28 ოქტომბრის არჩევნები

28 ოქტომბრის არჩევნები - ეროვნული მოძრაობა

28 ოქტომბრის არჩევნები

1990 წლის ზაფხულში ქვეყანა უკვე მოახლოებული არჩევნებით ცხოვრობდა. თუმცა, ეს უფრო პოლიტიკურად აქტიურ სოციუმს ეხება და არა მთელს მოსახლეობას. არჩევნების მოახლოებამ ოდნავ თუ გამოაცოცხლა საზოგადოების უდიდესი ნაწილი აპათიისაგან. ყველაზე მეტად იმ პერიოდში «მრგვალი მაგიდა» აქტიურობდა. სწორედ მან აიძულა გუმბარიძის უმაღლესი საბჭო მიეღო კანონი «არჩევნების შესახებ».
    «201 თუ 250» - ძირითადად ამის თაობაზე მიმდინარეობდა კამათი ანუ მომავალ უზენაეს საბჭოში 201 დეპუტატი უნდა ყოფილიყო თუ ორასორმოცდაათი. ზვიად გამსახურდია რაოდენობის შემცირებას მოითხოვდა. ხელისუფლება უმწეოდ ებღაუჭებოდა რაღაც ქიმერულ პრინციპებს.
    «მრგვალი მაგიდის» სპიკერს დაპირისპირება საკუთარი აქტივობის ფიქსირებისათვის სჭირდებოდა, თორემ გადამწყვეტი მნიშვნელობა დეპუტატთა რაოდენობას ნამდვილად არ ჰქონდა. უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო თვით არჩევის წესი: პროპორციული იქნებოდა არჩევნები თუ მაჟორიტარული. ხანგრძლივი კამათის შემდეგ შერეულ სისტემაზე შეთანხმდნენ.
    ამ დისკუსიაში აფხაზები და ოსები საერთოდ არ მონაწილეობდნენ. იმავდროულად, ნიშანდობლივია, რომ აჭარის დეპუტაციამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი გუმბარიძის ხელისუფლების პოზიციას.
    უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მინისტრთა საბჭოს თავჯდომარემ, ნოდარ ჭითანავამ, მოულოდნელი თემა შემოაგდო: «მიტინგებზე ხელისუფლებას ლანძღავენ. . . გაისმის ბრალდებები ჩემი მეგრული წარმოშობის შესახებ.» ამ თემამ მაშინ პირველად გაიჟღერა პოლიტიკურ კონტექსტში, რასაც არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. არადა უნდა მოჰყოლოდა - თუ საზოგადოებას ელემენტარული განსჯის უნარი გააჩნდა.
    გუმბარიძის ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის «მრგვალმა მაგიდამ» სამტრედიაში სარკინიგზო ხაზი გადაკეტა. კავკასიისათვის ეს უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი იყო. მატარებლები გაჩერდნენ თბილისიდან-როსტოვამდე. სომხეთი მთლიანად ბლოკირებული აღმოჩნდა. ამ დროს გორბაჩოვს უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ «ექსტრემისტების წინააღმდეგ» რადიკალურ ზომებს მიიღებდა. ამიტომ «სამტრედიის აქციამ» დიდი შიშიანობა გამოიწვია, - ვაითუ ძალის გამოყენებას აპირებენო. ამდენად, ზვიად გამსახურდიას უკვე არა მხოლოდ ხელისუფლება ლანძღავდა, არამედ, კიდევ უფრო მეტად, სხვა პარტიებიც.
