თვითმმართველობიდან – რეგიონალიზმისკენ

    გუშინ, დღის მეორე ნახევარში, პარლამენტში ატეხილმა ცხარე დისკუსიამ «საერთო პოლიტიკურ საკითხებზე» (როგორც ჩანს, ეს ახალი ტრადიციის დასაბამია, თუმცა ამჟამინდელი პარლამენტი თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის), გარკვეულწილად დაჩრდილა პირველი «იურიდიული შეპაექრება» პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის.

    როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ თავის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზა ცვლილებები კანონში «ადგილობრივი თვითმმართველობის» შესახებ, რომელმაც პარლამენტართა დიდი ნაწილის წინააღმდეგობა განაპირობა. თუმცა, მოწინააღმდეგეთა ძირითადი კონტინგენტი ამ შემთხვევაში იმით იყო გულმოცემული, რომ კანონპროექტი არც პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრე «ნაციონალურ მოძრაობის» წევრებსა და «გაერთიანებული დემოკრატებს» მოუვიდათ თვალში.
    ძირითადად, წინააღმდეგობას იწვევდა რწმუნებულის ფუნქციის გაძლიერება, რომელსაც ამ ახალი დებულებით ეძლეოდა უფლება, უშუალოდ ჩარეულიყო რეგიონისა და ნებისმიერ რაიონში მიმდინარე საბიუჯეტო-ფინანსურ პროცესებში. გარდა ამისა, ძლიერდება თბილისის პრემიერის ფუნქცია (რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი) - მერის უფლებამოსილების ხარჯზე. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, «საქორწინო გენერლად» იქცევა და რეალურად არაფერს წყვეტს. მესამე დებულების თანახმად კი, პრეზიდენტი ნიშნავს გამგებლებს არა საკრებულოს შემადგენლობიდან, არამედ თავისი რწმუნებულის რეკომენდაციითა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
    აღმასრულებელი ხელისუფლების ორი მესვეურის ფუნქციათა გამიჯვნის მცდელობაა, აგრეთვე, მუხლი, რის შესაბამისადაც, გამგებლის გათავისუფლების ინიციატორი შეიძლება უკვე პრემიერი იყოს, ოღონდ, პრეზიდენტთან შეთანხმებით.
    აქ გათვალისწინებულია «გაწონასწორება-შეკავების» მექანიზმი, რამაც ახალ კონსტრუქციას მეტი სტაბილურობა უნდა შემატოს. რაც მთავარია, პრეზიდენტის კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ 2005 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოში უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა დონეზე, მათ შორის ფოთის მერის. თბილისის მერის არჩევის საკითხს კი სპეციალური კანონის გადაწყვეტს.
    დღის პირველი ნახევრის განმავლობაში არ წყდებოდა გულდათუთქულ დეპუტატთა გამოსვლები, რომლებიც მოთქვამდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის გარდაცვალების გამო (თითქოს დღემდე იგი ცოცხალი იყო), რადგან აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელახლა შემოტანილი კანონპროექტი დიდად არ განსხვავდება ორი კვირის წინათ გაწვეულისაგან.
    თუმცა, პრობლემები ადვილად გადაიჭრება - პრეზიდენტს კანონპროექტის გატანაში სერიოზული პრობლემა არ შეექმნება. საკმარისია იგი დაეთანხმოს გამგებლის დანიშვნას შესაბამისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თანხმობით (აქ არის ძაღლის თავი დამარხული) და ხალხის რჩეულებს ასევე ხალხის რჩეული საკრებულო აღარც გაახსენდებათ.
    საერთოდ, მთელი ეს აურზაური, თმების გლეჯა, ტანისამოსის შემოხევა და მდუღარე ცრემლების ღვარღვარი «ადგილების გამო» ცოტა არ იყოს კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
    კონსტიტუციური ცვლილებებისას ასეთი ისტერია არ აუტეხავთ, რადგან რაიონის გამგებლის დანიშვნის მექანიზმი ბევრი «რჩეულისათვის» უფრო მეტად მტკივნეული და სისხლხორცეულია, ვიდრე განსხვავება «ამერიკულ» და ფრანგულ» მოდელებს შორის.
    თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლება პოლიტიკური სენტიმენტალიზმით არ გამოირჩევა და პრაგმატულად მოქმედებს ამგვარ «ინტერესთა კონფლიქტის» წარმოშობისას.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხსენებულ კანონპროექტსა და შესაბამის ცვლილებებს (აგრეთვე, მათ მიერ დაკანონებულ ახალ რეალობას) «ადგილებზე» დროებითი დატვირთვა აქვს და ისევე, როგორც ახალი კონსტიტუცია, ხელისუფლების კონსოლიდაციის ამოცანას ემსახურება.
    სახელმწიფოებრივი რეფორმირების პროცესში მიხეილ სააკაშვილს არ სურს იყოს «თბილისის იმპერატორი», როგორც მას ერთ-ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა უწოდა შხამიანი ირონიით - მას სჭირდება ხელისუფლების კონსოლიდაცია (ანუ საკუთარი სახელისუფლებო სისტემის გავრცელება) ადგილებზეც, რისთვისაც, უბრალოდ, აუცილებელია რეგიონულ ელიტათა მაქსიმალური ალაგმვა და მათი ყოვლის მშთანთქმელი მადის დაოკება.
    ამ აზრით, ახალი კონსტიტუციაც და ადგილობრივი მართვის ახალი მოდელიც მთლიანობაში უნდა განვიხილოთ, როგორც «დროებითი, გარდამავალი რეჟიმის» ნაწილი.

    მართვის ახალი სისტემის მიზანია, რამდენიმე სახელმწიფოებრივი ამოცანის გადაწყვეტა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში და ვითარების შემზადება შემდგომ მდგომარეობის ლიბერალიზაციისათვის. ოღონდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სტრუქტურები მოიპოვებენ ქმედითობას და განიწმინდებიან «მლპობელი» კორუფციისაგან, გარდა ამისა, თვალნათელია, რომ ადგილობრივი მართვის ახალი სისტემაც მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რადგან თვით რაიონულმა მოწყობამ უკვე ამოწურა თავი და 2005 წლის ნოემბრისათვის რაიონის გამგებელთა არჩევითობა-დანიშვნითობის საკითხი ავტომატურად მოიხსნება დღის წესრიგიდან:
    ახლოვდება ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა. უფრო ზუსტად, ამ მოწყობის განსაზღვრა, ვინაიდან 1995 წლის კონსტიტუციამ საკითხი ღიად დატოვა.
    მაშასადამე, გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება კონსტიტუციის იმ ნაკლული თავის შევსებამდე, რომლითაც დაკანონდება ქვეყნის რეგიონალური მოწყობა, საამისოდ, ახალ ხელისუფლებას უახლოესი 2-3 წელი დასჭირდება, ვინაიდან მეზობელი ქვეყნებისა და გლობალური ზესახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის გარეშე, პრობლემა ნამდვილად ვერ გადაიჭრება.

დილის გაზეთი
    25 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი

მთელ გვერდზე