს მიტინგზე და ილაპარაკოს «იმპერიის დანაშაულის შესახებ?» როგორ შეიძლება ერთდროულად მოსკოვში ცხოვრობდე და სიმბოლოდ მიიჩნევდე დღეს, როცა სწორედ იმავე მოსკოვიდან გასცეს ბრძანება უდანაშაულო, უმწეო ადამიანთა ჩასახოცად. ეს ორი ცნება ერთმანეთს ვერ შეუთავსდება. მოსკოვში ცხოვრების ფაქტი უკვე თავისთავად გამართლებაა ყველაფერი იმისა, რაც მოსკოვმა (რუსეთმა) საქართველოს დამართა აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და თუნდაც თბილისში დეკემბერ-იანვრის მოვლენათა დროს. ამით შევარდნაძის ხელისუფლებამ სულ ადვილად მოახერხა იმგვარი განწყობის შექმნა, რომ განურჩევლად იმისა, რა და როგორ მოხდა ექვსი _ შვიდი წლის წინ, დღეს «ზვიადისტი» ლიდერები რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობენ და «იარაღს წარმოადგენენ რუსული სპეცსამსახურების ხელში».
    ამასობაში რუსეთის ტელევიზია მისთვის ჩვეული ოსტატობით მიანიშნებს, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებაა, მოსალოდნელია ახალი სამოქალაქო ომი, ამიტომ დასავლეთი ამ ქვეყანას არ უნდა ენდოს, არ უნდა განახორციელოს ინვესტიციები, საერთოდაც არ უნდა ჩაერიოს «რუსეთის საშინაო საქმეებში». ყოველ შემთხვევაში, მოსისხლე მტრებად ქცეული ტაჯიკები სწორედ მოსკოვში აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთის ეგიდითა და რუსეთის შუამავლობით. დაახლოებით ასეთივე სურათის შექმნა სურთ საქართველოშიც.
    მოლაპარაკებათა მთავარი ფიგურანტი მაინც რუსეთი იყო: მოსკოვში შედგა პირველი შეხვედრა, მოსკოვიდან ჩამოფრინდა ნემო ბურჭულაძე, შემდეგ ისევ მოსკოვში დაბრუნდა, მოსკოვისაკენ იმზირება ხელისუფლებაც. ზოგს «ნათესავი აღმოაჩნდა» რუსეთში, ზოგს და და, ზოგს ძმა. ერთი სიტყვით, გამარჯვებული ამ ამბებიდან უდავოდ რუსეთი გამოვიდა. მან დაადასტურა, რომ საქართველოში არც ერთი კონფლიქტი მისი მონაწილეობის გარეშე არ მოგვარდება. «აფხაზეთისა» და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, როცა თვითონ ქართველები ვერ პოულობენ მოსკოვის გარეშე ერთმანეთთან საერთო ენას.
    დაპირისპირებულმა მხარეებმა იმდენი მოახერხეს, რუსული სპეცსამსახურების გულის გასახარად მართლა წამოსწიეს წინ «მეგრული» თემა და რუსულმა მასმედიამაც (ეს უკანასკნელი ტრადიციულად ლუბიანკიდან იმართება), ბუნებრივია, ამ თემის ფრთხილი, ოსტატური, მიზანმიმართული და აქტიური დამუშავება დაიწყო.
    ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას ქვრივი გამონაკლისი არ არის. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის მკვლელობის შემდეგ მისი მეუღლე, ალა დუდაევა, რუსეთის სპეცსამსახურებმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ფაქტობრივად გაამართლებინეს ბორის ელცინის პოლიტიკა ჩეჩნეთში. ალა დუდაევამ 1996 წ. მოსკოვში ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: ბორის ნიკოლაევიჩი არაფერ შუაშია. ის, რაც ჩეჩნეთში ხდება, - სხვათა სინდისზეა, რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩენი ხალხისათვის მხოლოდ სიკეთე სურდა და ჩემი მეუღლეც ასე ფიქრობდაო. ჯერჯერობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლეს მსგავსი რამ არ უთქვამს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება კიდეც თქვას.
    პოზიცია-ოპოზიციამ კი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა კეთილსინდისიერად უნდა შეაფასოს, თორემ ისეთივე როლს შეასრულებს, როგორც 1991 წლის მიწურულს იმავე სპეცსამსახურების დაკვეთით შეასრულა.

მერიდიანი, 8 აპრილი, 1998 წ.