რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: ლღვობის დასაწყისი?

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი მოსკოვში ერთობ აღმატებულ ტონებში შეფასდა, მაინც ჭირს იმის შეფასება, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, რა ასეთი «გარღვევა» მოხდა და რა სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

    გელა ბეჟუაშვილს მოსკოვში ხანგრძლივი შეხვედრები ჰქონდა სერგეი ივანოვთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი სავსებით განსაკუთრებული ფიგურაა რუსულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე და ვლადიმირ პუტინის სახელისუფლებო სისტემაში.
    არ არის შემთხვევითი, თუ სწორედ სერგეი ივანოვს ასახელებენ რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კასიანოვის გადადგომის შემდეგ.
    თუმცა, პრეზიდენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი ივანოვის გავლენა ამჟამად უფრო მეტია, ვიდრე პავლე გრაჩოვის ან მარშალ სერგეევისა – ელცინის ადმინისტრაციაში.
    ამრიგად, ივანოვთან მიღწეული შეთანხმებები მხოლოდ «საშუალედოდ» ვერ ჩაითვლება. ფაქტობრივად, გელა ბეჟუაშვილი მოლაპარაკებას აწარმოებდა სტრატეგიულ საკითხებზე იმ შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც სექტემბერში უნდა შედგეს მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმირ პუტინს შორის.
    მოსკოვის სამიტის შემდეგ, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ უმთავრეს საკითხში პოზიციები უცვლელი რჩება. სერგეი ივანოვის თქმით, საქართველოდან ჯარების გაყვანა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთათვის, რუსეთის ტერიტორიაზე მომზადდება ყოფითი ინფრასტრუქტურა. ანუ აქ ახალი არაფერია. ძალზე საინტერესო იყო გელა ბეჟუაშვილის მიერ დასმული პოლიტიკური აქცენტი.
    მისი თქმით, საქართველოში რუსული ბაზების ლიკვიდაცია საერთაშორისო ასპექტში განსახილველი საკითხია, მაგრამ საქართველოს არ სურს იქცეს იმ ხელშეკრულებათა მძევლად, რომელთა რატიფიცირება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული! იგულისხმება, რომ რუსეთის მიერ სტამბულის ხელშეკრულებათა შეუსრულებლობა უმთავრესი არგუმენტია «ახალი ევროპის» სახელმწიფოებისათვის, რათა მათ არ მოახდინონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე პარიზის ხელშეკრულების (1990) ადაპტირებული ვარიანტის (1999) რატიფიცირება და ამით შეინარჩუნონ შანსი - ნატოს ჯარების შემოყვანისა თავიანთ ტერიტორიაზე.
    მივაქციოთ ყურადღება: ლიტვაში განლაგდა ნატოს ერთ-ერთი წევრის (ბელგიის) საჰაერო ესკადრილია სწორედ იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ ლიტვა ჯერ არ შეერთებია პარიზის ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს.
    მიზეზი (საბაბი), ისევ და ისევ, საქართველოდან რუსული ჯარების «არგაყვანაა».
    ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ევროატლანტიკური გაერთიანება, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ არა საქართველოსადმი სიმპათიით, ან თუნდაც ჩვენი მხარდაჭერის სურვილით, არამედ საკუთარი, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე.
    ამასობაში კი, საქართველო «იჭყლიტება», რადგან რუსეთის რისხვა ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული - შესაბამისი შედეგებით აფხაზეთისა თუ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.
    გელა ბეჟუაშვილის განცხადება იმას ნიშნავს, რომ საქართველო შეეცდება (საერთაშორისო ვალდებულებათა დაურღვევლად), არ გაამწვავოს საკითხი, ხოლო მოლაპარაკება «ახალ ევროპულ სახელმწიფოსთან», ყბადაღებული ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, თვით რუსეთმა უნდა აწარმოოს.
    შესაბამისად, მანვე იმტვრიოს თავი იმაზე, თუ როგორ ააგოს ამ ვითარებაში ახალი პარადიგმა ევროატლანტიკურ კავშირთან ურთიერთობებში. ამ უკანასკნელმა კი საქართველო საბაბად აღარ გამოიყენოს.
    ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა აღარ აპირებს აქ «პროქსის» როლის შესრულებას, რამაც განვლილი 7 წლის განმავლობაში ზიანისა და უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანა.
    საბოლოო კი, ვადების საკითხი ორმხრივ, რუსეთ-საქართველოს ფორმატში უნდა გადაწყდეს.
    როგორც ჩანს, პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, თბილისი არ გამორიცხავს მოლაპარაკების გამართვას არა ჯარების «გაყვანის», არამედ მათი საბაზო განლაგების ვადების თაობაზე. სხვათა შორის, ზუსტად ასე, სიტყვა-სიტყვით არის ჩაწერილი სტამბულის დეკლარაციაში, რომელსაც 1999 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა.
    ოღონდ, «საბაზო განლაგების ვადა», რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს 4-5 წელზე მეტი, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსეთს აღარ ექნება საშუალება დეკლარაციის «ორმაგ წაკითხვად» მუხლებზე დემაგოგიურად აპელირებისა.
    სწორედ ეს იყო მთავარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას მოსკოვში, ხოლო რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში ქართველი ოფიცრების მომზადების თემა «არახალია» და ასეთი შეთანხმება საქართველოს მრავალ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
    მიუხედავად ამისა, ეს მაინც «პირველი ნაბიჯია» სერიოზული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გზაზე, რაშიც რუსეთს სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და პერსონალის «შეთავსებადობის» მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა «მოთამაშეს» სამხრეთ კავკასიაში.

5 აპრილი, ორშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   
   
   

მთელ გვერდზე