27 ივლისის ხელშეკრულება

27 ივლისის ხელშეკრულება - ეროვნული მოძრაობა

27 ივლისის ხელშეკრულება

1993 წლის 2 ივლისის გადამწყვეტი შეტევისათვის აფხაზი სეპარატისტები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ფაქტობრივად, ეს იმ ომის უმთავრესი აქტი გახდა. შეტევა სამხედრო თვალსაზრისით უნაკლოდ იყო დამუშავებული, მომზადებული და უზრუნველყოფილი.
    გამთენიისას, გუდაუთიდან რამდენიმე კატარღით 500 კაციანი საზღვაო დესანტი შეიჭრა ზღვიდან ოჩამჩირის რაიონში - ანუარხუს სიმაღლის მიდამოებში. იმავდროულად (წინასწარ დამუშავებული გეგმის შესაბამისად), ტყვარჩელის მიმდებარე სოფლებიდან დაახლოებით ამდენივე მებრძოლმა სწრაფი შეტევა განახორციელა სამხრეთის მიმართულებით და დესანტს შეუერთდა. საქართველოს სანაპირო დაცვის რაზმი ერთიანად ამოწყვიტეს (ასეულობით ქართველი მებრძოლი დაიღუპა) და ოჩამჩირე – სოხუმის საავტომობილო გზა დაიკავეს.
    ედუარდ შევარდნაძე იმავე დილით ჩაფრინდა სოხუმში. შემუშავდა გზის გათავისუფლების გეგმა. დაიწყო ძალების კონცენტრაცია როგორც სოხუმიდან, ასევე ოჩამჩირედან. შემდგომი შეტევით საავტომობილო გზა თითქოს გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა. ოფიციალური პროპაგანდა გვიმტკიცებდა: აფხაზური დესანტი «ტომარაში» აღმოჩნდა და მთლიანად გავანადგურეთო. რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სინამდვილეში, ოჩამჩირესთან დესანტირება ყალბი მანევრი იყო, რათა შეენიღბათ დარტყმის მთავარი მიმართულება. იმავე ღამით, სეპარატისტებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს შრომა-კამანის მიმართულებით ანუ ჩრდილოეთიდან მოუარეს სოხუმს. წარმატებასაც მიაღწიეს - მართალია სოფელი შრომა მაშინვე ვერ აიღეს, მაგრამ რამდენიმე სიმაღლე დაიკავეს და სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ. აფსუებმა კარგად იცოდნენ, რომ ჯერ ერთი, ღამით ქართველი მებრძოლების დიდი ნაწილი პოზიციებს ტოვებდა და სოხუმში ბრუნდებოდა დასაძინებლად(!), ამასთანავე, ქართულ სარდლობას დარტყმის მთავარი ობიექტი ოჩამჩირესთან შემოჭრილი დესანტი ეგონა. ამიტომ ძალების კონცენტრაციას სოხუმის სამხრეთით ახორციელებდა და არა შრომა-კამანის მიმართულებით.
    როგორც კი «ღამის შეტევა» სოხუმის ჩრდილოეთით წარმატებით დასრულდა, აფხაზურმა დესანტმა სატვირთო მანქანებით ტყვარჩელისაკენ გასწია. მან სულ რამდენიმე მებრძოლი დაკარგა, თუმცა მისია ბოლომდე შეასრულა - გადაიტანა ყურადღება ოჩამჩირესაკენ მაშინ, როდესაც მთავარი შეტევა, სინამდვილეში, შრომაზე უნდა განხორციელებულიყო.
    ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო გზა გათავისუფლდა. ლოთი ქობალიას «კანონიერი გვარდიელები» და ჯაბა იოსელიანის «მხედრიონელები» ერთმანეთს ცალყბად ულოცავდნენ გამარჯვებას. მაგრამ ეს ერთობლივი ბრძოლა მათ ვერ შეარიგებდა. მაშინაც ამბობდნენ: უბრალოდ, ერთმანეთს ვითმენთ დროებითო.
    ლოთი ქობალიამ იმ ოპერაციაში გარკვეული პოზიტიური როლი მართლაც შეასრულა. თუმცა, არავინ იცის, მთლიანობაში რამდენად წარმატებული იქნებოდა ეს «ერთობლივი» ბრძოლა ქართული მხარისათვის, სეპარატისტები მთავარი ამოცანის შესრულების შემდეგ ტყვარჩელისაკენ რომ არ გაბრუნებულიყვნენ და ანუარხუს სიმაღლეზე გამაგრებულიყვნენ.
