27 სექტემბერი - შავი დღე საქართველოს ისტორიაში

27 სექტემბერი - შავი დღე საქართველოს ისტორიაში

      სოხუმში 27 სექტემბერს დიდი ზეიმი იწყება - საქართველოს დამარცხებისა და განადგურების დღესასწაული; კულმინაციას იგი 30 სექტემბერს მიაღწევს: სეპარატისტები სწორედ 30 სექტემბერს მიიჩნევენ უმთავრეს თარიღად, ვინაიდან ამ დღეს მათი შეიარაღებული ფორმირებები გადავიდნენ მდინარე ენგურზე და მთელი ღამის განმავლობაში ისროდნენ ჰაერში - ქართველებზე ისტორიული გამარჯვების ნიშნად.
    27 სექტემბერს კვლავ ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე დისკუსია: შეეძლო თუ არა ქვეყანას ეს ომი თავიდან აეცილებინა. პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, შეეძლო! ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უომრად შეურიგდებოდა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო!
    ყველა სხვა შემთხვევაში ეს ომი იყო აბსოლუტურად გარდაუვალი.

    სხვა საქმეა, როგორ განვითარდა თვით საომარი მოქმედებები ან როგორ უნდა განვითარებულიყო, რათა ასე არ დავმარცხებულიყავით;
    27 სექტემბერი - 27 ივლისის ხელშეკრულების შედეგი გახდა, როცა რუსებმა კიდევ ერთხელ მზაკვრულად მოგვატყუეს. ბორის პასტუხოვი (რომელიც ახლა სნგ-ს საქმეთა მინისტრად დაინიშნა) დღენიადაგ დაძვრებოდა თბილისში და საქართველოს ხელისუფალთ ჩასჩიჩინებდა: «ხელი მოაწერეთ შეთანხმებას, რუსეთი მთელს პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს». 16 სექტემბრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი არც არაფერზე ყოფილა პასუხისმგებელი.
    სეპარატისტებმა შესანიშნავად ისარგებლეს თბილისში შექმნილი ქაოსური ვითარებით. მათ, რასაკვირველია, 27 ივლისს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ შეთანხმების დარღვევა და მხოლოდ საბაბს ეძებდნენ. უფრო ზუსტად, ელოდნენ ხელსაყრელ მომენტს.
    სანამ საქართველოში ფეხბურთის მატჩებს აწყობდნენ და «ერთმანეთს ჭამდნენ», სეპარატისტები შეიარაღებულ ძალთა კონცენტრაციას ახდენდნენ გუმისთასთან და განსაკუთრებით, შრომა-კამანის მიმართულებით.
    1993 წლის მარტში განხორციელებულმა წარუმატებელმა შეტევამ (მაშინ სეპარატისტებმა 1000 კაცამდე დაკარგეს მხოლოდ მოკლულთა სახით) ისინი დაარწმუნა, რომ «შუბლში» შეტევას სოხუმზე აზრი არ ჰქონდა. გუმისთა საკმაოდ კარგად იყო გამაგრებული. ამიტომ, ჯერ კიდევ ივლისში წამოიწყეს შეტევები ჩრდილოეთიდან - შრომაზე. სწორედ ამ შეტევებმა აიძულა ქართული მხარე, ხელი მოეწერა 27 ივლისის შეთანხმებისათვის და დაეწყო ქართული შეიარაღებული ფორმირებების, უპირველესად (რაც მთავარია), არტილერიის გაყვანა აფხაზეთიდან.
    თბილისში იმედოვნებდნენ, რომ სოხუმში დარჩებოდა «ადგილობრივი ბრიგადა», ანუ ადგილობრივი ქართველებისაგან შემდგარი შეიარაღებული ფორმირება; მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სეპარატისტები «ქართული ჯარების გაყვანაში» მათაც გულისხმობდნენ.
    უფრო მეტიც: «ადგილობრივი ბრიგადის» დატოვება სოხუმში არძინბასათვის ომის განახლების საბაბი (რა თქმა უნდა, მხოლოდ საბაბი) გახდა; თუმცა, ეს თავიდანვე ასე ჰქონდა განზრახული.

