საქართველო ზღვაზე აქტიურდება

    ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, საქართველოს ერთადერთი რეალური მეგობარი და მეგობრულად განწყობილი მეზობელი არის შავი ზღვა. ეს ხატოვანი გამოთქმაა, რა თქმა უნდა, თუმცა სინამდვილეში, შავ ზღვას საქართველოს ინტერესების დაცვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. უფრო მეტიც, ეს გადამწყვეტი ფაქტორია. ამას ბოლო მოვლენებიც ადასტურებს.

    გუშინ ფოთში შემოვიდა თურქეთის რამდენიმე სამხედრო ხომალდი, მათ შორის «ბეიკოზი» და «ბარლიმი».
    დაგეგმილი იყო მათი მონაწილეობა ერთობლივ სამხედრო წვრთნებში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებთან. მთლიანობაში წვრთნა დაახლოებით, 3 კვირას გასტანს და მასში ასეულობით სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. პირველ ეტაპზე თურქული ხომალდების მონაწილეობას კი საერთაშორისო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამით საქართველო ცდილობს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ შავი ზღვის სხვა სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ მისი ინტერესები. დაგეგმილია სხვადასხვა სახის და სიშორის სროლები, დესანტირება ხმელეთზე როგორც მძიმე ტექნიკით, ასევე მსუბუქი შეიარაღებით, ანუ ყველა ის მანევრი, რომელიც აუცილებელია უშუალოდ სანაპირო ზოლის დასაცავად, ან მის დასაკავებლად, პლაცდარმის შესაქმნელად, თუ საზღვაო ბლოკადის განსახორციელებლად.
    რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, თუ ეს მანევრები ვითარდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო ცდილობს თავის «ჭირვეულ ავტონომიებთან» ურთიერთობათა გარკვევას.
    როგორც ცნობილია, მცირე ხნით წინათ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გადაკეტეს აჭარის საზღვაო აკვატორია; საბედნიეროდ, საქმე შეტაკებამდე არ მისულა, ვინაიდან პრობლემის გადაჭრა პოლიტიკური მეთოდებით მოხერხდა. მაგრამ უმალვე გაჩნდა კითხვა, რამდენად შესაძლებელია ანალოგიური მეთოდების გამოყენება აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად?
    არც ერთ სამხედრო ექსპერტს არასდროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის დებულება, რომ აფხაზეთის სამხედრო-სტრატეგიული გასაღები სწორედ შავი ზღვა და მიმდებარე აკვატორიაა.
    ამ თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, საკმაოდ სუსტი პოზიციები აქვს, ვინაიდან საქართველოს სამხედრო ფლოტი არ არის საკმარისი აფხაზებთან მიმართებაში ანალოგიური ოპერაციების განსახორციელებლად.
    ვგულისხმობ საზღვაო ბლოკადას, თორემ სამხედრო-საზღვაო დესანტირებისთვის გარკვეული საშუალებები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც ჩანს, უკვე დღეს აქვს.
    ამჟამად შავ ზღვაზე მიმდინარეობს სტრატეგიული შეჯიბრი ორ რეგიონულ ზესახელმწიფოს _ თურქეთსა და რუსეთს შორის. რუსეთის ფლოტი, გაყოფის მიუხედავადაც კი, შავ ზღვაზე ერთ-ერთი უძლიერესია; მას ტოლს არ უდებს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი. შავი ზღვის ფლოტის გაყოფისას საქართველო ვერაფერს გამორჩა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არგუმენტი ჰქონდა, რათა სერიოზული ხომალდების ნაწილი მაინც დაეტოვებინა.
    მაგალითად, ფოთში საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი უძლიერესი ქვედანაყოფი, რომელშიც 18 მძიმეწონიანი სამხედრო გემი შედიოდა.
    მაგრამ სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, ეს ხომალდები ფოთიდან მოიხსნენ და სევასტოპოლში გადაიყვანეს. შემდგომ ამ გემებმა მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის ფლოტის გაყოფაში, ანუ ნაწილი უკრაინას შეხვდა და ნაწილი რუსეთს.
    ფლოტის გაყოფასთან დაკავშირებით კი უკრაინამ საქართველოსადმი არცთუ კეთილგანწყობილი პოზიცია დაიკავა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე.
    ოფიციალური მოსკოვის პასუხი საქართველოს პრეტენზიებზე შემდეგი იყო: თქვენ დაგრჩათ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ინფრასტრუქტურა, რაც გაყვანილ ხომალდებზე მეტი ღირს.
    ეს მართლაც ასეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ჰყავს სამხედრო ფლოტი, რომელიც ამ ინფრასტრუქტურაზე შეიძლება დააფუძნოს; ჯერჯერობით, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთადერთი ანგარიშგასაწევი ხომალდი არის სარაკეტო გემი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეშვეობით უკრაინაში შევიძინეთ 2000 წელს. სხვა დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ სანაპირო დაცვის ხომალდებია, რომლებიც შეიარაღებულნი არიან საშუალო კალიბრიანი ტყვიამფრქვევებით: ძნელი სათქმელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზ სეპარატისტებს სერიოზული სამხედრო ძალა არ დაეხმარებათ, რამდენად საკმარისი იქნება ეს ყოველივე აფხაზეთის აკვატორიის ბლოკირებისთვის იმავე მეთოდით, როგორც ეს აჭარასთან დაკავშირებით მოხდა.
    მაგრამ უეჭველია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ამისთვის ემზადება და შესაბამისი პოლიტიკური ვითარების მომწიფებისთანავე აქცია აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც იგი ბევრად უფრო პრობლემური აღმოჩნდეს.
    საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებმა რამდენიმე თურქული გემი უკვე დააკავეს არათუ სოხუმის, არამედ ბიჭვინთისა და გაგრის აკვატორიაშიც.
    ნიშანდობლივია, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.
    ახალი ხელისუფლება მზად არის ამ საკითხში სარისკო ნაბიჯების გადასადგმელად, რასაც, ალბათ, უკვე შემოდგომით უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გამყინვარება ისევე მთავრდება, როგორც აჭარის ავტონომიასთან მიმართებაში.
   

დილის გაზეთი

14 აპრილი, ოთხშაბათი, 2004 წელი