27 სექტემბერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია

  

    ვგულისხმობ არა მხოლოდ უახლოეს ისტორიას (ამ პერიოდში 27 სექტემბერი მხოლოდ 9 აპრილს შეიძლება გავუტოლოთ), არამედ მთლიანად საქართველოს მრავალსაუკუნოვან წარსულს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრჯერ აუოხრებიათ - ასეთი პროცესი, როგორიც აფხაზეთში დაიწყო 27 სექტემბრის შემდეგ - მაინც იშვიათი იყო, ვინაიდან სოხუმის დაცემის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე (პირველად, საქართველოს ისტორიაში) განხორციელდა სრული ეთნიკური წმენდა - ქართული მოსახლეობა, მთლიანად, იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური მიწა-წყალი. სრული ეთნიკური წმენდის მაგალითის მოყვანა საქართველოს ისტორიიდან ძნელია - XVII საუკუნეში შაჰ-აბასმა კახეთის მოსახლეობა ნაწილობრივ ამოჟლიტა, ნაწილობრივ ფერეიდანში გადაასახლა, მაგრამ სრული ეთნიკური წმენდა და თურქმენული ტომებით მიწა-წყლის ათვისება მანაც კი ვერ მოახერხა. XV-XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიამ სამხრეთ საქართველოს ქართველობა გაამაჰმადიანა, მაგრამ ეთნიკური წმენდა ვერც მან მოაწყო (აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში), ანუ აფხაზებმა და რუსებმა XX საუკუნის ბოლოს შეძლეს ის, რაც ყველაზე მძვინვარე იმპერიებმაც ვერ მოახერხეს შუა საუკუნეების «ბნელეთში».
    რასაკვირველია, ამ საზარელ ტრაგედიაში სავსებით «განსაკუთრებულია» რუსეთის როლი. სწორედ იგი ამარაგებდა სეპარატისტებს უახლესი იარაღით, იგი უწევდა (რაც ძალზე მნიშვნელოვანია) მორალურ მხარდაჭერას საინფორმაციო საშუალებებით. დღეს უკვე თითქოს დაგვავიწყდა, რას სჩადიოდნენ იმ დროს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, როგორ აყალბებდნენ სინამდვილეს, რა ცინიკურად ამართლებდნენ უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტასა და გენოციდს. 3 ოქტომბერს, გაგრის დაცემის შემდეგ საინფორმაციო პროგრამა «ვესტის» წამყვანმა ცინიკური ღიმილით ამცნო მაყურებელს: «რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა შეახსენა ედუარდ შევარდნაძეს რომ იგი ვალდებული იყო შეესრულებინა 2 სექტემბრის ხელშეკრულება» - ვითომ, არ იცოდა, რომ ხელშეკრულება სწორედ აფხაზებმა დაარღვიეს, აიღეს გაგრა და ქართველთა სასაკლაო მოაწყვეს. ამგვარი ინფორმაციები «წვრილმანი» არავის ეგონოს - რუსეთის ტელევიზიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამარცხებასა და განადგურებაში.
   იმდროინდელი მოვლენები ქართული საზოგადოებისთვის უზუსტეს ინდიკატორად უნდა იქცეს, თუ რამდენად გულწრფელია ჩვენი ზოგიერთი «მეგობარი», რომელიც დღეს ძმობას გეფიცება. ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩეჩნეთსაც და, თურქეთსაც. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება - საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა დონეზე. ამ შეხვედრის შემდეგ რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა «პრესოფიცერმა» ვალერი ნესტერუშკინმა ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო განცხადება გააკეთა: «აფხაზეთზე მსჯელობისას მხარეებმა აღნიშნეს პოზიციათა გარკვეული თანხვედრა ამ პრობლემის მრავალ ასპექტზე», აქვე უნდა ითქვას:. საკითხავია,  როგორ მოხდა, რომ რუსეთისა და თურქეთის (რეგიონში დაპირისპირებული ორი ქვეყნის) ინტერესები გადაეჭდო სწორედ საქართველოში, ანუ საქართველოს წინააღმდეგ? მაშასადამე, ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც მათ ჩვენს წინააღმდეგ კონსოლიდირების საშუალებას უქმნის. ახლა უკვე გვიან არის მსჯელობა იმის თაობაზე, უნდა შეეყვანა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული «გვარდია» აფხაზეთის ტერიტორიაზე, როგორ უნდა წარემართა საბრძოლო მოქმედებები და ასე შემდეგ. ბევრი თვალსაზრისით, აფხაზური ტრაგედია გარდაუვალი იყო, თუმცა, მისი დამანგრეველი შედეგის შერბილება, მინიმუმამდე შემცირება ნამდვილად შეიძლებოდა.
