2009: ოპოზიციის გასაჭირი

2009: ოპოზიციის გასაჭირი

         დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ამჟამად არსებობს და ახალი წლის «პოლიტიკურ მდინარებასაც» განსაზღვრავს, - ოპოზიციის პრობლემაა. ეს მოცემულობა სავსებით ბუნებრივია იმ რეალობაში, რაც 2008 წლის აგვისტოს კატასტროფამ შექმნა.
   ჰერბერტ მარკუზეს თქმით, «ისტორიული პრაქტიკის საზომი მისი ისტორიული ალტერნატივაა». თანამედროვე დისკურსში კი ეს გამონათქვამი ასე შეიძლება ტრანსფორმირდეს: მთავარი ის კი არ არის, რა გააკეთა (თუნდაც «ჩაიდინა»- გემოვნებას გააჩნია) ხელისუფლებამ, არამედ უკვე ის, თუ რამდენად შესწევს უნარი ოპოზიციას, შესთავაზოს საზოგადოებას (ქვეყანას) რეალური ალტერნატივა, ალტერნატიული «დღის წესრიგი», ალტერნატიული «საერთონაციონალური პროექტი», რომელიც იმდენად ლეგიტიმური იქნება, რომ თვისებრივად ახალ პოლიტიკურ რეალობასაც შექმნის.
            ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ასეთი (კონკრეტული, ელიტებისათვის მისაღები და მასისათვის გასაგები) პროექტის გარეშე ეს ოპოზიცია დარჩება მარგინალურ ძალად, რომელიც ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს და, მით უმეტეს, ტრაგიკომიკური იქნება მისი პრეტენზიები ხელისუფლების ვადამდელ ჩანაცვლებაზე;
            ოღონდ აუცილებელი დაზუსტებით: თუ, რასაკვირველია აქ საქართველოსათვის «ტრადიციული» მეთოდები იგულისხმება (ჩვენში უკვე «რევოლუციაც» ტრადიციაა ისევე, როგორც «გადატრიალება») და არა უშუალოდ რუსული ტანკების შემოჭრა დედაქალაქში.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                2007-2008 წლების მიჯნაზე განვითარებული მოვლენები ოპოზიციური კოალიციის უმძიმესი მარცხით დასრულდა, რასაც სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ სააკაშვილის საერთონაციონალური პროექტი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ლეგიტიმურობას (ანუ სერიოზულობასა და არსებითობას); მეორეს მხრივ ოპოზიციურმა კოალიციამ ქვეყანას (ელიტებსა და მოსახლეობას) ვერ შესთავაზა სერიოზული ალტერნატივა და მისი განმასახიერებელი ფიგურა («დაგინებასა» და «შეგინებას» შორის სხვაობაზე მსჯელობის გარდა), ხოლო ქუჩაში გამოსული პროტესტული მასა საკუთარი ამბიციით შეშინებულმა ლიდერებმა რუსთაველის ნაცვლად იანვარში იპოდრომზე წაიყვანეს, რაკი ელემენტარულად შეეშინდათ, რომ მის მართვას ვერ შეძლებდნენ და ექსცესების შემთხვევაში (განსხვავებით ნოემბრის მოვლენებისაგან) ციხეში არა მხოლოდ რიგითი მომიტინგეები აღმოჩნდებოდნენ, არამედ «მასობრივი არეულობის ორგანიზატორებიც».
            მაგრამ რაკი თავად შექმნეს მასაში რევოლუციური მოლოდინი («აი 2 ნოემბერს შევიკრიბებით და მიშას დავამთავრებთ» «აი, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ შევიკრიბებით და მიშას დავამთავრებთ») პროტესტულმა ელექტორატმა მათ ეს იმედგაცრუება არ აპატია და მაისის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებით უპასუხა.
