პირველი ვიზიტი ყარაყორუმს

    დღეს საქართველოს პრეზიდენტი პირველი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს მიემგზავრება. რა თქმა უნდა, მისი სტუმრობა რუსეთის დედაქალაქში ნამდვილად არ ჰგავს ქართველი მეფეების გამგზავრებას ილხანთა ურდოს დედაქალაქში, თუმცა, რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის (განსაკუთრებით, გენერალიტეტის) ჩლუნგი და შეურიგებელი მოქმედების შედეგად, მართლაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება. ყოველ შემთხვევაში, რუსულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რათა ვიზიტის წინა ფონი რაც შეიძლება მეტად დამძიმებულიყო.

    განა სხვა რა მიზანს ისახავდა უშუალოდ ვიზიტის წინ ბათუმის მოტომსროლელი დივიზიის ქართველი «კონტრაქტორებისათვის» წაყენებული ულტიმატუმი, რომ, თუ ისინი ჩეჩნეთში არ განაგრძობენ სამსახურს, მაშინ კონტრაქტს გაუუქმებენ და უმუშევრად დატოვებენ.
    არცთუ უსაფუძვლო უნდა იყოს ინფორმაცია აგრეთვე როტაციის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნეოიმპერიალიზმის იდეოლოგები კონსტანტინე ზატულინი და ანდრანიკ მიგრანიანი, ჯერ კიდევ 1997 წელს სთავაზობდნენ ბორის ელცინს _ «საზღვარგარეთული ლეგიონის» მსგავსი ფორმირების ჩამოყალიბებას მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისაგან.
    ერთი დღით ადრე კი, რუსმა «ცისფერჩაფხუტიანებმა» კოდორის ხეობაში აშკარად პროვოკაციული სროლა მოაწყვეს. პარალელურად, თავდაცვის მინისტრმა ივანოვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს საქართველოდან ჯარების გაყვანას, რაც დაფინანსების საკითხი გადაწყდება.
    ერთი სიტყვით, რუსეთში ვიზიტისთვის საქართველოს პრეზიდენტს უმძიმესი პოლიტიკური ფონი აქვს შექმნილი. ამას ემატება ის, არცთუ ყოველთვის კეთილსასურველი ვითარება, რომ აჟიოტაჟი ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვში ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს.
    ალბათ, ამერიკის პრეზიდენტს არ ელოდნენ ასეთი ინტერესით. ამ ვითარებაში კი, თითოეული განცხადების, მცირეოდენი შეცდომის ეფექტიც გაასმაგებული იქნება. მით უმეტეს, როდესაც ასევე ძალიან დიდია მოლოდინი საქართველოში. თუმცა, პრეზიდენტმა ჩრდილოეთს გამგზავრებამდე გულწრფელად აღნიშნა, რომ ერთი ვიზიტისაგან სასწაულს არ უნდა ველოდოთ და ყველა პრობლემის გადაწყვეტა ნამდვილად ვერ მოხერხდება.
    ალბათ, არათუ გადაწყვეტას, არამედ პუტინთან ერთსაათიანი შეხვედრის დროს ყველა საკითხის განხილვაც კი ძნელი იქნება, - იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
    საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი კრემლში შეხვდება პრეზიდენტ პუტინს, პრემიერმინისტრ კასიანოვს და რუსეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს, აგრეთვე რუს პოლიტიკოსებს.
    ძირითადი პრობლემატიკის თაობაზე სტრატეგიული დიალოგი ორ ქვეყანას შორის მხოლოდ ამჟამად იწყება. ამიტომაც, ორ უმთავრეს საკითხზე შედეგის პროგნოზირება ძნელი არ არის: ბაზებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ვითარებას მეტისმეტად არ გაამწვავებს, თუმცა, აუცილებლად დაადასტურებს ჯარის გაყვანას აუცილებლობას, ხოლო პუტინი გაყვანაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვის, მაგრამ ისევ მოიშველიებს სტამბოლის შეთანხმებას.
    ის ავადსახსენებელი ხელშეკრულება ჯარების გაყვანას რუსეთს მხოლოდ იმ პირობით ავალდებულებს, თუ ქართულ მხარესთან წინასწარ შეთანხმდება გაყვანის ვადები, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ახალქალაქისა და ბათუმის ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით, შედეგი იქნება ნული. შესაძლოა, ჯერჯერობით.
    რაც შეეხება აფხაზეთს, რუსეთი გაიმეორებს თავის ცნობილ ფორმულას: მოელაპარაკეთ აფხაზურ მხარეს, ხოლო მე შეთანხმებათა გარანტი ვიქნები. ქართული მხარე ამ საკითხში, როგორც ჩანს, გარკვეულ ნოვაციებს ამზადებს. შემთხვევითი არ არის «ლეგიტიმური სტრუქტურების» ფაქტობრივი დაშლა, რასაც დიდი ხანია ითხოვდნენ აფხაზური და რუსული მხარეები გალში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის სანაცვლოდ; აგრეთვე, «პარტიზანული დაჯგუფებების» განიარაღება.
    შესაძლებელია მზადდებოდეს, აგრეთვე, რკინიგზის ამოქმედება, ლტოლვითა გალში უპირობო დაბრუნებისა და ქართული სკოლების ამოქმედების სანაცვლოდ, მაგრამ ძალზე საეჭვოა, უკვე მოსკოვის ვიზიტის დროს, ამის თაობაზე კონკრეტული შეთანხმება მოხერხდეს.
    ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან დიდი მოულოდნელობა და რისკი იქნება; მით უმეტეს, საქართველოში არსებული ფარული დაძაბულობის გათვალისწინებით.
    ერთადერთი მიმართულება, სადაც რეალურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდეთ, ისევ და ისევ, ეკონომიკაა. საეჭვოა, რუსეთმა ერთბაშად გააუქმოს სავიზო რეჟიმი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი მიესალმება რუსული კაპიტალის შემოსვლას საქართველოში _ «ჩუბაისის პროექტის» მსგავსად, თუ ეს ინვესტიციები ხელშესახები შედეგის მომცემი იქნება.
    უახლოეს მომავალში აქ ნამდვილად უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. იგულისხმება არა მხოლოდ «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემები», არამედ «გაზპრომი» და სხვა რუსული კომპანიები, რომლებიც მზად არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში კაპიტალი ჩადონ.
    მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფასოდ და მუქთად არავინ არაფერს მოგვცემს და ინვესტიციათა სანაცვლოდ, რუსეთი აუცილებლად მოითხოვს «მსუყე ლუკმას» საქართველოს სახელმწიფო ვალის გაქვითვას ანგარიშში. დაახლოებით ასეთი სქემა განხორციელდა წინა წელს ყაზახეთში, უკრაინასა და სომხეთში.

  დილის გაზეთი

10 თებერვალი, სამშაბათი, 2004 წელი
 

  

 

მთელ გვერდზე