მიხეილ სააკაშვილის პრეზენტაცია დავოსში

    შვეიცარიის ქალაქ დავოსში წლეულს გამართულმა ტრადიციულმა «ეკონომიკურმა ფორუმმა» ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
    ამჯერად დავოსში შეიკრიბნენ გაეროს გენერალური მდივანი (პირველად 7 წლის განმავლობაში), ირანისა და პაკისტანის პრეზიდენტები, ერაყის პროამერიკელი მმართველი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და ასე შემდეგ.
    აქვე უნდა ითქვას, რომ სახელწოდება «ეკონომიკური ფორუმი» სრულებით ვერ ასახავს ამ მართლაც გრანდიოზული მოვლენის არსს.
    სინამდვილეში, ეს არის ერთგვარი არაფორმალური ელიტარული კლუბი - ტრიბუნა, რომლის წევრები მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და (მივაქციოთ ყურადღება) საინტერესო მოღვაწენი არიან. ისინი საინტერესონი არიან «ძლიერთა ამა პლანეტისათათვის» არა პიროვნულად, არამედ, როგორც თავიანთი ქვეყნების პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფენომენები.
    სწორედ ამიტომ, დავოსის «პრეზენტაციაზე» წლიდან-წლამდე ხდება ახალ-ახალი ფიგურების წარმოჩინება. ნიშანდობლივია, რომ პირველ ფორუმზე, 1996 წელს, ევროპამ გაიცნო გენადი ზიუგანოვი, შემდეგ ვლადიმერ პუტინი და ყველაზე აქტუალური იყო კითხვა: «ჰუ იზ მისტერ პუტინ?
    ამ კითხვაზე ევროატლანტიკურმა გაერთიანებამ უკვე გასცა სათანადო პასუხი და შესაბამისი, ფრთხილი პოზიციაც გამოიმუშავა.
    ამჯერად კი, «დიდი ევროპა» პატარა, ნეიტრალური შვეიცარიის დედაქალაქში პრეზიდენტ სააკაშვილსა და, მისი სახით, ახალ საქართველოს გაიცნობს.
    პროგრამის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი შეხვდება რამდენიმე გავლენიან ფიგურასა და ბიზნესმენს. მათ შორის ჯორჯ სოროსს, ბილ გეიტსს, ბილ კლინტონს.
    დაგეგმილია საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გამოსვლა თვით ფორუმზე, რომელიც წელს მართლაც უპრეცედენტო ინტერესს იწვევს.
    დავოსში მთელი მსოფლიოდან ორი ათასამდე ჟურნალისტი ჩავიდა. რამდენიმე ტელეარხი პირდაპირ რეპორტაჟსაც კი აწყობს. «ევრონიუსი», ტრადიციულად, ფართოდ აშუქებს ფორუმს. საყურადღებოა აგრეთვე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეხვდება რუსი ბიზნესმენების ჯგუფს - ანატოლი ჩუბაისის ხელმძღვანელობით. ეს უკანასკნელი დავოსის ფორუმის ძალიან ხშირი სტუმარია. უფრო ზუსტად, მას არც ერთი მათგანი არ გამოუტოვებია და, ანატოლი ზიუგანოვის გამოსვლათა პარალელურად, დასავლეთს ახალ, «ლიბერალურ» რუსეთს აცნობდა.
    საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს ჩუბაისის საქმიანობას საქართველოში და არც კი განიხილავს უაზრო წინადადებებს «რაო-ეეს»-ის ქვეყნიდან განდევნის შესახებ.
    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მიზანია საქართველოში მოიზიდოს კაპიტალი. მათ შორის რუსულიც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში, რუსეთის ენერგოკომპანიები ქართულ მხარესთან ახალ კონტრაქტებს გააფორმებენ და ამოქმედდება ის ხელშეკრულებები, რაც წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ ვიზირებული იყო სხვადასხვა დონეზე, რადგან ხელისუფლებას რადიკალური გადაწყვეტილებების ეშინოდა.
    პრეზიდენტი სააკაშვილი კი შესაძლო კრიტიკას არ ერიდება და პოლიტიკურად სწორადაც თვლის, რომ თუ მოსახლეობას ექნება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რუსეთთან თანამშრომლობის მოწინააღმდეგეებს იგი ყურადღებას არ მიაქცევს.
    ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დავოსის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს ეწვევა სამუშაო (როგორც რუსული სააგენტოები უსვამენ ხაზს) ვიზიტით. ეს იქნება საქართველოს ახალი საგარეო სტრატეგიის ერთგვარი მოდელირებაც ევროპისაკენ - რუსეთთან თანამშრომლობით. მაგრამ არა რუსეთის დიქტატით, არამედ ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით, ინვესტიციათა მოზიდვითა და ორმხრივი სარგებლიანობის პრიმატით.
    სავარაუდოა, რომ იმავე დავოსში, ახალი, 21 საუკუნის მსოფლიოს თამაშის წესებს ნაზიარები ვლადიმერ პუტინი ამ ფორმულას მიიღებს და წინასწარი შეთანხმება მრავალ სტრატეგიულ საკითხზე უკვე მოსკოვში ვიზიტის დროს იქნება მიღწეული.
    თუმცა მესამე ვიზიტი მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონში აქვს დაგეგმილი, სადაც იგი პრეზიდენტ ბუშსა და სახელმწიფო მდივან პაუელს უნდა შეხვდეს.
    თანამედროვე მსოფლიო რეალიების თანახმად, ნებისმიერი რეგიონული სტრატეგია მაინც ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფოს დედაქალაქში უნდა დამტკიცდეს.
    ამას ნათლად აცნობიერებენ თბილისშიც და მოსკოვშიც.
    წინასწარი ცნობებით, ამერიკა ორივე მხარესთან აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას და ალბათ «გაანაწილებს» კიდეც მომავალ სტრატეგიულ შეთანხმებას.

დილის გაზეთი

21 იანვარი, ოთხშაბათი, 2004 წელი