9 აპრილი და ქართული ეროვნული მოძრაობა

9 აპრილი და ქართული ეროვნული მოძრაობა

        9 აპრილის მთავარ ორგანიზატორს, ირაკლი წერეთელს ჟურნალისტმა ჰკითხა: «რატომ შეცვალეთ აფხაზეთთან დაკავშირებული ლოზუნგები, რომლითაც დაიწყო მიტინგი 4 აპრილს»?
        მართლაც, ყველას კარგად გვახსოვს, რომ მიტინგის მიმართულება 5-6 აპრილიდან რადიკალურად შეიცვალა. ირაკლი წერეთელმა ასე უპასუხა: «იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავდა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას...» შემდეგ, როგორც ჩანს, თვითონაც მიხვდა, რომ, რბილად თუ ვიტყვით, საკამათო დებულება წარმოთქვა და დაამატა: «...მაშინ ნიშნავდა...»
        კი მაგრამ, ეს როგორ - მაშინ ნიშნავდა და ახლა აღარ ნიშნავს?
        დღევანდელი გადასახედიდან ხომ მაინც ცხადია, რომ «ეროვნული მოძრაობის» ეს მთავარი თეზისი «დამოუკიდებლობა» იმთავითვე ნიშნავს ყველა სტრატეგიული პრობლემის გადაწყვეტას» - როგორც მოსალოდნელი იყო, მტკნარი სისულელე აღმოჩნდა. არადა, აფსუა და ოსმა სეპარატისტებმა «მოძრაობის» ამ ბრიყვული თეზისით შესანიშნავად ისარგებლეს; ისინი, რასაკვირველია, საქართველოსაგან გამიჯვნას მოითხოვდნენ ნებისმიერ შემთხვევაში - როგორი პოლიტიკაც არ უნდა გაეტარებინა საქართველოს ხელისუფლებას და ვინც უნდა ყოფილიყო ხელისუფალი, მაგრამ ჩვენივე მოქმედების შედეგად ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს მათი სეპარატიზმი იყო პასუხი ქართულ სეპარატიზმზე.
        საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობაზე, აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთ იდეოლოგს, ტარას შამბას მომზადებული ჰქონდა გამოსვლის ტექსტი, რომელშიც უარყოფდა «ბრალდებებს» 9 აპრილის მოვლენათა პროვოცირებაში ლიხნის ცნობილი შეკრების წვლილის თაობაზე (ლიხნში მიიღეს პეტიცია საქართველოდან გამოყოფის მოთხოვნით), მაგრამ რაკი ქართულ დელეგაციაში არავის ეყო ჭკუა და გამბედაობა საკითხი ასე დაესვა, ტარას შამბას ნაცვლად არძინბა გამოვიდა, რომელმაც მხოლოდ გაკვრით ახსენა კავშირი ლიხნის მოვლენებსა და 9 აპრილს შორის.
        ყოველივე ზემოთთქმული აუცილებლად უნდა ითქვას, რათა მკითხველს არ დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე თვალსაზრისით ვცდილობ «მოძრაობის» ლიდერთა გამართლებას. მათი არაკომპეტენტურობა, უვიცობა, არაინტელექტუალობა, პოლიტიკური უმწიფრობა მართლაც ძალიან ძვირად დაუჯდა საქართველოს.
        ტაქტიკურ საკითხებში (ხაზს ვუსვამ: ტაქტიკურ საკითხებში) მათ უამრავი უმძიმესი შეცდომა დაუშვეს; 9 აპრილიც უდიდესი ტაქტიკური შეცდომა იყო, მაგრამ ზემოთქმულის შემდეგ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ უდიდესი დემაგოგიაა, თითქოს საქართველო შეძლებდა აფხაზეთისა და შიდა ქართლის შენარჩუნებას, ამ რეგიონებში კონფლიქტების თავიდან აცილებას იმ შემთხვევაში, თუ არ მოითხოვდა დამოუკიდებლობას, არ გამოფენდა ანტირუსულ ლოზუნგებს, არ გააღიზიანებდა რუსეთს და ასე შემდეგ.
        არ დაიჯეროთ, ეს არის დემაგოგია და ტყუილი!
