26 მაისი – საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღე

26 მაისი – საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღე

        როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს  განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღნიშნოს «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის» დაფუძნების 82-ე წლისთავი. ამის მიზეზი არა მხოლოდ უსახსრობაა. შეუძლებელია ხელისუფლებას მოსთხოვო განსაკუთრებული პომპეზურობა მაშინ, როდესაც «ზეიმის საგანთან» დაკავშირებული ფასეულობანი, დიდწილად დევალვირებულია.
        10 წლის წინ (მით უმეტეს, 12-13 წლის წინ) საზოგადოებაში სულ სხვა განწყობა სუფევდა. თუმცა, იმდროინდელი ფასეულობანიც დიდწილად სიყალბეზე აღმოჩნდა აგებული. მაგალითად, თვალთმაქცურად გვიმალავდნენ სიმართლეს იმის თაობაზე, რომ ცნობილი «1921 წლის კონსტიტუციის» მიღება საქართველოს ეროვნულმა კრებამ ვერ მოასწრო. არადა, «პირველი რესპუბლიკის» თემა 1987-1992 წლებში «ფუნდამენტურ დოქტრინად» ითვლებოდა.
        აქედან გამომდინარეობს სწორედ საზარელი შეცდომა, რომელიც 1992 წლის ივნისში ჩაიდინა ე.წ. «სამხედრო საბჭომ», რომელმაც გააუქმა 1918 წლის (1991 წლის შესწორებებით) კონსტიტუცია და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, რომლითაც არ იყო დაფიქსირებული აფხაზეთის, როგორც პოლიტიკური ავტონომიის სტატუსი, რამაც საშუალება და საბაბი მისცა სეპარატისტებს, შემდგომ პოლიტიკურ დისკუსიებში განეხორციელებინათ თავიანთი ვითომ «საპასუხო» ქმედება, ანუ აღედგინათ 1925 წლის კონსტიტუცია, რომელიც «აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას» «სუვერენულ სახელმწიფოდ» აღიარებდა.
        აქაც დასტურდება განსხვავება (ინტელექტუალური განსხვავება) აფსუა სეპარატისტთა ლიდერებსა და ჩვენი «მოძრაობის» ლიდერებს შორის, - სეპარატისტებისათვის მთავარი ის კი არ იყო, რომ 1925 წელს აფხაზეთს «საბჭოთა სოციალისტური» ერქვა, არამედ ის, რომ აფხაზეთის «საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა» საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია არ იყო.
        შემდეგ მათ «საბჭოთა სოციალისტური აფხაზეთის» კონსტიტუცია, უბრალოდ, შეცვალეს «დამოუკიდებელი აფხაზეთის» კონსტიტუციით.
        ასეთ რამეს ჩვენი «მოძრაობის» ლიდერებს იმ დროს ვერ შეასმენდი. მათ გაგონებაც არ სურდათ იმისა, რომ საქართველოს გამოეყენებინა არსებული კოზირები თავისი ინტერესების დასაცავად. არადა, ასეთი კოზირები ნამდვილად გვქონდა – ხოლო ვინ აღმოჩნდა მართალი, დღევანდელობა გვიდასტურებს. ყოველ შემთხვევაში, აფსუები დამარცხებულები ნამდვილად არ არიან. დამარცხებული, სამწუხაროდ, საქართველოა.
        1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღება უფრო მეტად საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, დამოუკიდებლობის გამოცხადებას კატეგორიულად მოითხოვდა თურქეთი.
        თუმცა, იმ ვითარებაში არც ერთ საერთაშორისო დამკვირვებელს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს სახელმწიფო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა – საკმარისია გადავხედოთ დასავლურ პრესას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ასეა.
        სწორედ ამიტომ არ მიიღეს საქართველო «ერთა ლიგაში», რადგან საერთაშორისო თანამეგობრობას არ სურდა ეკისრა პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შედმგომ ბედზე. «საქართველოს პირველ რესპუბლიკას» იმთავითვე ანგრევდა აფსუებისა და ოსების სურვილი, გასულიყვნენ (ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით) საქართველოს შემადგენლობიდან.
        ოსები და აფსუები არ ცნობდნენ საქართველოს იურისდიქციას. აფსუები ცდილობდნენ «მთიელთა რესპუბლიკასთან» (და არა რუსეთთან) შეერთებას, ხოლო ოსები – ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთთან, რომელსაც ისინი «ოსეთად» (იმავე მთიელთა რესპუბლიკად) აღიქვამდნენ.
        ბოლშევიზმის გავრცელებაც, ორივე სეპარატისტულ ეთნოსში, სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული – ბოლშევიზმი მათთვის იყო «ანტიქართული იდეოლოგია».
        თუ, მაგალითად, საქართველო იქნებოდა ბოლშევიკური, ისინი «ანტიბოლშევიზმს» აირჩევდნენ, რათა ეს ტერიტორიები როგორმე წაეგლიჯათ საქართველოსათვის. ამ ვითარებით, რასაკვირველია, შესანიშნავად ისარგებლა საბჭოთა რუსეთმა, რომელმაც გამოიყენა ქართველ ბოლშევიკთა «მეხუთე კოლონა».
        პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით (რაოდენ არასასიამოვნოდაც უნდა ჟღერდეს) საქართველოს «პირველი რესპუბლიკა» იმთავითვე მკვდრადშობილი იყო – იმდროინდელ საერთაშორისო ვითარებაში საქართველოს არავინ მისცემდა დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას – ამით არ იყო დაინტერესებულიო არც ერთი დიდი მეზობელი: არც თურქეთი, არც რუსეთი. საქართველო იმ დროს სწორედ დასავლეთმა «გაყიდა».
        დღეს თითქოს სხვა ვითარებაა, მაგრამ საკმაოდ საეჭვო სიმპტომები (საქართველოს ხარჯზე გარიგებისა) მაინც ჩანს.
        ხოლო ისტორიული და იურიდიული (თუნდაც იმავე პოლიტიკური) თვალსაზრისით, «პირველი ქართული რესპუბლიკის» არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამით პირველად დაფიქსირდა თანამედროვე ტიპის ქართული სახელმწიფოს შექმნა.
        ამიტომ, 26 მაისი გაცილებით უფრო მეტი საფუძვლით უნდა იყოს «ქართული სახელმწიფოებრიობის დღე», ვიდრე თუნდაც 12 აგვისტო – დღე დიდგორის გამარჯვებისა, მიუხედავად იმისა, რომ «პირველი რესპუბლიკა» დამარცხდა.

მერიდიანი, 26 მაისი, 2000 წელი