სვლა აჭარის ხიდზე

    გასულ კვირას განვითარებული მოვლენები საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლების და თვით ახალი ქართული სახელმწიფოს პროექტის (სახელმწიფოებრიობის მათეული კონცეფციის) სერიოზულ გამოცდად იქცა.
    დღემდე ნოემბრის ლიბერალური რევოლუციის შემოქმედები მიზნის მიღწევას წვეთი სისხლის დაუღვრელად ახერხებდნენ. თუმცა, საამისოდ მათ ხშირად მართლაც «ბეწვის ხიდზე» უწევდათ გავლა.
    მაგალითად, 22 ნოემბერს, როდესაც მოსახლეობა ასლან აბაშიძის «სპეცნაზელებით» სავსე პარლამენტის შენობაში შეიჭრა, ერთი გასროლა იყო საკმარისი, რათა მოვლენებს სულ სხვა შეფერილობა შეეძინათ, - თუმცა შედეგი უდავოდ იდენტური იქნებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ არა კონკრეტული პერსონალიებისთვის.
    საბედნიეროდ, მაშინ სროლა ვერავინ გაბედა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის, ერთი მხრივ, მედიას, მეორე მხრივ, რევოლუციის ლიდერთა მტკიცე და «უკანმოუხედავ» მოქმედებას.
    რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, რაც უფრო ფრთხილად იმოქმედებდნენ მაშინ (და ამჟამადაც) ლიდერები, მით უფრო მეტი შანსი იყო სისხლისღვრისა, ვინაიდან მეორე მხარე ამას უეჭველად სისუსტის გამოვლინებად ჩათვლიდა.
    მაშასადამე, საქართველოს ახალი ხელისუფლების მეთოდია «ბეწვის ხიდზე სვლა გამაწონასწორებელი ღერძის გარეშე» - ისე, რომ ყველას რჩებოდეს შთაბეჭდილება, თითქოს მათ იციან ის, რაც არ იცის მოწინააღმდეგემ და შეუძლიათ ბევრად მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
    იმავე მეთოდოლოგიამ იმუშავა «აჭარის კრიზისის» შემთხვევაშიც: სისხლი არ დაიღვარა სწორედ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმში შენიშნეს - თბილისი უკან არ დაიხევდა და გადაწყვეტილებას ბოლომდე მიიყვანდა. ამ ვითარებაში «გასროლა» კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა და რაკი ასლან აბაშიძემ თავზე ეს პასუხისმგებლობა ვერ აიღო, - მის ნაცვლად არავინ აპირებდა, იგი ეკისრა.
    ასეთია ნებისმიერი ავტორიტარიზმის კიდევ ერთი, ძალიან უცნაური პარადოქსი: ეს სისტემა მთლიანად «მიბმულია» კონკრეტულ პიროვნებაზე და მისი ნების გარეშე ვერ ფუნქციონირებს. ასლან აბაშიძეს კი საქართველოს პრეზიდენტის ნების სიმტკიცეში ეჭვი არ შეპარვია - ამან გადაარჩინა აჭარა და მთელი საქართველო სისხლისღვრას. ისევე, როგორც სახელისუფლებო სამეულის გარეგნულად ემოციურმა, მაგრამ შინაარსობრივად საკმაოდ რაციონალურმა მოქმედებამ.
    მაგალითად, მივაქციოთ ყურადღება, რომ ხელისუფლებას არ აუმოქმედებია (დროზე ადრე ამის საჭიროება არ იყო) არც ერთი ფაქტორი, რაც ავტონომიის მმართველ დაჯგუფებას სასარგებლოდ შეეძლო გამოეყენებინა: მაგალითად, მთავარი მოვლენების დროს ავტონომიაში არ გამოჩენილან ასლან აბაშიძის ძირითადი ოპონენტები - ისინი ფოთში იმყოფებოდნენ «ყოველი შემთხვევისათვის», რაც თავდაპირველი გეგმით იქნებოდა გათვალისწინებული.