        როგორც არ უნდა მოქცეულიყო საქართველო 80-იანი წლების მიწურულს, ვინც უნდა ყოფილიყო «რესპუბლიკის» ხელმძღვანელი ან ვინც უნდა აგვერჩია, რამდენად ლოიალური პოლიტიკაც უნდა გაეტარებინა მას კრემლის მიმართ, - საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოსათვის დამანგრეველი, აფსუა და ოს სეპარატისტთა ხელშემწყობი პროცესების განვითარება იყო აბსოლუტურად გარდაუვალი.
        კარგად გავიხსენოთ, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში 1988 წლიდან - დაიწყო ანტისტალინური ისტერია, რომელსაც ხშირად ანტიქართული ელფერი დაჰკრავდა. «სტალინმა შეუქმნა ქართველებს პატარა იმპერია» - ეს თეზისი არამზადა ანდრია სახაროვს რომც არ ეთქვა, - იგი ისედაც იგულისხმებოდა, ისედაც «ჰაერში ტრიალებდა» და თავისთავად გამომდინარეობდა ანტისტალინური პროპაგანდის თეზისებიდან, რითაც უეჭველად ბრწყინვალედ ისარგებლებდნენ სეპარატისტები იმ შემთხვევაში თუ საქართველო სხვა ტაქტიკას აირჩევდა და კრემლისადმი «ლოიალურობით» შეეცდებოდა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.
        მკითხველს შევახსენებ, რომ 1986-1987 წლებში ანუ მანამდე, სანამ თბილისში პირველი გამოსვლები დაიწყებოდა, ვლადისლავ არძინბა და სერგეი შამბა ბალტიისპირელ «დემოკრატებთან», აგრეთვე, იმავე ანდრეი სახაროვთან ამყარებდნენ კონტაქტებს; ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის, აგრეთვე, მოსკოვის ნახევრადლეგალურ გამოცემებში ხშირად იბეჭდებოდა მათი წერილები, რომლითაც ისინი არწმუნებდნენ «დემოკრატიულ წრეებს», რომ აფხაზი ხალხი სწორედ სტალინური (კომუნისტური) რეპრესიების მსხვერპლი გახდა, რომ სამართლიანობის აღსადგენად აფხაზეთში დემოკრატიის ზეიმია აუცილებელი, ხოლო დემოკრატია საქართველოდან გამოყოფას ნიშნავს.
        ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა და გაძლიერდებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში საერთოდ არ დაიწყებოდა რაიმე ანტიკომუნისტური, ანტირუსული მოძრაობა, ხოლო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ვთქვათ ჯუმბერ პატიაშვილს ავირჩევდით. მთლიანობაში, სეპარატისტები შექმნიდნენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ «ქართველები კომუნისტური იდეებისადმი ერთგულებით, - კომუნისტი სტალინის მიერ მათთვის შექმნილი პატარა იმპერიის შენარჩუნებას ცდილობენ».
        მაგრამ, რაკი საქართველო სხვა გზით წავიდა, რაკი ანტიკომუნისტური ლოზუნგები გამოჩნდა «ანტისაბჭოთა მიტინგებზე», სეპარატისტებმა ტაქტიკა შეცვალეს. ისინი უკვე თვითონ გახდნენ გულმხურვალე «ლენინელები» და საბჭოთა ხალხთა ძმურ ოჯახში დარჩენით (მაშინ, როცა საქართველო ამ «ოჯახიდან» გასვლას აპირებდა) გადაწყვიტეს საქართველოსაგან გამიჯვნა.
        ორივე შემთხვევაში, იდეოლოგია და არგუმენტაცია არძინბასთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტაქტიკური ხერხი იყო. პირობითად რომ ვთქვათ, თუ საქართველო «კომუნისტური» იქნებოდა, არძინბა «დემოკრატთა» პოზიციებიდან დაგვიპირისპირდებოდა, მაგრამ რაკი «ანტიკომუნიზმმა» იმარჯვა საქართველოში - იგი გულმხურვალე ლენინელი გახდა.
        მით უმეტეს, რომ «დემოკრატიზაცია» საბჭოთა კავშირში უეჭველად ნიშნავდა იოსებ სტალინის მიერ იმპერიის განსამტკიცებლად შექმნილი სისტემების დაშლას. ერთ-ერთი ასეთი სისტემა იყო ფსევდო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა ანუ ეგრეთ წოდებულ «საბჭოთა ავტონომიათა» და «მოკავშირე რესპუბლიკათა» რანგირება.
        იოსებ სტალინმა დააფუძნა ოთხი დონის ავტონომია - «ეროვნული ოკრუგი», «ეროვნული ოლქი» (ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი), «ავტონომიური რესპუბლიკა» და «მოკავშირე რესპუბლიკა».
