პოლონეთ-ამერიკის ახალი პროექტი

    გუშინ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პოლონეთის პრეზიდენტის ერთობლივი მემორანდუმი.
    ბუში და კვასნევსკი, სხვა საკითხებთან ერთად, პოსტსაბჭოური სივრცის ტრანსფორმაციასაც ეხებიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარებიან უკრაინასა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების დასაჩქარებლად.
    ეს პასაჟი ძალზე ნიშანდობლივია და მრავალ ასპექტს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა იგი ამერიკისა და პოლონეთის მზარდი სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე ვარშავისა და ვაშინგტონის ინტერესთა თანხვედრაზე მიუთითებს.
    ამერიკის გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, მას ურჩევნია რეგიონული პროცესები მართოს რეგიონალური ზესახელმწიფოების მეშვეობით და მათზე დაყრდნობით.
    ამერიკას ევრაზიაში რამდენიმე ასეთი «გეოპოლიტიკური აგენტი» ჰყავს, რომელიც, რასაკვირველია, თავის მხრივ საკუთარ ინტერესებსაც ახორციელებს ამ თანხვედრის მეშვეობით - იყენებს რა ამერიკის თითქმის ამოუწურავ და მრავალმხრივ რესურსებს.
    ამგვარ «აგენტთა» შორის შეიძლება დავასახელოთ თურქეთი, პოლონეთი, ისრაელი, პაკისტანი და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ალტერნატიული გეოპოლიტიკური სისტემების შექმნას ამერიკა ანკარის მეშვეობით ცდილობდა. პოლონეთის ხსენება ამ კონტექსტში (ანუ ვარშავის გააქტიურება კავკასიაში) ამერიკისათვის სიახლე იქნებოდა, თუმცა ამის სიმპტომები ადრეც ჩანდა.
    მაგალითად, პრეზიდენტი კვასნევსკი იყო ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოსა და კავკასიას. მანამდე, ასეთი სიმპტომი იყო, აგრეთვე, დიდი პოლონელი რეფორმატორის, ლეშეკ ბალცეროვიჩის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად.
    ამ პროცესთა შინაგანი, სიღრმისეული საფუძველი კი უეჭველად ის გახლავთ, რომ პოლონეთს ნამდვილად გაუჩნდა ამბიცია, შეასრულოს დასავლეთის «კულტურტრეგერის» ფუნქცია პოსტსაბჭოურ სივრცეში. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უკრაინას.
    პოლონეთსა და უკრაინას საუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს. არის რელიგიურ უნიასთან დაკავშირებული მომენტები, რომლებიც აგრეთვე საზრდოობენ საუკუნოვანი ფესვებიდან.
    მაგრამ მხოლოდ უკრაინაზე ყურადღების გამახვილება მეტისმეტად გააშიშვლებდა პოლონეთის ამ ისტორიულ პრეტენზიას. ამდენად, პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვდა, ეს პროცესები რეგიონულ ასპექტში განხილულიყო.
    სწორედ ამიტომ გაჩნდა განცხადებაში საქართველო, რომლის მიმართ ინტერესი ვარშავაში რეალურად განუზომლად უფრო ნაკლებია, ვიდრე უკრაინისადმი.
    თუმცა, მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ საქართველოს აქტიური ევროატლანტიკური სწრაფვის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად ფიგურირებს (თუნდაც, ჯერჯერობით, დეკლარაციებისა და განზრახულობათა დონეზე) უმაღლესი დონის დეკლარაციებში - თავისთავად სერიოზული წარმატებაა.
    რაც შეეხება თვით ამ პროექტებს, პოლონეთის მონაწილეობით რამდენიმე წლის წინ სხვა პროექტებიც განიხილებოდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 1995 წელს, პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ გააცოცხლა ძველისძველი იდეა «ბალტია-შავი ზღვის ალიანსის» შესახებ. ამ გეოპოლიტიკურ ალიანსში განიხილებოდა ბალტიის სამი სახელმწიფო, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.
    ბალტია-შავი ზღვის იდეას რუსეთი ასევე ისტორიულად ეწინააღმდეგება და ახალ ეპოქაშიც მის რეანიმაციას კრემლის ნამდვილი გააფთრება მოჰყვა.
    ასევე მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა ბუში-კვასნევსკის განცხადებას. თუმცა, ფორმალურად, ეს დეკლარაცია რუსეთის ინტერესებში შეჭრას არ გულისხმობს და მას არანაირ უშუალო საფრთხეს არ უქმნის. ხოლო «დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა» პოლიტიკურად აბსოლუტურად კორექტული ტერმინია და პირდაპირ ვერანაირად ვერ შეედავები.
    სხვა საქმეა, რომ გლობალური ზესახელმწიფოსა და რეგიონული ზესახელმწიფოს პრეტენზიის მქონე მისი «გეოპოლიტიკური აგენტის» ეს განზრახულობა (რაც დეკლარაციაში აისახა) უდავოდ ახალი და ძალზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის კონტურებს შეიცავს.
    ოღონდ ეს პროექტი ამჟამად მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია და მისი მომავალი განვითარება დიდად იქნება დამოკიდებული, უპირველესად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
    აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველოს ახალი ხელისუფლება სტაბილურობის შენარჩუნებას. ასეთ შემთხვევაში, პოლონეთი შეიძლება იქცეს «ლოკომოტივად» პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებისათვის - ნატოსა და ევროატლანტიკური სისტემებისაკენ.

დილის გაზეთი

29 იანვარი, ხუთშაბათი, 2004 წელი