    ფანატიკოსმა არძინბამ და მისმა ხროვამ თავიდანვე ძალიან ჭკვიანურად წარმართეს საბრძოლო მოქმედებებიც და პროპაგანდაც. თუ ყურადღებით გავიხსენებთ, ჩვენ, ფაქტობრივ, მოკავშირე არ გვყოლია- დასავლეთის ქვეყნებიც მხოლოდ ცალყბად გვიცხადებდნენ მხარდაჭერას, თუმცა, იქვე გვამუნათებდნენ: ტერიტორიულ მთლიანობას კი ვცნობთ, მაგრამ აფხაზი ხალხის გენოციდის თავიდან ასაცილებლად სჯობს, ქართული ჯარები აფხაზეთიდან გაიყვანოთო.
    დამარცხების მთავარი მიზეზი კი ისევ და ისევ ჯარის არარსებობა გახდა. «მხედრიონი» და «გვარდია» უფრო მოხალისეთა რაზმები იყო, ვიდრე ნამდვილად დისციპლინებული, გაწვრთნილი არმია. ბრძოლისუნარიანობით ისინი ბევრად ჩამოუვარდებოდნენ აფხაზურ ფორმირებებს, რომელთაც გამოცდილი რუსი ინსტრუქტორები და სამხედრო ტექნიკა გააჩნდათ. ომის პირველიო დღიდან სტრატეგიული უპირატესობა სეპარატისტებს ხელიდან არ გაუშვიათ - მათ წინასწარ ჰქონდათ მომზადებული საბრძოლო პოზიციები გუმისთასთან და ტყვარჩელის მისადგომებთან. ამდენად, ისინი «თავქუდმოგლეჯილნი» კი არ გაქცეულან, არამედ წინასწარ განსაზღვრული პოზიციები დაიკავეს და ქართული ჯარი ამ ხაზს იქით აღარც შეუშვეს. ქართულ მხარეს (თუ არ ჩავთვლით 14 აგვისტოს თითქმის დაუბრკოლებელ გადაადგილებას სოხუმამდე) ომის განმავლობაში არ განუხორციელებია არც ერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია, გარდა 1993 წლის მარტში, სოხუმის მისადგომებთან თავდაცვითი ბრძოლებისა, როდესაც სეპარატისტებმა ორასზე მეტი მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ 1993 წლის 2 ივლისის შემდეგ (ამ დღეს აფხაზებმა ანუარხუს მიდამოებში გადმოსხეს დესანტი) საქართველოს სამხედრო კრახი თანდათანობით გარდაუვალი ხდებოდა. თვით დესანტი «ყალბი მანევრი იყო». ნამდვილი შეტევა აფხაზებმა განახორციელეს ჩრდილოეთიდან - სოხუმზე. მაშინ, როდესაც ქართული შენაერთები, უკვე კარგა ხნის წინათ ტყვარჩელში თავშეფარებულ დესანტს „ანადგურებდნენ“. 27 ივლისის დამღუპველი ხელშეკრულებაც აფხაზთა იმ წარმატებული ოპერაციის შედეგი გახდა. სოხუმი, ფაქტობრივად, დაცემისთვის იყო განწირული, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ხელშეკრულების გაფორმებას თვით მოვლენათა ლოგიკა კარნახობდა. მიუხედავად ამისა, 27 ივლისის ხელშეკრულებით სეპარატისტებმა შესანიშნავად ისარგებლეს: რუსეთის დახმარებით მათ უზრუნველყვეს ქართული სამხედრო ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა სოხუმიდან, რათა შემდგომ დაუბრკოლებლად შეჭრილიყვნენ ქალაქში. არძინბას ამ დოკუმენტის შესრულება, რა თქმა უნდა, არც უფიქრია - მან წინასწარვე გადაწყვიტა «მუხანათურად მოქცევა», თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ომის დროს თუ მოწინააღმდეგის მოკვლა შეიძლება, მოტყუება მით უმეტეს შესაძლებელი და დასაშვებია - საქართველო უნდა ყოფილიყო უფრო ფრთხილად, თორემ აფსუა სეპარატისტებს რა სინდისი მოეკითხებათ?