    «საკავშირო ტელევიზიამ» ნამდვილი ისტერია წამოიწყო. პროგრამა «Время» ყოველდღიურად აშუქებდა სამტრედიის აქციის მიმდინარეობას. შესაბამისად, საქართველოში იმატა, სხვადასხვა მხრიდან, ზვიად გამსახურდიას «კრიტიკამ». აღსანიშნავია, რომ თვით საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებას ცენტრალური ტელევიზია არაფერს ეკითხებოდა. ამიტომ, როდესაც ბოლოს და ბოლოს, გუმბარიძისგანაც ითხოვეს ინტერვიუ, ამ უკანასკნელმა საყვედურით განაცხადა: «Я очень рад, что програма Время наконец то заинтересовалась мнением руководства республики об этих событиях». მაგრამ თვით პასუხი სამტრედიის მოვლენათა შესახებ ერთობ უსუსური იყო. გივი გუმბარიძე (მას იმ დროს მეტსახელად უკვე «მამადუს» უწოდებდნენ), ცდილობდა, არ გაემწვავებინა ურთიერთობა ეროვნულ მოძრაობასთან, თუმცა, მისი (მამადუს) უმწეობა და უმაქნისობა, აგრეთვე კომუნისტური ხელისუფლების სრული დამბლა თვალნათელი იყო.
    ზვიად გამსახურდიასა და «მრგვალი მაგიდის» აქტიურობის ფონზე მრავალპარტიული არჩევნების მომხრე «დემოკრატიულ» ჯუჯა-პარტიათა იმდროინდელი ფაცი-ფუცი ტაკიმასხარაობას ჰგავდა. ისინი საკუთარ წვენში იხარშებოდნენ - თითქოს არჩევნებში მხოლოდ ამ წრეს უნდა მიეღო მონაწილეობა და დეპუტატობაც უკვე გარანტირებული ჰქონდათ.
    ამ მომენტს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი: 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები რატომღაც ვერ ხვდებოდნენ, რომ არათუ განაღდებული არ ჰქონდათ დეპუტატობა, არამედ მოსახლეობის 90-მა პროცენტმა მათი არსებობაც კი არ იცოდა.
    სანამ ზვიად გამსახურდია, გაბედული და უმოწყალოდ რაციონალური მოქმედებით (იგივე სამტრედიის აქცია და სხვა) აფიქსირებდა თავის პოზიციას მოსახლეობის თვალში და კომუნისტების ერთადერთი ალტერნატივის იმიჯს იძენდა, - სხვები გადაჰყვნენ «ნომრების განაწილებას» საარჩევნო სიებში, უსაგნო და უტვინო «კონცეპტუალურ დისკუსიებს», ინტრიგებს, დაპირისპირებას და ა.შ.
    სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიამ თითქმის ყველა მათგანს შესთავაზა ერთ ბლოკში გაერთიანება (ეს ძალზე საინტერესო ფაქტია), მაგრამ უარი მიიღო. არ დაიჯეროთ, თითქოს უარის მიზეზი რაიმე «მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა» იყო. სინამდვილეში, «დემოკრატიულ პარტიებს» ზვიად გამსახურდიას ამბიციები მაშინ იმდენად არათუ აღიზიანებდათ, რამდენადაც არასერიოზულად მიაჩნდათ - დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ გამარჯვებაში: «მაგის დახმარება რაში გვჭირდება, - მაგას ხმას ვინ მისცემსო».
    კომუნისტებისა და «მრგვალი მაგიდის» გარდა არჩევნებში «გამარჯვებისათვის ემზადებოდნენ»: ბლოკი «დემოკრატიული საქართველო» («ილია ჭავჭავაძის საზოგადოება», «ივანე ჯავახიშვილის საზოგადოება», «თავისუფალ დემოკრატთა კავშირი», ელდარ შენგელაია, ნიკო ჭავჭავაძე, ივლიანე ხაინდრავა, გოგა ხაინდრავა და სხვები); ბლოკი «თავისუფლება» (ირაკლი შენგელაია, «ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია», მიხო ნანეიშვილი, ლანა ღოღობერიძე და ა. შ.); აგრეთვე უამრავი წვრილ-წვრილი პარტია, დაჯგუფება, გაერთიანება კავშირი, ასოციაცია. . . .