            კაცმა რომ თქვას ეს ბუნებრივიც იყო: მასას ხომ იმისთვის არ უბრძოლია, ოპოზიციას 10-15 ადგილით მეტი ჰყოლოდა პარლამენტში?! მისი მიზანი ხელისუფლების შეცვლა (დასჯა) იყო და არა მონტესკიესეული «საპირწონეების» შექმნა – ოპოზიციური პარლამენტის არჩევით. თბილისურად თუ ვიტყვით, მასა ამდენს ვერ «ტვინავს» და ვერც «გატვინავს» - ეს არ მოეთხოვება და როდესაც შენი ერთადერთი რესურსი ბრბოა, ის მაინც უნდა მოახერხო, - იმედი არ გაუცრუო ან (უკეთეს შემთხვევაში) ფუჭი მოლოდინი არ შექმნა. პრობლემათა თავიდან აცილების ნიჭი ხომ ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე მათი გადაჭრის უნარი?
            მაშასადამე, ოპოზიციის ერთადერთი შანსი (მოსწონთ მათ თუ არა) იმაში მდგომარეობს, რომ აგვისტოს შემდეგ შექმნილ ვითარებაში აღიდგინონ ლეგიტიმურობა ქვეყნისათვის მკაფიო ალტერნატიული პროექტისა და შესაბამისი ფიგურის შეთავაზებით.
            ნინო ბურჯანაძე (ზურაბ ნოღაიდელზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ამგვარ ფიგურად არ განიხილება და არც გამოდგება.
            არისტოკრატ ქალბატონს, როგორც ჩანს ჰგონია, რომ ორიოდე თვით ადრე თანამდებობაზე «ნებაყოფლობით უარის თქმა» (რასაკვირველია ბრჭყალებში) მას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან იმ პოლიტიკის შედეგებისათვის, რომლის თანაშემოქმედიც 4 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა.
            არადა, ეს იმდენად დაუძლეველი დილემაა, რომ მისი გადაჭრა მხოლოდ ქვეყნის «ფაქტის წინაშე» დაყენებით თუ იქნება შესაძლებელი ანუ პოლიტიკური სივრცის იმგვარი მონოპოლიზებით, როდესაც «უპატრონოდ შთენილი» მოსახლეობა თავად შეჰღაღადებს მუდარით დედა-ბატონს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ახლადშობილი «დემოკრატები» უკვე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ და არა საპარლამენტოს. სხვათა შორის არც ცდებიან უმთავრეს არგუმენტში: სანამ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, «ნაციონალური მოძრაობა» ყველა საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს.
            ოღონდ ამ ფენომენის ახსნას არ ცდილობენ ან ყბადაღებულ «გაყალბებაზე» დაჰყავთ. არადა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა ერთხელ ნიშანდობლივი ფრაზა, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით შეიცავს პარადოქსს:
            «პოსტსაბჭოური ქვეყნების თავისებურება ისაა, რომ სანამ პოლიტიკური ვითარება გამოიყურება, როგორც სტაბილური, იგი ასეთად დარჩება».
            ჩვენს სინამდვილეზე ეს დებულება ასე პროეცირდება: სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო ოპოზიციას არა აქვს უნარი ქვეყანას რეალური ალტერნატივა, - მკაფიო, მასისათვის გასაგები და ელიტების მიერ «სერიოზულად» აღიარებული ალტერნატიული პროექტი შესთავაზოს, ნებისმიერ არჩევნებში ელექტორატის კატეგორიული უმრავლესობა «შეჩვეულ ჭირს» მისცემს ხმას მოქმედებით (საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანით) ან უმოქმედობით ანუ არჩევნებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით.
            სხვათა შორის, ეს რეალობა აგვისტოს ომმა მხოლოდ განამტკიცა: ოპოზიცია იძულებული ხდება მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო არ აირევა, უარესი არ მოხდება (რაკი «უარესი» ამ ქვეყანაში ნულისკენ მათემატიკურად უსასრულო სწრაფვა ხდება ანუ დასასრული არ გააჩნია) და თავად აქვთ მკაფიო პროექტი, რომელიც შეთანხმებული და აღიარებულია ძირითად შიდა და გარე მოთამაშეებთან.