    ენგურზე «აფხაზური არმიის» გასვლის შემდეგ, გაჩნდა ფაქტობრივი საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის. თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ეს საზღვარი მხოლოდ «ფორმალურია» და არც ერთი იურიდიული დოკუმენტით არ არის ლეგიტიმიზებული. ფაქტობრივ რეალობას ყოველთვის აქვს თვისება - ისწრაფოდეს იურიდიული ლეგიტიმაციისკენ და ხშირად ეს ავტომატურადაც ხდება. რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება ფაქტობრივი საზღვარი მდინარე ენგურზე, მით უფრო შეიძენს იგი ლეგიტიმურ (კანონიერ) ხასიათს - საქართველოს თანხმობის მიუხედავად.
    ჯერჯერობით, რაიმე პერსპექტივაც, პრობლემის მშვიდობიანი ან საომარი გადაწყვეტისა, არ არსებობს, როგორც ჩანს, ამჟამად ორი ძირითადი შეხედულება იბრძვის საქართველოს ხელისუფლებაში. პირველის თანახმად, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ოქმს «საერთო სახელმწიფოს» შექმნის თაობაზე, გააფორმოს კონფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ამის სანაცვლოდ, სცადოს ლტოლვილთა დაბრუნება გალის, ოჩამჩირისა და (ნაწილობრივ) გულრიფშის რაიონებში. მეორე შეხედულების დედააზრი კი ის გახლავთ, რომ თუ ამჟამად საქართველოს არ ძალუძს ომით დაიბრუნოს დაკარგული - ისეთ დოკუმენტს მაინც არ უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც საშვილიშვილოდ განაცალკევებს საქართველოს და აფხაზეთს. უნდა მოვითმინოთ, ვაშენოთ არმია და დაველოდოთ იმ დროს, როდესაც ძალისმიერი გზით ამ პრობლემის გადაჭრა რეალური გახდება. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა.
