ვიზიტი პირველი რესპუბლიკის საფლავზე

    ბოლოდროინდელი ტრადიციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალზე მცირერიცხოვან დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომელშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე და (რაც ძალზე ნიშანდობლივია) «ეროვნული თანხმობის» უპორტფელო მინისტრი გურამ აბსანძე.
    აქედან ჩანს, რომ ვიზიტი, მნიშვნელოვანწილად, ქართული ემიგრაციის პრობლემატიკას უკავშირდება. თანაც, არა მხოლოდ წინა საუკუნის 20-იანი წლების, არამედ 90-იანების ემიგრაციასაც: სამოქალაქო ომის დროს ქვეყნიდან საკმაოდ ბევრი მოღვაწე (პირველი პრეზიდენტის მომხრე) სწორედ საფრანგეთში გაიქცა.

    საფრანგეთი, ტრადიციულად, ტოლერანტული იყო ყოველთვის პოლიტიკური ემიგრანტების მიმართ. კომუნისტური რეჟიმის დროს ბევრი ქართველი დისიდენტი საფრანგეთის მფარველობით სარგებლობდა და აქვე ჰპოვა თავშესაფარი.
    ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტ შირაკთან სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკაზეც ექნება საუბარი, მაგრამ ყველაფრით ჩანს, რომ პარიზში სამუშაო ვიზიტს მაინც, ძირითადად, «შიდა ქართული» პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
    უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება აქტიურად ემზადება 31 მარტისთვის, როდესაც ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და საბედისწერო რეფერენდუმის 13 წლისთავიც უნდა აღინიშნოს. დაგეგმილია პირველი პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენება გროზნოდან - თბილისში, ამავე დღეს არის გათვალისწინებული პირველი პრეზიდენტის მომხრე გვარდიელების (მათ შორის, ლოთი ქობალიას) გათავისუფლებაც.
    «ეროვნული თანხმობის» შესახებ წინასწარი დოკუმენტის ხელმოწერისას ითქვა, რომ ისინი შეწყალებულნი იქნებოდნენ. შემდეგ პროცესი გაურკვეველი მიზეზებით შეყოვნდა.
    უნდა ვივარაუდოთ, რომ გათავისუფლება 31 მარტამდე გადაიდო და ხელისუფლებას თავისი სიტყვა არ დაურღვევია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გურამ აბსანძის დუმილი, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იქნებოდა.
    საქართველოს ახალ პრეზიდენტს აშკარად ძალიან სურს, ამ ღონისძიებას საერთოეროვნული მნიშვნელობა და მასშტაბი შესძინოს.
    საამისოდ მიზანშეწონილი იქნება «ეროვნული თანხმობის» ზეიმს დაესწრონ საფრანგეთში მცხოვრები როგორც პირველი, ასევე მეორე ემიგრანტული ტალღის წარმომადგენლები, - სამოქალაქო ომს გარიდებული მოღვაწეები და პირველი რესპუბლიკის ლიდერთა შთამომავლები.
    ამ დღისათვის საჩუქარი იქნებოდა, თუ საქართველო მოახერხებდა, აგრეთვე, პარიზის მახლობლად მდებარე ლევილის მამულის დაბრუნებას.
    ხსენებული «საკარმიდამო» 20-იან წლებში შეიძინეს «პირველი რესპუბლიკის» მთავრობის წევრებმა. მაშინ მათ ალბათ, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ სულ მალე დაბრუნდებოდნენ სამშობლოში, რაკი ბოლშევიკური დიქტატურა დიდხანს ვერ გასტანდა. მაგრამ კომუნისტურმა ეპოქამ თითქმის 70 წელს გასტანა. ლევილის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე დღემდე ძევს საფლავის ქვა გულამომსკვნელი წარწერით: «აქ ყრია საბრალო ქართველთა ძვლები - შეიბრალეთ შთამომავლებმა».
    რაც შეეხება ლევილის მამულის კუთვნილებას, ამაზე საუბარი 1991 წლიდან გრძელდება. ზვიად გამსახურდიამ საგანგებო წერილითაც კი მიმართა საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს, დაეცვა საქართველოს უფლებები ამ მიწა-წყალზე, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პრობლემა გამოდგა: ფორმალურად, ლევილის მამული «პირველი რესპუბლიკის» მთავრობის წევრთა შთამომავლებს ეკუთვნით და მათ გარეშე მისი განკარგვის უფლება არავის აქვს. ტრადიციონალისტურ საფრანგეთში, სადაც საკუთრების უფლება აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ფორმალობა გადაულახავ ზღუდედ იქცა; «გაფრანგებული» შთამომავლები ასე იოლად არ თმობდნენ ამ უფლებას. მათთან მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის დროს. თანაც, ისინი ყოველთვის იმიზეზებენ პოლიტიკურ მოტივებს (სხვადასხვა დროში - სხვადასხვას), თუმცა, სინამდვილეში მუდამ მერკანტილური მოსაზრებები აქვთ: («ლევილის მამული» დღეს რამდენიმე მილიონი ევრო ღირს).
    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა მათგანი აწ უკვე საფრანგეთის მოქალაქეა, აბსოლუტურად გამორიცხულია, საფრანგეთის სასამართლომ, საკუთრებით დავაში თავისი მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს.
    აქედან გამომდინარე, რაკი პრეზიდენტი სააკაშვილი პრინციპულად მიიჩნევს ამ ერთი გოჯი მიწის საქართველოსათვის დაბრუნებას (სიმცირის მიუხედავად, იქ მართლაც შეიძლება საქართველოს კულტურის ცენტრი ან სასწავლებელი დაფუძნდეს). მაშინ, ექსპერტთა აზრით, მისი ტაქტიკა მესაკუთრეთა მიმართ მაქსიმალურად რბილი, მომთმენი და ფრთხილი უნდა იყოს.
    ალბათ, აუცილებელი იქნება შთამომავალთა მატერიალური პრეტენზიებისა და ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან მათი უმრავლესობა ემიგრაციის უკვე მესამე თაობაა და მათთვის საქართველო და საქართველოს პრობლემატიკა პირველხარისხოვანი სულაც არ არის.

9 მარტი, სამშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   
   

მთელ გვერდზე