სომხეთი კვლავ რკინიგზის გახსნას ითხოვს

    გუშინ თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თანამედროვე სომხური ისტებლიშმენტის ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უშიშროების საბჭოს მდივანი და (შეთავსებით) თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი.
    შეთანხმება მისი ვიზიტის თაობაზე ჯერ კიდევ ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას დაიდო და მაშინვე გამოიკვეთა უმთავრესი თემა, რაც თბილისში უნდა განეხილათ - აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედება.
    სარქისიანმა ჯერ კიდევ აეროპორტში ყოფნისას დაადასტურა, რომ სომხეთისათვის ამ საკითხს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თემა უკვე მრავალი წელია განიხილება.
    ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც აფხაზეთში ომი ახალი დაწყებული იყო, სომხეთიდან სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა ამ პრობლემაზე მოსალაპარაკებლად და კონკრეტული სქემებიც კი დაამუშავეს, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი რკინიგზის ამოქმედება იმ ვითარებაში, როცა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. რასაკვირველია, მაშინ ყველა ეს სქემა აბსოლუტურად არარეალური იყო. მომდევნო წლებში კი, ქართული მხარე ყოველთვის სავსებით მართებულად უკავშირებდა რკინიგზის ამოქმედებას ლტოლვილთა დაბრუნებას.
    გათვლა ის გახლდათ, რომ რუსულ და სომხურ მხარეებს აეძულებინათ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება, წასულიყო დათმობაზე ლტოლვილთა დაბრუნების საკითხში, რისი გაკეთებაც მას არაფრის დიდებით არ სურდა.
    სოჭში ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის შედგენაშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტები - პუტინი და შევარდნაძე, აგრეთვე აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ხაჯიმბა, თითქოსდა ადასტურებდა «პარალელურად» ლტოლვილთა დაბრუნების მოთხოვნას, მაგრამ იმთავითვე იგულისხმებოდა (სოხუმში ამას ითვალისწინებდნენ), რომ ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება კონკრეტულ სქემებზე.
    მაგალითად, აფხაზური მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი კავშირი ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობასა და რკინიგზის აღდგენას შორის და რომ, თითქოსდა, ლტოლვილები უკვე დაბრუნდნენ კიდეც გალის რაიონში.
    გარდა ამისა, აფხაზური მხარე კვლავინდებურად კატეგორიულად წინააღმდეგია სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაში მონაწილეობა მიიღონ ქართველმა სპეციალისტებმა - მით უმეტეს, აფხაზეთიდან ლტოლვილებმა, რაკი ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ ეს იქნება ლტოლვილთა დაბრუნება არა მხოლოდ და არა იმდენად გალის რაიონში, არამედ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    სოხუმის სალოკომოტივო დეპოში ომამდე თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი იყო. ისინი ამჟამად გამოდევნილნი არიან აფხაზეთიდან. ამ ვითარებაში, მაგისტრალის ტექნიკურად გამართვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთიდან ან იმავე სომხეთიდან სპეციალისტების «დროებით» შემოყვანით, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბევრი მათგანი, აფხაზეთის წარმტაცი სანახებიდან შეიძლება აღარც დაბრუნდეს სამშობლოში.
    სერჟ სარქისიანის მისია, სარწმუნო წყაროთა ცნობით, ამჯერადაც მხოლოდ ტექნიკური საკითხებით შემოიფარგლება. მისი მიზანია, დაარწმუნოს ქართული მხარე, რომ თუ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება რკინიგზის ამოქმედების შესახებ, სომხეთი შეეცდება გამორიცხოს ქართული მხარის ყველა ის რისკ-ფაქტორი, რაც შეიძლება თბილისს აღელვებდეს სპეციალისტების გამოგზავნის ან სამუშაოებში დახმარების თვალსაზრისით.
    სომხეთი მზად არის განიხილოს, აგრეთვე, ფინანსური მხარდაჭერის საკითხიც და ამის თაობაზე უკვე იყო საუბარი სარქისიანის შეხვედრების დროს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სხვა უწყებებში.
    არსებობს მრავალგვარი სქემა, რომელთაგან ზოგიერთი უკავშირდება სომხეთისადმი საქართველოს დავალიანების ჩამოწერას. თუმცა, სომხეთის თანამედროვე ხელისუფლება პრაგმატიკოსებისაგან შედგება და მათ შესანიშნავად ესმით, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, საკითხი, რა თქმა უნდა, ერევანში არ წყდება.
    სოხუმის ინტერესთა გათვალისწინების გარეშე რუსეთი არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს. ვინაიდან ეს გააღიზიანებდა მისთვის ძალზე საშიშ ჩრდილო-კავკასიურ ელიტებს.
    ჩეჩნეთის ომის დროს მათი ნეიტრალიტეტი სწორედ აფხაზური სეპარატიზმისადმი რუსეთის ლოიალურმა პოზიციამ განაპირობა. ამრიგად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი «მოდუს ვივენდის» გამომუშავებას სექტემბრის შეხვედრის დროს.
    როგორც ცნობილია, სექტემბერში იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. დაახლოებით იმ დროისათვის აფხაზეთში ახალი ხელისუფლება იქნება. «კვანძის გახსნასაც» მხოლოდ მაშინ უნდა ველოდოთ.
    მიხეილ სააკაშვილს არაერთგზის უთქვამს, რომ მზად არის თამამი ნაბიჯებისათვის აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად. მეზობელმა ქვეყნებმა აქ დამხმარე ფაქტორის როლი შეიძლება შეასრულონ. თუმცა, პროცესის ინტენსიფიკაციის როგორი სიმპტომებიც უნდა არსებობდეს (სარქისიანის ვიზიტი ერთ-ერთი მათგანია), ამთავითვე შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ აფხაზ სეპარატისტებთან სერიოზული კონფლიქტის და ზემოქმედების მრავალგვარი ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე საკითხი დადებითად არ გადაწყდება და ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მტკივნეული კომპრომისი, ვინაიდან მხოლოდ ასეთი კომპრომისი აძლევს ხელს კავკასიაში მთავარ მოთამაშეს - პუტინის რუსეთს.

2 აპრილი, პარასკევი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   
   

მთელ გვერდზე