    გარდა ამისა, «პრესინგი» არ ითვალისწინებდა ამჯერად ასლან აბაშიძის მომწყვდევას გამოუვალ ჩიხში, სადაც მას უკანდახევისა და კომპრომისად გაფორმებული კაპიტულაციის საშუალება არ ექნებოდა: ესეც პოლიტიკური ტექნოლოგიის ზუსტი ინსტრუმენტი იყო - კრიტიკულ მომენტში ძალიან სერიოზული როლის შეასრულა ზურაბ ჟვანიას გამოსვლამ, რომელიც, როგორც ყოველთვის, ზუსტად ესადაგებოდა შექმნილ ვითარებას: პრემიერ-მინისტრმა ასლან აბაშიძეს დროულად შეახსენა თათარსტანის პრეზიდენტის, მინტიმირ შაიმიევის მაგალითი, «ვინც ერთ დროს სეპარატისტად ითვლებოდა, შემდგომ კი მიიღო მოსკოვის შემოთავაზებული თამაშის წესები და კვლავინდებურად მართავს თავის ავტონომიას».
    ანალოგია ხელოვნური სულაც არ არის - მით უმეტეს, იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც იგი ჩაეწერა: თათრების ვითარებისაგან განსხვავებით, აჭარლები ჭეშმარიტი ქართველები არიან, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, ორივე ამ წარმონაქმნის ხელისუფლება ცენტრთან მიმართებაში, დაახლოებით, ერთსა და იმავე ტექნოლოგიას იყენებდა.
    ზურაბ ჟვანიას განცხადება იყო სიგნალი (და იგი სწორედ იქნა აღქმული აჭარის ელიტის მიერ), რომ თბილისი არ აპირებს მისი ავტონომიურობის ხელყოფას, თუ აღიარებული იქნება თამაშის საერთო წესები. მათ შორის, რასაკვირველია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტოკრატიული რეჟიმის მოშლა და უფრო პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბება, რასაც «ადამიანის უფლებათა» ფასეულობის ერთგულებასთან ერთად, სავსებით პრაგმატული დანიშნულება აქვს: პლურალისტურ გარემოში რეგიონის მმართველს ყოველთვის ბევრად მეტად უჭირს სეპარატისტული პროექტების განხორციელება, ვიდრე ავტოკრატიული რეჟიმის დროს.
    რაც შეეხება საბოლოოდ მიღწეულ შედეგს: როგორც ჩანს, თბილისი არ არის წინააღმდეგი, აჭარაში აკრეფილი გადასახადების ნაწილი დარჩეს ავტონომიაში. მით უმეტეს, რომ ეს თანხები ისედაც ბრუნდება რესპუბლიკაში, - ცენტრალური ბიუჯეტის სახარჯო ნაწილის შესასრულებლად. მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ დანარჩენი უკლებლივ გადმოირიცხება ცენტრში და (რაც მთავარია) ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ ექნება საშუალება, დაარღვიოს საბაჟო ტარიფების ერთიანი სისტემა: ბათუმისა და სარფის საბაჟოზე დღემდე წესდებოდა ხელოვნურად დაწეული საბაჟო ტარიფები, - ტვირთის ამ მიმართულებით მისაზიდად. შესაბამისად, თბილისი ვერ აკონტროლებდა, დაახლოებით, ქვეყნის ბიუჯეტის 30 პროცენტის ტოლფას ფინანსურ ნაკადებს, რასაც «დაგემოვნებით» ხარჯავდა ადგილობრივი ოლიგარქია.
    პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნა ორივე სტრატეგიულ პუნქტში უეჭველად იმას გულისხმობს, რომ თანხების კვლავ შეყოვნების ან საბაჟო ტარიფთა სფეროში მორიგი თვითნებობის შემთხვევაში, თბილისს მზად აქვს ტვირთნაკადთა «გადამისამართების» სქემა, რაც მცირე ხნით, მაგრამ უკვე წარმატებით აპრობირებულია.
   