            სწორედ ამგვარი მოცემულობის შექმნა მოახერხა რევოლუციურმა ტრიუმვირატმა 2003 წლის ნოემბრისთვის, რისი შედეგიც გახდა ძველი რეჟიმის შეცვლა - მიუხედავად იმისა, რომ «შეჩვეული ჭირის» სინდრომი, კაცმა რომ თქვას, მაშინაც მოქმედებდა: 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში, ყველაზე ობიექტური ექსიტპოლებითაც კი (რომელთაც მაშინ ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა) ამომრჩეველთა 70 პროცენტმა ნაკლებრადიკალურ და რეტროგრადულ ძალებს დაუჭირა მხარი ანუ, ფაქტობრივად, «შეჩვეულის» შენარჩუნებას.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
           

        ზემოთთქმულის საილუსტრაციოდ: ძალზე ნიშანდობლივია ის ერთადერთი შეცდომა, რომელიც ლიბერალურ ძალთა შესაძლო კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ დაუშვა მთლიანობაში ძალზე ჭკვიანურად წარმართულ პრეს-კონფერენციაზე.
            მისი თქმით «წარსულის შეცვლა შეუძლებელია!».
            თუ ეს ოპოზიციის საერთო სლოგანი გახდა, მაშინ ხელისუფლებას იგი ვერასდროს დაამარცხებს, რადგან თუკი «წარსულის შეცვლა შეუძლებელია», ეს აზრობრივი კონსტრუქტი «ფაზლის» სიზუსტით მოითხოვს უფრო ფართო კონსტრუქციის შემდეგ ნაწილს: «წარსულის შეცვლა შეუძლებელია, რაც მოხდა – მოხდა, ანუ მოხდა «არმოსახდენი», მაგრამ რაკი მოხდა, - რა აზრი და დანიშნულება აქვს ცვლილებებს?».
            ესე იგი მთავარი გამომდინარე სლოგანი ხდება არა «ვინ» და «რატომ», არამედ «რისთვის და რა მიზნით?».
            «ვინ» - საქართველოში არ დაილევა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს სუბიექტი (სუბიექტები) როგორ უპასუხებენ მთავარ კითხვას: რისთვის და რა მიზნით?
            რისთვის უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და რა მიზნით?
            პასუხი: იმიტომ, რომ მან წააგო ომი, დაიკარგა კოდორი, ლიახვის ხეობები და ახალგორი.
            მაგრამ ეს არის პასუხი კითხვაზე «რატომ?» და არა «რა მიზნით?», რაც ბევრად არსებითია ამ დისკურსში.
            ანუ ასეთი პასუხი მეტისმეტად პრიმიტიულია და საკმარისი სულაც არ არის, რაკი ბევრი მათგანი, ვინც კითხვას ასე პასუხობს, ხალხის თვალში არანაკლებადაა პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში 2003 წლის რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, იმავე «აგვისტოს ომზე», ხოლო მათი წყენა-ამბიციის დასაკმაყოფილებლად, ისევე როგორც მხოლოდ ხელისუფლების დასასჯელად მასა ქუჩაში აღარ გამოვა.
            მით უმეტეს, როდესაც ამისაკენ სწორედ ის პერსონაჟები მოუწოდებენ, რომლებმაც ერთხელ უკვე წაიყვანეს იპოდრომისკენ – სახელმწიფო კანცელარიის ნაცვლად. ხოლო ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იმ გაერთიანებაში ზუსტად იმ მიზნით შევიდა, რათა გაგულისებული მასა, კრიტიკულ მომენტში, «სწორი მიმართულებით» (იპოდრომისკენ) წაეყვანა (არასასურველ პროცესზე რეაგირების ყველაზე ჭკვიანური მეთოდი ხომ ზოგჯერ მის სათავეში მოქცევაა) თორემ თავად ყველაზე კარგად უწყოდნენ (ახლაც ხვდებიან) რომ მორიგი დესტაბილიზაციით შეიძლება იმ «გარესისტემურმა» ძალებმა ისარგებლონ, რომლებიც არც მათ დააყრიან კარგ დღეს – თუ ხელში ჩაუვარდნენ.