        ამგვარი რანგირება აუცილებელი იყო იმპერიულ სახელმწიფოში ეროვნულ ელიტათა ინტერესთა ბალანსის დასაცავად. მაგრამ «პერესტროიკის» დაწყებისთანავე, ავტონომიათა ელიტებმა, რომლებსაც ამგვარი ბალანსი იმთავითვე უსამართლოდ მიაჩნდათ, დაიწყეს ბრძოლა «გათანაბრებისათვის» - ერთა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.
        ამ მოძრაობას «ტრიუმფალური» წარმატება ჰქონდა და სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც «დემოკრატია ზეიმობდა» საბჭოთა კავშირის სივრცეზე, ხოლო გორბაჩოვმა და ლუკიანოვმა მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა» გათანაბრების პროცესი ერთიანი სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის ხელსაყრელად ჩათვალეს ანუ მხარიც დაუჭირეს.
        მიხეილ გორბაჩოვმა შექმნა ეგრეთ წოდებული «ფედერაციის საბჭო», რომელშიც ავტონომიათა და მოკავშირე რესპუბლიკათა ხელმძღვანელებს უკვე თანაბარი უფლებები ჰქონდათ, ხოლო ლუკიანოვის «სსრკ უმაღლესმა საბჭომ» მიიღო სათანადო კანონმდებლობა («თანასწორობის გათვალისწინებით»), რომელიც შემდგომ უნდა ასახულიყო სსრკ ახალ კონსტიტუციაში და ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში.
        ეს იყო საქართველოსთვის საბედისწერო პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოთხ ნაწილად დანაწევრებას გულისხმობდა თვით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც კი.
        თანაც,  პროცესი განვითარდებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უნდა მოქცეულიყო საქართველო - სულაც რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი, საერთოდაც რომ არ გამოგვეტანა ანტირუსული ლოზუნგები, რომც დავთანხმებულიყავით სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ასე შემდეგ.
        ვიმეორებ: თუ საქართველო საპროტესტოდ კრინტის დაძვრას გაბედავდა, უმალვე ბრალად დაგვდებდნენ: ქართველები იოსებ ჯუღაშვილის მიერ მათთვის შექმნილი «პატარა იმპერიის» შენარჩუნებას ცდილობენ, თორემ აბა რუსები რატომ არ არიან «გათანაბრების წინააღმდეგნი»?
        არადა, რუსისათვის რა განსხვავება იყო, ვთქვათ, ყალმუხეთი ან თათარსტანი მოსკოვს დაექვემდებარებოდა როგორც «რსფსრ»-ის თუ როგორც სსრკ-ს დედაქალაქს? განა საბჭოთა კავშირი იგივე «დიდი რუსეთი» არ იყო?
        შეგახსენებთ, რომ სსრკ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს წარმომადგენელმა დეპუტატმა, ვალიკო ადვაძემ მაინც გაბედა «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების» გათანაბრების წინააღმდეგ საპროტესტოდ ხმის ამოღება, მაგრამ ყალმუხმა პოეტმა დავით კუგულტდინოვმა უმალვე «ხმა ჩააკმენდინა» არგუმენტით: თქვენ, ქართველებს ეჭვი გეპარებათ ალბათ, რომ თვითონ გაქვთ უფლება იყოთ მეთხუთმეტე მოკავშირე რესპუბლიკა, თორემ აბა რატომ გეშინიათ ასე «გათანაბრებისა?» - თქვენ პატარა იმპერია სტალინმა შეგიქმნათ და სრულიად შემთხვევითია, რომ საქართველო «მოკავშირე რესპუბლიკა» გახდა, ხოლო ვთქვათ თათარსტანი, რომელიც საქართველოს არც ტერიტორიით, არც მოსახლეობის რაოდენობით და მით უმეტეს, არც ეკონომიკური პოტენციალით არ ჩამოუვარდებოდა - მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა».