   

ბაბუინთა შემოდგომა

    აჭარის მმართველი ოლიგარქიისთვის მისი კუთვნილი და კანონიერი ადგილის «მიჩენა» არა მხოლოდ საქართველოს (უპირველესად პრეზიდენტის), არამედ მთელი ქვეყნის ძალიან სერიოზული წარმატებაა - იქნებ პირველი ნამდვილი გამარჯვებაც მთელი ამ წლების განმავლობაში.
    უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური რესურსის თვალსაზრისით, ქვეყანამ როგორც იქნა, პირველად 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მოიპოვა, მართლაც, ძლიერი და ქმედითი ხელისუფლება, რომელსაც ეს პოლიტიკური რესურსი (უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე «ნდობის კრედიტი» - აქ მხოლოდ ნდობაში არ არის საქმე) აძლევს საშუალებას, იმოქმედოს იმდენად რადიკალურად და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც ვერც ერთი წინა ხელისუფლება ვერ გაბედავდა.
    ბათუმში მიღწეული კომპრომისი კი სერიოზული «მესიჯია» აჭარის მმართველი ელიტისათვის, რომ მან (და უპირველესად სწორედ მან), მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად უნდა იფიქროს ასლან აბაშიძის ალტერნატივაზე.
    აჭარის მრავალწლიანი მმართველი უდავოდ უკვე გუშინდელი დღეა, მაგრამ მისი ფენომენის საბოლოოდ ამოსაწურად აჭარის ელიტას თბილისმა ორმხრივად მისაღები «მოდუს ვივენდი» უნდა შესთავაზოს.
    თუკი ყველანი ვთანხმდებით, რომ აჭარის ავტონომიური სტატუსის ეჭვქვეშ დაყენება (პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გამო) კონტროდუქტიულია, მაშინ ქართული ისტებლიშმენტი იმაზეც უნდა შეთანხმდეს, რომ აქ ახალი «ბალანსის» (!) გამომუშავება გარდაუვალია. ეს ცნება, რამდენად დისკრედიტირებულიც უნდა იყოს, უბრალოდ, აუცილებელია, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა ინტერესთა თანხვედრისა და წონასწორობის ხელოვნებაა.
    მაგრამ, ისევ და ისევ, «ახალი ბალანსის» (სტრატეგიული კომპრომისის) განუყოფელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს აჭარაში სიტყვის თავისუფლების, პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების და პოლიტიკურად «მრავალშემადგენლიანი» სახელისუფლებო ორგანოების ფუნქციონირების სავსებით პრაგმატული მოთხოვნა.
    სინამდვილეში, ბოლო დრომდე ასლან აბაშიძე არა მხოლოდ თავისი ოჯახის, არამედ აჭარის ელიტის ინტერესებსაც გამოხატავდა. აქ ინტერესთა გარკვეული კონფლიქტის შექმნა ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს «სასიკეთო» შედეგს, ანუ აჭარის ტერიტორიაზე გამავალ ფინანსურ ნაკადებზე რეალური კონტროლის საბოლოოდ დაკარგვის შედეგად, ასლან აბაშიძის წარსულ საუკუნეებში დაბრუნება (ალბათ, შევარდნაძისაგან განსხვავებით, რომელმაც მე-20 საუკუნე იკმარა, - განსახილველ შემთხვევაში შუა საუკუნეები უნდა ვიგულისხმოთ) გარდაუვალი გახდება.
    თვით «პატრიარქს» ეს ძალიან კარგად ესმის, - ამიტომაც ცდილობს, მოგონილი საბაბით წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტის წარმომადგენელთა დანიშვნას და ამ ინსტიტუტის სრული ძალით ამოქმედებას.
    ოღონდ, «თბილისში» ხელისუფლების შემდგომი კონსოლიდაციისა და პრინციპული ხაზის გაგრძელების პირობებში ეს მცდელობაც სრულიად ფუჭი იქნება.
    ყველაფერთან ერთად, მომხდარი იმასაც ადასტურებს, რამდენად ანაქრონისტულია ჩლუნგად ტრადიციონალისტური მცდელობა (აქ კონკრეტულ პარტიაზე, რა თქმა უნდა, არა გვაქვს საუბარი) ისტორიულად დრომოჭმულ სისტემათა ექსტრაპოლაციისა თანამედროვე გარემოში – არადა, ქართველებს «ველოსიპედის გამოგონება» ნამდვილად არ გვჭირდება: ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს!!! ეს უბრალო, მაგრამ, იმავდროულად, გენიალური დემოკრატიული დებულება თავის თავში მთელ სახელმწიფოებრივ ფილოსოფიას მოიცავს.
    ის, ვინც მას არ ეთანხმება, - თავს ყულფში ჰყოფს, რადგან ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი სოციალური უკმაყოფილების ზვავს ეღობება.
    პროტესტული სეგმენტი კი სოციუმში არ დაილევა. ამან შეიწირა წინა «პატრიარქიც».
    სინამდვილეში, იგი მხოლოდ დრომ დაამარცხა.
    ასლან აბაშიძემ აჭარის მმართველი ოლიგარქია და თუნდაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, პარტიკულარისტული მეთოდებით სულაც «ოქროში რომ ჩასვას», პროტესტული სოციუმის დამშვიდების ერთადერთი საშუალება ხელისუფლების პერიოდული ცვლილებაა, რასაც ავტორიტარი ვერასდროს ვერაფერს დაუპირისპირებს: აქ პროდუქტიული კონტრმეთოდი უბრალოდ არ არსებობს: სახელისუფლებო პატრიარქთა «შემოდგომის» გარდაუვალობა ბუნების კანონებზე არანაკლებ მრისხანე და შეუვალია.
    თუ აჭარის ელიტა ამას არ დაეთანხმება და ალტერნატიული სისტემის დაფუძნების აუცილებლობას არ აღიარებს, - იგი მუდამ წაგებული დარჩება და ყოველთვის იძულებული იქნება, თავისი ინტერესები კონკრეტული გვარის ინტერესებს ანაცვალოს.
    მთავარია, მან საკუთარი ინტერესები გააცნობიეროს, რაც უკვე აღარ არის იდენტური აბაშიძეთა ინტერესებთან. თბილისი კი ყოველნაირად უნდა დაეხმაროს მას ამ «გაცნობიერების პროცესში».
   
