დეკემბერ-იანვრის მოვლენები კვლავ პოლიტიკური კონიუნქტურის საგანია

        როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი სკრუპულოზურად შეასრულებს თავის ერთ-ერთ უმთავრეს წინასაარჩევნო დაპირებას და უახლოეს დღეებში გამოსცემს სპეციალურ მანიფესტს «სამოქალაქო ომში მონაწილეთა» შეწყალების შესახებ. მანიფესტი შეეხება არა მხოლოდ «ზვიადისტებს», რომლებიც სამოქალაქო ომის განმავლობაში და ომის შემდეგ დააპატიმრა «გამარჯვებულმა მხარემ», არამედ იმ მხედრიონელებსა და გვარდიელებს, ვინც იმავე ომის დროს ან ომის შემდეგ დააკავეს კრიმინალური დანაშაულისათვის.
        რა თქმა უნდა, «ზვიადისტებს» სურთ, რომ მანიფესტი საკუთარ პოლიტიკურ და ზნეობრივ გამარჯვებად და სამოქალაქო ომში გამარჯვებული მხარის კაპიტულაციად იქცეს – მაგრამ ეს შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, არსად არასდროს მომხდარა და რაღა საქართველოში მოხდება? ქართველები ყველაფერში უნიკალური ერი კი ვართ, მაგრამ ეს მაინც მეტისმეტი იქნება. მაგალითად, თუ «ზვიადისტებს» ჰგონიათ, რომ ამ მანიფესტით სოფელ დარჩელის გადაწვისათვის ბრალდებული დოდო გუგეშაშვილი ციხიდან არ გამოვა - ძალიან ცდებიან.
        უეჭველად გათავისუფლდება ჯაბა იოსელიანი, გათავისუფლდებიან აგრეთვე «ზვიადისტებიც» (დაახლოებით 50-60 კაცი), მაგრამ ვერ გათავისუფლდება ლოთი ქობალია, ვინაიდან იგი არა მხოლოდ «სამშობლოს ღალატის», არამედ მკვლელობისთვისაა (სხვათა შორის, ჟურნალისტის) მსჯავრდებული.
        შესაძლოა, ამან სამეგრელოში კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება, ვინაიდან აკაკი ელიავა ისედაც უკვე თავისუფლად დაჯირითობს თავის შეიარაღებულ ხროვასთან ერთად და რასაც უნდა იმას აკეთებს.
        ერთხელაც იქნება, ეს ნაღმი აფეთქდება (კიდევ ერთხელ) და ხელისუფლება, ალბათ, მიხვდება, რომ ჯაბა იოსელიანის გათავისუფლება ლოთი ქობალიას გარეშე – უმძიმესი შეცდომა იყო.
        არავითარი «შერიგება» ამ აქტს არ მოჰყვება და არც შეიძლება მოჰყვეს, ვინაიდან 1991-1992 წლების მოვლენათა შეფასებაში მხარეები ისევე რადიკალურები არიან, როგორც მაშინ იყვნენ. მაგრამ სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ განსაკუთრებული სიჯიუტით მაინც ე.წ. ზვიადისტები გამოირჩევიან.
        რამდენიმე დღის წინ თენგიზ სიგუამ აღიარა: მე და თენგიზ კიტოვანი შევარდნაძის დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავითო. გაუგებარია, თუკი ისინი შევარდნაძის მარიონეტები იყვნენ, მის ბრძანებებს ასრულებენ და მისი ბრძანებითვე დაამხეს გამსახურდია, მაშინ როგორღა იქნებოდნენ «მბრძანებლის» დაბრუნების წინააღმდეგნი?
        სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ-ს) სპეცოპერაცია, ოღონდ იგი მიზნად ისახავდა არა შევარდნაძის ხელისუფლებაში მოყვანას, არამედ მუდმივი ქაოსისა და სამოქალაქო ომის პროვოცირებას.
        კიდევ კარგი, საქართველოს აღმოაჩნდა გამოცდილი, ეშმაკი პოლიტიკოსი, რომელიც ფლობდა ძალაუფლების ტექნოლოგიას და, ასე თუ ისე, შეძლო ვითარების სტაბილიზება- ყოველ შემთხვევაში, მასთან გრუ-ს ძველმა მეთოდებმა აღარ გაამართლა და უშუალო ტერაქტები სცადეს.
        ხოლო იქ, სადაც ასეთი პიროვნება არ აღმოჩნდა (მაგალითად, ტაჯიკეთში), ომი დღემდე გრძელდება.
        რა თქმა უნდა, «ზვიადისტს» ამას ვერ შეასმენ. მან მხოლოდ ის იცის, რომ 1993 წლის ნოემბერში სახლში მხედრიონელი ან გვარდიელი შეუვარდა და ცოლი გაუუპატიურა.
        აქედან გამომდინარე, დეკემბერ-იანვრის მანიფესტი დაპირისპირებულ მხარეებს ვერ შეარიგებს. ვგულისხმობ, რიგით «ზვიადისტებს», თორემ მათი «სულიერი მამები» ისე ტკბილად არიან შეჭუკჭუკებულნი იმჟამინდელ «მოსისხლე მტრებთან» - «აღორძინების» ბლოკის შემადგენლობაში, რომ გული აგიჩუყდება კაცს.
        ოღონდ ეს «შერიგება» კი არ არის, არამედ «მორიგება», როდესაც ორივე მხარეს ჰგონია, რომ მეორეს იყენებს (ამ სიტყვას სხვა სინონიმიც აქვს და მრავალი მნიშვნელობაც) – სინამდვილეში კი, მართლა ორივე იყენებს ერთმანეთს. და ამ ხალხმა უნდა შეაფასოს ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ტრაგედია?
        მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური ცინიზმიდან გამომდინარე, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია დღეს (უკვე) ყველა შეიწყალოს და ყველა გამოუშვას ციხეებიდან. ხოლო ციხეებში მყოფებიც და საპარლამენტო თუ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპონენტებიც რატომღაც, არ ითვალისწინებენ: საქართველოში ამჟამად 2000 წლის 14 აპრილია და არა 1978 წლის 14 აპრილი, 1988 წლის 26 ნოემბერი ან 1992 წლის 3 თებერვალი: გამქრალი, აორთქლებული და ზოგჯერ აყროლებული ფასეულობებით ახალი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტების შექმნა შეუძლებელია.

მერიდიანი, 14 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე