ყველანი არჩევნებზე

    კომუნისტური ეპოქის ეს კომიკური ლოზუნგი, რომლითაც ხელისუფლება თანამოქალაქეებს სარჩევნო უბნებისაკენ მოუწოდებდა, დღეს საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სავსებით სერიოზულად ჟღერს და ნამდვილად დროულია.

    საქართველოს ბობოქარ უახლეს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ასეთივე მნიშვნელობა, თუ რამდენი ადამიანი მოვიდოდა საარჩევნო უბნებზე. ეს იყო 1991 წლის 31 მარტს, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ორი აფხაზური და ორი ოსური რაიონის გარდა) გაიმართა საერთოეროვნული რეფერენდუმი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იურიდიული საფუძველი შექმნა. მაშინ აქტიურობა 90 პროცენტი იყო. თვით პლებისციტის შედეგიც შესაბამისი იყო.
    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ არჩევნებს საქართველოსათვის დაახლოებით ასეთივე მნიშვნელობა აქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სრულიად ახალი ყაიდის, სხვა ეპოქისა და თაობის ადამიანი ხდება საქართველოს პრეზიდენტი.
    კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნოემბრის «დანის პირზე სვლის» შემდეგ, როდესაც «კონსტიტუციური მიწისძვრა» მოხდა, ქვეყანაში შეიქმნას ლეგიტიმური ხელისუფლება.
    წინააღმდეგ შემთხვევაში ან სისხლიანი ანარქია დაიწყება, ან დესტაბილიზაცია ლატენტური ხასიათისა გახდება და საქართველო კვლავ სათამაშოდ იქცევა რუსეთის ხელში.
    ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა რუსი პოლიტოლოგების შეხედულებანი და პროგნოზები; როგორც ცნობილია, მათი აზრი მეტისმეტად ხშირად ემთხვევა კრემლის პროგნოზსა და დამოუკიდებლობას.
    მაგალითად, ჩვენი «დაუძინებელი მეგობარი» კონსტანტინე ზატულინი, რომელსაც სულ მალე სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩევენ (მეორედ აფხაზეთის ომის შემდეგ), პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია. მიხეილ სააკაშვილმა, რაც შეიძლება, სუსტი მანდატით გაიმარჯვოს, ანუ რაც შეიძლება, ნაკლები ხალხი მოვიდეს არჩევნებზე და მოსკოვს მიეცეს საშუალება არ სცნოს არჩევნების შედეგი. შესაბამისად, არც კი გამართოს მოლაპარაკება ოფიციალურ თბილისთან ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორებიცაა სამხედრო ბაზები, აფხაზეთი და ასე შემდეგ.
    უფრო ზუსტად, ზატულინი ორიგინალურ კონცეფციას აყალიბებს. თუ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა ნახევარზე ოდნავ მეტი მივა, ან უფრო ნაკლები, რის შემდეგაც ხელისუფლება იძულებული გახდება (მისი თქმით) «ჩაყაროს» ბიულეტენები, მაშინ მოსკოვს შეიძლება მხოლოდ «დე ფაქტოდ» სცნოს სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად და არა «დე იურედ».
    ჭკუისკოლოფ ზატულინის კონცეფციით, ეს იმას ნიშნავს (ანუ რუსეთს იმის საშუალებას მისცემს), რომ თავი აარიდოს მიხეილ სააკაშვილთან უშუალო დიალოგს უმაღლეს დონეზე, არ მიიწვიოს იგი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში და სცადოს სტრატეგიული საკითხები განიხილოს მხოლოდ მეორე-მესამე პირების დონეზე.
    ასეთი საშიშროება ნამდვილად არსებობს და ამგვარ ტაქტიკას ვერც დასავლეთის მხარდაჭერას დავუპირისპირებთ მაინც და მაინც, რაკი არჩევნების ჩაშლის (ან იძულებითი გაყალბების) შემთხვევაში (რაც აქ არ გამოეპარებათ) დასავლეთშიც ჩათვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხალხის მანდატი, სინამდვილეში, არ გააჩნია და სჯობს ეს ტერიტორია (!) რუსეთმა მართოს.
    ამის შემდეგ დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არც კი უნდა გვქონდეს რუსეთთან გეოპოლიტიკური ურთიერთმოქმედებისას. არადა, ეს გადამწყვეტი ფაქტორია პატარა ქვეყნისათვის.
    რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი პიროვნული ინტერესები და საპრეზიდენტო ამბიციები აქ მაინც მეორეხარისხოვანია საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლების შექმნის სამკვდრო-სასიცოცხლო აუცილებლობასთან შედარებით.
    თუმცა, რევოლუციის დღეებში, მიხეილ სააკაშვილმაც გამოამჟღავნა პოლიტიკური გამბედაობა, რაც მრავალი სარისკო გადაწყვეტილების მიღებაში გამოიხატა. მოვლენების სხვადასხვაგვარი განვითარების საფრთხე არსებობდა, მაგრამ გამარჯვებულებს ვერ სჯიან!
    შედეგად კი, საქართველომ შეიძლება მოიპოვოს არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ქმედითი ხელისუფლება, რომელიც მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ახალი საუკუნის შესატყვისი ახალი თვისებრიობის შესაქმნელად.

დილის გაზეთი

4 იანვარი, კვირა, 2004 წელი.