    ერთ-ერთ შეხვედრაზე აკაკი ბაქრაძეს ეკითხებიან: ვის მისცემთ ხმას მომავალ არჩევნებში? პასუხი: «მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველოს!» როგორც ჩვენში იტყვიან, «გადასარევი პასუხია!» - დალოცვილო, თუ «მრგვალ მაგიდას» აძლევ ხმას, მაშინ თავად რატომღა იყრი კენჭს სხვა პარტიის სიით - მით უმეტეს, როდესაც ამ პარტიის თავჯდომარე ხარ?
    თუმცა, კაკი ბაქრაძემ ორიგინალურ ხერხს მიაგნო და «რუსთაველის საზოგადოების» საარჩევნო სიაში ორმოცდამეთვრამეტე თუ სამოცდამეჩვიდმეტე ნომრად ჩაეწერა. ყველაზე «ჭკვიანურ» მდგომარეობაში ამის შემდეგ «რუსთაველის საზოგადოების» ის წევრები აღმოჩნდნენ, სიის პირველ ოცეულში რომ იყვნენ და გამარჯვების იმედი ჰქონდათ.
    ამასობაში, ვალიკო ადვაძემ შექმნა «ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი», ეს იყო «ელიტარული ინტელიგენციის» გაერთიანების დაგვიანებული ცდა. თავად ადვაძემ საპროგრამო სიტყვაში განაცხადა, რომ «უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის უმთავრესი მიზეზია ერთპარტიული სისტემა».

    ზოგადად, ქართული ელიტის უდიდესი შეცდომა (გამომდინარე მისი უნიათობიდან) ის გახლდათ, რომ იგი დაქუცმაცდა არჩევნების წინ და ვერ შეძლო ერთიანი ბლოკით გამოსვლა ამ არჩევნებზე. ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი, პოლიტიკური სპექტრის მეტისმეტი დაქუცმაცება კრიზისული ტენდენციის მაჩვენებელია ყოველთვის. როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში სულ ორი - სამი პარტია ცვლის ერთმანეთს ხელისუფლებაში. საქართველოში კი, რომელსაც ფუნდამენტური პრობლემები ჰქონდა გადასაწყვეტი, ათეულობით პარტია მონაწილეობდა არჩევნებში. თანაც, თითოეული მათგანის წევრთათვის რომ გეკითხათ, აბსოლუტურად იდენტური მიზნები ჰქონდათ.
    ისევ და ისევ შევადაროთ ეს ვითარება იმას, რაც ხდებოდა (ვთქვათ) ლიტვაში, სადაც ერთადერთი «სოიუდისი» იყო, რომელიც აერთიანებდა ყველას და ყველაფერს (მათ შორის რეფორმისტულად განწყობილ კომუნისტებსაც!).
    მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფუნდამენტური პრობლემა (ძირითადი ეროვნული ინტერესი) გადაწყდა, ანუ ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, - დაიწყეს ლიტველებმა დაყოფა სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრამების მიხედვით, რათა ჩამოყალიბებულიყო ნორმალური პოლიტიკური სპექტრი.
    რასაკვირველია, იგი აუცილებელია დემოკრატიისათვის, მაგრამ მხოლოდ თვით დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დაფუძნების შემდეგ - მისი სიღრმისეული და სისტემური განვითარების მიზნით.

    მთელს ამ აურზაურს «კონგრესი» და «მხედრიონი» ყურადღებას არ აქცევდნენ.
    ირაკლი წერეთლის ტიტანური ძალისხმევით, მზადდებოდა «კონგრესის» ლეგიტიმაცია, ანუ არჩევნები: «ეროვნული ფორუმი» საბოლოოდ უნდა ტრანსფორმირებულიყო «ეროვნულ კონგრესად». წერეთელი და ჭანტურია უკვე მაშინ გრძნობდნენ, რომ მათი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე «მრგვალი მაგიდა» და გამსახურდია იქნებოდნენ. სხვა «დემოკრატიულ» პარტიათა ტაკიმასხარული აქტიურობა სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ.