            ამრიგად, საკვანძო პრობლემა ისაა, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დამაჯერებლად უპასუხოს კითხვას: რა მიზნით და რისთვის უნდა შეიცვალოს ხელისუფლება?
            ჯერ-ჯერობით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციას არათუ არ გააჩნია პასუხი ამ კითხვაზე, არამედ ვერც კი აცნობიერებს მკაფიო პასუხის აუცილებლობას.
            «ყველაფერი თავისით მოვა» - განაცხადა წინა ციკლის დროს მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა. არადა პოლიტიკაში «თავისით» ნამდვილად არაფერი მოდის, არ მოსულა და არც მოვა.

- - -- - - - - -- - - - - - - - - - - - -- - - - - - -

        საოცარია, მაგრამ ამ საკითხებზე სერიოზული დისკუსია საერთოდ არ მიმდინარეობს. არა მგონია ამის მიზეზი მხოლოდ «ელექტრონულ მედიაში» შექმნილი ტრაგიკომიკური ვითარება იყოს (თუმცა სადისკუსიო «მოედნები» იქაც გამოჩნდა ბოლო დროს) – მთავარი მიზეზი ისაა, რომ არა მხოლოდ და არა იმდენად ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია გაურბის დისკუსიას ომისშემდგომი განვითარების კარდინალურ საკითხებზე.
            რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ არანაირი კარდინალურად განსხვავებული პროექტი მათ არ გააჩნიათ და რთული, სარისკო ალტერნატივების შეთავაზების შნო-უნარიც არა აქვთ?
            ხელისუფლების მარცხთა ექსპულუატირება იოლი საქმეა; ამ მხრივ «სათქმელი არ დაილევა»; მით უმეტეს აგვისტოს კატასტროფის შემდეგ; მაგრამ მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, თითქოს ოპოზიციის წარმატებისთვის ეს საკმარისი იქნება და ოპოზიცია მოახერხებს გამარჯვებას ისე კომფორტულად, ისე «თავის აუტკივებლად», რომ არანაირ რისკზე არ წავიდეს, კითხვები მხოლოდ თვითონ დასვას, მისთვის არაკომფორტულ კითხვებს კი არ უპასუხოს.
           

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                საკითხის გარკვევაში ვითარების მოდელირება დაგვეხმარება. ავიღოთ ერთი კონკრეტული საკითხი.
            აი, მაგალითად: ოპოზიციონერები ხშირად იმეორებენ, რომ «აუცილებელია აღდგეს დიალოგი რუსეთთან, რადგან «გაბუტვა უსარგებლოა». აქ არ შევუდგებით იმის გარჩევას, რამდენად არის «გაბუტვა» ის, რაც მოხდა რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შემდეგ. მივყვეთ მსჯელობის ლოგიკას.
            საზოგადო დისკურსში, «საერთონაციონალური პროექტის» ფორმირებისას კითხვა დაახლოებით ასე ფორმულირდება:
            - თქვენ მიგაჩნიათ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შეცდომა იყო, მაშასადამე, თუ ხელისუფლებაში მოხვალთ, აღადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან?
            - პასუხი: დიახ, აღვადგენთ, რაკი «გაბუტვით» არაფერი გამოვა. ეს კონტრპროდუქტიულია.
            - კითხვა: აღადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას და დააბრუნებთ რუსეთის საელჩოს იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის საელჩოები არსებობს (და უეჭველად დარჩება) ცხინვალსა და სოხუმში?!
            - პასუხი: მმმმმმმმ . . . . . . . . .

            აი, აქ იწყება ოპოზიციისთვის არაკომფორტული ვითარება, რასაც ისინი ყოველთვის ყოველმხრივ გაურბიან – ისევე, როგორც, (სწორად შენიშნა გია ნოდიამ) ვთქვათ, სტალინის ძეგლთან დაკავშირებით.
