რუსული ბაზების თემა ბაქოშიც აქტუალურია

    ოფიციალური ცნობებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დროს, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების თემაც აქტიურად განიხილებოდა.
    აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე ნეიტრალური რეაქცია აქვს და ნამდვილად არ აპირებს «აუტკივარი თავის ატკივებას», რაც ილჰამ ალიევის გულგრილმა განცხადებებმაც დაადასტურა.

    ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან თავად აზერბაიჯანში უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების პრობლემა 12 წელია აღარ არსებობს. რუსეთის ჯარებმა ჯერ კიდევ 1993 წელს, პრეზიდენტ ელჩიბეის მმართველობისას დატოვეს აზერბაიჯანი (თუმცა, მათი ადგილი ბევრ რეგიონში უმალვე სომხურმა დივიზიებმა დაიკავეს). ამჟამად კი, ერთადერთი რაიონი, სადაც რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფი დგას, არის გაბალის რადიოსალოკაციო სადგური და მასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ალიევმა მოახერხა მიეღწია შეთანხმებისთვის რუსეთთან მისი ათწლიანი იჯარის თაობაზე. ათი წლის შემდეგ კი სადგური აზერბაიჯანს გადაეცემა.
    ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ჯარების გაყვანის თემა საერთაშორისო ასპექტითაც არ კარგავს აქტუალობას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ქართულმა დიპლომატიამ 1999 წელს მიაღწია საკითხის ჩართვას «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე ადაპტირებული ხელშეკრულების» კონტექსტში.
    შეიძლება ითქვას, იმ დროისათვის ეს სერიოზული პოლიტიკური წარმატება იყო და ამ საკითხში საქართველო არ დარჩა «ერთი-ერთზე» მოსკოვთან. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეასრულებს «სტამბოლის პროტოკოლს», რაც დიდი ხელშეკრულების დანართად ითვლება, მაშინ თვით ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირებასაც პრობლემა ექმნება, რაც რუსეთისათვის ნამდვილად არასასურველია, ვინაიდან ხსენებული ხელშეკრულებით გზა ეკვრება ნატოს ჯარების შეყვანას ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე _ რაკი იმოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული «ფლანგური შეზღუდვები».
    მაგრამ ამ გარანტიათა გაზვიადება და გადაჭარბებული შეფასებაც არ შეიძლება. საერთოდ, ჩვენში ტრადიციული რომანტიზმით ეკიდებიან, ეგრეთ წოდებულ, «საერთაშორისო სამართალს», რაც უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ შირმაა ზესახელმწიფოთა მორიგებისათვის ამა თუ იმ რეგიონში გავლენის სფეროთა გაყოფის თაობაზე.
    ჯერ-ჯერობით, ბალტიის ქვეყნებში ჯარების შეყვანას, განურჩევლად იმისა, მოხდება თუ არა ეუთოს ეგიდით გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება, დასავლეთის სახელმწიფოები არ აპირებენ. ბოლოს და ბოლოს, «ნატოს ჯარები» აბსტრაქტულად არ არსებობს _ ისინი კონკრეტული ქვეყნების სამხედრო შენაერთებისაგან შედგება. ცალკეულ ქვეყნებთან კი, რუსეთი ბილატერალურ დონეზე ურთიერთმოქმედებს ამ თვალსაზრისით და საკმაოდ წარმატებითაც.
    ამრიგად, «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ხელშეკრულების რატიფიცირება-არარატიფიცირება რუსეთისათვის არ არის იმდენად პრინციპული, იმდენად აუცილებელი საკითხი, რომ ამის გამო სასწრაფოდ დაეთანხმოს საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას. აქედან გამომდინარე, ყველა განცხადება, რაც რუსეთის ბაზების თაობაზე კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალური «ვალის მოხდაა» და არა რეალური კონფრონტაცია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში ისინი მორიგებულნი არიან.
    თუმცა, რასაკვირველია, ვაშინგტონი ცალყბად ყოველთვის მოითხოვს მოსკოვისაგან ვალდებულებათა შესრულებას და გაყვანის ვადების განსაზღვრას, ხოლო რუსეთი (ასევე ფორმალურად) ყოველთვის იტყვის, რომ მზად არის დაუყოვნებლივ განაახლოს მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების ლიკვიდაციის ვადების თაობაზე. სწორედ ასეთი განცხადებები გაკეთდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ოფიციალური წარმომადგენლების მიერ.
    ეს ყველაფერი უკვე მართლაც ერთგვარ «პინგ-პონგს» ემსგავსება. სინამდვილეში, რუსეთი თავისი ჯარების გაყვანას ჯავახეთიდან და აჭარიდან (რომ აღარაფერი ვთქვათ კონფლიქტის ზონებზე _ აფხაზეთსა და ცხინვალზე) არსადაც არ აპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამად არ იზრუნებდა პირადი შემადგენლობის როტაციასა და ბაზების დამატებით მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. როგორც ჩანს, საქართველოს ახლი ხელისუფლებაც, უახლოესი წლების განმავლობაში, იძულებული იქნება, მიიღოს თამაშის ეს წესები, ანუ მოლაპარაკება კვლავაც გაგრძელდება კვლავინდებური «წარმატებით», ხოლო, დრო და დრო, ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან მორიგი ცალყბა განცხადებების მომსწრენი გავხდებით.

დილის გაზეთი
    5 მარტი, პარასკევი, 2004 წელი
   
   

მთელ გვერდზე