    დაიწყო უშუალო ფიზიკური დაპირისპირებაც: ვაჟა ადამია «მხედრიონელებმა» ძალით წაიყვანეს რესტორნიდან და ჰაერში სროლა-სროლით ჯაბა იოსელიანს მიჰგვარეს. თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.
    ბუნებრივია, იმავე ღამით «ავტომატებით შეიარაღებული უცნობი პირები» შეიჭრენ ედპ-ს შტაბ-ბინაში რუსთაველის გამზირზე და დაარბიეს იგი. იქ მყოფ «ედეპეშნიკებს» თავში კონდახები ურტყეს. ერთ-ერთი მათგანი ყვება: «მეუბნება-დაიჩოქეო. მე ვეუბნები, არა, არ დავიჩოქებ მეთქი». მთელი ეს მარაზმი ფართოდ შუქდებოდა საქართველოს ტელევიზიით, სადაც გახლეჩისა და დაპირისპირების პირველი ნიშნებიც გაჩნდა.
    დაცხრილეს ვალიკო ადვაძის ბინა. ალბათ «ყოველი შემთხვევისათვის», ვინაიდან არჩევნების შედეგის პროგნოზირება მაშინ ძნელი იყო. შეიძლება ზვიადს ვერც გაემარჯვა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ამას ვერავინ ივარაუდებდა მაშინდელ «მოღვაწეთაგან».
    ფილარმონიაში იკრიბება «ელიტარულ-დემოკრატიული აქტივი». იმართება უსაგნო და უმიზნო ისტერია უკვე სულელური ლოზუნგით: «გავერთიანდეთ». მაგრამ გვიან არის.
    ჯანსურ ჩარკვიანი: «ისინი ამბობენ რომ. . . . ხოლო ესენი ამბობენ რომ. . . .»
    გია ჭანტურია: «მე ვებრძვი არა ზვიად გამსახურდიას (მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია) არამედ იმ პოლიტიკურ ხაზს, რომელსაც იგი ატარებს საქართველოში»

    შეიძლება ითქვას, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ქვეყანა მივიდა სრული ქაოსის, განუკითხაობის, დაბნეულობის ატმოსფეროში. ამდენად, არც ის ერთმნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს, რომელიც ხალხმა გააკეთა. საზოგადოებრივი ცნობიერება ყოველთვის ისწრაფის სიცხადისა და განსაზღვრულობისაკენ. ე.წ. «დემოკრატიულ ძალთა» უტვინობის, კრიმინალებთან მათი აშკარა ალიანსის წყალობით, ყალიბდებოდა ალტერნატივა: «კომუნისტები ან გამსახურდია». ზვიად გამსახურდია გახდა იმ იდეის განსახიერება, რომელიც, თავის მხრივ, უკვე დომინანტად იქცა. ამდენად, მისი გამარჯვება გარდაუვალი იყო.
    მაგრამ მანამდე (30 სექტემბერს) გაიმართა «კონგრესის არჩევნები». თუმცა, რეალურად ეს, რასაკვირველია, «საყოველთაო არჩევნები» არ ყოფილა. მათში სულ რამოდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, კონგრესი «საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველად» გამოცხადდა. ირაკლი წერეთლის პარტიამ მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ. საზეიმო ცერემონიალი «პიონერთა» («მოსწავლე ახალგაზრდობის») სასახლეში შედგა.