            ბუნებრივია, უკანასკნელ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი პასუხის შემთხვევაში მმართველი პარტიის ლიდერები ჰარპუნგარჭობილი ვეშაპებივით იბღავლებენ, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ოპოზიციისათვის მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი პასუხი («დიახ, აღვადგენთ ურთიერთობას იმის მიუხედავად, რომ რუსეთი არ შეცვლის გადაწყვეტილებას სეპარატისტთა აღიარების შესახებ») ბევრად უფრო პერსპექტიულია, ვიდრე უაზრო ზმუილი ამ და ამგვარ «არაკომფორტულ» კითხვებზე პასუხისას.
            სადისკუსიო, არაერთმნიშვნელოვან საკითხებზე მკაფიო, თუნდაც არაპოპულარული და რისკის შემცველი პასუხი ხდება სწორედ ერთ-ერთი ნაწილაკი, ერთ-ერთი სეგმენტი იმ «ალტერნატიული საერთონაციონალური პროექტისა», რომელიც პოლიტიკური ძალის ლეგიტიმურობას განაპირობებს. უფრო მეტიც – მისი ლეგიტიმურობის ყოვლად აუცილებელი პირობაა!
            ამ აზრით მკაფიო პოზიცია ყოველთვის საკამათოა, ყოველთვის სარისკო და «თავისამატკივებელია». მით უმეტეს საქართველოს მსგავს «ბრინჯივით დაბნეულ» საზოგადოებაში;
            გაცილებით კომფორტული (თუმცა უპერსპექტივოა) მხოლოდ ხელისუფლების დამარცხებაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე თუთიყუშივით აპელირება და არაკომფორტული კითხვებისაგან თავის არიდება.
            იგივე «ნატოსთან» დაკავშირებით.
            ავიღოთ მასაში მოარული (არა აქვს მნიშვნელობა მართებული თუ უმართებულო) სტერეოტიპი და კვლავ ვცადოთ მოდელირება:
            კითხვა ოპოზიციას:
            - მასობრივი აღქმით, აგვისტოს ტრაგედია ძირითადად განაპირობა საქართველოს სწრაფვამ ნატოსკენ. განურჩევლად იმისა, ხელისუფლება რა ტაქტიკას აირჩევდა ქართული სოფლების დაბომბვისას – შეუტევდა ცხინვალს, ჯავას, თუ განახორციელებდა ქართული მოსახლეობის ევაკუაციას და გადავიდოდა თავდაცვით ბრძოლებზე, - საბოლოო შედეგი იქნებოდა იგივე. თქვენ თუ მოხვალთ ხელისუფლებაში, იტყვით თუ არა უარს ნატოსკენ სწრაფვაზე, რაკი სწორედ ეს აღიზიანებდა რუსეთს სინამდვილეში?
            პასუხი: - არა ამ საკითხში ხელისუფლებას მთლიანად ვეთანხმებით.
            კითხვა: - კი მაგრამ, თუ ამ კარდინალურ საკითხში ხელისუფლებას ეთანხმებით, მაშინ რა აზრი და დანიშნულება აქვს ხელისუფლების შეცვლას? უფრო გონივრულ საკადრო პოლიტიკას გაატარებთ? უფრო ქმედით თავდაცვის მინისტრს თქვენ დანიშნავთ? მერედა რით - თქვენი საკადრო-პარტიული პოტენციალით? თქვენი შემადგენლობით? ძალზე საეჭვოა!
            ყოველ შემთხვევაში სათუოა, საკამათოა, სარისკოა, ობივატელს კი ყოველთვის ეშინია ცვლილებების. იგი შეიძლება ფაქტის წინაშე დააყენოს (როგორც 2003 წელს) პასიონარულმა უმცირესობამ, მაგრამ ასეთი უმცირესობა იქმნება და შესაბამის პოტენციალს ამჟღავნებს მხოლოდ და მხოლოდ მკაფიო, გასაგები ალტერნატიული «საერთონაციონალური პროექტის» ირგვლივ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

            ამგვარ პროექტად შეიძლება იქცეს არსებულის კარდინალური უარყოფაც, ოღონდ (მასის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე) რეალური, ხელშესახები რისკის შემთხვევაში.
