პაიკი დიდ საჭადრაკო დაფაზე

    ჩვენი ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მოღვაწეობას საქართველოსათვის ორ უმთავრეს სახელმწიფოში - რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტებით იწყებს.
    მოსკოვში ვიზიტი ქართული პოლიტელიტის ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. თუმცა, ეს მაინც ძველი, იდეოლოგიზირებული კლიშეების გადმონაშთია, როდესაც ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა «შავ-თეთრ» პარადიგმაში განიხილებოდა მხოლოდ. თანამედროვე პოლიტიკა კი ასეთ მკვეთრ, პრიმიტიულ დეტერმინაციას ვერ იტანს. ამდენად, სააკაშვილის მთავარი მიზანი რუსებისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკოსი, უფრო მეტიც, ახალი ტიპის ქართველი მოვიდა, რომელთაც ურთიერთობა შესაძლებელია ყოველგვარი ნევროზულობის, წარსულის კომპლექსების და ავი წინასწარგანწყობის გარეშე.

    ამ მხრივ, სააკაშვილის მიერ გამოყენებული პი-არ ტექნოლოგია მეტად ქმედითია და როგორც ვხედავთ, თვით ავადმყოფი მიხაილ ლეონტიევიც კი გააჩუმეს რუსეთის საზოგადოებრივ ტელევიზიაში.
    არავითარი სხვა კონკრეტული მიზანი სააკაშვილის მოსკოვში სტუმრობას არ ჰქონია. სერიოზული საკითხები, როგორც ჩანს, განიხილება სექტემბერში, როცა ვლადიმერ პუტინი ეწვევა საქართველოს. მეორე მხრივ, კეთილისმყოფელი ფონის შექმნა პოლიტიკაში მცირედი როდია.
    დაახლოებით ასეთივე ამოცანას წყვეტდა სააკაშვილი ამერიკაში სტუმრობისას. თუმცა, ამ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ სხვა ტექნოლოგია აღმოჩნდა აუცილებელი.
    მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრისას, სააკაშვილი ნამდვილად ვერ იტყოდა: «შენთან დასამეგობრებლად ჩამოვედიო (რაც პუტინს უთხრა)», ვინაიდან ვაშინგტონში ამას უბრალოდ, ვერ გაიგებდნენ.
    მეორე მხრივ, მოსკოვში შეუძლებელი იქნებოდა უპრეცედენტო პი-არ აქცია: ერთობლივი სეირნობა ვაშინგტონის ქუჩებში საგარეო საქმეთა მინისტრთან (სახელმწიფო მდივანთან) ერთად, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკაშიც და რუსეთშიც.
    არბატზე იგორ ივანოვთან ერთად გასეირნება კი მართლაც აბსოლუტურად არაბუნებრივი იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილმა კოლინ პაუელს «ჰოთ-დოგის» ყიდვაც კი შესთავაზა, რაც შავკანიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს შეეძლოთ არაერთგვაროვნად აღექვათ.
    ამგვარი არტისტიზმი ამერიკაში, უბრალოდ, აუცილებელია «პაბლისიტის» შესაქმნელად. გლობალური ზესახელმწიფოს საზოგადოებრივ აზრს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
    ამერიკაში ვიზიტიც რაიმე კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტას არ ისახავდა მიზნად. ალბათ, გაიზრდება კონგრესის ტექნიკური დახმარება და, ადვილად შესაძლებელია, მან 200 მილიონ დოლარსაც გადააჭარბოს. რა თქმა უნდა, ტექნიკური დახმარება ტექნიკური დახმარებაა. ეს არ არის «ცოცხალი ფული», რაც შეიძლება პენსიების და ხელფასების დავალიანების დასაფარად დახარჯო.
    ამ მხრივ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მესვეურებთან. ოღონდ იქაურ «რობოტებს» პიარით ვერაფერს შეასმენ და სააკაშვილის უეჭველად მიიღებდა სტანდარტულ პასუხს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ისმოდა: პროგრამა აღდგება, დახმარება გაიზრდება. პარიზის კლუბშიც მხარს დაგიჭერთ, თუ მიიღებთ ძლიერ (იგულისხმება ბალანსირებულ) ბიუჯეტს და გაზრდით შემოსავლებს. ანუ, ამ ორგანიზაციებში პრეზიდენტს «ჰოთდოგზე» მეგობრული დაპატიჟება არ უშველიდა და იქ ამ ხერხისათვის არც მიუმართავს.
