მიხეილ სააკაშვილის ლანცეტი

    «ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების» წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს - როგორც შეეფერება პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არათუ გარანტირებული აქვს გამარჯვება, არამედ კონკურენტი საერთოდ არა ჰყავს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი სააკაშვილი უკანასკნელ შეხვედრაზე აჟღერებს პარტიის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, რაც დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებაში მდგომარეობს. პრეზიდენტმა თავისი პარტიის წევრები (რომელსაც, ახალი კონსტიტუციით, უკვე სრულუფლებიანად ხელმძღვანელობს) საჯაროდ აიძულა ხელი მოეწერათ განცხადებისათვის, რომ პირველივე სესიაზე ისინი მხარს დაუჭერენ სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას.

    თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანა იქნება აუცილებელი - ცხადია, მმართველი პარტია სწორედ ამ უმრავლესობით აპირებს პარლამენტში მოსვლას. უფრო მეტიც, საეჭვოა, მომავალ პარლამენტში მოხვდეს თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტია, ალბათ, «აღორძინების» გარდა, რომელსაც შანსი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც აქვს.
    რაც შეეხება იმუნიტეტის გაუქმებას, - ეს ახალი თემა ნამდვილად არ არის. უკვე შორეულ 1992 წელს, იმ დროს ჯერ კიდევ ძლევამოსილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო სპიკერმა, ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ (ფრაქციას მაშინაც მამუკა გიორგაძე ხელმძღვანელობდა) კენჭისყრაზე ოფიციალურად დასვა იმუნიტეტის გაუქმების საკითხი.
    კონტექსტი ასეთი გახლდათ: მაშინ ირინა სარიშვილი ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელობისთვის იბრძოდა და ამ წინადადებას სავსებით კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. მაგრამ, ისევე, როგორც ამჟამად, საერთო მნიშვნელი იყო ერთი: გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ცდილობდა კორუფციული პოლიტიკური სპექტრის «გაწმენდას», ხოლო თავად, იმავდროულად, არაფრის ეშინოდა. ირინა სარიშვილს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ნანეიშვილი გამოეხმაურა და სადეპუტატო იმუნიტეტს «პოლიტიკოსის ლანცეტი» უწოდა, რომლითაც იგი პოლიტიკურ სიბრტყეზე ოპერირებს, როგორც ექიმი.
    სარიშვილმა კი უპასუხა: «არ შეიძლება ექიმი ლანცეტს მკვლელობისთვის იყენებდესო». აღწერილი ისტორია საინტერესოა იმ აზრით, რომ მთელი 10 წლის განმავლობაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ ერთადერთი მოტივის ამარა იყო დარჩენილი.
    პოლიტიკური პარტიები იმავე მოტივაციით იყვნენ წინააღმდეგნი იმუნიტეტის გაუქმებისა, რატომაც, მაგალითად, პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობის შემცირებას ეწინააღმდეგებიან. ყოველ შემთხვევაში, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე: სადეპუტატო იმუნიტეტი იზიდავს ქართველ ნუვორიშებს, სხვადასხვა ჯურის საქმოსნებს და «კუშის მოგლეჯს» მრავალრიცხოვან სპეციალისტებს, რომლებიც მუდამ თავისი სახელით აფორმებენ ხელშეკრულებებს.
    ჩამოყალიბდა განსაკუთრებული კატეგორია დეპუტატებისა, რომლებიც «თავის თავს სთავაზობენ» სხვადასხვა, მრავალმილიონიანი ფინანსური ოპერაციის განხორციელების მსურველებს (წვრილმანზე არ მოცდებიან), იფორმებენ ფირმებს, თავად დებენ ხელშეკრულებებს, ხშირ შემთხვევაში, ფირმის დამფუძნებლებიც არიან, ბუღალტრებიც და სხვა ყველა იმ თანამდებობის პირნი, ვისაც შეიძლება კანონმა პასუხი მოსთხოვოს.
    შესაბამისად, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, «ფულის რეცხვის» შემდეგ, ხსენებული დეპუტატები ფულთან ერთად უჩინარდებიან და «მშობლიურ» რუსეთს მიაშურებენ, სადაც ქრთამი კვლავინდებურად ანათებს და მოქალაქეობის (შესაბამისად, ახალი იმუნიტეტის) შეძენა პრობლემა არ არის.
    ბუნებრივია, საარჩევნო სიაში მოსახვედრად (არა აქვს მნიშვნელობა, - უმრავლესობასა თუ ოპოზიციურ კონგლომერატში), თავდაპირველად, დიდძალი წინასაარჩევნო ფულის დაბანდება იყო საჭირო, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივით, ამ «ბაირამობასაც» წერტილი დაესვა: ყველა დეპუტატი იქნება ვალდებული, ხმა მისცეს იმუნიტეტის მოხსნას, რაც მართალია არ იძლევა პარლამენტის წევრის დაკავების საშუალებას, მაგრამ ქმნის შესაძლებლობას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა - ზოგიერთი პროექტით, თვით სასამართლომდეც კი.
    ხოლო, ახლახან მიღებული მეორე კანონით, პროკურორს აქვს უფლება სამოქალაქო სარჩელი აღძრას დეპუტატის წინააღმდეგ, თუ იგი იმხილება სისხლის სამართლის დანაშაულში - შესაბამისი შედეგებით: ქონების ჩამორთმევა, აქციათა კონფისკაცია და ასე შემდეგ.
    მომავალ პარლამენტში ამ საკითხზე მაინც დიდი დებატებია მოსალოდნელი, ვინაიდან იმუნიტეტი მრავალი «ქრონიკული დეპუტატისთვის» ლამის პრივილეგიად იქცა და მას ასე ადვილად არ დათმობენ, რათა ირაკლი ოქრუაშვილის უწყებაში არ ამოჰყონ თავი.
    პრეზიდენტსა და პრემიერს კი აშკარად სურთ (სხვათა შორის, მათ სადეპუტატო იმუნიტეტი არა აქვთ) ეს საკითხი ერთგვარ «ლაკმუსის ქაღალდად» აქციონ, - სხვებთან ერთად, თანაგუნდელთა «გასამჟღავნებლად».

22 მარტი, ორშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი

მთელ გვერდზე