        იმთავითვე ცხადია, რომ ერთადერთი საშუალება ამ დამანგრეველი პროცესისაგან თავის დაცვისა, - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნა იყო - იმავე საბჭოთა კონსტიტუციისა და «ძველი სამოკავშირეო ხელშეკრულების» საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სცნობდნენ «მოკავშირე რესპუბლიკათა მთლიანობას». სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა, მაგრამ ამას ვერაფრით შეაგნებინებ იმ ხალხს, ვისაც ერთხელ და სამუდამოდ დაუჟინია: «აი, ჩვენ რომ დამოუკიდებლობა არ მოგვეთხოვა, ჩვენ რომ რუსეთი არ გაგვეღიზიანებინა - საქართველო ახლაც მთლიანი რესპუბლიკა იქნებოდა განახლებული კავშირის შემადგენლობაში».
        ამრიგად, დამოუკიდებლობის მოთხოვნა იყო ხსნის ერთადერთი შანსი. სხვა საქმეა, რომ ამ მოძრაობას სათავეში უნდა ჩადგომოდა ერის ელიტა (ჩაუდგებოდა კიდეც, რომ დასცლოდა პროცესებში გარკვევა) და არა უმწიფარი და უტვინო ბიჭ-ბუჭების ხროვა, რომელსაც ორი წიგნი არ ჰქონდათ წაკითხული და თავს «პოლიტიკოსობაზე» დებდნენ.
        9 აპრილმა ამ თვალსაზრისით უაღრესად ნეგატიური როლი შეასრულა, ვინაიდან 9 აპრილის შემდეგ საერთოდ შეუძლებელი გახდა საქართველოში ნებისმიერი გააზრებული პოლიტიკის გატარება. 9 აპრილის ტრაგედიამ განაპირობა ხელისუფლებაში სრულიად გამოუცდელი, არაკომპეტენტური, უმეცარი, მხოლოდ ემოციებს (და არა საღ აზრს) აყოლილი ხალხის მოსვლა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რომლის გულწრფელობა სრულებითაც ვერ ამართლებს მისსავე არაკომპეტენტურობას და ამ არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე უმძიმეს, საბედისწერო შეცდომებს ყველა მიმართულებით, - დაწყებული ბრიყვული საკადრო გადაწყვეტილებით, დამთავრებული ოდიოზური ინტერვიუებით.
        9 აპრილს, ისევ და ისევ, ქართველი ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობაც გამოვლინდა, ვინაიდან გადაჭარბებული უნდობლობა და იჭვნეულობა საკუთარი ელიტის მიმართ სწორედაც ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობის გამოვლინებაა.
        წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი.: ერევანში, თეატრალურ მოედანზე მიმდინარეობს მრავალრიცხოვანი (თუნდაც ასიათასიანი) მიტინგი, რომელსაც დარბევა ემუქრება. მიტინგზე მივიდა სომეხთა კათალიკოსი (არა აქვს მნიშვნელობა ვაზგენი თუ გარეგინი) და მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდა.
        გარწმუნებთ, კათალიკოსი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივიდოდა, მაგრამ თუ აუცილებლად ჩათვლიდა და მოუწოდებდა ხალხს დაშლისაკენ - ასი ათასი სომეხი, «როგორც ერთი კაცი» (ბიბლ) შეტრიალდეობდა და ჩუმად დატოვებდა მოედანს.
        სომხები (ჩვენგან განსხვავებით) სახელმწიფოებრივად კულტურული ერია! აი, თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის! ზოგიერთი იწყებს  მტკიცებას - «ეს იმიტომ, რომ სომეხთა კათალიკოსი არაკორუფცირებულია. ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი კი...» ასეთ იდიოტებს რა უნდა ელაპარაკო? სწორედ ამ იდიოტებმა ჩაიგდეს ხელში ფაქტობრივი ძალაუფლება - უმალვე, 9 აპრილის შემდეგ. არ არის გამორიცხული თავიდანვე სწორედ ეს განზრახვა ჰქონოდათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თვითონ ერს მეტი ჭკუა უნდა გააჩნდეს და მეტი (ვიმეორებ) სახელმწიფოებრივი, იგივე პოლიტიკური კულტურა.
        9 აპრილი არის საწყისი ჩვენი უბედურებისა, ვინაიდან 9 აპრილმა აღარ მისცა საშუალება ერის კომპეტენტურ ნაწილს (ელიტას) გაეტარებინა გააზრებული პოლიტიკა - პოლიტიკური ტექნოლოგიიისა და შესაბამისი ხერხების გამოყენებით. პოლიტიკა ტექნოლოგიის გარეშე პოლიტიკა არ არის, თუნდაც იგი საბოლოოდ, სტრატეგიულად სწორ მიზანს ისახავდეს.