   

ქართული КГБ-ს ისტორია სამუდამოდ დასრულდა
   

    საბჭოთა პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ამ უზარმაზარი სისტემის ერთ-ერთი უძლიერესი რგოლი იყო ტრადიციულად. რასაკვირველია, აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლავრენტი ბერიას ფაქტორი, მაგრამ არა მხოლოდ. ომის შემდეგ საქართველოს უშიშროების უფროსად ალექსი ინაური დაინიშნა. მან 1987 (!) წლამდე «გაძლო» და ნებაყოფლობით გადადგა, როდესაც დაინახა, რომ პროცესები უმართავი ხდებოდა. 40(!) წლის განმავლობაში «ბაბუა ალექსიმ» მძლავრი სპეცსამსახური შექმნა, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეეძლო. «პერესტროიკამ» ეს სისტემა დაადონდლოვა და მოალბო, მაგრამ მისი გონიერად გამოყენება მაინც შეიძლებოდა. 1992 წელს ჩვენებურ «პროვინციულ დემოკრატთა» გავლენით უშიშროების სისტემა დაიშალა და შეიქმნა საინფორმაციო-სადაზვერვო ბიურო - ამ სტრუქტურის არსებობა ნამდვილად გამართლებული იყო. ირაკლი ბათიაშვილიც ცდილობდა, ცივილიზებული სპეცსამსახური შეექმნა, ოღონდ იმ ქაოსისა და ანარქიის პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ანუ საქართველოში კომპეტენტური კადრების ორგანიზება ვერ მოხერხდა. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ უშიშროებაში «მხედრიონის» ელემენტმა შეაღწია და საბოლოოდ 29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე ძალზე არასასიამოვნო ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან უნდა დაეშალა მთლიანად სპეცსამსახური ან უნდა მოეთმინა მისდამი არალოიალური სტრუქტურის არსებობა. პრეზიდენტმა «საშუალედო გზა აირჩია - სპეცსამსახური, საბჭოური გაგებით, საქართველოში აღარ იარსებებს. ყოფილ КГБ, რომელიც თითქმის უცვლელი სახით მოქმედებდა შოთა კვირაიას მინისტრობისას - იშლება ორ უწყებად: საკუთრივ უშიშროების სამინისტროდ და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტად. სიმპტომურია, რომ ედუარდ შევარდნაძემ მინისტრად დანიშნა პროფესიონალი კრიმინალისტი ჯემალ გახოკიძე (რომელსაც უშიშროების სისტემასთან საერთო არაფერი ჰქონია), ხოლო საგარეო დაზვერვის შეფად- გამოცდილი «ჩეკისტი» ავთანდილ იოსელიანი. ეს უეჭველად იმას მეტყველებს, რომ მთლიანობაში სამინისტრომ, ძირითადად «კონტრდაზვერვის» ფუნქცია უნდა შეასრულოს და ამ სისტემას ჯემალ გახოკიძე (მილიციაში აღზრდილი კაცი) უხელმძღვანელებს, ხოლო დაზვერვაში კვლავ «პროფესიონალები» ამუშავებენ და დეპარტამენტი სამინისტროს სისტემაში რჩება, მაგრამ უწყებრივად და სუბორდინაციულად მაინც ერთგვარად გამიჯნულია. ავთო იოსელიანი ამჟამად უფრო მეტია, ვიდრე ჯემალ გახოკიძის მოადგილე - ამგვარი დიფერენცირება მთლიანად უშიშროების სისტემაში უეჭველად შექმნის დაძაბულობისა და კონკურენციის ატმოსფეროს, რაც, სხვათა შორის, ხელისუფლებისთვის ერთობ სასარგებლო იქნება. ცოტა უფრო უცნაური ვითარებაა ყოფილი სამინისტროს ძალისმიერ სტრუქტურებთან დაკავშირებით. უშიშროების სისტემაში შემავალი სადესანტო ბრიგადა თავდაცვის სამინისტროს გადაეცა - ეს ნორმალურია, ვინაიდან მსხვილი სამხედრო შენაერთი სპეცსამსახურს არ უნდა ჰყავდეს. გაუგებარი ის არის, რომ ორივე სპეცდანიშნულების რაზმი უშიშროებიდან გამოიყვანეს და სხვა უწყებებს (სამთავრობო დაცვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს) დაუქვემდებარეს, «ალფა» და «ომეგა» საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული რაზმები იყო, ხოლო უშიშროების დატოვება საერთოდ სპეცჯგუფების გარეშე, რბილად თუ ვიტყვით, უცნაურია. როგორღა აპირებს ჯემალ გახოკიძე (ვთქვათ), სპეციალური ოპერაციების განხორციელებას ტერორისტების წინააღმდეგ? აქ, ალბათ, ისევ და ისევ «დანაშაულის სინდრომმა» იჩინა თავი (რაკი სპეცჯგუფები მონაწილეობდნენ შევარდნაძეზე თავდასხმაში), მაგრამ გადაჭარბებული არც სიფრთხილე ვარგა ალბათ.