    27 ოქტომბერს (უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე) რუსთაველის გამზირზე დღემდე იდუმალებით მოცული ინციდენტი მოხდა. «კონგრესის» სხდომის შემდეგ კონგრესმენები ქუჩაში გამოვიდნენ. გია ჭანტურია რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გზის სავალ ნაწილთან გაჩერდა. მოულოდნელად გაისმა გასროლის ხმა. ჭანტურიამ მკლავზე იტაცა ხელი. იგი სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფოსკენ გააქანეს. ტელეინტერვიუში მან განაცხადა, რომ უარს ამბობს მილიციისათვის ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან «საბჭოურ გამოძიებასთან» თანამშრომლობა მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
    იმავე საღამოს ტელევიზიით გამოვიდნენ ირაკლი წერეთელი და რუსლან მიქაბერიძე. მათ, რასაკვირველია, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ «გია ჭანტურიას დაჭრა გამსახურდიას ხალხის გაკეთებულია». ირაკლი წერეთელი: «კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისაგან, გამოიძიოს ეს დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. . . . ხვალინდელ არჩევნებში მე, პირადად, არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ. . . . არც ერთი საკითხი (მხედველობაში მაქვს სტრატეგიულ პლანში) საქართველოს სასიკეთოდ არ გადაწყდება, სანამ საქართველო იქნება ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყანა. . . . ბოლოს და ბოლოს, ბოდიშს ვიხდი და, თუ ერმა ფეხებზე დაიკიდა ეროვნული მოძრაობა. . . .»
    რუსლან მიქაბერიძე: «. . . . ერთი პიროვნება. . . . მხოლოდ ერთი პიროვნება. . . მანიაკალურ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება. . . . მანიაკი. . მანიაკი. . მომიტევეთ მეგობრებო, ასე არეულად ჯერ არ მილაპარაკია. . . .»
    რაც შეეხება გია ჭანტურიას დაჭრას, ეს ამბავი დღემდე გაურკვეველია. არავინ იცის (შესაძლოა რამდენიმე ადამიანის გარდა), რა მოხდა სინამდვილეში «პიონერთა სასახლესთან».
    ბოროტი ენები ამტკიცებდნენ და კვლავავაც ამტკიცებენ, რომ. . . . გია ჭანტურიამ თავად დაიჭრა თავი!
    ანუ გასროლა იყო ჰაერში (გამვლელი მანქანიდან), ედპ-ს ლიდერმა მკლავზე იტაცა ხელი. იგი ჩასვეს სხვა მანქანაში და გაიყვანეს მოფარებულ ადგილას. შემდეგ, მეგობრების დახმარებით, ვითომდაც თვითონ დაიჭრა თავი მკლავში გასროლით და მხოლოდ მაშინ წაიყვანეს საავადმყოფოში.
    საიდან და როგორ იყო ნასროლი ვერავინ დაადგენდა - აკი მოგახსენეთ, ჭანტურიამ ჩვენების მიცემასა და ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
    დარწმუნებით რაიმეს თქმა ძნელია - ბოროტი ენები ხომ იმის ბოროტი ენებია, რომ ბოროტი ამტკიცონ. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოროტი ენების მტკიცებით, 27 ოქტომბერს (უზენაესი საბჭოს არჩევნების წინა დღეს) ჭანტურიას სჭირდებოდა მძლავრი და ხმაურიანი ინციდენტი.
    რამდენად რეალურია ეს ვერსია, იმათ განსაჯონ, ვინც გია ჭანტურიას ახლოს იცნობდა. ვიმეორებ: ხელაღებით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.
    ყოველ შემთხვევაში, ამ ინციდენტმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე, ვინაიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ტელევიზიით ირაკლი წერეთლისა და რუსლან მიქაბერიძის გამოსვლას «უკუშედეგი მოჰყვა» და ბევრი იმათგანი, ვინც არ აპირებდა «მრგვალი მაგიდისათვის» ხმის მიცემას, «ჯინაზე» მის სასარგებლოდ განეწყო. მრავალ ქვეყანაში სწორედ ამიტომ არის აკრძალული ნებისმიერი სახის აგიტაცია არჩევნების წინა დღეს, რათა ამომრჩეველმა გონების კარნახით მიიღოს გადაწყვეტილება და არა ემოციით.