        სტრატეგიული თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორი მიზანი იყო სწრაფვა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ. ემოციებშიც არ არის საქმე. საქართველოს დამოუკიდებლობა გახლდათ ერთადერთი საშუალება «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» მზაკვრული გეგმისაგან თავის დაცვისა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა, მაგრამ ეს სწორი, მიზანშეწონილი პოლიტიკა უნდა განხორციელებულიყო კომპეტენტურად, პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვით და არა ისე ბრიყვულად, როგორც მას «მოძრაობა» ახორციელებდა.
        დავაკვირდეთ, - იმავდროულად როგორ მოქმედებდნენ აფსუა და ოსი სეპარატისტები, - მაშინ, როდესაც ქართველებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს ერთადერთი კომპეტენტური ძალა, ვისაც შეეძლო მიზანშეწონილი და გააზრებული პოლიტიკის გატარება (ვგულისხმობ ისტებლიშმენტს და არა კომუნისტურ ელიტას მხოლოდ) – ამ დროს აფხაზეთშიც და «სამხრეთ ოსეთშიც» ხელისუფლებას ინარჩუნებდა აფსუათა და ოსთა ელიტა, რომელსაც მიზანსწრაფულად, ჭკვიანურად, პოლიტიკის კანონებისა და ტექნოლოგიის დაცვით მიჰყავდა თავიანთი ერები საბოლოო სტრატეგიული მიზნის, - საქართველოდან გამოყოფისაკენ.
        აფსუა და ოს სეპარატისტებს 1988-1991 წლებში, ანუ მაშინ, როდესაც საქართველოში შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით. არც ერთი ტაქტიკური შეცდომა არ დაუშვიათ. პირიქით, ჩვენს თითოეულ შეცდომას მაქსიმალურად იყენებდნენ. საბოლოოდ კი ტრიუმფალურად გამოიყენეს საქართველოში აგიზგიზებული სამოქალაქო ომი, რომელიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - სწორედ 9 აპრილის უშუალო შედეგია.
        რომ არა 9 აპრილი - საქართველოში სამოქალაქო ომი არ იქნებოდა!
        ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, - ხომ არ იყო კრემლის მიზანი, საშინელი სისასტიკით მოეხდინა უმართავი პროცესების პროვოცირება საქართველოში, მიეღწია იმ სოციალური ფენის დისკრედიტაციისათვის, რომელსაც (ერთადერთს) ძალუძდა მიზანშეწონილი პოლიტიკის გატარება პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვით?
        «9 აპრილის გმირები» ამას რომ ვერ შეძლებდნენ – იმთავითვე ცხადი იყო. რაც უფრო მეტი დრო გადის - ეჭვი მით უფრო ძლიერდება.
        რასაკვირველია, იმპერია დაინტერესებული იყო საქართველოს ხელისუფლებაში არაკომპეტენტური ხალხი მოეყვანა, მაგრამ ტყუილად ცდილობს ახლა ზოგიერთი «გვიან დაბრძენებული პოლიტიკანი» ყველაფერი მხოლოდ ზვიად გამსახურდიას და ირაკლი წერეთელს დააბრალოს;
        ეს შეფასება ეხება უკლებლივ ყველას, ვინც ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბრის ცნობილი აქციიდან ავითარებდა ძირშივე მცდარ, საქართველოს დამღუპველ თეზისს იმის თაობაზე, თითქოს მოსახლეობას ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა «საბჭოური სტრუქტურებისთვის» და არ უნდა ეცადა თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელება ამ სტრუქტურათა გამოყენებით, ვინაიდან «ამას აზრი არ ჰქონდა».
        თუ «აზრი არ ექნებოდა» - მაშინ ლიტველებსა და ესტონელებს ვერავინ დაასწრებდა ბოიკოტის გამოცხადებას ან ეგრეთ წოდებული «კონგრესის» არჩევას საყოველთაო სახალხო არჩევნებით. აფსუა და ოსმა სეპარატისტებმაც ბრწყინვალედ, გენიალურად გამოიყენეს რეალურად არსებული «საბჭოთა სტრუქტურები» თავიანთი მიზნებისთვის.
        ასე რომ, ტყუილად ცდილობენ ახლა «ჭკვიანურ პოზაში» ჩადგომას - აქაოდა «არ უნდა მოსულიყო ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში».
