ვალენტინის დღე ქართულად

    ჩვენს პათოლოგიურად პოლიტიზებულ საზოგადოებაში ნებისმიერი ნათელი და სხივმოსილი, კეთილი და მხიარული დღესასწაული «ხმელთაშორეთში» აღწერილი შავბნელი მინას-მორგულის მცველ ურჩხულთა ბორიაყის ხასიათს იძენს და შემაძრწუნებელი ალუზიებით ივსება.
    მაგალითად, მაშინ როდესაც მთელს ნორმალურ მსოფლიოში «ვალენტინის» დღეს» პოლიტიკის ხსენებისას ზიზღით იმრიზებიან და ადამიანური დანიშნულების ბუნებრივ არსზე ვარიაციებით ირთობენ თავს, საქართველოში, ამ მშვენიერი დღის წინ, «რუსთავი ორმა» ლამის მთელი საათი მიუძღვნა ნოემბრის ბობოქარ მოვლენებს და მათ განხილვას, სწორედ «ვალენტინის დღის» ქარაგმულად დამცინავ რაკურსში – შევარდნაძისათვის სასიყვარულო-დამცინავი სმს-ების გაგზავნის სახით.
    ასეთი რამ. ალბათ, მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელია, რადგან სხვა, ამდენად ავადმყოფურად პოლიტიზებული და პათოლოგიურად ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება დედამიწის ზურგზე დღეს არც არსებობს.
    ადრეულ შუა საუკუნეებში, საფრანგეთის მანიაკალურად გულბოროტი მეფე ლუი XI ნათელი დღესასწაულების დროს ჩადიოდა ბნელ სარდაფში, სადაც რკინის გალიებში ჰყავდა გამომწყვდეული თავისი მტრები (ისე, რომ მათ წელში გამართვა არ შეძლებოდათ ათწლეულების განმავლობაში) და მათ უყვებოდა სახალხო მხიარულების შესახებ - ვითომ არ ესმოდა საბრალო პატიმართა საწყალობელი მოთქმა, შეწყალების მუდარა და ტირილი.
    დაახლოებით ამგვარი პათოლოგიით არიან დაავადებული ქართველი პოლიტიკოსები და მათი «კამარილია» ანუ «პოლიტიკისგარშემო» მორიალე ფენა, რომელიც პოლიტიკით და პოლიტიკური ანგარიშსწორების ცქერით ტკბება.
    შეიძლება ითქვას, ქართული პოლიტიკური სცენა სწორედ ჩვენი, ასე ვთქვათ, «რთული ეთნოფსიქოლოგიის» გამო, შექსპირულ ვნებათა ასპარეზად რჩება. შუასაუკუნოვან ვნებათა მძვინვარება კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დამარცხება - აუცილებელია დატკბე მისი დამცირებით, ან «თბილად გულთან ახლოს» გყავდეს დაპატიმრებული და ვალენტინის დღეს, დაცინვით, მისალოცი წერილი გაუგზავნო საკანში.
    1992 წელს, გროზნოში მყოფ ზვიად გამსახურდიას თენგიზ სიგუამ, თენგიზ კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა სწორედ ასეთი წერილით მიულოცეს დაბადების დღე და უსურვეს: «ალბათ მალე კვლავ თქვენებურად გაუძღვებით ქართველ ერს მორიგი გამარჯვებებისაკენ».
    იმ დროს გამსახურდია უკვე უიმედოდ დამარცხებული იყო, მაგრამ დამარცხებული მტრის მორალური განადგურება, მისი გასრესა, დამცირება განსაკუთრებით ტკბილად ელამუნება ავადმყოფ მენტალიტეტს.
    ამიტომ, გასული საუკუნის საქართველოს ისტორიაში უამრავი ამგვარი მაგალითი შეიძლება მოვიძიოთ. უფრო მეტიც, - ეს ისტორია სწორედ შექსპირულად მძვინვარე პიროვნული დაპირისპირებების ისტორიაა.
    ამის გათვალისწინებით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ საქართველო იქცა პოსტსაბჭოურ სივრცეში კლასიკური სამოქალაქო ომის ერთადერთ მაგალითად და ვერაფრით ხერხდება ხელისუფლების ნორმალურად, უმტკივნეულოდ დათმობა-მოპოვების ტრადიციის ჩამოყალიბება.
    «შექსპირული პერსონაჟებიც» მრავლად არიან: ჯუმბერ პატიაშვილი და სოლიკო ხაბეიშვილი, თენგიზ სიგუა და ზვიად გამსახურდია. . . . .
    ბოლოს - ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც არაფრით სურდა დაეთმო ხელისუფლება თავისი ძველი «მეგობრის» ქალიშვილისთვის და ოღონდ მისთვის არ დაეთმო - ძალით თავი დაამხობინა ამჟამინდელ პრეზიდენტს.
    ასეთი რამ მხოლოდ მრავალწლეული მძვინვარე დაპირისპირების შედეგი შეიძლება იყოს ან ორმოცდაათწლიანი მეგობრობისა, რაც საქართველოში, როგორც ჩანს, ასეთივე მძვინვარე სიძულვილის სინონიმია, ვინაიდან ამ ქვეყანაში ფანატიკური სიყვარულიდან - ასეთივე პათოლოგიურ სიძულვილამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
    ალბათ «ევროკავშირის წევრობის კანდიდატის» რენომე და ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა ფხიზელი თვალი აკავებთ, თორემ, თბილისის დილეგებში კარგა ხნის აღორძინებული იქნებოდა დამარცხებული, გასრესილი მტრის «ტკბილად» ძელზე გასმის, მხურვალე შანთით წამების, ნელ ცეცხლზე წამებით დაწვის მეთოდები - გამარჯვებულის თანდასწრებითა და თვალებში ნაზი ღიმილით.
    საქართველოში ეს უფრო მეტია, ვიდრე ტრადიცია - იგი საზოგადოებრივი არსის გამოხატულებაა.
    ანუ, ქართული სახელმწიფოს არსია ფანატიკური ცეცხლით ანთებული თვალები და შეურიგებლობის ღრენა; დამარცხებულის გულამოსკვნილი კვნესა და გამარჯვებულის ვნებიანი ხარხარი.
    ამ სამხეცეში რომელ დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოებრიობაზე შეიძლება იყოს საუბარი?!
    შექსპირულ ვნებათა მძვინვარებისას, უბრალო ობივატელისათვის ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, წმინდა ვალენტინის დღეს, როდესაც მთელი ქრისტიანული მსოფლიო (უკვე მართლმადიდებელი სამყაროს ჩათვლით) პოლიტიკის სრულ ანტიპოდს ეთაყვანება (რაკი პოლიტიკოსს სხვაგვარად არ ძალუძს რიჩარდ მესამის ეპოქიდან დაწყებული და ასგზის არ ძალუძს ეს ქართველ პოლიტიკოსს), ჩვენც შევიძულოთ პოლიტიკა, როგორც ყველაზე საზარელი, უმოწყალო და საზიზღარი საკეთებელი «კაცის საკეთებელთა შორის».
    თუნდაც დროებით, ერთი ნათელი დღით, რადგან ჩვენც ხომ ამ ქვეყნის პირმშონი ვართ, - სისხლის სისხლთაგანნი და ხორცი-ხორცთაგანნი.

14 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   
   

მთელ გვერდზე