    ყველაზე ნიშანდობლივი, სააკაშვილის ახალი მეთოდის თვალსაზრისით, სწორედ პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრა იყო. ეს უკანასკნელი ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც სამართლიანად ითვლება ყველაზე გონებასუსტ ამერიკელ პრეზიდენტად. ამერიკული ინტელექტუალური ცენტრების გამოთვლით, ჯორჯ ბუში-უმცროსის ინტელექტუალური პოტენციალი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყნის ისტორიაში.
    ამ მხრივ იგი ბოლოდან მეორე ადგილზე აღმოჩნდა ყველა სხვა ამერიკელ პრეზიდენტთან შედარებით. არ იკითხავთ, ვის უსწრებს მხოლოდ? - მამამისს, ჯორჯ ბუშ უფროსს! ეს უკანასკნელი, როგორც გამოთვლებმა დაადასტურა, გონებით «მასზე საწყალია». მთელ მსოფლიოში დიდი ტირაჟებით გამოდის «ბუშიზმების» კრებული, რომელშიც დემოკრატიული ზესახელმწიფოს ლიდერის სასაცილო გამონათქვამებია თავმოყრილი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ გარემოებას ითვალისწინებდა და შეძლო კიდეც «უბრალო ტეხასელი ბიჭის» მოხიბვლა. ყოველ შემთხვევაში, შეხვედრა თითქმის საათნახევარს გაგრძელდა, ნაცვლად დაგეგმილი ნახევარი საათისა.
    ამერიკის ადმინისტრაციის კეთილგანწყობა უზრუნველყოფილია. სხვა მიზანი კი პირველ ვიზიტს არ შეიძლება ჰქონოდა. თუ მიხეილ სააკაშვილის კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი მზად არის, მიიღოს ვაშინგტონის შემოთავაზებული ფორმულა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების თაობაზე, რაც ითვალისწინებს მოსკოვთან ბევრად უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას, საქართველოს ინტერესთა შესაძლო გათვალისწინების პირობით.
    ამ ახალ ურთიერთობათა გარანტი კი თვით ვაშინგტონი იქნება.
    აქედან გამომდინარე, ამერიკაში ვიზიტის მთავარი თემა კვლავ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იყო და ჩრდილოელ მეზობელთან თანაარსებობის ახალი ფორმულაც საბოლოოდ გამომუშავდა. ეს ფორმულა კონფრონტაციის 15-წლიანი პერიოდის დასრულებას ითვალისწინებს. ასეთია ამერიკის «რეკომენდაცია», რაც თანამედროვე მსოფლიოში აღარ საჩივრდება.
    აქედან გამომდინარე, ნურავინ ელის რაიმე კარდინალურ ცვლილებებს, ნურც «ბაზების» და ნურც აფხაზეთ-სამაჩაბლოს საკითხებში. ხსენებული პრობლემები უკვე აღიქმება, როგორც ახალი საქართველოს წარსულიდან შემორჩენილი რეალობა, ხოლო რეალობის პატივისცემა პოლიტიკის ელემენტარული კანონია.
    ჯორჯ ბუშ-უმცროსმა შეიძლება საქართველო რუკაზეც ვერ გიჩვენოთ, მაგრამ კონდი რაისის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ყველა გეოპოლიტიკური განზრახულობა თუ მოვლენათა განვითარების სცენარი ზედმიწევნით აქვთ დამუშავებული.
    მიხეილ სააკაშვილის ვიზიტები მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც წარმატებული იყო; ოღონდ, წარმატებული იყო იმ ფონზე, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი, როგორც იქნა, საბოლოოდ შეთანხმდნენ (ჯერ კიდევ «ვარდების» რევოლუციის» პროცესში) სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში როლების და ფუნქციების განაწილებაზე.
    პრეზიდენტ სააკაშვილს, ან თუნდაც მისი წინამორბედის ბრალი არ არის, რომ 9 აპრილიდან 15 წლის შემდეგ, «დიდ საჭადრაკო დაფაზე» ამერიკამ რუსეთს საქართველო «ხურდაში დაუბრუნა», როგორც მცირე დანამატი - ერაყისა და «სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო ინიციატივის» საკითხში მიღწეული გეოპოლიტიკური კომპრომისისათვის.
    რა ძირითადი დათმობა მიიღო რუსეთმა ძნელი სათქმელია, ვინაიდან მხოლოდ საქართველოს იგი არ დასჯერდებოდა - ჩვენი ქვეყანა ხომ მეტად მცირე სიდიდე იყო ამ გლობალურ პაექრობაში.

27 თებერვალი, ხუთშაბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი
   

   

მთელ გვერდზე