   

«ზვიადისტები» სამხედრო გადატრიალების შეფასებას მოითხოვენ
   

    1993 წლის სექტემბერში, სოხუმში ბრძოლის დროს, სენაკში პირველი პრეზიდენტის დაბრუნების ოთხ წლისთავზე, პარლამენტის შენობასთან ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მცირერიცხოვანი აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორი იყო «მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს» სპიკერი თენგიზ კიკაჩეიშვილი. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მომხრენი ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვენ დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შეფასებას.
    რამდენიც არ უნდა ეცადოს ქართული საზოგადოება, ამ კითხვას ვერ გაექცევა. ვგულისხმობ არა მოვლენის შეფასებას «ისტორიის მიერ» - როგორც ჩვენში ხშირად ამბობენ ხოლმე, არამედ სწორედ დღევანდელი თაობის გულწრფელ აღიარებას დეკემბერ-იანვრის მოვლენათა ნამდვილი შინაარსის შესახებ. ამას მოითხოვს არა მხოლოდ აბსტრაქტული «მორალური იმპერატივი», არამედ პოლიტიკური პროცესების ლოგიკაც და ამჟამინდელი ხელისუფლების პრაგმატული ინტერესებიც - რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიანად საზოგადოების ზნეობრივ ვალდებულებაზე მომავალი თაობებისადმი. მაგრამ თვით შეფასებას რაც შეეხება - აქ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის (ვერდიქტის) გამოტანა შეუძლებელია: დეკემბერ-იანვრის მოვლენები ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალური პროცესების შედეგი იყო, იმდროინდელ ოპოზიციას თუ ბრალს ვდებთ, არც იმდროინდელი ხელისუფლების ცოდვები უნდა დავივიწყოთ, რომელთაგან უპირველესია არაკომპეტენტურობა.
  ის ძალები, რომლებმაც 1992 წლის 7 იანვრისთვის დაამხეს საქართველოში კანონიერად არჩეული ხელისუფლება, ისტორიული თვალსაზრისით არავითარ სიმპათიას არ იმსახურებენ, ვინაიდან მათ მიერ განხორციელებულ აქტს ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგი მოჰყვა: სწორედ დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შედეგია სამოქალაქო ომი და დამანგრეველი კონფლიქტი აფხაზეთში. სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც არ უჭერდა მხარს კრიმინალური ბანდის მიერ ხელისუფლების დამხობას - სწორედ ამ მომენტს ითვალისწინებდა, ანუ აცნობიერებდა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ აქტს, მით უმეტეს, როდესაც სავსებით აშკარა იყო რუსეთის წამქეზებლური და პროვოკაციული როლი. ყველა მათგანის «ზვიადისტად» გამოცხადება არ არის გამართლებული. ბევრს ზვიად გამსახურდიასთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ არჩეული ხელისუფლების დამხობას მაინც არ უჭერდა მხარს: ამრიგად, თენგიზ კიკაჩეიშვილისა და მისი «მრგვალი მაგიდის» მოთხოვნა სავსებით შეესაბამება ამჟამინდელ ვითარებას და არცთუ ისეთი არარეალურია, როგორც ზოგიერთს ჰგონია.            პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ მზად არის ეს საკითხი განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ მოვლენათა «მთავარი გმირები» არ ცნობენ «მოქალაქეთა კავშირის» უფლებას, დაგმოს დეკემბერ-იანვრის გადატრიალება (რაკი თავად სწორედ ამ მოვლენათა შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში) - გადატრიალების უარყოფითად შეფასება მაინც გააძლიერებს მმართველი პარტიის პოზიციებს პოტენციური ამომრჩევლის თვალში.
   

დილის გაზეთი, 29 სექტემბერი, 1997 წ.