სუფთა ფურცელი

    მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საზოგადოება ამჯერად რაიმე განსაკუთრებული მღელვარების გარეშე ელოდა (რაკი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი), ნამდვილად არ ეგების, გავაუბრალოოთ იმის მნიშვნელობა, რაც კვირას მოხდა.
    28 მარტს საქართველოში მხოლოდ ახალი პარლამენტის არჩევნები როდი გაიმართა - სინამდვილეში, გუშინ საბოლოო «შედგა» (ანუ, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და პოლიტიკურად სრულყოფილი სახე შეიძინა) ნოემბრის რევოლუცია.
    იგულისხმება არა იმდენად ახალი ხელისუფლების ფორმირების დასრულება (თუმცა, ამასაც, თავისთავად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა), არამედ საზოგადოების დამოკიდებულება.
    მან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაუდასტურა მანდატი ამჟამინდელ ხელისუფლებას. თანაც, მთლიანობაში «ტრიუმვირატს»: პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პიროვნული რეიტინგი, პროგნოზების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით არ მცირდება, აგრეთვე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას (ზოგიერთს, რატომღაც მიაჩნია, თითქოს მთლიანობაში, ხელისუფლების პოლიტიკური რესურსის ფორმირებაში მთავრობა არ მონაწილეობს - რაც აშკარა გამარტივებაა) და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ვინც ნამდვილად შეინარჩუნებს პოსტს უახლოესი წლების განმავლობაში.
    უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, მაღალი რეიტინგი და შედეგი აიხსნას «გაყალბებით» თუ «საარჩევნო ტექნოლოგიებით».
    არავითარი გაყალბება გამარჯვებულ პარტიას არ დასჭირდებოდა, ვინაიდან 28 მარტს გამართული კენჭისყრა იყო არა უბრალოდ არჩევნები, არამედ რევოლუციის ბოლო აკორდი - პოსტრევოლუციური სინდრომის კიდევ ერთი გამოვლინება, ანუ «რევოლუციური «დომინანტის» ლოგიკური წარმატება, რაც ამჯერად სწორედ ნოემბერში გამარჯვებულ გუნდთან ასოცირდება.
    მოსახლეობამ მხარი დაუჭირა «ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს» იმავე მოტივაციით, რითიც მონაწილეობდა ნოემბრის გრანდიოზულ მიტინგებში: ეს გახლავთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, წარსულის უარყოფა მომავლის იმედით, ეს იგი მოტივი, რომელსაც, უბრალოდ, რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვერაფერი დაჯაბნიდა.
    მაშასადამე, 28 მარტს ამომრჩეველმა ხმა მისცა იმას, რომ იგი უკვე ცხოვრობს 21-ე და არა მე-20 საუკუნეში. განა გასაკვირია, რომ რაკი საქმე ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე დავიდა, ამომრჩეველი «ორჯერ-ორის» ნამრავლისას გაუგებრობას და მოულოდნელობას არ გამოავლენდა?
    სხვა საკითხია, რატომ და როგორ მოხდა ამ ელემენტარული (მაგრამ მძლეთამძლე!) მოტივის დაკავშირება სწორედ გამარჯვებულ ძალასთან, მაგრამ ეს გვაბრუნებს გასული წლის მოვლენებთან და ამაზე მსჯელობა «განვლილის განმეორებაა». რაც მთავარია, აბსოლუტურად არალოგიკური იქნებოდა, 23 ნოემბერს გამარჯვებულ ძალას, სავსებით ლეგიტიმური მეთოდებით, სახელისუფლებო სტრუქტურათა ფორმალიზებისას რაიმე პრობლემა შექმნოდა.
    ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არათუ «საარჩევნო ტექნოლოგიები» არ გამოუყენებია (რაკი ამის აუცილებლობა უბრალოდ არ იყო), არამედ კამპანია თითქმის საერთოდ არ უწარმოებია, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის რამდენიმე განცხადებას - მისი პოლიტიკური პრიორიტეტების დადასტურებით.
    ძალიან დიდი როლი შეასრულა (უდავოდ) აჭარის მოვლენებმა, მაგრამ ეს იყო არა უბრალოდ პოლიტიკური ტექნოლოგია, არამედ კონკრეტული პოლიტიკის დემონსტრირება საქართველოსათვის ერთერთი უმტკივნეულესი პრობლემის გადასაჭრელად. «რევოლუციურმა გუნდმა» ამ შემთხვევაშიც ზუსტად გათვალა ინტერესთა თანხვედრის (აგრეთვე მოსახლეობის განწყობის) ვექტორი და კვლავ წარმატებას მიაღწია.
    მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ავტონომიაში ასე ადვილად არ აღმოიფხვრება, მთავარი უკვე მოხდა: საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ასლან აბაშიძისა და მისი «აღორძინების» ფაქტორი აღარ არსებობს. იგი დაუბრუნდა საწყისს და მიიღო მისთვის ბუნებრივი სახე: ერთი ჩვეულებრივი პარტიისა, რომელსაც ამ რეგიონის მოსახლეობის გამოკვეთილი უმრავლესობაც აღარ უჭერს მხარს.
    ამ თვალსაზრისით, 28 მარტის არჩევნები გახლავთ აგრეთვე «დიდი წმენდა» ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე - მისი საბოლოო გათავისუფლება წარსულის აჩრდილებისა და ნარჩენებისაგან.
    მოსახლეობას სურდა და სურს, ცხოვრება დაიწყოს «სუფთა ფურცლიდან». სხვა საქმეა, მთლიანობაში ეს რამდენად გამოუვა, მაგრამ მას ეს ძალიან სურს - აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგიც ადვილად პროგნოზირებადი იყო.

29 მარტი, ორშაბათი, 2004 წელი
    24 საათი
   
      

მთელ გვერდზე