    28 ოქტომბრის არჩევნებში «მრგვალმა მაგიდამ» ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ქვეყნის ქართული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ მას მისცა ხმა. კომუნისტებმა ორჯერ-სამჯერ ნაკლები ხმა მიიღეს. სხვა ყველა «ჩაიძირა». მხოლოდ «დემოკრატიულმა საქართველომ» გაიყვანა რამდენიმე კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქებში. ნოდარ ნათაძემ მეორე ტურში გაიმარჯვა. «ელიტარული ინტელიგენცია» თავსლაფდასხმული დარჩა, რაც, სხვათა შორის, მისივე ბრალი იყო - უფრო მტკიცე და პრინციპული პოზიცია უნდა დაეკავებინა ჯერ კიდევ 1988 წლიდან და არ დაეშვა მოვლენათა განვითარება პათოლოგიური მიმართულებით.
    ცნობილ პოეტებს, მწერლებს, მეცნიერებს, შემთხვევითმა ადამიანებმა აჯობეს მხოლოდ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას პარტიაში იყვნენ. ნიკო ჭავჭავაძე ყვარელში დამარცხდა!
    ჩვენებური «დემოკრატებისთვის» რომ გეკითხა, ზვიად გამსახურდიას გამარჯვება კომუნისტებმა უზრუნველჰყვეს ანუ «კომუნისტებმა ყველაფერი სპეციალურად ჩაატარეს ისე, რომ ზვიად გამსახურდიას გაემარჯვა და ამ გზით მოეხდინათ ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაცია».
    ეს არის მტკნარი სისულელე! არადა მას დღემდე კაჭკაჭივით იმეორებენ.
    საქმე ის გახლავთ, რომ კომუნისტური ხელისუფლება (ისევე, როგორც ხელისუფლება ზოგადად), რომელსაც გამსახურდიას «ლობირება» ბრალდება, - 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში საერთოდ აღარ არსებობდა ან არსებობდა მხოლოდ ნომინალურად. არაფერი ამ ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო. ნებისმიერი მისი აქტიურობა უკუშედეგს გამოიღებდა.
    დავაკვირდეთ: კომუნისტებს ბრალს სდებენ, თითქოს მათ სპეციალურად დაიწყეს 1988-1989 წლებში ზვიად გამსახურდიას განმაქიქებელი კამპანია პრესაში, რათა მოსახლეობაში უკურეაქცია გამოეწვიათ და ამ გზით გამსახურდიას რეიტინგი აემაღლებინათ. მაგრამ კომუნისტები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, მაშინ იგივე ხალხი პირიქით იტყოდა: «ხომ ხედავთ, კრინტს არ სძრავენ, ხელს არ უშლიანო». მეორეს მხრივ, გუმბარიძეს აბრალებენ: «გამსახურდიას არ ებრძოდაო». რომ ებრძოლა, მაშინ იტყოდნენ: ხომ ხედავთ ებრძვის, რათა უკუშედეგი გამოიწვიოსო და ა. შ.
    ვიმეორებ: ეს არის ერთ-ერთი მითი, რომელიც იმ წლებში მიზანიმართულად შეიქმნა, - თითქოს გამსახურდიას კომუნისტებმა გაამარჯვებინეს არჩევნებში.
    მოდით, ვიმსჯელოთ ლოგიკურად: ვინ აცხადებდა და აცხადებს, ვითომდაც ზვიად გამსახურდიას კომუნისტებმა გაამარჯვებინეს (იმით, რომ არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი) 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში? ამას აცხადებენ იმდროინდელი «დემოკრატიული ძალებისა» და «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები («დემოკრატიული საქართველო», «თავისუფლება» და ა.შ.), რომლებიც სამარცხვინოდ დამარცხდნენ არჩევნებში. რატომ დამარცხდნენ - იხილეთ ზემოთ.