            რატომ შეიძინა ერთბაშად (ხანმოკლე, თუმცა ძლიერი და ძალზე არსებითი) ლეგიტიმურობა მასის თვალში ირაკლი ოქრუშვილმა 2007 წლის შემოდგომაზე? იმიტომ, რომ იგი არ მოერიდა რისკზე წასვლას, არ მოერიდა კონკრეტიკას(!), სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას; ხოლო ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ალასანიას «აკადემიურობა» მათი «სიზოგადე», არაკონკრეტულობა, რეალური დაპირისპირების რისკზე უარის თქმა (მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ბურჯანაძე ოქრუაშვილზე ნაკლებ ინფორმაციას როდი ფლობს) მასას ვერ აღაგზნებს!
            შესაბამისად, «აკადემიური სტილის» მიმდევრებს 2013 წლამდე მოუწევთ მოცდა. ანუ, ეპისტოლარულ ჟანრში და სალონურ პრეს-კონფერენციებზე თვითგამოხატვით დაკმაყოფილება.
            ამასთანავე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ 2013 წლამდე მიაღწია, იმ დროისათვის მას ნამდვილად ექნება რესურსი პროექტ «მემკვიდრის» განსახორციელებლად.
            დილემის არსი კი აქ ისაა, რომ «მასათა მძვინვარების» გარეშე ხელისუფლების «რიგგარეშედ» შეცვლა ვერ მოხერხდება.

- - - - -- - - - - - -- - - - - - - -- - - - - - -

            უკვე 20 წელია, ქართული პოლიტიკური კლასი «ეროვნული მათემატიკის» და «ეროვნული ბალეტის» მსგავსად ცდილობს რაღაც ახალი ქართული «პოლიტიკური დისკურსის» («ქართული ველოსიპედის») შექმნას, რომელიც პოლიტიკის ზოგად კანონებს და საკაცობრიო პრაქტიკას არ დაემორჩილება.
            ალბერტ აინშტაინის აღიარებით «პოლიტიკა ფიზიკაზე ბევრად რთული» თუმცა არანაკლებ ზუსტი მეცნიერებაა. მისი ერთ-ერთი ურყევი კანონის შესაბამისად კი, პერსპექტიულია მხოლოდ ის პოლიტიკოსი და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მასისა და ელიტების აღქმით აქვს ლეგიტიმურობა. აქ «ლეგიტიმური» იგივეა, რაც «არსებითი» «სერიოზული» და «რეალური».
            ლეგიტიმურობის შესაძენად აუცილებელია მკაფიო საერთონაციონალური პროექტი და მისი განხორციელების უნარის დემონსტრირება ნამდვილ რისკზე წასვლით (და არა მორიგი «იპოდრომობით»).
            ჯერ ჯერობით კი, ლეგიტიმურობას, ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება უფრო ინარჩუნებს, რაკი სწორედ მოქმედი პრეზიდენტი (როგორც არ უნდა ღიზიანდებოდეს ამით სოციუმის თუ პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი) «ქმნის დღის წესრიგს» ქვეყანაში: ცვლის მთავრობას, იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ასეულობით ათასი ადამიანის სოციალურ მდგომარეობას ეხება; ატარებს ყოველდღიურ პრეს-კონფერენციებს, «ფი-არ» აქციებს, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში მიმზიდველია, მაინც აქტუალურია, მაინც ყურადღებას იპყრობს, ხელისუფლების ქმედითობასა და არსებითობა-რეალურობას ადასტურებს.
            ოპონენტები კი . . . . . . იმავე ბჟეზინსკის პერიფრაზით: «სანამ ოპოზიცია გამოიყურება, როგორც დაბნეული და უმწეო, იგი ასეთად დარჩება».