        ამაში გულისხმობენ, რომ ფაქტობრივი ძალაუფლება მათ უნდა ჰქონოდათ ეგრეთ წოდებულ «კონგრესში», ხოლო ნებისმიერი შემადგენლობის უმაღლეს საბჭოს სულ ადვილად «დაჩაგრავდნენ» - მათ მიერვე შექმნილი «მხედრიონის» მეშვოებით; ზვიად გამსახურდიას არჩევნებში ჩაბმაც სწორედ იმიტომ აღიქვეს ასე მწვავედ, რომ მას ადვილად ვერ დაასხდებოდნენ თავზე.
        სინამდვილეში, ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მივიდა 9 აპრილის შედეგად, ისევე, როგორც სწორედ 9 აპრილის შედეგად მოიპოვეს ფაქტობრივი ძალაუფლება ეგრეთ წოდებულ «კონგრესში» გაერთიანებულმა «მოძრაობის» სხვა ლიდერებმა.
        მოვლენათა ნორმალური, მიზანშეწონილი განვითარებისათვის კი აუცილებელი იყო 9 აპრილის თავიდან აცილება და 1989 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება, რის შედეგად ხელისუფლების სათავეში შედარებით კომპეტენტური ხალხი აღმოჩნდებოდა.
        არა აქვს მნიშვნელობა «კომუნისტი» თუ «არაკომუნისტი», - განა ლატვიასა და ესტონეთში 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობას კომუნისტები არ ხელმძღვანელობდნენ?
        ლატვიის ეროვნული გმირი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გორბუნოვი (ეროვნებით ლატიში), მანამდე კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი იყო, ხოლო ესტონეთის «სახალხო ფრონტის» შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება ესტონეთის კომპარტიის ცკ-ს პლენუმზე მიიღეს.
        ჩვენი «მოძრაობის» ლიდერებს ეს ყოველივე სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. მათ ძალიან ეშინოდათ «ლეგალური არჩევნებისა», ძალიან ეშინოდათ, რომ 1989 წელს საქართველოში ჩატარდებოდა უმაღლესი საბჭოს ნორმალური არჩევნები და ვეღარ მოიპოვებდნენ არაფორმალურ ძალაუფლებას, ვეღარ აირჩევდნენ ეგრეთ წოდებულ «კონგრესს» და თვითონაც ვეღარ მოხვდებოდნენ იმ «უზენაეს საბჭოში».
        აი, ამისთვის სჭირდებოდათ 9 აპრილი! ამისთვისვე სჭირდებოდა 9 აპრილი იმპერიას, რომელსაც ამ გზით სურდა არაკომპეტენტური ხალხისთვის ჩაეგდო ხელში პროცესთა მართვის სადავეები;
        ანუ, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, 9 აპრილს კრემლისა და «მოძრაობის» ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. შედეგად კი (საზარელია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია), 9 აპრილს დაღუპულმა გმირებმა, რომელთა სულისკვეთება აბსოლუტურად სუფთა და შეურყვნელი იყო, თავიანთი მოწამეობრივი სისხლით ქვეყანა კი ვერ გადაარჩინეს, არამედ პირიქით, - დამანგრეველ პროცესებს მისცეს დასაბამი და უფსკრულში გადაჩეხეს!
        განა შეიძლება რაიმე იყოს იმაზე საშინელი? როდესაც ასეთი რამ ხდება, როდესაც გმირობას აზრი ეკარგება და საპირისპირო შედეგი მოაქვს - ყოველთვის პოლიტიკოსები არიან დამნაშავე. აგრეთვე დამნაშავეა ერი, რომელსაც არ ეყო სახელმწიფოებრივი კულტურა მათ არ გაჰყოლოდა და მათი რეალური შესაძლებლობები, ინტელექტი და უნარი სწორად შეეფასებინა.
        არადა, თითქოს განა ეს ასეთი ძნელი იყო? განა იმთავითვე არ ეტყობოდათ, რა ჭკუის, უნარისა და ინტელექტის მატარებელნი იყვნენ?
        «ეროვნულმა მოძრაობამ» საქართველოში ქართველი ერის უმძიმესი მანკი გამოავლინა და მისი არცთუ ძალიან უხვი (როგორც შემდგომ აღმოჩნდა) ეროვნული ენერგიის მეტისმეტად უყაირათოდ ხარჯვა გამოიწვია.
        დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი იქნება ისტორიის განაჩენი ამ «მოძრაობის» მიმართ.

დილის გაზეთი, 13 აპრილი, 1999 წელი