    14 სექტემბერს, პარლამენტში ატეხილი აურზაურის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ განცხადება გააკეთა გადადგომის თაობაზე. გუდაუთაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტი რა თქმა უნდა გაითვალისწინეს.
    15 სექტემბერს «ზვიადისტთა» შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს სენაკი და დაიწყეს შეტევა სამხრეთით, რათა გადაეკეტათ ფოთის გზა.
    16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა ერთბაშად შეუტიეს ქართულ პოზიციებს ტყვარჩელის მხრიდან, დაიკავეს კოდორის შესართავი, რითაც ალყა შემოარტყეს სოხუმს. კოდორის შესართავთან მდებარე ქართული სოფელი სეპარატისტებმა გადაწვეს, მშვიდობიანი (უიარაღო) ქართული მოსახლეობა ერთიანად გაჟლიტეს და სასტიკად აწამეს.
    იმავდროულად, სეპარატისტებმა დაიწყეს შეტევა სოხუმზე შრომა-კამანისა და გუმისთას მხრიდან. ერთადერთი «დამაკავშირებელი ხიდი» სოხუმთან საავიაციო იყო, მაგრამ სითბური რაკეტებით მტერმა რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდო. მათ შორის სოჭიდან წამოსული თვითმფრინავი, რომელსაც მშვიდობიანი მგზავრები გადაჰყავდა.
    შეტევის განახლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ადლერში ერთმანეთს შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი. ამ უკანასკნელმა სახელმწიფოს მეთაურს შესთავაზა აფხაზეთში ორი დივიზიის შემოყვანა, რაც იმთავითვე თვალთმაქცობა იყო: თუ შევარდნაძე ამ წინადადებას დათანხმდებოდა, რუსეთის უმაღლესი საბჭო მას ვეტოს დაადებდა, ელცინი და გრაჩოვი ხელებს გაშლიდნენ:. - «აბა რა ჩვენი ბრალია, ძალიან კი გვინდოდა დაგხმარებოდით, მაგრამ. . . «
    სამაგიეროდ, შევარდნაძის თანხმობა ფაქტად დარჩებოდა და უეჭველად იქცეოდა სამოქალაქო ომის ერთ-ერთ არგუმენტად. მით უმეტეს, რომ თანხმობას მოჰყვებოდა უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრების (ბათიაშვილისა და ყარყარაშვილის) თანამდებობიდან გადადგომა.
    არძინბას ყოველივე წინასწარ ძალიან ზუსტად ჰქონდა გათვლილი. მან შევარდნაძეს (აგრეთვე თვალთმაქცურად) სოჭში შეხვედრა შესთავაზა, რასაც წმინდად სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და არაფერს შეცვლიდა - შევარდნაძემ უარი უთხრა.
    ამასობაში, სოხუმში გააფთრებული შეტევა გრძელდებოდა. ძირითადად იგი გამოიხატებოდა ქალაქის უმოწყალო დაბომბვაში. სეპარატისტთა შეიარაღებული ძალა (დარწმუნებული ვარ) 500-600 მეომარს არ აღემატებოდა, მაშინ, როდესაც სოხუმს 6-7 ათასი მეომარი იცავდა.
    დღემდე იდუმალებით მოცულად ითვლება «ოჩამჩირის ფრონტზე» მომხდარი. რატომ არ მიეხმარა 5 ათას კაციანი ლაშქარი სოხუმს?
    არადა, სინამდვილეში მან უბრალოდ ვერ გაარღვია აფხაზური ზღუდე კოდორის შესართავთან. ცოცხალი ძალის გადაყვანას სოხუმში აზრი არ ჰქონდა (იქ ისედაც დიდი ძალა იყო), ხოლო სამხედრო ტექნიკით კი კოდორის მარჯვენა მხარეს ვერაფრით გადავიდნენ.
    20-26 სექტემბერს კოდორთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მაგრამ სეპარატისტებს ძალიან კარგად ჰქონდათ პოზიციები გამაგრებული. ასობით მეომარი შეაკვდა მტერს სოფელ აძიუბჟასთან.