    ამასობაში სოხუმთან შეუქცევადი პროცესები ვითარდებოდა - აფსუებმა მყარად მოიკიდეს ფეხი სტრატეგიულ სიმაღლეებზე ქალაქის გარშემო და თანდათანობით (ეს ძირითადად ღამით ხდებოდა, როდესაც ქართულ ფორმირებათა ბრძოლის უნარი ნულს უახლოვდებოდა) სოხუმისაკენ «ჩამოჩოჩება» დაიწყეს. ქალაქი პანიკამ მოიცვა. ბევრი უკვე მაშინ ხვდებოდა, რომ სოხუმი დაკარგული, ხოლო ომი წაგებული იყო.
    ვინც სოხუმს არ იცნობს, შევეცდები ავუხსნა, რომ იმ დროს შექმნილი ვითარება დაახლოებით ისეთი იყო, თბილისს გარშემორტყმული მთები (მთაწმინდა და ა.შ) რომ დაიპყროს მტერმა და ქალაქის დამცველებს დაბლობზეღა მოუხდეთ გამაგრება. ელემენტარული სამხედრო ტაქტიკით, ამგვარი დისპოზიცია იმთავითვე წამგებიანია ანუ, 1993 წლის ივლისი შუა რიცხვებისათვის, სოხუმი, ფაქტობრივად უკვე წაგებული და დაკარგული იყო. და მასთან ერთად მთელი აფხაზეთიც.
    ამას შესანიშნავად ხვდებოდა თითქმის ყველა, - ედუარდ შევარდნაძის ჩათვლით. 27 ივლისის «სამშვიდობო ხელშეკრულებაც» ამ სიტუაციიდან იშვა.

    ისტორიული ფაქტის ანალიზისას ემოცია სრულიად ფუჭი და მავნეა. ძალიან ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა, რა შეიცვლებოდა და რამდენად - 27 ივლისის ხელშეკრულება რომ არ გაფორმებულიყო და საქართველოს მძიმე ტექნიკის, აგრეთვე არტილერიის ნაწილი არ გამოეტანა სოხუმიდან. ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ჩემი ღრმა რწმენით, თვისებრივად ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. შესაძლოა სოხუმისათვის ბრძოლები ოდნავ მეტ ხანს გაგრძელებულიყო - საბოლოო შედეგი იგივე იქნებოდა.
    ედუარდ შევარდნაძის ბრალი არ არის, თუ ლოთი ქობალია და მისი «ზვიადისტები» ამდენად რეგვენები აღმოჩნდნენ და 27 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე (ჩათვლით) ისე იმოქმედეს, რომ თავად შექმნეს წინაპირობები, რათა შემდგომ ყველაფერი მათ დაბრალებოდათ. მათ შორის ისიც, რაც მათი ბრალი შესაძლოა არც იყო ან მხოლოდ მათი ბრალი არ იყო.
    ივლისის შუა რიხვებში გაიძვერა ბორის პასტუხოვმა დაუწყო სისინი შევარდნაძეს: «თქვენ ვერ გაუძლებთ აფხაზთა და ჩრდილოკავკასიელთა შეტევას, ხელი მოაწერეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, გამოიყვანეთ ჯარები აფხაზეთიდან, - ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით უზრუნველვყოთ ცეცხლის შეწყვეტა».
    ბოლოს, «აფხაზური გეგმა» გაფორმდა შესაბამისი ულტიმატუმის, ანუ ხელშეკრულების პროექტის სახით, რომელიც შევარდნაძეს გუდაუთიდან იმავე პასტუხოვმა ჩამოუტანა. ედუარდ შევარდნაძემ პასტუხოვს უხეშად უპასუხა და დოკუმენტი (იგი, ფაქტობრივად, კაპიტულაციას გულისხმობდა) უკან მიუგდო.
    სწორედ მაშინ, კვლავ, უდიდესი წარმატებით ამუშავდა «გოგუაძის სინდრომი». შევარდნაძის კაბინეტში შეიკრიბნენ სახელმწიფოს მეთაური, თბილისის მერი კოტე გაბაშვილი, სპიკერი ვახტანგ გოგუაძე და რუსეთის გაქნილი ელჩი ვლადიმერ ზემსკი. ეს უკანასკნელი ბრწყინვალედ ასრულებდა თავის როლს.