    მაგრამ თუ მათ ლოგიკურ ჯაჭვს გავაგრძელებთ, გამოდის, კომუნისტები ვალდებულნი იყვნენ არჩევნებში მხოლოდ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოეყენებინათ ეს ბერკეტები, სხვა პარტიების წინააღმდეგ კი – არა.
    ეს ხომ აშკარა აბსურდია? ანუ, თუ გივი გუმბარიძის ხელისუფლებას კიდევ გააჩნდა იმ დროს რაიმე შესაძლებლობა (რაშიც ძალიან სერიოზულად მეპარება ეჭვი - ავტ.) ზეგავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესებზე და ამ შესაძლებლობებს გამოიყენებდა, - იგი მათ გამოიყენებდა არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას და «მრგვალი მაგიდის», არამედ ყველა სხვა კონკურენტი პარტიის წინააღმდეგ.
    მაშასადამე რას გულისხმობენ? - რომ კომუნისტებს ეს ბერკეტები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა, ხოლო სხვების წინააღმდეგ არ გაებედა? განა მართლაც აბსურდი არ არის?
    იმავდროულად, თუ ეს ბერკეტები გუმბარიძის ხელისუფლების მხრიდან ყველას წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული კომუნისტების გამარჯვების უზრუნველსაყოფად (აბა სხვის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინათ ოღონდ არა ზვიად გამსახურდიას? - ეს უკვე საერთოდ კომიკურია), ხომ წარმოგიდგენიათ რა ისტერიკას ასტეხდა სწორედ ის ხალხი, ვინც შემდგომ გულისწყრომას ვერ ფარავდა: კომუნისტებმა ზვიად გამსახურდიას ხელი რატომ არ შეუშალესო. ასეთ შემთხვევაში ხომ დედამიწას შეძრავდნენ პროტესტებით?!
    ამრიგად, თუ კომუნისტებმა «ბერკეტები» არ (ვერ) გამოიყენეს, - არ გამოიყენეს არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების წინააღმდეგაც. აბა რა მათი ბრალია, თუ თავისუფალი არჩევნების პირობებში მოსახლეობამ იმ «სხვა პარტიებს» - ზვიად გამსახურდიას ბლოკი არჩია?
    გარდა ამისა, 9 აპრილის შემდეგ კომუნისტებს შესაძლოა სხვა მოტივიც ჰქონოდათ (თეორიულად) - «ჩვენ გაფრთხილებდით ეს «მოძრაობა» ქვეყანას დაღუპავსო და რაკი არ გვიჯერებთ, - ჰა ბურთი და მოედანი, თავში ქვა გიხლიათ, მუცელში სამართებელი».
    თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში, რომელიც საქართველოში შეიქმნა 9 აპრილის შემდეგ და შედეგად, - ზვიად გამსახურდიას გამარჯვება არჩევნებში იყო აბსოლუტურად გარდაუვალი და თუ ვინმეს ამის დაშვება არ უნდოდა, თვით 9 აპრილი არ უნდა დაეშვა.
    ეს არის დასკვნა, რომელსაც, როგორც იტყვიან «წყალი არ გაუვა».

    მაშინვე წარმოჩინდა კიდევ ერთი საქვეყნო უბედურება: რაღაც ბედისწერითა თუ კანონზომიერებით, პროცესები საქართველოში, 9 აპრილის შემდეგ, «დომინოს პრინციპით» ვითარდებოდა - უარესისაკენ. მაგალითად, 9 აპრილი თავისთავად (შედეგის თვალსაზრისით) ხომ უბედურება იყო, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც ამის შემდეგ შეიძლებოდა მომხდარიყო, 28 ოქტომბერს განხორციელდა - ისეთი ხელისუფლების არჩევით, რომელიც ერმა რეალურად აირჩია.
    ეს «რიგი», უარესის შემდეგ - უარესის არჩევისა, შემდგომშიც გაგრძელდება