მოლაპარაკება საშუალო დონეზე

    მოსკოვში გამგზავრების წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  განაცხადა, რომ «ბაზების» თაობაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის არასაკმარისად მაღალ დონეზე მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში და აუცილებელია დელეგაციათა დონის შემდგომი ამაღლება.
    თუ გავითვალისწინებთ, რომ 1999 წლიდან (სტამბულის ისტორიული სამიტიდან) დღემდე, 4 წლის განმავლობაში, მოლაპარაკებებს მუდმივმოქმედი დელეგაციების სათავეში აწარმოებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის ვიცე-პრემიერი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ თედო ჯაფარიძის განცხადება «საპრეზიდენტო დონეზე» მოლაპარაკების ამაღლებას გულისხმობს. თუმცა, ეს საკითხები  არაერთგზის განუხილავთ სხვადასხვა სამიტზე პირისპირ შეხვედრებისას. შედეგი ანალოგიური იყო, ანუ «სრული არაფერი».

    ეს ტერმინი ყველაზე მეტად შეესაბამება ამ კონსულტაციათა საერთო სულისკვეთებასა და შინაარსს. თედო ჯაფარიძის ვიზიტის კომენტირებისას, ერთ-ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა კიდეც იხუმრა: რუსეთი და საქართველო საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ საქართველოს რუსეთის ჯარი დატოვებს, - ერთადერთი «წვრილმანი» საკითხი მხოლოდ გაყვანის ვადებიაო.
    არადა, ეს არის სწორედ ყველაზე მთავარი საკითხი. ბოლოს და ბოლოს, მართლაც ანეკდოტურია ვითარება, როდესაც სტამბულის სამიტიდან (სადაც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე საერთოევროპულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი) უკვე 4 წელზე მეტი გავიდა და მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ქართული მხარე, ცოტა არ იყოს, კომიკურად მოითხოვდა «3 წელიწადში ჯარების გაყვანას».
    მოსკოვიდან მიღებული ცნობით, არაფერი ახალი მოლაპარაკებებზე არ ხდება. მოსკოვი კვლავინდებურად დაჟინებით აცხადებს, რომ ბაზებს, რასაკვირველია, გაიტანს, მაგრამ ამისთვის მას მინიმუმ 9 წელი სჭირდება. გარდა ამისა (მივაქციოთ ყურადღება): რუსეთი მოითხოვს ფინანსურ დახმარებას ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად თავის ტერიტორიაზე და (რაც მთავარია) საქართველოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს ჯარების გაყვანის პროცესში.
    უკლებლივ ყველა ეს მოთხოვნა გაუმეორეს თედო ჯაფარიძეს მოსკოვში მოლაპარაკებებისას. ესე იგი თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ, რომ საქართველო დათანხმდა, მოითმინოს 9 წელიწადი, რათა მიაღწიოს ჯარების გაყვანას (დროის ათვლა დაიწყება არა სტამბულის სამიტის თარიღიდან, არამედ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან), თუ გამოძებნის საზღვარგარეთელ დონორს, რომელიც დათანხმდება (რაც სრული ფანტასტიკაა) გამოყოს ასეულობით მილიონი დოლარი რუსი ოფიცრებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ასეთივე სახლების ასაშენებლად, როგორიც გერმანიამ აუშენა - ჯარების გაყვანის სანაცვლოდ (თითქოსდა საქართველო ფაშისტური გერმანიასავით დაესხა თავს რუსეთს და ეს უკანასკნელი აიძულა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოეხდინა), - აი, ამ შემთხვევაშიც კი, 9 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთში ახალი სამხედრო ქალაქები უკვე მზად იქნება, მოსკოვს შეუძლია თქვას, რომ ახალქალაქიდან და ბათუმიდან ჯარების გაყვანას ვერ ახერხებს, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა (რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული ამ ბაზების ფუნქციონირებაზე) არ აძლევს საშუალებას, გაატაროს სამხედრო ტექნიკა და მოახდინოს ბაზის ლიკვიდაცია, ხოლო საქართველოს ხელისუფლება «არ უზრუნველყოფს» წესრიგს თავის ტერიტორიაზე, - ესე იგი, ბათუმსა და ახალქალაქში!
    არადა, რა ბერკეტები აქვს საამისოდ საქართველოს - საყოველთაოდ ცნობილია და რუსეთიც ყველაფერს გააკეთებს, რათა 9 წლის განმავლობაში ამ მხრივ არაფერი შეიცვალოს.
    საერთოდ, უდიდესი მოულოდნელობა იქნებოდა რუსეთის მხრიდან, მას რომ დღევანდელ ვითარებაში «რატომღაც» მიეღო გადაწყვეტილება საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქართველოს ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა საკვანძო პრობლემებისადმი.
    ასეთ ვითარებაში, ოფიციალური თბილისის მხრიდან მაინცდამაინც «ბაზების» საკითხით დიალოგის დაწყებაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბაზების საკითხი მხოლოდ სტრატეგიული ერთიერთობების საერთო კონტექსტში უნდა განხილულიყო და ამ თემით სტრატეგიული კონსულტაციების დაწყება წამგებიან ფონს ქმნის.
    ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა თედო ჯაფარიძე (იგი საკმაოდ კარგად «ფლობს» სიტუაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში), როდესაც ამბობდა, რომ სჯობს ჯარების გაყვანის საკითხი პრეზიდენტებს შორის განიხილებოდეს; მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია, რა უშლიდა ხელს მისი მოლაპარაკების გადადებას, - თუნდაც სააკაშვილ-პუტინის შეხვედრის შემდგომი პერიოდისათვის?

დილის გაზეთი
  

  8 იანვარი, ხუთშაბათი, 2004 წელი