    კოტე გაბაშვილი უყვირის ზემსკის: დააფიქსირეთ, რომ რუსეთი აწარმოებს ომს საქართველოს წინააღმდეგ!
    ზემსკი: კი ბატონო, ვთქვათ დავაფიქსირე, მერე და რას მოგცემთ ეს თქვენ - «Вы же взрослые люди!»
    ყვირილით რომ არაფერი გამოვიდა, შევარდნაძემ ზემსკი ხელის აქნევით მოიშორა. გაბაშვილი კი არ ცხრებოდა: «გავიდეთ ტყეში, დავიწყოთ პარტიზანული ომი, მივმართოთ ხალხს!
    ვახტანგ გოგუაძე: «რა გაყვირებს? - ის ხალხი ჩვენ გაგვრეკავს ჯერ! პარტიზანად რომ გახვალ ტყეში, იმ ღამეს კოღო გიკბენს ცხვირზე და მეორე დღესვე დაბრუნდები სახლში. ბატონო ედუარდ, სად არის პასტუხოვი?»
    ედუარდ შევარდნაძე: «სად არის და გავაგდე, აბა ამის (გულისხმობს შეთანხმების პროექტს-ავტ.) ხელმოწერა როგორ შეიძლება? ტყვიასაც აღარ გვაძლევენ ეს დამპალი რუსები!»
    გოგუაძე: «რას ქვია გააგდეთ?! ვერაფერი გამიგია, რა ლოგიკაა: რუსო მომეცი ტყვია, უნდა გესროლო ტყვია! - რა თქმა უნდა არ მოგცემს».
    ეს დიალოგი ავტორის შეთხზული არ გეგონოთ - თითქმის სიტყვა-სიტყვით ასე იყო.
    გოგუაძეს კავკასიაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა რეუტმა დაურეკა და უთხრა: პასტუხოვი გადარეულია და წასვლას აპირებს, თან იძახის, აქ აღარ დავბრუნდები - კისერიც უტეხიათო.
    რეუტმა, პასტუხოვმა და შესაბამისმა რუსულმა სამსახურებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ «გოგუაძის სინდრომი» (რუსეთისადმი ბრმა, შვილობრივი მინდობა) უეჭველად თავისას იზამდა. არც შემცდარან - ვახტანგ გოგუაძემ თავისი, ასე ვთქვათ, «გულუბრყვილობით» შესანიშნავი სამსახური გაუწია კრემლს, ვინაიდან მართლა გულწრფელად ეგონა: ეგება გადავრჩეთ როგორმე, თუ სიტყვა-სიტყვით შევასრულებთ, რასაც მოგვთხოვენო.
    არადა, რუსებსა და აფსუებს შორისაც ძალიან რთული თამაში მიმდინარეობდა. «რუსების ყოვლისშემძლეობის რწმენა» და იმის დაჯერება, თითქოს «არძინბა ყველაფერს გააკეთებს, რასაც მოსკოვიდან უბრძანებენ» - დანაშაულის ტოლფასი სიბრიყვე იყო. სეპარატისტთა ლიდერი უდიდესი ოსტატობით თამაშობდა წინააღმდეგობებზე ბორის ელცინსა და კომუნისტურ ოპოზიციას შორის. ელცინიც ეშმაკურად ქმნიდა შთაბეჭდილებას: აბა რა გავაწყო - ხომ ხედავთ, ხელ-ფეხი შეკრული მაქვსო. მაგრამ ზემოთხსენებული სინდრომის მატარებელნი ყოველივე ამას ვერ ხედავდნენ და არც სურდათ დაენახათ.
    მკითხველი ძნელად თუ დამიჯერებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ედუარდ შევარდნაძე დიდწილად სწორედ ამ სინდრომმა აიძულა 27 ივლისის საბედისწერო ხელშეკრულებაზე დათანხმებულიყო. საქმე ვახტანგ გოგუაძეში კი არ იყო, არამედ თვით ამ დამღუპველ სინდრომში, რომელიც ანადგურებდა და ანადგურებს ყოველგვარ სახელმწიფოებრივ ნებას.
