ბაქო-ჯეიჰანი არ დაგვავიწყდეს

    საქართველოში განვითარებულმა რევოლუციურმა მოვლენებმა, ხელისუფლების შეცვლამ და ახალი ერის დასაწყისმა თითქოს უკანა პლანზე გადასწია ახლო წარსულში მეტად აქტუალური პროექტები. მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა.
    არადა, პროექტი კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოსა და აზერბაიჯანის სათავეში ახალი ლიდერების მოსვლის შემდეგ, რუსული და მსოფლიო პრესა მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
    ეს ბუნებრივიცაა, რადგან «ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენი» კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებას განაპირობებს. იგი არის ძალზე მნიშვნელოვანი «ფასშემოქმედებითი ფაქტორიც», ესე იგი, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების რეგულირებასაც უწყობს ხელს, რაც უკვე ამერიკის გრძელვადიანი სტრატეგიაა და სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს პროექტს როგორც ბილ კლინტონის, ასევე ჯორჯ-ბუშის ადმინისტრაცია.
    ნავთობსადენის წლიური გამტარუნარიანობა 50 მილიონი ტონაა ანუ დაახლოებით 350 მილიონი ბარელი. «დიდი ნავთობსადენის» უმთავრესი თვისება ის არის, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის, ბაქო-სუფსას და თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენებისაგან განსხვავებით, იგი «გვერდს უქცევს» ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ანუ პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის ტერმინალებს უკავშირდება.
    ამრიგად, აზერბაიჯანისა და (პერსპექტივაში, მთელი კასპიის აუზის) ნავთობი შეიძლება მსოფლიო ბაზარზე მოხვდეს რუსეთის გვერდის ავლით. საქართველო კი ამ ახალი გეოპოლიტიკური სისტემის ნაწილი ხდება. მოსკოვში აშკარად იმედოვნებდნენ, რომ ნავთობსადენის აგება ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს, ესოდენ მცირე დროში - 2003 წლის აპრილიდან 2004 წლის ბოლომდე.
    მაგრამ სწორედ ამერიკის ადმინისტრაციის უძლიერესი ზემოქმედების შედეგად, მოხერხდა სამშენებლო კონსორციუმის შექმნა, რომლის ოპერატორი აგრეთვე, «ბრითიშ პეტროლიუმია».
    11 სექტემბრის მოვლენათა შემდეგ ამერიკაში კიდევ უფრო გაძლიერდა სწრაფვა _ შექმნან ახლო აღმოსავლეთისაგან დამოუკიდებელი ენერგეტიკული წყარო, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» ბედი.
    3 თებერვალს ბაქოში ხელი მოეწერა საბოლოო ხელშეკრულებას მშენებლობის ფინანსირების შესახებ. იგულისხმება, რომ ხელმოწერის ცერემონიალში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
    ამჟამად, საქართველოს მონაკვეთზე 248 კილომეტრიდან, შემზადებულია 12 კილომეტრი და ჩადებულია 87 კილომეტრი მილი. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ თბილისის პოზიცია «საუკუნის პროექტთან» დაკავშირებით არ შეიცვლება. თუმცა, არსებობს რისკფაქტორები, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ სისუსტესთან, საქართველოში არსებულ პრობლემებთან და ქურთებით დასახლებულ თურქების ტერიტორიაზე ნავთობსადენის შესაძლო საბოტირებასთან დაკავშირებით.
    მეორე მხრივ, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ბოსფორის სრუტე, როგორც ნავთობმზიდების გამტარი, უკანასკნელ დღეებს ითვლის და ეს მაგისტრალი (ეკოლოგიური მოსაზრებით, რაც ძალიან ძნელად მოსაგვარებელია თანამედროვე მსოფლიოში) სერიოზულად შეიზღუდება. ამდენად, ტრანსკასპიური ნავთობსადენის იდეა (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან მიერთებით) უახლოეს მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

30 იანვარი, პარასკევი, 2004 წელი

დილის გაზეთი