   

რუსული ტეხილი

    აჭარის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს «გულითადი მეგობრები», რუსი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები, ასევე კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგები, ანდრანიკ მიგრანიანიდან დაწყებული - გლებ პავლოვსკიმდე, «ნირწამხდარნი» აღიარებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონულ პრობლემათა გადაწყვეტისას პირველი გამარჯვება მოიპოვა.
    ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვი ცოტა არ იყოს ორჭოფულ ვითარებაში აღმოჩნდა: მან ყველაფერი გააკეთა, რათა საქმე სისხლისღვრამდე მისულიყო. ამაზე მეტყველებს ბათუმის მოტომსროლელთა დივიზიაში განხორციელებული პროვოკაციული «როტაცია», შემდგომ კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ბათუმში «მასთან ჩასული» იური ლუჟკოვის ანტიქართული განცხადებები.
    მივაქციოთ ყურადღება: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად აღნიშნა, რომ იური ლუჟკოვს ოფიციალური მანდატი არ გააჩნდა და ბათუმში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, ხოლო როცა მდგომარეობა განიმუხტა და სისხლი არ დაიღვარა, - იმავე სმოლენსკის მოედანმა საგანგებო განცხადებით მადლობაც გადაუხადა მოსკოვის მერს, ვინც (თურმე) «ხელი შეუწყო კონფლიქტის მშვიდობიან ამოწურვას».
    სინამდვილეში, მოსკოვის «კეთილისმყოფელი როლი» აჭარის კრიზისში არათუ ნულის ტოლი იყო, არამედ (ვიმეორებ) მან ყველაფერი გააკეთა, რათა სისხლი დაღვრილიყო, მაგრამ რაკი არ გამოუვიდა, - შემდგომ უკვე მიზანშეწონილად ჩათვალა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა (მთელი მსოფლიოსათვის), თითქოს სწორედ მისმა ჩარევამ განაპირობა მშვიდობიანი შედეგი.
    ამის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა უარი თქვა (იგორ ივანოვის თხოვნის მიუხედავად), შეხვედროდა ლუჟკოვს.
    შეხვედრის ფაქტის დაფიქსირება მოსკოვს ისევ და ისევ იმისათვის სჭირდებოდა, რათა ლუჟკოვის მეშვეობით თავისი გეოპოლიტიკური პრიორიტეტი დაედასტურებინა.
    ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, აჭარაში სისხლი თუ არ დაიღვარა, არ დაიღვარა არა მოსკოვის წყალობით, არამედ პირიქით, - მისი პროვოკაციული მოქმედების საწინააღმდეგოდ.
    მაშასადამე, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, რაკი არ არსებობს არავითარი საფუძველი მტკიცებისა, თითქოს მათ წარმატებას რუსეთის მეშვეობით, მისი წყალობით მიაღწიეს.
    ეს განაპირობებს გასული კვირის ძირითად ტენდენციას: საქართველო იძენს არც თუ უშეცდომო, მაგრამ ქმედით ხელისუფლებას, რომელსაც რთული პოლიტიკური პროექტების განხორციელების უნარი შესწევს.

24 საათი
    22 მარტი, ორშაბათი, 2004 წელი

   
   
   

მთელ გვერდზე