    მეორე მხრივ სხვა გამოსავალიც არ ჩანდა - სოხუმი მაინც დასაცემად იყო განწირული მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა სოფელ შრომას ალყა შემოარტყეს. სახელმწიფოს მეთაურმა ასეთ ვითარებაში რისკზე წასვლა გადაწყვიტა - ყოველ შემთხვევაში, ერთი-ორი თვის მოგება მაინც გარანტირებული ჩანდა, დროს კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

    1993 წლის 27 ივლისს, სოჭში, ვახტანგ გოგუაძემ და სოკრატ ჯინჯოლიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან. ქართული მხარე, რასაკვირველია «გულისხმობდა», რომ «საქართველოს შეიარაღებულ ძალებში» ადგილობრივი (აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისაგან შემდგარი) ქართული ფორმირებები არ ითვლებოდნენ. აფხაზური მხარე კი იმთავითვე საპირისპირო არგუმენტისათვის ემზადებოდა - მათ თავიდანვე სწორედ ეს მომენტი ჰქონდათ ჩაფიქრებული ხელშეკრულების დარღვევაში საქართველოს დასადანაშაულებლად და ბრძოლების განახლების გასამართლებლად.
    დაკვირვებული თვალი უმალვე შეამჩნევდა განსხვავებას ვახტანგ გოგუაძისა და სოკრატ ჯინჯოლიას სიტყვებში დასმულ აზრობრივ აქცენტთა შორის. გავიხსენოთ: საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალზე, მადლობა მოახსენა რუსეთს, დითირამბებით შეამკო ეს «დიადი ქვეყანა»: «Большому короблю большое плавание». რა თქმა უნდა, ამგვარი მლიქვნელობით გოგუაძე თავისათვის კი არ ეძებდა გამორჩენას - ქვეყნისათვის ცდილობდა სარგებლობის მოტანას, მაგრამ ამაშიც ისევ და ისევ ზემოთხსენებული, დამღუპველი სინდრომი მჟღავნდებოდა.
    სოკრატ ჯინჯოლიამ კი (გოგუაძისაგან განსხვავებით), მადლობა მოახსენა არა რუსეთს (მთლიანობაში), არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს («Мы благодарны министерству иностранных дел россии за посредничесство...») შუამავლობისათვის. ამით მან (მისი სახით აფხაზურმა მხარემ) ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებათა პროცესში მხოლოდ ტექნიკურ (საშუამავლო) ფუნქციას ასრულებდა და არანაირი პასუხისმგებლობა (როგორც «გარანტს») მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულებაზე არ ეკისრებოდა.
    ქართველები ვერ ამჩნევდნენ (ხსენებული სინდრომით დაბრმავებულნი), რომ აფსუებიც და რუსებიც სწორედ ამ მომენტს უსვამდნენ ხაზს განსაკუთრებით: რუსეთი არის მხოლოდ შუამავალი, შეთანხმებას მიაღწიეს თვით მხარეებმა. ისინი თავად არიან შეთანხმების შესრულების გარანტნი, 27 ივლისის ხელშეკრულების შესრულება მხოლოდ თვით მხარეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული - ანუ გარანტის როლს რუსეთი სულაც არ კისრულობდა თბილისში ჩამოყალიბებული ბრიყვული ილუზიის მიუხედავად.
    მაშასადამე, მოვლენათა შემდგომი განვითარება იმთავითვე იყო განსაზღვრული. თვით შეთანხმებაში კი ჩაიდო რამდენიმე მომენტი, რომელიც ორმაგი განმარტების საშუალებას იძლეოდა. მაგალითად, რას ნიშნავს «საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფების გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან»? - ამ «ქვედანაყოფებში» იგულისხმებიან მხოლოდ 1992 წლის 14 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანილი რაზმები თუ ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი ქართული ფორმირებებიც? რასაკვირველია ქართული მხარე «ადგილობრივ ფორმირებებს» არ გულისხმობდა, ხოლო აფსუანური მხარე მათაც გულისხმობდა, მაგრამ ხელშეკრულებაში ამაზე არაფერია ნათქვამი ანუ არ არის განმარტებული, ვინ და რა იგულისხმება «საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფებში». როგორც მოგახსენეთ, არძინბას ეს მომენტი იმთავითვე ჰქონდა განსაზღვრული ხელშეკრულების მომავალი, უცილობელი დარღვევის უმთავრეს საბაბად.
    ძნელი სათქმელია, ამჩნევდა თუ არა ამას ედუარდ შევარდნაძე. ყოველ შემთხვევაში, 1993 წლის ივლისის ბოლოს შექმნილ სამხედრო ვითარებაში, როდესაც მტერმა სოხუმის სიმაღლეები დაიკავა, მას სხვა გზა ალბათ აღარც ჰქონდა - 27 ივლისის ხელშეკრულებით სოხუმის დაცემამ 2 თვით გადაიწია. ვიმეორებ: ივლისის მიწურულს, სეპარატისტთა უაღრესად წარმატებული ოპერაციის შედეგად (რომელიც ანუარხუსთან დესანტის გადასხმით დაიწყო) სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით სოხუმი უკვე დაკარგული იყო. ერთადერთი, რაც შევარდნაძემ მოიგო, იყო დრო.