    იმის თქმა, თითქოს «ოჩამჩირის დაჯგუფება» არ ცდილობდა სოხუმს მიხმარებოდა, - უდიდესი უსინდისობა იქნებოდა. სხვა საქმეა, რატომ ვერ შეძლეს, ვერ მოახერხეს მათ კოდორის გადალახვა. რა თქმა უნდა, შეტევის ცუდი ორგანიზებულობის, სრული ანარქიისა და საერთო სისუსტის გამო. სეპარატისტებს უფრო მყარი მოტივაცია ჰქონდათ და სწორედ ამიტომ გაიმარჯვეს.
    სოხუმი 26-27 სექტემბერს უკვე თითქმის დაცლილი იყო: ზვიად გამსახურდიას დაბრუნებით საქართველოში სამოქალაქო ომი განახლდა და აფხაზეთმა მეორე პლანზე გადაიწია.
    სოხუმი აიღო სეპარატისტთა მაქსიმუმ ორასკაციანმა რაზმმა!!! ათასობით ქართველი მეომარი მოსახლეობას ასწრებდა და კოდორისკენ ილტვოდა. გაქცეული მოსახლეობა და ჯარი იძულებული იყო ხეობას აჰყოლოდა, ვინაიდან მდინარის შესართავი კვლავ სეპარატისტებს ეპყრათ.
    დაგორებულ ზვავს ვერავინ შეაჩერებდა, - თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ყველა, ვისაც კი გაქცევა შეეძლო.
    ჟიული შარტავა მინისტრთა საბჭოს შენობაში დარჩა, იგი ტყვედ იგდეს აფხაზმა ფაშისტებმა, ქალაქგარეთ გაიყვანეს და იქვე დახვრიტეს.
    დღემდე იდუმალებით არის მოცული ამ ფაქტის დეტალები. არძინბა ამტკიცებს, თითქოს მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და შარტავას დახვრეტა რომელიღაც საველე მეთაურმა გადაწყვიტა.
    სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, ბრძანება თვით სეპარატისტთა ლიდერმა გასცა. ჟიული შარტავას დახვრეტა გახდა სიმბოლური აქტი, რომლითაც სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს დამარცხებასა და განადგურებას.
    სოხუმის დაცემის შემდეგ, ასიათასობით ადამიანი კოდორის ხეობას აუყვა, ასეულობით მათგანი გზაში დაიღუპა, დანარჩენებმა კი, საშინელი ტანჯვა-წამებით, ძლივს ჩააღწიეს სვანეთამდე. ადგილობრივ სვანთაგან ზოგიერთმა უმწეო ადამიანების ძარცვა-გლეჯა დაიწყო.
    სოხუმის დაცემაც და აფხაზეთის დაკარგვაც იყო აბსოლუტურად გარდაუვალი იმ პათოლოგიური პოლიტიკანობის პირობებში, რომელიც საქართველოში ტარდებოდა 1988 წლიდან.
    ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს რომ არ გამოგვეტანა ლოზუნგი «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», რომ არ მოგვეთხოვა დამოუკიდებლობა, გორბაჩოვის მზე რომ გვეფიცა, - ყველაფერს თავიდან ავიცილებდით. ყველაფერს საქართველო მაინც ვერ აიცილებდა თავიდან და ყველაფერს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ ზოგიერთი რამის თავიდან აცილება (მით უმეტეს ასეთი ყოვლისმომცველი კატასტროფისა) და ზოგიერთი რამის შენარჩუნება ჭკვიანური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში უდავოდ შესაძლებელი იყო.
    რაც შეეხება ქართულ-აფხაზური დიალოგის პროცესს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ: წინააღმდეგობა იმდენად შეუთავსებელი და იმდენად შეურიგებელია, რომ არანაირ დიალოგს აზრი არა აქვს.
    თუ საქართველოს ექნება ძალა, - ომით უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი; თუ არა და - უნდა შევურიგდეთ მწარე რეალობას: აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია.

მერიდიანი, 28 სექტემბერი, 1998 წ.