    27 ივლისის შემდეგ აფხაზეთში მყიფე მშვიდობა დამყარდა. ქართველებს ომი დამთავრებული ეგონათ. ათეულობით ათასი ადამიანი (მათ შორის ქალი, ბავშვი, მოხუცი) დაბრუნდა სოხუმში. 1 სექტემბერს განახლდა სწავლა სკოლებში. ხელისუფლებას არ შეეძლო მათთვის ერჩია, არ დაბრუნდეთო, ვინაიდან ამით იმთავითვე აღიარებდა, რომ თავად აეჭვებდა იმ ხელშეკრულების რეალობა, რომელსაც ხელი მოაწერა. აფსუებს კი (მათ შორის მოსახლეობას) იოტისოდენად არ ეპარებოდათ ეჭვი სოჭის ხელშეკრულების ნამდვილ დანიშნულებაში. არძინბა არ გამოსულა ტელევიზიით და არ უთქვამს: «ქართველებს ვატყუებთო» - ისედაც ყველა ყველაფერს მიხვდა.
    სეპარატისტთა უმთავრესი მიზანი სოხუმიდან «ქართული» არტილერიის გაყვანა გახლდათ, რომელმაც ორჯერ გადაარჩინა ქალაქი. რაკი ზუგდიდის გზა გადაკეტილი იყო, სამხედრო ტექნიკა ზღვით, სოხუმის პორტიდან გაჰქონდათ რუსული სადესანტო გემებით - ათი ათასობით დოლარის საფასურად. თუმცა, ტექნიკის ნაწილი სოხუმში დამალეს. ცოცხალი ძალაც თანდათანობით ტოვებდა აფხაზეთს. სამაგიეროდ, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის განწყობა უკვე სხვა იყო, ვიდრე ომის პირველ თვეებში: არძინბას პროპაგანდა მათ ვეღარ ატყუებდა: «შევარდნაძის უკანონო ხუნტას ვებრძვით და არა ქართველებსო».

    ამასობაში, სამეგრელო გამალებით მიექანება სამოქალაქო ომისაკენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი შეიარაღებული «ზვიადისტები» ანაკლიის სამხედრო ბანაკში იყრიან თავს. ლოთი ქობალია «ხუნტის ჯარებისაგან სენაკის გასათავისუფლებლად» ემზადება. სრულიად საქართველოს კი უზრუნველი, მშვიდი და ბედნიერი (ანუ «ძველებური») ცხოვრება მოსწყურდა. თბილისის «დინამომ» ევროპული თასის საკვალიფიკაციო მატჩი გამართა. შოთიკო არველაძემ ბრწყინვალე ბურთი გაიტანა. სოხუმის სტადიონზეც ემზადებიან ფეხბურთის სათამაშოდ მაშინ, როცა სეპარატისტები მომავალი, გადამწყვეტი შეტევის თადარიგს იჭერენ. ინფორმაცია ამის თაობაზე თბილისში, სხვადასხვა წყაროებით, ყოველდღიურად მოდის. იმ ხალხს, ვინც «აფხაზებს» კარგად იცნობს, იოტისოდენად არ ეპარება ეჭვი, რომ არძინბა შეთანხმებას დაარღვევს.
   

    ამ დროს, ერთ ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი შენგელაია აცხადებს: «უკვე ნათელია, რომ ქართველ ერს სახელმწიფოებრივი ცნობიერება არ აღმოაჩნდა».
    აქ ყველაზე ნიშანდობლივი და კომიკური ის გახლავთ, თუ ირაკლი შენგელაიამ (რომელიც «მოძრაობაში» ლამის 60-იანი წლებიდან ჩაერთო), რა ადვილად, ყოველგვარი სულიერი ჭმუნვის გარეშე, - ერთ ჩვეულებრივ საგაზეთო ინტერვიუში აღიარა, რომ მთელი ეს წლები ფაქტობრივად ტყუილად უცხოვრია და მისი მრავალწლიანი ოცნება-ძალისხმევა იმთავითვე ფუჭი იყო